მთავრობის გედის სიმღერა

        გუშინ გამართულმა მთავრობის სხდომამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს «ზერადიკალური» საკადრო რეფორმების განხორციელებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
        ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინაუგურაციის (30 აპრილის) შემდეგ არ გატარდება ზომები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვინაიდან ვითარება კატასტროფულია. თუ ასე გაგრძელდა, საფრთხე დაემუქრება არა მხოლოდ ხელისუფლებას (ამას ვინ ჩივის), არამედ მთლიანად, სახელმწიფოსა და ქვეყანას.
        აღსანიშნავია, რომ ნაცვლად 1998-1999 წლების დავალიანებათა დაფარვისა, ეს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა, ვინაიდან «საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ» სამი თვის საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა 55 პროცენტით ძლივს შეასრულა- უფრო ზუსტად, ბიუჯეტს 45 პროცენტი დააკლდა, ვინაიდან ვერ აიკრიფა (განსაკუთრებით საბაჟო) გადასახადები და ამის გამო უცხოელმა დონორებმა დაპირებული თანხები არ გადმორიცხეს – ეს ჩვეულებრივი ხერხია, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ხშირად მიმართავენ, რათა მევალე ქვეყნები აიძულონ გაზარდონ შემოსავლები და საბოლოოდ შექმნან პირობა ვალის დასაბრუნებლად, თორემ საქართველოს «ბანკროტად» გამოცხადებით ისინი ვერაფერს მოიგებენ.
        მაგრამ ედუარდ შევარდნაძეს, როგორც ჩანს, ესმის, რომ მინისტრთა შეცვლა-გადანაცვლებით შედეგი არ დადგება. გარდა ამისა, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, მინისტრის პოლიტიკურ ფაქტურას, რასაც მომავალ პოლიტიკურ ხუთწლედში დიდი დატვირთვა ექნება. ამიტომ მინისტრების უმრავლესობა თანამდებობას შეინარჩუნებს. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი დეპარტამენტის ხელმძღვანელად «ჩამოალაბორანტონ», რადგან სამინისტროების გაერთიანება გარდაუვალია.
        ძალოვნებზე, საერთოდ, საუბარი არ არის, შექმნილი მდგომარეობისათვის (რისი უმთავრესი მიზეზიც განუკითხაობაა) პრეზიდენტმა ისინიც მწვავედ დატუქსა, მაგრამ მათ კანდიდატურას, როგორც ჩანს, მაინც წარუდგენს პარლამენტს. მხოლოდ რამდენიმე მინისტრი ვერ შეინარჩუნებს თანამდებობას, ოღონდ მათი «წასვლაც» პარლამენტში კანდიდატურის «ჩაგდებით» მოხდება, თუ თვითონ ვერ მიხვდებიან და არ მოხსნიან კანდიდატურებს. კვლავინდებურად გაურკვეველია სახელმწიფო მინისტრის წასვლა-არწასვლის საკითხი. სხვადასხვა წყაროები ამის თაობაზე განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ. ასე რომ, სიტუაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც 50/50-ზე.
        ყველა გამომსვლელი გუშინდელ სხდომაზე ერთხმად აცხადებდა, რომ კრიზისის მიზეზია გადასახადების აკრეფის დაბალი დონე და არა საკუთრივ ეკონომიკური კრიზისი. ზოგადეკონომიკური კრიზისი და საბიუჯეტო კრიზისი ერთი და იგივე არ არის. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოეჩვენოს მკითხველს, ბიუჯეტის «დამბლის» მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მთლიანობაში, ჯერჯერობით საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება – მთლიანი შიდა პროდუქტი იანვრიდან - მარტამდე 4 პროცენტით გაიზარდა, მრეწველობა- 24 პროცენტით! თანაც, ეს მხოლოდ აღრიცხული ოდენობაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მთელი ეკონომიკის 40 პროცენტს შეადგენს (უკეთეს შემთხვევაში), შეიძლება თამამად ვივარაუდოთ: ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია. რაც მთავარია, საბიუჯეტო კრიზისმა ვერაფერი დააკლო ეროვნული ვალუტის სტაბილურობას – იგი კვლავინდებურად რჩება საქართველოს მაკროეკონომიკური სიჯანსაღის საფუძვლად. ვერ დააკლო, ვინაიდან ხელისუფლებამ საარჩევნო ციკლის პერიოდში (მადლობა ღმერთს) ემისიის განხორციელება ვერ გაბედა. თუმცა ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაც იყო: ლარის გაუფასურების ხარჯზე პენსიების დარიგებით ხელისუფლება პენსიონერების გულს მაინც ვერ მოიგებდა (ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციას მისცემდნენ ხმას), სამაგიეროდ, დაკარგავდა საქართველოში უკვე თითქმის ჩამოყალიბებული «საშუალო ფენის» ხმებს რომელმაც გასული 5 წლის განმავლობაში, ასე თუ ისე, მიაგნო თავის სოციალურ «ნიშას» და სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ვალუტის სტაბილურობით.
        მაგრამ თუ საბიუჯეტო კრიზისი გაგრძელდა, ეკონომიკური ბაზისი დაინგრევა და ქვეყანა სრულ განუკითხაობაში ჩაიძირება. საბიუჯეტო კრიზისი მალე (უკვე 2000 წლის ივლის-აგვისტოსათვის) გადაიზრდება ზოგადეკონომიკურ და ღრმა სოციალურ კრიზისში, რასაც განუსაზღვრელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის, სოციალური აფეთქება და ახალი სამოქალაქო ომი.
        მიუხედავად ამისა, შევარდნაძე აპირებს აქცენტის გაკეთებას არა პერსონალიებზე, არამედ სისტემურ ცვლილებებზე: იგი თანამდებობიდან არ მოხსნის დავით ონოფრიშვილს, ისევე, როგორც არ გაათავისუფლებს თანამდებობიდან მიხეილ მაჭავარიანს, ორივეს ექნება საშუალება განაგრძოს საქმიანობა ახალი სისტემის ფარგლებში, რომლის საფუძველი კანონმდებლობის გამკაცრება გახდება.
        პრეზიდენტმა თავის დასკვნით სიტყვაში ჩვეულად «შეფუთა» ეს გარემოება ფრაზეოლოგიით, მაგრამ დაკვირვებული თვალი (და ყური), უეჭველად შეამჩნევდა მთავარს: საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ ედუარდ შევარდნაძე მზად არის მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში ახალი «1972 წლის» მოწყობის შესახებ – მან შესანიშნავად უწყის, რომ ერთადერთი სისტემური ცვლილება, რომელიც შედეგს რეალურად გამოიღებს, იქნება «დრაკონული» ღონისძიებების განხორციელება კონტრაბანდისა და კორუფციის წინააღმდეგ. თანაც, არა მხოლოდ «მაკრო», არამედ «მიკრო» დონეზე – კორუფციას საქართველოში პირამიდის ფორმა აქვს და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ დემაგოგებმა, «რომ თევზი თავიდან ყარს» - სინამდვილეში, კორუფცია იწყება ქვემოდან: მაგალითად, ერგნეთის ბაზრობიდან შემოტანილი ორიოდე ტონა ბენზინიდან ან ხუთიოდე დოლარის შემოსავლის დამალვიდან და ა.შ. მთლიანობაში ეს თანხები იკრიბება ათეულობით მილიონად, რომელიც ასაზრდოებს კორუფციის მწვერვალებსა და ა.შ. ამ საქმეს არაფერი ეშველება, ვიდრე სახელმწიფო არ დაიწყებს წვრილი კონტრაბანდის და წვრილი ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

მერიდიანი, 26 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე