ზვიადისტები კომუნისტებს ეკვრებიან

ზვიადისტები კომუნისტებს ეკვრებიან

  

    ოთხშაბათს ციხიდან გამოუშვეს ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი «ზვიადისტი» ვიქტორ დომუხოვსკი; იგი პრეზიდენტმა შეიწყალა და თითქოს ეს აქტი სავსებით თავსდება «საყოველთაო შერიგების» პროცესში, მაგრამ სარწმუნო წყაროს ცნობით, დომუხოვსკის შეწყალება უშუალოდ უკავშირდება საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ბრონისლავ გერემეკის ვიზიტს.
    გერემეკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ბუნებრივია, ვიქტორ დომუხოვსკის ახლობლები (იგი ეთნიკური წარმომავლობით პოლონელია) უეჭველად შეეცდებოდნენ ამ ფაქტორის გამოყენებას საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრის გასათავისუფლებლად.
    მხოლოდ ახლა ხდება თვალსაჩინო და საცნაური, როგორ და რატომ აღმოჩნდა ვიქტორ დომუხოვსკი ზვიად გამსახურდიას გვერდით. პოლონელებს (როგორც არც ერთ სხვა ერს ევროპაში) ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი სიძულვილი რუსეთის მიმართ. ვიქტორ დომუხოვსკი ალბათ იმ პოლონელების შთამომავალია (ისევე, როგორც, მაგალითად, მსახიობი ტრიპოლსკი), რომლებიც რუსეთის ცარისტულმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, პოლონეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყებების შემდეგ გადმოასახლა კავკასიაში.
    ვიქტორ დომუხოვსკი, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, ნამდვილად «კაცურად იჯდა» ანუ თავის შეხედულებებსა თუ რწმენაზე (რომელიც მას ოჯახიდან გენეტიკურად გამოჰყვა) უარი არასდროს უთქვამს. ციხიდან გამოსვლისთანავე გაიხსენა მაჰათმა განდის სიტყვები: «ის, ვინც ციხეში არ მჯდარა, მე სრულფასოვან მამაკაცად არ მიმაჩნიაო».
    იმავე დღეს, ოთხშაბათს, თბილისში გაიმართა რამდენიმე «სოციალური აქცია». პროფკავშირებმა თბილისში «გამაფრთხილებელი მანიფესტაცია» მოაწყვეს, რათა ხელისუფლება გაეფრთხილებინათ, დროულად დააკმაყოფილოს «მშრომელთა» მოთხოვნები.
    იმავდროულად, ანალოგიური აქციები გაიმართა რუსეთსა და სხვა ქალაქებში. მოქმედების კოორდინაცია ეჭვს არ იწვევს. ეს ყოველივე ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა დღეშია ამჟამად ის «მოძრაობა», რომელიც 1987-88 წლიდან დაიწყო საქართველოში და რომელსაც ვიქტორ დომუხოვსკიმ ლამის თავი შესწირა.
    ფაქტობრივად, იგი ციხიდან სხვა ეპოქაში შემოვიდა. უმალვე გვახსენდება აგრეთვე არძინბას დამცინავი ღიმილი და მისი სიტყვები ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას: «Как известно, за последние годы, общественное мнение Грузии очень сильно менялось».
    იგი, რასაკვირველია გულისხმობდა, რომ აფსუებს (რომელთაც, ჩვენგან განსხვავებით, ყოველთვის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ ფუნდამენტური ფასეულობებისადმი) იმთავითვე სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ საქართველოში გაშლილი «მოძრაობა», რაკი გრძნობდნენ, რომ ეს მოძრაობა ერის (ქართველი ერის) სიღრმისეულ მისწრაფებებს არ გამოხატავდა და ადრე თუ გვიან უეჭველად დაკნინდებოდა სწორედ ამიტომ.
    ამაში არც შემცდარან: 9 აპრილის მეშვეობით ერთეულებმა შეძლეს თავს მოეხვიათ საზოგადოებისათვის საკუთარი განწყობა, შესაბამისი ფსიქოლოგიური დომინანტები, მაგრამ სულ რამდენიმე წელი აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რათა ერს, საზოგადოებას, მათგან თავი გაეთავისუფლებინა. ამ თვალსაზრისით, სწორედ დღევანდელი განწყობაა უფრო რეალური და შინაარსის გამომხატველი.
    გავიხსენოთ სულისკვეთება, რომელიც 1988 წლის მიტინგებზე სუფევდა. თუ იგი ნამდვილად ერის განწყობას გამოხატავდა, შეუძლებელია ასე ადვილად გამქრალიყო. ანტირუსული მოძრაობა (საქართველოში ეთნონაციონალისტური მოძრაობა არ შეიძლებოდა ანტირუსული არ ყოფილიყო) გარკვეულ ცნობიერ განწყობასა და სტერეოტიპებს ეფუძნებოდა.
    თუ ის საკმარისად მყარად «იჯდა» ერის ცნობიერებაში, მაშინ შემდგომდროინდელ (1988-93 წლების) «კატაკლიზმებს კი არ უნდა შეესუსტებინა, არამედ პირიქით, უნდა გაეძლიერებინა. ამჟამად მოქმედი სტერეოტიპი: «რომ არა ეროვნული მოძრაობა, რომ არა რუსების გაღიზიანება . . . . . . « - მონური ფსიქოლოგიის გამოხატულებაა და ამ ფსიქოლოგიის მატარებელი საზოგადოება ბუნებრივია, ადრე თუ გვიან, ისევ სოციალურ ლოზუნგებს უნდა დაბრუნებოდა, სოციალური მოთხოვნები წამოეყენებინა.
    არ არის შემთხვევითი, რომ რუსული «დერჟავნიკული» მოძრაობა ამჟამად «წითელი ფერისაა» და სოციალურ მოთხოვნებთან შენივთდა, - ზიუგანოვებმა და სელეზნიოვებმა შესანიშნავად უწყიან: სოციალური მოძრაობები ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებში», ან უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, უეჭველად «პრომოსკოვური, პრორუსული» შინაარსისაა. რამდენიც უნდა ილაპარაკოს ვახტანგ რჩეულიშვილმა «ევროსოციალიზმზე», გასულ არჩევნებში მან ლეიბორისტებზე ნაკლები ხმა სწორედ იმიტომ დააგროვა, რომ ეს უკანასკნელნი უფრო ასოცირდებოდნენ «ჩრდილოურ ორიენტაციასთან».
    არადა, გავიხსენოთ რა ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ: ვინ გაბედავდა საქართველოში სოციალური მოთხოვნების წამოყენებას? გია ჭანტურიას ცნობილი თეზისის შესაბამისად, «სოციალური მოთხოვნები უზნეობაა, ვინაიდან სოციალური სტიქიის მართვა, თუ იგი გაიშალა, შეუძლებელი იქნება».
    რასაკვირველია, გია ჭანტურიასაც შესანიშნავად ესმოდა, რომ «სოციალური იდეა» საქართველოში კარდინალურად, კატეგორიულად, თავისებურად ეწინააღმდეგებოდა იმავე ეროვნულ-დემოკრატიულ იდეას.
    განსხვავებით თუნდაც იმავე პოლონეთისაგან - «სოლიდარობა» პოლონეთში (80-იანი წლების დამდეგს) სწორედ სოციალურ მოთხოვნებს აყენებდა, მაგრამ შინაარსობლივად ეს მაინც ეროვნული მოძრაობა იყო.

    და მაინც, საქართველოს ეროვნული მოძრაობის დეგრადაციის მანიშნებელია არა ოთხშაბათს გამართული «სოციალური მიტინგები» თავისთავად, ან პროფკავშირების გააქტიურება, არამედ ე.წ. «ზვიადისტების» მონაწილეობა ამ აქციებსა და მთლიანად, «სოციალურ მოძრაობაში».
    შალვა ნათელაშვილს არც დაუმალავს, რომ მის მხარდამჭერთა შორის ბევრი «ზვიადისტია». კი მაგრამ, ამათი გულისთვის გაატარა ვიქტორ დომუხოვსკიმ ციხეში ხუთნახევარი წელი? თქვე ოჯახაშენებულებო, სად «დიდოსტატის მარჯვენას» რომანტიკა, სად გამსახურდია-უმცროსისეული «საქართველოს სულიერი მისია» და სად «სოციალური სამართლიანობის იდეა»? (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში არ აგერიოთ, ეს თვისებრივად მაინც სხვა მოვლენაა).
    «ზვიადისტთა» დიდი ნაწილი მოსკოვში ცხოვრობს ან ძალიან ხშირად (მეტისმეტად ხშირად) დაძვრება რუსეთის დედაქალაქში; საეჭვოდ გადაესკვნა აგრეთვე მათი გზები რუსული ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს.
    «ზვიადისტების» მნიშვნელოვანი «კოჰორტა» აშკარა პრორუსულ ძალებთან შედის ალიანსში. გამოდის, მართალი ყოფილა ის ხალხი, ვინც იმთავითვე ამტკიცებდა, რომ «ზვიადისტთა» დიდ ნაწილს კონკრეტული პიროვნების (ზვიად გამსახურდიას) პათოლოგიური თაყვანისცემა ამოძრავებდა და არა რაიმე იდეა.
    რაოდენ მნიშვნელოვანი და მცირერიცხოვანნიც უნდა იყვნენ (ერთი შეხედვით) დღევანდელი «ზვიადისტები», მათ მომავალ არჩევნებში ძალზე სერიოზული ფუნქციის შესრულება შეუძლიათ.
    უპირველეს ყოვლისა, იმ თვალსაზრისით, რომ იქცევიან ამა თუ იმ პარტიის ჭეშმარიტი მიმართებულობის კატალიზატორად, - დაშლიან ან პირიქით, შეკრავენ ნებისმიერ ალიანსს. ამრიგად, «ზვიადიზმი» კვლავ რჩება პოლიტიკურ ფაქტორად, ოღონდ გააჩნია, მისი რომელი ფრთა გამოვა აქტიურად პოლიტიკურ ასპარეზზე 1999 წლის ზაფხულისთვის.
    გასარკვევია აგრეთვე თვით ამ პოლიტიკური კლანის ადგილი საქართველოს ლანდშაფტზე. ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობასთან ერთად, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც «ზვიადისტები» არსებული პოლიტიკური სპექტრის გარეთ იდგნენ. ამჟამინდელი ძალთა განლაგების შესაბამისად, ისინი თითქოს უფრო «მარჯვნივ» უნდა გადაიხარონ (ზემოთქმულის გათვალისწინებით) ვიდრე მარცხნივ, მაგრამ «ზვიადისტთა» დიდ ნაწილს ასეთი სურვილი და მისწრაფება არ ეტყობა.
    შეიძლება ერთადერთი გამონაკლისი კიკაჩეიშვილი-ცაგარეიშვილის ფრთა აღმოჩნდეს. სხვებზე ლაპარაკი არც ღირს.
    «ზვიადისტებთან» ალიანსს ბევრი შეეცდება, ვინაიდან, მიუხედავად ყველაფრისა, მათ მაინც ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი - განსაკუთრებით სამეგრელოში.
    თუ «ზვიადისტები» იმ იდეის ერთგულნი დარჩებიან, რომლისთვისაც ვითომდაც თავი დადეს, მათ უეჭველად «მემარჯვენე» (ანტირუსული) ფლანგი უნდა გააძლიერონ.

7 დღე, 27 ნოემბერი, 1998 წელი