1999 წლის მიმოხილვა

1999 წლის მიმოხილვა

აი, რა უნდა გითხრათ!
 აი, რით უნდა გაგახაროთ!

       

        გასული, 1999 წელი საქართველოსათვის, მიუხედავად უმძიმესი საბიუჯეტო და ენერგეტიკული კრიზისისა, მართლაც, ყოველგვარი გადაჭარბებისა და «საახალწლო პომპეზურობის» გარეშე, რამდენიმე თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
        სამი დიდი მოვლენიდან როგორც სიმბოლურად, ასევე თვისებრივად (შინაარსობრივად) უპირველესად უნდა აღინიშნოს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება. თვით ამ ისტორიულ მოვლენას პრაქტიკულზე უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვა აქვს თითქოს, ვინაიდან ევროპის საბჭო სინამდვილეში, საქართველოს ვერც ერთ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
        მართლაც, ევროპის საბჭო ვერ გადაწყვეტს აფხაზეთის პრობლემას, ვერ დააბრუნებს მშობლიურ სახლებში ათეულობით ათას ლტოლვილს, ვერც «სამაჩაბლოში» აღადგენს საქართველოს იურისდიქციას, ვერც რუსის ჯარს გაიყვანს და ა.შ.
        მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოში ქვეყნის გაწევრიანება არის ყველაზე ღირსშესანიშნავი და მნიშვნელოვანი მოვლენა არათუ მხოლოდ გასული წლის, არამედ ათწლეულის განმავლობაში (9 აპრილის შემდეგ ათწლეულს ვგულისხმობ), ვინაიდან მასობრივი აღქმისთვის (ისევ და ისევ მასობრივი აღქმისათვის, რაც პოლიტიკაშიც გადამწყვეტია და თითქმის უცდომელი). ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებით «აღსრულდა» საუკუნოვანი ოცნება და ეროვნული სწრაფვა.
        ამით სიმბოლურად დაგვირგვინდა აგრეთვე ეროვნულ -განმათავისუფლებელი ბრძოლის 10-წლიანი პერიოდიც.
        რასაკვირველია, შესანიშნავად ვიცით, რომ ევროპის საბჭო მხოლოდ «ადამიანის უფლებათა დაცვის» ორგანოა.
        მისი თვისებაა, მაგალითად ის, რომ ყურადღებას არ მიაქცევს 300 ათას დევნილს და ხმაურს ატეხს თბილისში თუნდაც 1 ადამიანის უფლებების შებღალვის გამო;
        ასეც უნდა იყოს: «ევროსაბჭოში» გაწევრიანებას, ამ თვალსაზრისით, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ ახლავს თან - ეკონომიკურზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
        მიუხედავად ამისა, კვლავ მთავარია «მასობრივი აღქმა» - ევროსაბჭოში გაწევრიანება ქართველი ერის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღიქვა, როგორც დიდი ეროვნული გამარჯვება.
        თუმცა, მეორე მხრივ (ანუ თვისებრივი თვალსაზრისით), ევროპის საბჭოში საქართველოს მიღება უეჭველად იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყანა თანდათან დაუახლოვდა იმ სტანდარტებს, ავითარებს იმ ინსტიტუციებს, იძენს იმ თვისებებს, რაც აუცილებელია ევროპასთან, დასავლეთთან, დასავლურ სამყაროსთან იდენტიფიკაციისთვის.
        ამ თვალსაზრისით უზარმაზარი გზა განვვლეთ 1991 წლის 17 სექტემბრიდან, როდესაც რესპუბლიკის მოედანზე შემდგარ ე.წ. «დემოკრატიულ ძალთა» მიტინგზე «ორივე დაპირისპირებულ მხარეს» (ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც) ეუთოს ფინელმა წარმომადგენელმა (ქალმა) ზიზღნარევი ტონით, რუსულად წაგვიკითხა «მინილექცია» დემოკრატიასა და ცივილიზებულობაზე - სტრასბურის «ევროპის სასახლესთან» საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვამდე.
        ოღონდ ამ დროშის ჰერალდიკური და მხატვრული ღირებულება (იგი 0-ის ტოლია) იმთავითვე ამჟღავნებდა საქართველოს სახელმწიფოებრივი არსის პარადოქსულობას, რომელიც აგრეთვე მჟღავნდება კორუფციის უმაღლეს დონესა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სისუსტეში.
        და მაინც, ევროსაბჭოში გაწევრიანებით გაძლიერდა საქართველოს «იდენტიფიკაცია» დასავლეთთან.
        აქედან გამომდინარე, იმავე რიგის მოვლენად უნდა ჩაითვალოს ნატოს სამიტში მონაწილეობაც და, განსაკუთრებით, სტამბულის სამიტი, რომელიც ამ პოლიტიკის ტრიუმფად იქცა - არა იმდენად, «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» პროექტზე ხელმოწერით, რამდენადაც საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების იურიდიული ლიკვიდაციით.
        ამიერიდან რუსის ჯარი საქართველოში პოლიტიკურად და იურიდიულად «დროებითია» - ანუ «დროებით იმყოფება» - მათი სტატუსი პირველად შეიცვალა - საერთაშორისო გარანტიის მქონე ხელშეკრულებით უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში.
        მთავარი სწორედ ეს საერთაშორისო გარანტიაა, თორემ საქართველოს უმაღლეს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას ასჯერაც რომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, მას (რეალურად) ნაკლები «ფასი» ექნებოდა.
       

* * *

        განვლილი წლის მეორე უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები. უფრო ზუსტად, ამ არჩევნების ერთი შეხედვით უცნაური და პარადოქსული შედეგი.
        ახლა, რამდენიც არ უნდა იყვიროს «ოპოზიციამ», რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო სინამდვილეში მან (ოპოზიციამ) დაამარცხა «მოქალაქეთა კავშირი» - ეს იქნება ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა!
        გაყალბება ოპოზიციის სასარგებლოდაც არანაკლები იყო (აჭარაში) და საერთოდ, მოქალაქეთა კავშირის წარმატება მხოლოდ გაყალბებით ვერ აიხსნება. ისევე, როგორც მხოლოდ ამით ვერ აიხსნება «აღორძინების ბლოკის» დამარცხება.
        ჩემი აზრით «ბათუმური ბლოკის» კრახი ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა: ჯერ ერთი, ვერ გაამართლა ისტერიულმა განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ «მოსახლეობის 90 პროცენტი შიმშილით კვდება, სიღატაკეში ცხოვრობს» და ა.შ. «აღორძინება» ამ შემთხვევაში დაღუპა საბჭოურ-კომუნისტურმა მენტალობამ და შესაბამისმა მიდგომამ.
        «ბათუმური კოალიციის» იდეოლოგებს ეგონათ, რომ ყველა, ვინც «ვერ იღებს 12-ლარიან პენსიას» - მათ მისცემდა ხმას და არა «მოქალაქეთა კავშირს».
        არადა, უმრავლეს შემთხვევაში, იმას, ვინც მართლაც ვერ იღებს 12-ლარიან პენსიას - ნამცხვრების გამოცხობით, წვრილი ვაჭრობით, მრავალწლიანი დანაზოგის «საქმეში ჩადებით» და სხვა ათასგვარი საქმიანობით, რის საშუალებასაც იძლევა «საბაზრო ეკონომიკა», განსხვავებით რუსულ-ყაზარმული «სოციალიზმისაგან» - თვეში 100 ლარიდან - 200 ლარამდე შემოსავალი აქვს. იგი ყოველთვის სტაბილურობას (ანუ ხელისუფლებას), მისცემს ხმას.
        სწორედ ამიტომ, პროტესტული ელექტორატი გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა (სინამდვილეში), ვიდრე არაპროტესტული.
        «აღორძინების» დამარცხების მეორე უმთავრესი მიზეზია თვით ამ გაერთიანების აბსურდულობა, ეკლექტიზმი, იდეოლოგიური შეუთავსებლობა, და ის ფაქტორი, რომ ქართველი ამომრჩეველი არ აღმოჩნდა იმდენად გამოთაყვანებული, როგორც ზოგიერთს ეგონა - მას ჯერ ერთი, შესანიშნავად ახსოვს ვინ რას აკეთებდა და ამბობდა 1988-1993 წლების დაუვიწყარი მოვლენების დროს და იმასაც თვალნათლივ ხედავს, რომ «კოალიციის» ლიდერებს არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური პროგრამა, რისთვისაც ღირს ხელისუფლების შეცვლის მეტად სარისკო ექსპერიმენტის განხორციელება.
        მოსახლეობა კი, იმავე 1988 წლიდან, ექსპერიმენტებით დაიღალა.

მერიდიანი, 31 დეკემბერი, 1999 წელი