ტიმოშენკოს იჭერენ

ტიმოშენკოს იჭერენ

 უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ (რა თქმა უნდა პრეზიდენტ იანუკოვიჩის მითითებით) ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, «ნარინჯისფერი რევოლუციის» დედოფალი, იულია ტიმოშენკო დაიბარა და განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ ხეალხლა აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2005 წელს, რევოლუციის შემდეგ დაიხურა. უფრო ზუსტად, ის საქმე განახლდა, რაც ტიმოშენკოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ აღძრა.
        უკრაინის «გაზის პრინცესას» (როგორც მას უწოდებდნენ კუჩმას დროს – ვიცე-პრემიერობისას) ბრალად ედება უკრაინელ გამომძიებელთა და მოსამართლეთა მოსყიდვის მცდელობა, რომლებიც ტიმოშენკოს ერთ-ერთ თანაშემწეს ასამართლებდნენ.
        თანაშემწეს კი შეეძლო «დაეფქვა», რას აკეთებდა ეს ქალბატონი ვიცე-პრემიერობისას, როდესაც იმავე «გაზპრომთან» და «იტერასთან» აფორმებდა ხელშეკრულებებს. თუმცა სისხლის სამართლის საქმეს უკრაინულმა რევოლუციამ გამოუყვანა წირვა.
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ვერც იანუკოვიჩმა და ვერც მისმა პარტიულმა წინამორბედმა კუჩმამ ვიქტორ იუშენკოს ვერაფერი «გამოუჩხრიკეს», არადა ძალიან ცდილობდნენ. იუშენკოს ტიმოშენკოზე არანაკლები თანამდებობები ეკავა კუჩმას პრეზიდენტობისას. მაგალითად, უკრაინის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტიც იყო. ამიტომ, რაკი კომპრომატი ვერ უპოვეს, ბოლოს დიოქსინით მოწამლეს! ქალბატონო იულია კი, როგორც ჩანს, «საბაბს იძლეოდა».

ტერორი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ

        შესაბამისად, პრეზიდენტ იუშენკოს მიერ ჩატარებული, აბსოლუტურად დემოკრატიული, აბსოლუტურად გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ბანდიტურმა დაჯგუფებამ, ყოფილი კრიმინალისა და პარტოკრატის, მილიონერ იანუკოვიჩის მეთაურობით (ვისაც, სინამდვილეში, ტიმოშენკოზე ასჯერ მეტი აქვს «ნაჭამი»), პირველი, რაც გააკეთა, საკუთარი ქვეყანა კარგ ფასად მიჰყიდა კრემლს, - დააკანონა რუსეთის ბაზები 2042 წლამდე, ფაქტობრივად გააუქმა უკრაინული ენის სახელმწიფო სტატუსი და ოპოზიციონერთა დაჭერა დაიწყო.
        როგორ არ აღფრთოვანდები ადამიანი - იუშენკოს ფანი ქართველი «რესპუბლიკელების» დარად - მისი კეთილშობილებითა და პატრიოტიზმით!!!
        მართლაცდა, რა კეთილშობილი რაინდია ეს იუშენკო: ბოროტი სააკაშვილისგან განსხვავებიოთ, მშობელ ერს პირველად მისცა საშუალება, გამოეხატა თავისი აზრი დემოკრატიულ, თავისუფალ არჩევნებზე, რის შედეგადაც ამ არჩევნებში «გბ»-ისტურ-პარტნომენკლატურულ-კრიმინალურმა ხროვამ გაიმარჯვა, თავისი ქვეყანა რუსეთს მიჰყიდა და ოპოზიციის დატერორება დაიწყო!
        უკრაინის ახალი ხელისუფლება რომ გათავხედებულია (რაკი პროდასავლური ძალები არჩევნებში დაამარცხა) იმითაც ჩანს, რომ ტერორის განხორციელებასა და ქვეყნის სახელმწიფო კურსის შეცვლას ბედავს იმის მიუხედავად, თუ რა მცირე პროცენტით აჯობა იმავე ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში:
        იანუკოვიჩს 50 პროცენტზე მეტი ხმა არც მოუპოვებია და ტიმოშენკოს სულ 2-3 პროცენტით თუ აჯობა, მაგრამ დემოკრატიული არჩევნების შემდეგ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
        სინამდვილეში, ის, რაც უკრაინაში მოხდა, კრემლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება იყო და ნამდვილად არაა გასაკვირი, თუ იმავე მოსკოვის მხარდაჭერით «განაგლებული» იანუკოვიჩი ახლა იმასაც კი ბედავს, რასაც კუჩმა ვერ გაბედავდა.
        თანაც, მოქმედებს აშკარად და დაუფარავად: ტიმოშენკო რომ გაჩერებულიყო, ხარკოვის პაქტის (სევასტოპოლში ფლოტის ბაზირების შესახებ) თაობაზე დიდი ხმაური არ აეტეხა და სახალხო პროტესტს არ ჩადგომოდა სათავეში, საეჭვოა მისი სისხლის სამართლის საქმე ვინმეს გახსენებოდა. ესე იგი, ტიმოშენკოს დევნა რომ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია – არც საქართველოში უნდა იწვევდეს ეჭვს, არც თვით უკრაინაში და არც «ძველ ევროპაში», რომელიც კომიკურად მიესალმა «უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას» და (რაც კიდევ უფრო სასაცილოა) იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ნატოში უკრაინის გაწევრებაზე.

მეორე სამიზნე

          ქალბატონ ტიმოშენკოს კი ხშირად გაახსენდეს ის ეპიზოდი, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს მოხდა, როცა მან უარი თქვა (იუშენკოსგან განსხვავებით) აშკარად დაეგმო რუსეთის თავდასხმა საქართველოზე და მოსკოვს რამდენჯერმე «კოჭებიც გაუგორა».
        არადა, იმ აგრესიის მეორე სამიზნე, საქართველოს შემდეგ, სწორედ უკრაინა იყო. რუსეთს სურდა უკრაინელი ამომრჩეველი დაეშინებინა: «ხომ ხედავთ საქართველს სამხედრო ძალით არავინ დაეხმარა და ჩემთან ომის შემთხვევაში თქვენც ასეთივე დღეში აღმოჩნდებითო».
        სამწუხაროდ, მერკელის მაგვარი პოლიტიკოსების მეშვეობით მიზანსაც მიაღწია.
        ამასობაში კი, იანუკოვიჩის დახმარებით, პუტინი უკრაინაში საკუთარი გეგმის განხორციელებას აგრძელებს. სევასტოპოლის ბაზის შემდეგ დადგა ზესაიდუმლო «ბალაკლავის» დრო. წყალქვეშა ნავების ეს ბაზა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ლეგენდებითაა მოსილი. მისი გადაცემა რუსეთისთვის იმას ნიშნავს, რომ უკრაინა უარს ამბობს თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და ამ პოტენციალს მთლიანად მოსკოვს უთმობს.
        თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია: სულ მალე დადგება უკრაინის საავიაციო, ქიმიური, ატომური მრეწველობის ჯერი, რომელიც აგრეთვე რუსეთს გადაეცემა. ხოლო თუ ტიმოშენკო ქუჩის აქციებს ჩაუდგება სათავეში, აუცილებლად დააპატიმრებენ. თავის გადარჩენა მხოლოდ გაჩუმებით შეუძლია.
        ნებისმიერ შემთხევავში, უკრაინული ოპოზიცია ქარიზმატული ლიდერის გარეშეEდარჩება, ესე იგი ქართული ოპოზიციასავით დაიშლება და გაუსუსურდება.
        ვიქტორ იუშენკო კი, სწორედ მისი არაავტორიტარულობისა და დემოკარტობის გამო იმდენადაა დაჩმორებული (გავისხენოთ მისი სამარცხვინო 4 პროცენტი არჩევნებში) რომ იანუკოვიჩისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
        მთელს ამ ისტორიაში უპირველესი დამნაშავე დიახაც იუშენკოა! სწორედ მისმა «ფსევდოდემოკრატობამ», ჩვარობამ, უტვინობამ და უპასუხისმგებლობამ ჩააგდო უკრაინა ამ დღეში, რითაც შესანიშნავად ისარგებლა კრემლმა.
        ასეთივე სცენარის განხორციელება იმავე კრემლს საქართველოშიც უნდოდა (და უნდა) მაგრამ . . . . . სააკაშვილი არ არის იუშენკო!

2010