ნავთობსადენის გამო სომხეთთან დაპირისპირება გარდაუვალი იქნება

ნავთობსადენის გამო სომხეთთან დაპირისპირება გარდაუვალი იქნება

   

    ქართულ მასმედიაში სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია «დიდი ნავთობის» თაობაზე საბოლოო ხელშეკრულების პარაფირების გადატანამ 9 ოქტომბრიდან - თვის ბოლომდე. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. გადატანა დაკავშირებულია აზერბაიჯანში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან, თუმცა პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. «დიდი ნავთობი» უეჭველად საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.
    ეს დაადასტურა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალეხ ალესკეროვმა, რომელიც, იმავდროულად, ხელმძღვანელობს ძირითადი «საპროექტო ნავთობსადენის» საბოლოო მარშრუტის განმსაზღვრელ სამუშაო ჯგუფს.
    ბუნებრივია, ამ ჯგუფის მუშაობა წმინდა ფორმალობა იყო, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება ჰეიდარ ალიევის პრეროგატივაა. არჩევანის საფუძველი კი გეოპოლიტიკური მოსაზრება გახდებოდა და არა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
    ეს მოსაზრება მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს: აზერბაიჯანმა ვერ მოახერხა «დიდი ნავთობის» გაცვლა ყარაბაღზე ანუ რუსეთის თუნდაც ნაწილობრივი ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა სომხეთთან დაპირისპირებაში. პირიქით, მოსკოვმა სწორედ მას შემდეგ მიაწოდა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი (მძიმე ტექნიკა, საშუალო სიშორის რაკეტები) ერევანს, რაც დარწმუნდა, რომ «საუკუნის პროექტი» რეალობად იქცა, ანუ ბაქოს სტრატეგიამ უკუშედეგი გამოიღო; მაგრამ ეს «აუცილებელი» შეცდომა იყო, ვინაიდან პოლიტიკური (ჰიპოთეტური) შესაძლებლობის ამოწურვა ალტერნატიული კურსის უმთავრესი პირობაა.
    ჰეიდარ ალიევს, რა თქმა უნდა, თავიდანვე არ სჯეროდა, რომ ამ გზით ყარაბაღში თუნდაც მცირეოდენ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, ახალი სტრატეგია კიდევ უფრო ქმედითი გახდება, - აზერბაიჯანი საბოლოოდ შეტრიალდა თურქეთისაკენ. მისი სახით კი - ნატოსა და დასავლეთისკენ.
    სხვათა შორის, აზერბაიჯანში საქართველოზე გაცილებით უკეთ აცნობიერებენ, რომ ჩვენს რეგიონში დასავლეთისა და ნატოს უმთავრესი გეოპოლიტიკური საყრდენი სწორედ თურქეთია.
    ვალეხ ალესკეროვის თქმით, 11-12 ოქტომბერს (მიაქციეთ ყურადღება, - არჩევნების დროს) საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტს, გიორგი ჭანტურიას ოფიციალურად გადაეცემა დოკუმენტების პროექტი «დიდი ნავთობის», მარშრუტის და შესაბამისი პირობების თაობაზე.
    ქართული მხარე ვალდებულია 1 კვირის განმავლობაში გადასცეს აზერბაიჯანელ კოლეგებს წინადადებათა და შენიშვნათა ნუსხა, რომელიც განიხილება და შეჯერებულ დოკუმენტში დასამტკიცებლად წარედგინება აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
    მან უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ჰეიდარ ალიევი ოფიციალურად მიიწვევს საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს ბაქოში (სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს), სადაც ხელი მოეწერება «საუკუნის კონტრაქტს», რომლის შესაბამისად, 21-ე საუკუნეში ბაქოდან-ჯეიჰანამდე და შემდგომ, ტანკერებით ევროპაში უნდა გადაიტვირთოს 500 მილიონი ბარელი ნავთობი. აზერბაიჯანს ეს კონტრაქტი ათეულობით მილიარდ დოლარს მოუტანს, საქართველოს კი ასეულობით მილიონს და გეოპოლიტიკურ ფუნქციას.
    სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, 1999 წლის განმავლობაში, მომავალი «დიდი ნავთობსადენის» მთელ ტრასაზე ჩატარება სრული საინჟინრო-საექსპერტო გამოკვლევა, ხოლო 2000 წლის იანვარში, ერთდროულად სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყება თვით მილსადენის მშენებლობა.
    ჯერჯერობით კვლავინდებურად გადაუწყვეტელია დაფინანსების საკითხი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, პროექტი იმდენად მომგებიანია, სპონსორი უეჭველად გამოჩნდება.
    თურქეთმა რომც ვერ შეძლოს მშენებლობისთვის საჭირო 2 მილიარდი დოლარის მოძიება, ყველა ევროპული ქვეყანა და თვით საოპერაციო კონსორციუმიც რომ უარზე იყოს, აზერბაიჯანი მაინც იშოვის ამ თანხას. სულაც კერძო კრედიტს აიღებს შვეიცარიის ბანკში. 4-5 წლის ვადით, 20-30 პროცენტიანი განაკვეთით.
    2 მილიარდი დოლარი ამ მხრივ არც ისე დიდი თანხაა. მით უმეტეს, ვალის დაბრუნება ხომ გარანტირებულია. კაცობრიობას ნავთობის ალტერნატიული საწვავი ჯერ არ გამოუგონია, ამდენად «შავი ოქრო» კვლავინდებურად ფასობს, ხოლო 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის კიდევ უფრო დაფასდება.
    მაშასადამე, საქართველო ისე ახლოს არის მიზანთან, როგორც არასდროს; თითქოს ხელსაც ვერაფერი შეუშლის გადაწყვეტილების მიღებას, მით უმეტეს, მის განხორციელებას, მაგრამ ნუ ავჩქარდებით, - 2000 წლის იანვრამდე კიდევ დიდი დროა.
    უფრო დიდი დროა იმ მომენტამდე, როდესაც ბაქოში «დიდი ნავთობსადენის» საწვავით შევსება დაიწყება, რამდენიმე თვის შემდეგ ნავთობი ჯეიჰანს მიაღწევს, ტანკერებში ჩაიტვირთება და აზერბაიჯანში პირველი «ნავთობდოლარები» წამოვა.
    თუ კონტრაქტი განხორციელდა სრული შინაარსით ანუ ყველა განზრახულობით, აზერბაიჯანი 21-ე საუკუნის ათიანი წლებისთვის არა მარტო კავკასიის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმდიდრეს ქვეყნად იქცევა; ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ოდენობით ქუვეიტს გაუტოლდება.
    ბუნებრივია, ამ სიმდიდრეს აზერბაიჯანი, უპირველეს ყოვლისა, თავისი შეგინებული ღირსების აღსადგენად, ანუ ყარაბაღის დასაბრუნებლად გამოიყენებს.
    არანაკლებ ბუნებრივია ისიც, რომ სომხეთი ხელებდაკრეფილი არ დაელოდება საკუთარი ბედის ავად გადაწყვეტას და ყოველნაირად შეეცდება არ დაუშვას აზერბაიჯანის გაძლიერება.
    სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, უკვე დღეს აზერბაიჯანს სამჯერ უფრო მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, ვიდრე სომხეთს. თურქეთის სამხედრო ექსპერტები აზერბაიჯანულ არმიას აქტიურად ეხმარებიან სტრუქტურის დახვეწასა და საბრძოლო მომზადებაში, - ეს ქვეყანა არათუ 1 მილიარდ დოლარს, არამედ თუნდაც 10 მილიარდს დახარჯავს შეიარაღებაზე. ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად შეეცდება ყარაბაღის ძალით დაბრუნებას. სომხეთს კი საწინააღმდეგოდ ერთადერთი საშუალება აქვს - არ დაუშვას აზერბაიჯანის გაძლიერება, გადაუკეტოს მას ნავთობის კაპილარი
    მანამ, სანამ ამ არხით აზერბაიჯანის სიმდიდრე და ძლიერება წამოვა. «დიდი ნავთობსადენი» გაივლის ყარაბაღის ფრონტთან სულ რამდენიმე კილომეტრში. ნებისმიერი პროვოკაცია საკმარისი იქნება ახალი ომის გასაჩაღებლად, რომლის დროსაც რუსეთს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება დაეხმაროს სომხეთს, ვიდრე თურქეთს - დაეხმაროს აზერბაიჯანს.
    ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი რეალობაა. საქართველო კი უეჭველად აღმოჩნდება ერთობ უსიამოვნო არჩევანის წინაშე. აზერბაიჯანის პოლიტიკა დღენიადაგ იქითკენ არის მიმართული, როგორმე აიძულოს ქართული მხარე, გააკეთოს თვისებრივი არჩევანი ერევანსა და ბაქოს შორის.
    თუ ნავთობსადენს საფრთხე დაემუქრა, თბილისი ნამდვილად აღმოჩნდება ასეთი არჩევანის წინაშე და «ბალანსირების» ეპოქაც საბოლოოდ დასრულდება.
    შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანული დელეგაცია დღენიადაგ სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას «ნავთობსადენის» უსაფრთხოების ზომების ერთობლივად დამუშავებას».
    იგულისხმება, ფაქტობრივად, სამხედრო-სტრატეგიული კავშირი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, - ნავთობსადენის პოლიტიკა თავის ლოგიკურ დასასრულს მიაღწევს და რეალობის შესაბამისად გაფორმებას მოითხოვს.
    ამჟამად დარწმუნებით შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ ხელისუფლებისათვის «დიდი ნავთობსადენის» დოკუმენტზე ხელმოწერა სერიოზულ არგუმენტად იქცევა პოზიციათა განსამტკიცებლად საარჩევნო მარათონის პერიოდში.
    2000 წლის იანვარში «მილსადენის» მშენებლობის დაწყება საპრეზიდენტო კომპანიის უმთავრესი თემა გახდება. ასე თუ ისე, ეს პროექტი ობიექტურად, ხელისუფლების ნებაზე დამოუკიდებლად ნამდვილად სასარგებლოა ქვეყნისათვის.
    ყოველ შემთხვევაში, იგი საქართველოს ვერაფრით მიაყენებს ზიანს. მასში მხოლოდ პოლიტიკური მუხტია ჩადებული. გააჩნია, ვინ შეძლებს მის გამოყენებას და რამდენად წარმატებით.

7 დღე, 6 ოქტომბერი, 1998 წ.