საქართველო-ამერიკის სტრატეგიული დაახლოებისათვის ხელსაყრელი ვითარება მწიფდება

            ბალკანეთზე ნატოს სამხედრო აქციამ  ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ პოლიტიკურ სიტუაციაზე. წარმოიშვა სრულიად ახალი მიმართებები, რომლებიც არ იყო დამახასიათებელი «ცივი ომის» შემდგომი პერიოდისათვის, როდესაც ბორის ელცინი და ბილ კლინტონი შეხმატკბილებულად «მუშაობდნენ» მსოფლიოს გადასანაწილებლად.
            როგორც ჩანს, ელცინს ეგონა, რომ ბალკანეთი დასავლეთმა რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროს მიაკუთვნა, მაგრამ აშკარად შეცდა, - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკვე რამდენიმე დღეა ბომბავს სერბთა პოზიციებს, ხოლო რუსეთის პროტესტს ყურადღებას არ აქცევს. მიუხედავად ამისა, რუსეთის «გაჯიუტებამ» და მკვეთრმა განცხადებებმა არ შეიძლება ნეგატიურად არ იმოქმედოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, რაც უეჭველად ხელსაყრელია პოსტსაბჭოური სივრცის სახელმწიფოებისათვის - მათ შორის საქართველოსათვის.
            1992 წლიდან, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ამერიკასთან, რაც აუცილებელი იყო, რათა მოეხდინა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკათა დეზორიენტაცია და გარკვეულწილად დაეშინებინა ისინი;
            აქტიურად (და წარმატებით) მუშაობდა სტერეოტიპი: რაკი რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკასთან, ჩვენც იძულებულნი და ვალდებულნი ვართ რუსეთთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, თორემ დაპირისპირების შემთხვევაში ამერიკა არ დაგვეხმარება, არ დაგვიცავს, გაგვწირავს და რუსეთთან პირისპირ დაგვტოვებს, რათა არ დაარღვიოს «ელცინის რუსეთთან» მიღწეული შეთანხმება, არსებული «ბალანსი».
            აქედან გამომდინარე, რაც უფრო თბილი ურთიერთობა ყალიბდებოდა რუსეთსა და ამერიკას შორის, მით უფრო ფრთხილად იქნებოდნენ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, - ისინი ცდილობდნენ, რუსეთი არ გაეღიზიანებინათ კრემლისაგან მეტისმეტი დისტანცირებით (რაკი ამერიკის მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდათ); თავის მხრივ, ვაშინგტონიც არ იკლავდა თავს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან აქტიური ურთიერთობით, რათა მართლაც არ გამოეწვია რუსეთის გამძვინვარება და რუსეთიც არ აქტიურობდა მეტისმეტად ამერიკის გეოპოლიტიკურ სივრცეში, ანუ მთელს მსოფლიოში - «თანამეგობრობის გარდა».
            მაგრამ ეს გეოპოლიტიკური კონფიგურაცია დაირღვა (ვიმეორებ) იუგოსლავიის მოვლენათა შედეგად, ვინაიდან რუსეთმა არ აღიარა ბალკანეთი ამერიკის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ და «კრინტის დაძვრა» გაბედა, როდესაც ვაშინგტონმა სერბი ფაშისტების დასჯა გადაწყვიტა.
            შედეგად, 1993 წლიდან ჩამოყალიბებული ბალანსი დაირღვა. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები თითქმის «ცივი ომის» დროინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ამერიკა უეჭველად გადაწყვეტს «დასაჯოს» რუსეთი თავხედობისათვის, ანუ ჩაერევა იმ გეოპოლიტიკური არეალის «შიდა საქმეებში», რომელიც ადრე რუსეთის კუთვნილებად იყო აღიარებული.
            საკმარისია ვაშინგტონმა ორი-სამი სერიოზული აქცია განახორციელოს ამ მიმართულებით და მოსკოვში სულ მალე მიხვდებიან, რა შეცდომა დაუშვეს. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ბალტიის სამ ქვეყანას, რომელთა ბედი უკვე კარგა ხანია გადაწყვეტილია და მათ მიღებას ნატოში წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ რუსეთს იმ ქვეყნების «შენარჩუნება» მაინც სურს, რომელნიც გაწევრიანებულნი არიან «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში».
            ჯერ-ჯერობით ეს განზრახვაც ჩაიშალა. რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების შედეგად, დსთ-ს ყველა ქვეყანა გათავისუფლდა «შიშის» კომპლექსისაგან. ისინი მიხვდნენ, რომ ამჯერად, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში, ამერიკა «განზე» აღარ დარჩება – იგი აუცილებლად შეეცდება სამაგიერო გადაუხადოს რუსეთს იუგოსლავიის ომის დროს მუქარისა და წინააღმდეგობისათვის.
            ყველაზე მეტად ვითარებით ისარგებლებენ «სუამის» წევრი ქვეყნები ანუ საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა.
            საქართველოს ტაქტიკა ამ შემთხვევაში, ალბათ, სწორი მიმართულებით მცირე ნაბიჯთა გადადგმაში უნდა მდგომარეობდეს. საქართველოს დელეგაციამ (პრეზიდენტის ხელმძღვანელობით) აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ნატოს სამიტში უმაღლეს დონეზე, რომელიც აპრილის ბოლოს ვაშინგტონში გაიმართება. რუსეთი აღნიშნულ სამიტს, რა თქმა უნდა, არ დაესწრება, ვინაიდან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა ნატოსთან, რის გამოც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ჩვენთვის სასურველი რეალობა.
            თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები გადმოდგამს რამდენიმე ნაბიჯს საქართველოსაკენ - ოღონდ შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით. მაგალითად, უახლოეს მომავალში საქართველოს პორტებში შეიძლება გახშირდეს ნატოს სამხედრო გემების შემოსვლა «მეგობრული ვიზიტით», როგორც ეს დიპლომატიური პრაქტიკითაა მიღებული.
            უეჭველია, რომ ამერიკის მითითებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო ლმობიერი გახდება საქართველოს მიმართ, ხოლო ქლინთონის ადმინისტრაციის ხაზით დახმარების ოდენობა გაიზრდება; საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ხშირად ჩატარდება ნატოს პროგრამის «პარტნიორობა მშვიდობისათვის» ეგიდით სხვადასხვა აქცია, მათ შორის სამხედრო სწავლებაც კი.
            მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის, ამერიკა-რუსეთს შორის ადრე არსებული, აწ უკვე სამუდამოდ დარღვეული ბალანსის გათვალისწინებით, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სცადონ კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებაში.
            ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, თითქოს ამერიკა ომს დაიწყებს «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის» აღსადგენად, მაგრამ ამერიკული დიპლომატიის არსენალში უამრავი საშუალებაა პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად.
            მათგან ყველაზე ქმედითი ეკონომიკური ბერკეტი შეიძლება აღმოჩნდეს.
            გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს გასაგები მიზეზების გამო აფხაზ სეპარატისტებთან გარდაუვალ კომპრომისზე წასვლა ამერიკის შუამავლობით უფრო გაუადვილდება, ვიდრე რუსეთისა.
            თუ ეს სქემა უახლოეს მომავალში ამოქმედდა, მაშინ შავ ზღვაში აუცილებლად შემოვა ამერიკის ავიამზიდი «ინდეფენდენსი» (დამოუკიდებლობა), რომელიც საქართველოს ნაპირებთან დაიკავებს პოზიციას.
            არძინბასთან შეხვედრა თუ აუცილებელია, სოხუმსა და მოსკოვში შეხვედრებს სჯობს ამერიკულ ავიამზიდზე შევხვდეთ.
            იქ ყველა პირობაა «ნაყოფიერი მოლაპარაკებისათვის».

მერიდიანი, 29 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე