ინტელიგენცია - პარტიული მშენებლობის წინააღმდეგ

        «მოქალაქეთა კავშირის» სათათბიროს უკანასკნელ სხდომას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი. არ არის აგრეთვე გამორიცხული, რომ ეს სხდომა ქართულ პოლიტიკაში ერთგვარ «ჟამტეხილად» იქცეს, ვინაიდან ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მეტად ნიშანდობლივი განცხადებები გააკეთეს.
        უკვე უეჭველია, რომ ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს აღარ აკმაყოფილებთ ამჟამინდელი სტატუსი და გაღიზიანებით შესცქერიან თბილისში და მის შემოგარენში წამოჭიმულ სრა-სასახლეებს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ სასახლეებიდან მხოლოდ ნახევარია უშუალოდ «სახელისუფლებო კორუფციის» შედეგი. მეორე ნახევარი კი ველური კაპიტალიზმის შედეგი უფროა, თუმცა ჩვენ სინამდვილეში ნამდვილად ძნელი განსასხვავებელი გახდა, სად მთავრდება კორუფცირებული ჩინოვნიკი და სად იწყება «ველური კაპიტალისტი».
        ეს ერთგვარი «ორთავიანი დევია», რომელმაც «პირველადი კაპიტალი» ძირითადად იმ ეპოქაში დააგროვა, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. შემდგომში (მით უმეტეს, სახელისუფლებო ბერკეტების გათვალისწინებით), ამ კაპიტალის «ლეგალიზება» უკვე «ტექნიკის» საქმე იყო.
        მაგრამ ინტელიგენციის ბეჩავი მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, თუ «ქართული კორუფციის» ეს ძეგლები მის გაღიზიანებას იწვევს. მეორე მხრივ, რაოდენ პარადოქსულად და ცინიკურად უნდა ჟღერდეს, თბილისური «მანჰეტენი» უცხოელებს საქართველოში სტაბილურობის ნიშნად ეჩვენებათ. ერთი მათგანი ამას წინათ ცინიკურად მეუბნებოდა კიდეც: განურჩევლად იმისა, რა სახსრებით შენდება ეს სასახლეები, თავისთავად, ის ფაქტი, რომ მილიონერები უძრავ ქონებაში თანხას თამამად აბანდებენ - ეს ვითარების სტაბილურობაზე მეტყველებსო. როგორც ჩანს, მათ აქვთ იმედი, რომ სიტუაცია არ აირევა, ვინაიდან «არეულობისას», უპირველეს ყოვლისა, სწორედ უძრავ ქონებაში განსხეულებული კაპიტალი ზარალდება.
        ასეთ უცხოელებთან კამათი ძალიან ძნელია. მათ ვერ შეაგნებინებ, რომ იმ დროს, როცა ინტელიგენცია შიმშილით კვდება, ასეთი სასახლეების მშენებლობა უფრო «კორუფციის სტაბილურობაზე» მეტყველებს, ვიდრე ქვეყნის სტაბილურობაზე.
        თუმცა, ვერც ეს ინტელიგენცია დააღწევს თავს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც საქართველოში მოხდა და ხდება – პირველადი კაპიტალის დაგროვება მის თვალწინ მიმდინარეობდა ისევე, როგორც იმ სიტუაციის ჩამოყალიბებაც (ქვეყანაში), როდესაც ამ კაპიტალის დაგროვება (ასე ურცხვად) შესაძლებელი გახდებოდა.
        ახლა შექმნილი სიტუაციის მხოლოდ ხელისუფლებაზე გადაბრალებით არაფერი გამოვა. დღეს უკვე ძალიან რთულია რაიმეს გარკვევა, ვინაიდან ნაპარავი კაპიტალი ათგზის «გათეთრებული» და «ლეგალიზებულია».
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ჩვენი ორდენოსანი ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს სხვა ჭია ღრღნის - ქართული ინტელიგენცია თანდათან (მაგრამ განუხრელად) კარგავს იმ წონასა და გავლენას, რაც საბჭოურ ხანაში ჰქონდა. ხელისუფლებასთან მაშინ იგი უფრო ახლოს იყო, ვიდრე დღეს. «ახლოს» იმ აზრით, რომ ხშირად ეძახდნენ ცენტრალურ კომიტეტში, ეთათბირებოდნენ და ქმნიდნენ ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ხელისუფლებას (კომუნისტურ ხელისუფლებას) აინტერესებდა ინტელიგენციის აზრი მაშინ, როდესაც ამ აზრს მხოლოდ წვრილმანებში თუ ითვალისწინებდნენ.
        დღეს ვითარება იცვლება. იცვლება არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებას ნამდვილად აღარ აქვს საშუალება, დააფინანსოს აკადემიური წრეები, არამედ იმიტომაც, რომ ინტელიგენცია კარგავს ადრინდელ ფუნქციას – მრავალპარტიულ პლურალისტულ პოლიტიკურ სისტემაში ინტელიგენციას ძველი ადგილიო და ფუნქცია აღარ რჩება. იგი კარგავს «კორპორაციულობას», ანუ თუ პოლიტიკაში ჩარევა უნდა (არადა, ძალიან უნდა - ძველი ინერციით), ვეღარ ჩაერევა, იმ ფორმით, როგორც ერეოდა - იძულებული ხდება, გაერთიანდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში და ასე სცადოს საკუთარი შეხედულებებისა და მისწრაფებების განხორციელება.
        მაგრამ საქმეც ის არის, რომ პარტიებში ბევრ ისეთი ხალხია, აკადემიის ინსტიტუტებში «ლაბორანტებად» არ ამუშავებდნენ და გამარჯობასაც არ ეტყოდნენ ძველ დროში
        შესაძლოა, რომ ზოგი «პარტიული» მართლა არ იმსახურებდა გამარჯობას. ოღონდ, ასეა თუ ისე, საქართველოში სისტემა შეიცვალა და მას უნდა «მიესადაგონ». ძველებური სისტემა, როდესაც ინტელიგენცია «კორპორაციულად», ერთობლივად მართავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, უკვე აღარ დაბრუნდება, რადგან დღეს სხვა დროა და სხვა პოლიტიკური სისტემა. ამიტომ იმავე პროცესების სამართავად «პარტიებთან მიკედლება» გახდა საჭირო, რაც ინტელიგენციის წარმომადგენლებს სრულებითაც არ ეპიტნავებათ.
        ერთადერთი პარტია, რომელიც, ასე თუ ისე, ძველ იერარქიას ინარჩუნებდა, სწორედ მოქალაქეთა კავშირი იყო. მხოლოდ ეს ერთადერთი პარტია რჩებოდა «სახელმწიფო პარტიად», რომლის სათათბიროზე მისვლა ნებისმიერ ინტელიგენტს შეეძლო, ისევე, როგორც სიტყვით გამოსვლა და პრეზიდენტისა თუ «მოქკავშირის» ლიდერთა «დამოძღვრა». – განურჩევლად იმისა, იყო თუ არა კონკრეტული გამომსვლელი მმართველი პარტიის წევრი.
        ეს ვითარება ამჟამად იცვლება – «მოქალაქეთა კავშირში» წარმოშობილმა შიდა დაპირისპირებამ დააჩქარა «სახელმწიფო პარტიის» ტრანსფორმაცია ჩვეულებრივ «მმართველ პარტიად», ანუ ჩვეულებრივ პოლიტიკურ ძალად, რომელიც სახელისუფლებო ბერკეტებს ფლობს.
        აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ოდესღაც კორპორაციულად «შეკრული» და მონოლითური ინტელიგენცია სოციალურად დაიქსაქსოს და «გადანაწილდეს» სხვადასხვა პარტიაში (მოუწევთ, რომც არ სურდეთ), რის შემდეგაც საქართველოს პოლიტიკური იერარქია საბოლოოდ მიიღებს «ნორმალურ», «დასავლურ» სახეს.
        მაგრამ ბევრს ეს პერსპექტივა არ ეპიტნავება და სწორედ ამიტომ გამოთქვამს პრეტენზიას არა მხოლოდ «მოქკავშირის», არამედ პრეზიდენტის მიმართ. თუმცა ედუარდ შევარდნაძე ამ პროცესს ვეღარ შეაჩერებს, ძალიანაც რომ მოინდომოს.

მერიდიანი, 10 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე