თემურ ბასილია საარჩევნო მარათონში ჩაება
       

        უკანასკნელ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ «არაჩვეულებრივს» არაფერს ხედავს მისი თანაშემწის, თემურ ბასილიას სურვილში, ხელი მიჰყოს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.
        «ამის უფლება ყველას აქვს, თუმცა არსებობს კონსტიტუცია, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს, როდის უნდა გადადგეს ესა თუ ის თანამდებობის პირი, თუ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს».
        მართლაც, კანონის შესაბამისად, თუ თანამდებობის პირი მონაწილეობს არჩევნებში, იმ დღიდან, როდესაც იგი რეგისტრირებულია, როგორც კანდიდატი, - ვალდებულია თანამდებობა დატოვოს; ამჟამად თემურ ბასილიას საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია სახელმწიფო კანცელარიის სისტემაში - იგი პრეზიდენტის თანაშემწეა ეკონომიკურ საკითხებში.
        წარმოუდგენელია, მან არ იცოდეს, რას მოითხოვს კონსტიტუცია. მაშასადამე, თანამდებობიდან წასვლა იმთავითვე გადაწყვეტილი აქვს. ედუარდ შევარდნაძემ, შესაბამისი «ტექნოლოგიის» სრული დაცვით, ეს მომენტი მკაფიოდ დააფიქსირა.
        ამ მხრივ ყველაფერი ნათელია. თემურ ბასილიას წასვლის შემდეგ მმართველი პარტია ვალდებული იქნება მოძებნოს ფიგურა, რომელიც მოახდენს შესაბამისი პოლიტიკური დანაკარგის კომპენსირებას.
        სამაგიეროდ, ხელისუფლებაში აღარ იარსებებს ის პარადოქსული ვითარება, როდესაც მმართველი პარტია და პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში (მაშინ როდესაც პრეზიდენტი ამ პარტიის თავმჯდომარეა) ერთმანეთს არ ეთანხმებიან და ვერ თანხმდებიან საკვანძო საკითხებში.
        რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის «მთავარი რეფორმატორის» ფიგურას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
        ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თემურ ბასილია (ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე) თანამდებობიდან არ გადადგება ივნისამდე, ესე იგი, ვიდრე არ გადაწყდება საქართველოსათვის ახალი კრედიტების გამოყოფის პრობლემა.
        მით უმეტეს, რომ საამისოდ ნამდვილად ხელსაყრელი პირობა არსებობს: პირველად, 1997 (!) წლის აპრილიდან შესრულდა საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა; 1999 წლის საბიუჯეტო გეგმა, იანვარ-მარტისათვის გადაჭარბებითაც კი არის შესრულებული (3 მილიონი ლარი საქართველოსათვის ნამდვილად არაა «სახუმარო საქმე»); სავალუტო ფონდს თუ ელემენტარული სინდისი მაინც აქვს, დაპირებული კრედიტები უნდა მოგვცეს.
        გარდა ამისა, ნება უნდა დართოს ყველა სხვა საფინანსო ცენტრს (მსოფლიო ბანკიდან - ევროკავშირამდე) დახმარება გაუწიონ საქართველოს არა მხოლოდ სავალუტო რეზერვის ზრდის თვალსაზრისით, არამედ ბიუჯეტის შესავსებადაც.
        ჯერჯერობით ამ მხრივ, ვითარება კვლავინდებურად მძიმეა. საგარეო დაფინანსების წყაროები დამშრალია, ამიტომ მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავალთა გეგმის შესრულებისა, ხელფასებისა და პენსიების სფეროში მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ კიდევ უფრო დაიძაბა.
        შექმნილ ვითარებაში, თემურ ბასილია, რომელსაც წასვლა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, ალბათ, ამჯობინებს არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც ხელს შეუწყობს საერთო ვითარების დესტაბილიზაციას ქვეყანაში.
        აქ, რასაკვირველია, წმინდა პრაგმატული მომენტიც ასრულებს თავის როლს. სოციალური ვითარების მეტისმეტი გამწვავება წყალს დაასხამს «მემარცხენეთა» წისქვილზე, რომლებიც აშკარად ეშმაკობენ - ბასილიას არ უპირისპირდებიან, რაკი არცთუ ისე კარგი ურთიერთობაა პრეზიდენტის თანაშემწესა და მმართველ პარტიას შორის, მაგრამ თუ ბასილია «მემარჯვენე პარტიის» ლიდერი გახდა, შემდგომ უეჭველად გამოიყენებენ შექმნილ ვითარებას თავისი პროპაგანდისათვის.
        ჯერჯერობით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებითაა დაკავებული. პარტიის მმართველ ელიტაში გამოჩნდა კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა, - ყარყარაშვილი, რაც უეჭველად იმის მანიშნებელია, რომ ახალი მოძრაობა არ წყვეტს კავშირს საქართველოს უახლეს ისტორიასთან და სრულებითაც არა აქვს განსაკუთრებულობის პრეტენზია.
        იმავდროულად, აშკარა ზღაპარია მოსაზრება, თითქოს ახალი პარტია «მოქალაქეთა კავშირს» ჩაენაცვლება და ედუარდ შევარდნაძის დასაყრდენი გახდება - საამისოდ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგი სოციალურად ძალზე სუსტია.
        სხვა საკითხია (ვიმეორებ არაერთგზის ნათქვამს) ამ პარტიის საარჩევნო შანსები. სრულიად უსაფუძვლოდ მეჩვენება მტკიცება, თითქოს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი «მოქალაქეთა კავშირს» წაართმევს ხმებს. მმართველ პარტიას (როგორც სახელისუფლო პარტიას) თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ზოგიერთი სიმპტომის გათვალისწინებით, ალბათ, ძნელად თუ შეიძლება ალიანსი მოქკავშირსა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შორის, ვინაიდან ლიდერები ერთმანეთისათვის არცთუ სასიამოვნო განცხადებებს აკეთებენ. უფრო მეტიც, სავარაუდოა, საარჩევნო ბლოკი შექმნან ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და რესპუბლიკელებმა. ასეთ შემთხვევაში, ვახტანგ ხმალაძისა და რეზო შავიშვილის «დასი» შესაძლოა, «ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან» გაერთიანდეს; შედეგად, პოლიტიკური სპექტრის მარჯვენა ფლანგზე მივიღებთ სამ დაჯგუფებას (მესამე იქნება «სახალხო-ტრადიციონალისტთა» ალიანსი, ხოლო ვაჟა ადამია-თამარ ჩხეიძე-ირაკლი წერეთელის ბლოკი ამთავითვე მეტისმეტად სუსტია.)
        ამრიგად, «მემარჯვენეები» მზად არიან საარჩევნო მარათონისათვის და არაფრის დიდებით არ სურთ იმის გაგება, რომ ამგვარი დაქუცმაცება მათ სრულ კრახს უქადის. მათგან მხოლოდ «ედპ-რესპუბლიკელთა» ბლოკს აქვს მიზერული შანსი, გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი; დანარჩენები სულ ტყუილად გაირჯებიან, მაგრამ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება კვლავინდებურად ჯიუტად არ სურთ შეიგნონ.
        ისევ და ისევ (როგორც ყოველი არჩევნების წინ) მეორდება ვითარება, როდესაც საარჩევნო პროცესს (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს), მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე საკუთრივ შედეგს; ქართული პოლიტოკრატია კვლავ მოქმედებს ოლიმპიური დევიზით: «მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება».

მერიდიანი, 7 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე