ქართული პარადიგმა

        გასული კვირის მოვლენათა მიმოხილვა, ერთი შეხედვით, თითქოს სრულებით უმნიშვნელო და «რიგითი» ფაქტის აღწერა-ანალიზით უნდა დავიწყოთ, ვინაიდან იგი უაღრესად ნიშანდობლივია. არის ასეთი ფრანგული გამოთქმა: «წვეთში აისახება ზღვა». სწორედ ასეთივე სიზუსტით აისახება საქართველოში არსებული არა ეკონომიკური ან, უბრალოდ, «საბიუჯეტო», არამედ მენტალიტეტისა და სახელმწიფოებრივი კულტურის კრიზისი (დეფიციტი) იმაში, რაც ბორჯომის ავტომაგისტრალზე მოხდა გასულ პარასკევს.
                კომპანია «GGMWC»-ის ადვოკატობა რომ არავინ დამწამოს, აქვე ვიტყვი: მამუკა ხაზარაძეს საერთოდ არ ვიცნობ და მისი პიროვნება არც მაინტერესებს, ხოლო ბორჯომის ბიზნესი მაინტერესებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს სასმელი ძალიან მიყვარს. აქვე «მკრეხელურ» რამეს ვიტყვი: ბევრ უცხოელს შეუნიშნავს, რომ საქართველოში თუ რამე «მართლა კარგია» - კარგია არა სახელგანთქმული «ქართული ღვინო» (ვინაიდან ფრანგული და ესპანური ღვინოები გაცილებით უფრო მოსწონთ), არამედ სწორედ «ბორჯომის» უნიკალური სასმელი წყალი, რისი მსგავსიც არსად არაფერი უგემიათ».
                მახსოვს, იმავე ხაზარაძეს ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა: «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში «ბორჯომი» 6 რესპუბლიკაში ისხმება და ფალსიფიკაციას რატომ ვერ ებრძვითო. ხაზარაძემ დაუფარავი ზიზღით უპასუხა: «რომელ «თანამეგობრობაზე» მელაპარაკებით, როცა ფალსიფიკაციისათვის საქართველოშიც კი ვერ მოგვივლიაო.
                ვინ უნდა მოუაროს?! რა თქმა უნდა, თვით კომპანიას არც ძალა აქვს და არც უფლება - უნდა მოუაროს სახელმწიფომ. სახელმწიფო კი ამას ვერ ბედავდა, რადგან ეშინოდა ისეთი ექსცესებისა, როგორიც ბორჯომის ხეობაში მოხდა.
                შეგახსენებთ: დიდი ზარზეიმითა და ვითომ «საყოველთაო მხარდაჭერით» შექმნილმა «საფინანსო ლეგიონმა» თბილისში დააკავა ბორჯომის ხეობის სოფლებში კუსტარულად ჩამოსხმული «ბორჯომის» პარტია. ბუნებრივია, იმათ, ვინც «ძვირფას ტვირთს» თბილისში აცილებდა, დაუყოვნებლივ «გადარეკეს» დაბა ბორჯომში. «კუსტარული ბიზნესის» ჩამოსხმაში მონაწილე მოსახლეობის ნაწილმა გადაკეტა თბილისი-ახალციხის ავტომაგისტრალი, ატყდა ერთი გნიასი და შეხლა-შემოხლა, ხოლო საღამოს «პროტესტანტებმა» დააკავეს «ბორჯომის» ქარხანაში ლეგალურად ჩამოსხმული «ბორჯომის» პარტია და აცხადებენ, რომ მას «გაცვლიან» მხოლოდ თბილისში დაკავებულ ავტომანქანაში!!!
                მთელი ამ ამბის განმავლობაში გამძვინვარებულ ბრბოს ახლოს ვერავინ გაეკარა და, რასაკვირველია, უბატონოდ ხმაც არ გაუციათ, გარდა იმ მძღოლებისა, ვინც თავად დაზარალდნენ გზის გადაკეტვის შედეგად. ამის შემხედვარე «ბორჯომის» კომპანიონი ფრანგი ინვესტორები, ალბათ, თმებს იგლეჯდნენ სიმწრით: სად ჩამოვედით ამ ველურებში, ასეთი რამ ხომ პაპაუასების ქვეყანაშიც არ ხდებაო.
                უმალვე ცხადი გახდა, რა მოჰყვება «ფინანსური ლეგიონის» ჩამოყალიბებას და მის რეალურ მოქმედებას. მიაქციეთ ყურადღება: გაუთავებელი ღნავილია საქართველოში «ხელფასებისა და პენსიების» გაუცემლობასთან დაკავშირებით, მაგრამ არავის სურს გაიგოს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია მტკივნეული რეაქციების გარეშე: რასაკვირველია, იმ ადამიანებს, ვინც ბორჯომში გზა გადაკეტა, თავიანთ «ყოფითი» სიმართლე აქვთ: ფალსიფიცირებული ბორჯომის ჩამოსხმით ლუკმა-პურს შოულობენ და ასე შემდეგ. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, უნდა ავირჩიოთ ორში ერთი: ან ფალსიფიკაციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა, ან ჯარისკაცისა და საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანამშრომლების შიმშილით ამოწყვეტა (განა მათ არ ჰყავთ ოჯახები სარჩენი) და გაუთავებელი, უზნეო, უსინდისო, უსაგნო, დაუკონკრეტებელი ყბედობა «კორუფციაზე». მაშინ, როდესაც ჯერ ერთი, ეგრეთ წოდებული «წვრილი კონტრაბანდა» და «წვრილი ფალსიფიკაცია» უფრო ანგრევს საქართველოს ბაზარს (ანუ ეკონომიკას) და მეორეც: სწორედ ასეთი წვრილმანებიდან იგება ის პირამიდა, რომლის მწვერვალზე გარეწარი თანამდებობის პირი ზის და ქრთამს რეგულარულად იღებს.
                მაგალითად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ბორჯომში «კუსტარულად წყლის ჩამომსხმელები» რომელიღაც (არაერთ) თანამდებობის პირს უეჭველად უხდიდნენ ყოველთვიურ ღალას. ეს უკანასკნელი კი მშვიდად არის, ვინაიდან თუ ვინმე მოჰკითხავს, მხრებს აიჩეჩავს: «აბა, რა ვქნა, როგორც კი ხელს შევუშლი, მაშინვე თბილისი, ახალციხის გზას გადაკეტავენ და მე რა ვუყო?» მაგრამ აბა, ერთი ის «ღალა» და «ბეგარა» არ გადაუხადონ, თუ არ შეუშლის ხელს და თუ «ჩააგდებს აინუნში» სტრატეგიული ავტომაგისტრალის გადაკეტვას?!
                სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბიუჯეტის შესრულებას ყველა მოითხოვს, კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას სიტყვით ყველა მხარს უჭერს, მაგრამ როგორც კი საქმე «მტკივნეულ საქმეზე» მიდგება, ანუ «საფინანსო ლეგიონი» მართლა დაიწყებს უშუალო მოვალეობის შესრულებას - «ფირფიტა» უმალვე შეტრიალდება: «რა ქნან საბრალოთ, რა ეშველებათ, განა შეიძლება ადამიანებს მინერალური წყლის ჩამოსხმა დაუშალო მაშინ, როცა იქვე მოჩუხჩუხებს» და ასე შემდეგ.
                არადა, ეს იმთავითვე დემაგოგიაა: არავის არავისთვის არ დაუშლია მინერალური წყლის ჩამოსხმა. არათუ ბორჯომის ხეობის მცხოვრებს, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, წავიდეს ხეობაში და მართლა ღვთის მიერ ბოძებული, ღვთაებრივად გემრიელი მინერალური წყალი, რომელიც წყაროებად «მოჩუხჩუხებს» - ბოთლებში ჩამოასხას, დაარქვას «მინერალურრ წყალიო ქართლი» ან «ქართლის გული» და გაჰყიდოს სადაც უნდა რამდენადაც უნდა, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ მათ არ უნდათ ჩამოასხან «ქართლი» და «ქართლის გული» - მათ უნდათ ჩამოასხან სწორედ ბორჯომი და ისარგებლონ იმ სავაჭრო ნიშნით, რომელიც მათ არ ეკუთვნით. არც მამუკა ხაზარაძესა და მის კომპანიას ეკუთვნით, ეკუთვნის სახელმწიფოს.

დილის გაზეთი, 3 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე

 

        ნებისმიერი სახელმწიფო შეეცდება, სავაჭრო ნიშნის ექსპლოატაცია კონტროლირებადი იყოს. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, კერძოა ამჟამად «ბორჯომის» ქარხანა თუ «სახალმწიფოს საკუთრება». ვიცი, დაიწყება ახალი დემაგოგია რატომ არ უნდა იყოს ასეთი სიმდიდრე საერთო სახალხო საკუთრებაში? ამაზე უთქვამთ: «რატომ ღმერთი არ გაიცინებსო განა ჩვენ ყველანი ერთად არ ვებრძოდით (თუნდაც პასიურად, სიძულვილით) იმ «კომუნისტურ» წყობას და არ შევნატროდით «კაპიტალიზმს?» აბა, სად გინახავთ, კაპიტალიზმი კერძო საკუთრების გარეშე, რომელიც იმთავითვე გულისხმობს სოციალურ უსამართლობას? ასე რომ, ეს სულ სხვა საკითხია. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას: «ბორჯომის ქარხანა» კომუნისტების რდოსაც სინამდვილეში «კერძო» იყო (გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ – ავტ.), ხოლო «დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო» იმ პირობებში, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირი ფალსიფიცირებულმა ბორჯომმა წალეკა, ვერაფრისდიდებით ვერ მოახერხებდა ქარხნის არათუ მოდერნიზებას, არამედ ამუშავებასაც კი. კერძო მეწარმემ ეს მოახერხა და უცხოელი ნვესტორიც მოიძია. დარმწუნებით შეიძლება ითქვას: «ბორჯომის» მწარმოებელი საკუთარმა სახელმწიფომ თუნდაც საკუთარ ბაზარზე მაინც (!!!) თუ დაიცვა ფალსიფიცირებისგან, იგი ბიუჯეტში ათჯერ მეტ თანხას შეიტანს. ერთადერთი გამოსავალი კი საამისოდ სწორედ ის «დრაკონული» ზომებია, რაც «საფინანსო ლეგიონმა» განახორციელა.
        ნებისმიერ, თუნდაც ჩვენსავით პატარა და ღარიბ (სომხეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი), მაგრამ კულტურულ სახელმწიფოში, სადაც მართლა სახელმწიფოებრივად კულტურული ხალხი ცხოვრობს, ფალსიფიკატორებს ელით ციხე – 5 წლამდე. «ჩამორთმეული საქონლის» დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამის მოთხოვნაც არავის მოუვა აზრად. ვერავინ იმართლებს იქ თავს იმით, რომ «ბავშვები ჰყავს მშიერი, ლუკმა-პური აკლია» და ასე შემდეგ. ჩვენი სახელმწიფო კი იმდენად მარაზმატულ მდგომარეობაშია, იმდენად ჰგავს «ქეციან ძაღლს», რომ არათუ გზას კეტავენ ფალსიფიცირებული საქონლის დაბრუნების მოთთოვნით, არამედ ლეგალურად შექმნილ იმავე პროდუქციას იტაცებენ და სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებენ: გავცვალოთო. მითხარით ერთი: ასეთი სახელმწიფო ქმედითუნარიანი არმიის შემქმნელია? – ყველაფერ სხვას რომ საერთოდ თავი დავანებოთ.
        კი ბატონო, მოვიფხანოთ გული «ხელისუფლების ლანძღვით, დავაბრალოთ ყველაფერი ხელისუფლებას, მაგრამ ეს პრობლემა სინამდვილეში უფრო «ფართოა». ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, როგორი პოლიტიკაც უნდა გაატაროს, თუ ფალსიფიკატორს ექნა შესაძლებლობა (არა საჭიროება, არამედ შესაძლებლობა), ის ფალსიფიცირებულ საქონელს მაინც შექმნის, კონტრაბანდას მაინც შემოიტანს, ბაზარს მაინც დაანგრევს და ეს სულაც არ შეაწუხებს. ამიტომ ნებისმიერი ცვივილური სახელმწიფო აუცილებლად შეეცდება დაიცვას კერძო მეწარმე ფალსიფიკატ\ციისგან იმ უბრალო მიზეზით თუ პრაგმატული გათვლით, რომ კერძო მეწარმე სავაჭრო ნიშანს უფრო ქმედითუნარიანად გამოიყენებს და ბიუჯეტში უფრო მეტს გადაიხდის. ან თუნდაც, დავანებოთ თავი «კერძო მეწარმეობას». წარმოვიდგინოთ შეუძლებელი: სახელმწიფო შეინარჩუნა მონოპოლია საქართველოში «ბორჯომის» პროდუქციის შექმნაზე და არ მოახდინა საწარმოს პრივატიზება -–განა «ქოარხნის გარეთ» ჩამოსხმული «ბორჯომი» მაინც «ფალსიფიცირებული პროდუქცია» არ იქნებოდა? მაგრამ ახლა დემაგოგიურად აქვთ ხელზე დახვეული არგუმენტი, რომ «ბორჯომი» კერძოა, თითქოს ამით რაიმე დაშავდა.
        აქ მივადექით სწორედ ერთ, ძალიან საინტერესო პრობლემას: ჩვენში დამკვიდრებულია აზრი (იგი ჰუმანიტარულმა ინტელიგენციამ დაამკვიდრა), თითქოს ძალზე საამაყოა, რომ საქართველოსთვის ტრადიციულად არ ყოფილა და არც ამჟამად არის დამახასიათებელი «სოციალური ანტაგონიზმი, სოციალურ ფენათა დაპირისპირება და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ეს «საამაყო» კი არა, «სამარცხვინოა» და ჩვენს არცთუ ძალიან მაღალ სახელმწიფოებრივ კულტურაზე მეტყველებს, ისევ და ისევ.
        შეუძლებელია ჯანსაღ, კულტურულ საზოგადოებაში სოციალური ანტაგონიზმის ტრადიცია არ არსებობდეს სხვა საქმეა, რამდენად მართავს ან თრგუნავს საზოგადოება ამ ფენომენს. ყველა დიდმა, მაღალკულტუროსანმა ერმა გაიარა სოციალური ანტაგონიზმის ქარცეცხლში განა ჩვენ ფრაგნებზე, ინგლისელებზე, რუსებზე, ჰოლანდიელებზე, იაპონელებზე უფრო კულტურული ერი ვართ? ასე რომ, «სოციალური ანტაგონიზმის» ტრადიციის არარსებობა»კულუტრობის გამოვლინება უფროა, ვიდრე «მაღალი კულტურისა».
        ახლა სწორედ ამ კუთხით შევხედოთ ბორჯომის ხეობაში «წვრილმან ინციდენტს»: სატელევიზიო რეპორტაჟმა ასახა, როგორ გაჰკიოდა ქართლელი დედაკაცი: მამუკა ხაზარაძემ თავისი ცოლიო ამუშაოს ისე, როგორც მე ვმუშაობო. ეს თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტია - რა მოხდა მერე, გამწარებული ადამიანი რას არ იტყვის... მაგრამ, სინამდვილეში, ეს ბოღმიანი შეძახილიც ძალზე სიმპტომატურია. იმ ადამიანებს, ვინც ფალსიფიცირებულ «ბორჯომს» ასხამს, სულ არ აინტერესებდათ, «რამდენ ფულს» შოულობდა იგივე ხაზარაძე «ბორჯომის ბიზნესით». მაგრამ არ აინტერესებდათ მხოლოდ მანამ, სანამ თვითონ ჰქონდათ ფალსიფიცირებული ბორჯომის წარმოებისა და გაყივდის შეუზღუდავი თავისუფლება. როგორც კი სახელმწიფომ სცადა დაემყარებინა ნორმალური სოციალური მიმართება (რაც შეუძლებელია, ასევე ნორმალური სოციალური იერარქიის გარეშე), სოციალურმა ზიზღმა და სიძულვილმა უმალვე ფანატიკური ძალით იფეთქა! ეს ზიზღი და სიძულვილი უკვე მიმართულია არა მხოლოდ ზოგადად სახელმწიფოს, არამედ უკვე მესაკუთრის წინააღმდეგ, ვინაიდან ის ადამიანები, ვინც პირველად შეეჩეხნენ კანონის სუსხს, უმალვე დაინტერესდნენ ამ კანონსი სწორედ «სოციალური სამართლიანობით», უმალვე იგრძნეს (ამ შემთხვევაში არაფერი გამოეპარებათ), რომ კანონი ცდილობს დაიცვას კერძო მეწარმე, ვინაიდან სახელმწიფოსთვის (ბიუჯეტისთვის) მისი დაცვა უფრო ხელსაყრელიო და პრაგმატულია, ვიდრე ფალსიფიკატორებისა.
        რა შეიძლება დაუპირისპირონ ამ პრაგმატულ ლოგიკას? მხოლოდ და მხოლოდ სოციალური სამართლიანობის იდეა! მაგრამ აკი ეს «ჩვენთვის უცხო და არატრადიციულია?!
        აღმოჩნდა, რომ «უცხო და არატრადიციულია» მხოლოდ მანამ, სანამ სოციალურად დიფერენცირებული საზოგადოება და სახელმწიფო არ ცდილობენ შესაბამისი სოციალური იერარქიისა და მიმართებების ჩამოყალიბებას (და დაცვას).
        აქედან კი ბუნებრივად გამომდინარეობს შემაძრწუნებელი დასკვნა: რაც უფრო განვითარდება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რაც უფრო მეტად შეეცდება იგი მართოს საზოაგდოებაში სოციალური პროცესები, რაც უფრო გააძლიერებს ბრძოლას «სოციალური დომინანტებისა და პრიორიტეტების», აგრეთვე «კაპიტალისტური სახელმწიფოებისათვის» აუცილებელი (ხაზს ვუსვამ, აუცილებელი) სოციალური მიმართებებისა და იერარქიის დასაცავად, მით უფრო დაიძაბება სოციალური ვითარება საქართველოში.
        ფაქტობრივად, ჩვენ ახლა მოგვიწევს განვვლოთ ის გზა, განვახორციელოთ ის სოციალური ტრანსფორმაცია, რაც სხვა ერებმა უკვე დიდი ხნის წინათ განვლეს. ნურავის მოეჩვენება გადაჭარბებად, თუ ვიტყვი: მაშინ, როდესაც, სხვა ერებმა და საზოგადოებამ ეს სოციალური ტრანსფორმაცია უკვე დაასრულეს, ჩვენ ახლაღა შევდივართ ტრანსფორმაციის პერიოდში, ანუ საქართველოს ჯერ კიდევ წინა აქვს «სოციალური რევოლუცია». მაშინ გამოჩნდება, სინამდვილეში რამდენად «სოციალურად ტოლერანტული» ერი ვართ. ნურავის ეგონება, თითქოს დამაიმედებელი ნიშანი ყოს ის, თუ საქართველოს მოსახლეობა არ აჯანყდა, «საბიუჯეტო კრიზისის», ხელფასებისა და პენსიების გადაუხდელობის პერიოდში. დიახ, მართლაც არ აჯანყდა, მაგრამ ამით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. «აფეთქების» ალბათობა მაშინ გაიზრდება, როდესაც ერთის მხრივ, «ბორჯომის ლეგალურად მწარმოებელს» ექნება გამდიდრების საშუალება და იმავდროულად (აი, ეს გახლავთ საკვანძო მომენტი ავტ.), სახელმწიფო რეალურად აკრძალავს ფალსიფიცირებას, რეალურად დაიცავს «სავაჭრო ნიშანს», ამით დაიცავს ბიუჯეტსა და სოციალურ იერარქიას (დისპროპორციას) – რაც, კვლავ და კვლავ, ვიმეორებ, გარდაუვალი და აუცილებელია იმ ყაიდის სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ორგანიზაციის სისტემაში, რასაც ჩვენ «დემოკრატიას» ვუწოდებთ.
        ვლადიმირ ულიანოვი «პირსისხლიანი ძაღლთაპირი» კი იყო, ზღვა სისხლი კი მართებს კაცობრიობისა, მაგრამ ამით მას გენიალურობას მხოლოდ ზნეობრივი შინაარსი აკლდება და არა ინტელექტუალური. ლენინი ყველა შემდგომი ეპოქის «სოციალისტ-რევოლუციონერებს» ასწავლიდა, რომ უკიდურესი გაჭირვება არ არის საკმარისი პირობა «რევოლუციური სიტუაციის გადასაზრდელად რევოლუციაში. აუცილებელი ფაქტორია აგრეთვე, სახელმწიფო (იგივე ელიტა) ცდილობდეს შესაბამისი სოციალური მიმართებისა და იერარქიის დაფუძნებასა და დაცვას.
        იმავე «ბედკრული» შემთხვევის მაგალითიათ: ბორჯომისხეობელი გლეხი არ აჯანყდება მაშინ, თუ კუსტარულად თვითონ ვერ ასხამს «ბორჯომს», მაგრამ იმავდროულად, «ბორჯომის ქარხანაც «გაჩერებულია», ამას მოითმენს.
        არ აჯანყდება მაშინ, თუ «ბორჯომის ქარხანა» მუშაობს, მამუკა ხაზარაძე მდიდრდება (ღმერთმა შეარგოს ავტ.) და ბიუჯეტიც გვარიან თანხას იღებს, მაგრამ მასაც (ბორჯომელ გლეხსაც) აქვს კუსტარულად «ბორჯომის» ჩამოსხმის საშუალება.
        არც ერთი ეს ვითარება მის გაღიზიანებას არ იწვევს.
        გაღიზიანება და მძვინვარე რეაქცია (აფეთქება) გამოიწვია იმ ვითარებამ, როდესაც სახელმწიფომ სცადა ნორმალური სოციალური მიმართების ჩამოყალიბება, ანუ სცადა, დაეცვა «ნამდვილი ბორჯომი» ფალსიფიცირებულიო ბორჯომისგან. სახელმწიფომ ეს გააკეთა არა მამუკა ხაზარაძის თხოვნით (იგი ამას იხვეწება 5 წელია), არამედ გააკეთა იმიტომ და მაშინ, როდესაც საბიუჯეტო კრიზისმა აპოგეას მიაღწია და ხელისუფლება მიხვდა, რომ ნორმალური იერარქიის ჩამოყალიბების გარეშე ბიუჯეტის შევსებაც ვერ მოხერხდება, რის შედეგადაც უეჭველად დაიწყება სახელმწიფოს დეგრადაცია, გარდაუვალი უმძიმესი შედეგებით.
        ვგონებ, ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ სროულად, რა საშინლად რთულ პერიოდში შევდივართ და რა უმძიმესი პრობლემების გადაჭრა მოგვიწევს. ყველაფერი, რაც მოხდა 1988 წლიდან დღემდე, არაფერია იმ პრობლემის სირთულესთან შედარებით, რაც უახლოესი მომავლიდან უნდა გადავწყვიტოთ. სწრედ მაშინ გაირკვევა საეროთოდ «შედგება» კი საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული (ანუ პლურალისტური, ანუ სოციალურად დიფერენცირებული, ანუ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული( სახელმწიფო თუ საბოლოოდ დასრულდება კრახით ეს ჩვენი «დამოუკიდებლობის ექსპერიმენტი» და კვლავ ვიქცევით, უბრალოდ, «საერთო კულტურული» და ენობრივ-ეთნოგრაფიული სივრცის» შემცველ ტერიტორიად, «ტერიტორიასა» და «სახელმწიფოს» შორის კი, მოგეხსენებათ, ისეთივე განსხვავებაა, როგორც «აგურსა» და «შენობას» ან ადამიანსა და ღმერთს შორის.
        როგორი რისხვაც უნდა დამატყდეს თავს, მაინც ვიტყვი, რომ ძალზე მეეჭვება, საქართველომ ეს შეძლოს.
        თავი და თავი პრობლემებისა ხელისუფლება რომ იყოს, მათი მოგვარება ძალზე იოლი იქნებოდა: შეიცვლება ერთი ხელისუფლება მეორეთი (მხოლოდ პერსონალთა შეცვლას არ ვგულისხმობ, რასაკვირველია) და სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესიც გაგრძელდება, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. ნებისმიერი ხელისუფლება (მათ შორის, დღევანდელიო საქართველოს ხელისუფლებაც) მოქმედებს გარკვეულ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ გარემოში. რა ევალება ხელისუფლებას?
        მაგალითად, როგორ მოიქცეოდა ხელისუფლება იმავე მოლდოვასა და სომხეთში (ხსენებულიო ტრანსფორმაციის პროცესს ეს ერები ჩვაენზე მეტი წარმატებით ახორციელებენ(, თუ, მაგალითად, ფალსიფიკატორები გზას გადაკეტავდნენ დაკავებული პროდუქციის განთავისუფლების მოთხოვნით?
        ჯერ ერთი, ეს მოთხოვნა მას (ხელისუფლებას( სასაცილოდ არ ეყოფოდა, «შესრულებაზე» ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მეორე: შემთხვევის ადგილას გაიგზავნებოდა სოციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც ხანმოკლე მოლაპარაკების შემდეგ გზის ჩამხერგთ წამოუყენებდა ულტიმატუმს: გაწმინდეთ გზა, გადადით გზის სავალი ნაწილიოდან, მოიმარჯვეთ ტრანსპარანტები და გამოხატეთ პროტესტი კანონიერ ხერხებით, ანუ იდექით იმ ტრანსპარანტებით, სანამ არ მოგწყინდებათ პროტესტის გამოხატვას არავინ დაგიშლით, მაგრამ ამით ვერავის აიძულებთ ფალსიფიკაციის დაკანონებას. «ამით რომ ვერავის ვერაფერს აიძულებდნენ», ამიტომაც კეტავენ გზას, რადგან ეს ზემოქმედების ქმედითი მეთოდია, განსხვავებით დემონსტრაცია-მანიფესტაციისგან.
        თუ გზის ჩამხერგავნი ულტიმატუმს არ შეასრულებდნენ, სპეციალური დანიშნულების რაზმი დაიწყებდა ძალისმიერი ოპერაციის განხორციელებას. ძალის ზომ ა იქნებოდა პირდაპირპროპორციული (და ოდნავ მეტი) წინააღმდეგობის ხარისხისა, ხოლო მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე დაეკისრებოდა არა ხელისუფლებას, არამედ კანონის დამრღვევთ. აქციის ორგანიზატორები კი მოხვდებოდნენ ციხეში.
        მიაქციეთ ყურადღება: დემოკრატიული ქვეყნების სამართალი არ ითვალისწინებს სასჯელს ნ იშანდობლივი «საბჭოთა მუხლით»: მასობრივი არეულობის ორგანიზება», მაგრამ ყოველთვის, ყველგან გათვალისწინებულია სასჯელი. «კანონის წარმომადგენელთა კანონიერი მოთხოვნის აღსრულებისას ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევისათვის». მკითხველს ვთხოვ, დააკვირდეს განსხვავებას. ამ განსხვავებაში ორი, დიამეტრულად განსხვავბულიო ცივილიზაციის არსია წარმოჩენილი.
        მაგრამ საქართველოში ხელისუფლება (ნებისმიერი ხელისუფლება, განურჩევლად პერსონალიისა, თუ პარტიული შეფერილობისა) ამას ვერ გაბედავს, ვინაიდან ხსენებული «გარემო» არ მისცემს ამის საშუალებას და უფლებას. აქედან გამომდინარე, თუ ეს გარემო არ შეიცვალა და, თუ ყველანი არ მივხვდით, რომ ჩვენდაუნებურად, კვლავ ვცხოვრობთ «აბსოლუტური სამართლიანობიოს შესაძლებლობის» ილუზორულ სამყაროში ქართული სახელმწიფო ემბრიონულ მდგომაროებაშივე მოკვდება. ესეც ძალზე ნიშანდობლივი მომენტია: «სამყაროს აბსოლუტური სამართლიანობის პრინციპულად, თვისებრივად შესაძლებლობის» ილუზია ნებისმიერი ტოტალიტარიზმის საფუძველთა საფუძველია. ეს ფსიქოლოგიური ცდომილება უდევს საძირკვლად ყველა «სოციალურ პროექტს», რომელთა მიზეზით კაცობრიობის ისტორიაში იმდენი სისხლი დაიღვარა, წყნარი ოკეანის ღრმულს ამოავსებდა. ამიტომ, ქართული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არა მხოლოდ შევიგნებთ, არამედ შევისისხლხორცებთ (ანუ ქვეცნობიერადაც შევურიგდებით) იმ აზრს, რომ სამყაროს სამართლიანობა ილუზიაა და საზოგადოება, სახელმწიფო, რმოელსაც ვაშენებთ, ამ გაგებით «სამართლიანი» სულაც არ იქნება.
        მაგრამ ეს მიანც ერთადერთი შესაძლო სახელმწიფო და საზოგადოებაა.
        როგორც ჩანს, პატარა ერებისთვის ამ საზარელ რეალობასთან შეგუება ძალიან ძნელია. ბოლოს და ბოლოს, დედამიწის ზურგზე «თითებეზ ჩამოსათვლელია» მცირე ერი, რომელმაც შეძლო შეექმნა ეროვნული (ნაციონალური) სახელმწიფო – ნორმატული სოციალური იერარქიითა და სოციალური მიმართებებით. მათ შორის უპივრელესად, ისრაელია.
        აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ტრადიციულ სახელმწიფოებრივ კულტურას (განურჩევლად სხვადასხვა ეპოქაში სოციალური შინაარსისა(, მაგრამ ეს კულტურა, უპირველესად, ელიტისადმი დამოკიდებულებაში მჟღავნდება (ამას კი უკუმიმართებაც ახლავს), რისი ტრადიციაც ნამდვილად არ აღმოგვაჩნდა 1988-93 წლებში.

დილის გაზეთი, 3 ივლისი, 2000 წელი