რატომ არ ჩაგვაბარეს რუსებმა აფხაზეთის საზღვარი? რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზეთი დატოვეს

            გუშინ დასრულდა რუსეთის სასაზღვრო ჯართა ქვედანაყოფების გაყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ვლადისლავ არძინბამ და რუსეთის სასაზღვრო ჯართა ჯგუფის «გრუზიას» ხელმძღვანელობამ «ტკბილად მოილაპარაკეს», ანუ სასაზღვრო ჯართა გაყვანა არძინბას სამფლობელოებიდან უპრობლემოდ მიმდინარეობს.
            რუსი მესაზღვრეები საგუშაგოებს მშვიდ ვითარებაში «აბარებენ» აფხაზ კოლეგებს, რომლებიც, თავის მხრივ, სათანადო დოკუმენტაციის შედგენითა და ხელმოწერით აფიქსირებენ, რომ სწორედ ისინი ხდებიან პასუხისმგებელნი საზღვრის ამა თუ იმ მონაკვეთზე, ანუ არძინბა ჯერჯერობით ახერხებს ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს «აფხაზეთის საზღვრის დაცვა» სწორედ აფხაზეთისა და რუსეთის საქმეა, ხოლო საქართველო იქ «არაფერ შუაშია».
            ქართული მხარის პროტესტები არ გაჭრის, ვინაიდან რუსი მესაზღვრეები დემაგოგიურად «მხრებს აიჩეჩავენ»: საქართველოსთან შეთანხმების საფუძველზე ჩვენ ვტოვებთ აფხაზეთის ტერიტორიას, მაგრამ რაკი თბილისი აფხაზეთის აკვატორიასა და სახმელეთო საზღვარს ვერ აკონტროლებს – რა ვქნათ, ვინმეს ხომ უნდა გადავცეთ საზღვარი?
            ეს საკმაოდ ლოგიკური არგუმენტია, ვინაიდან საერთაშორისო სამართლისა და ტრადიციის შესაბამისად, საზღვრის მიღება - გადაცემას აუცილებლად ორი სუბიექტი უნდა ჰყავდეს.
            რუსი მესაზღვრეების «გაყვანა» იმას ნიშნავს, რომ მის ბაზებს სეპარატისტები დაეპატრონებიან. საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეთანხმდნენ, რომ შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა გაიყოფოდა პრინციპით: 50X50-ზე. მაგრამ ეს შეთანხმება არ ეხებოდა აფხაზეთს, საიდანაც რუსული ტექნიკა 100 პროცენტით უნდა გაეტანათ.
            ქართული მხარის ამგვარი მოთხოვნა გამართლებული იყო, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი სეპარატისტებს «ლეგალურად» დაუტოვებდა იარაღს და შესაბამის ეშმაკურ გამართლებასაც მოუძებნიდა ნამოქმედარს: «აფხაზეთი ხომ საქართველოა? აფხაზები ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან?»
            თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაკი ამგვარი შეთანხმება შედგა, იარაღი სეპარატისტებს აღარ დარჩებათ – არსებობს უამრავი შესაბამის ხერხი, რასაც ყველა ჯურის სეპარატისტი აქტიურად იყენებდა და იყენებს. მაგალითად, ქალები და ბავშვები გადაეღობნენ კოლონას («ქართველებს რა გინდათ თქვათ, რომ უმწეო ადამიანებისათვის უნდა გვესროლა?») მოხდება თავდასხმის იმიტაცია ისევე, როგორც 1992 წლის აგვისტოში და იარაღიც არძინბას დარჩება.
            გარდა ამისა, საქართველოს სასარგებლოდ ნამდვილად ვერ იმუშავა იმ გარემოებამ, რომ რუსები დაინტერესებულნი უნდა ყოფილიყვნენ, გაეკონტროლებინათ აფხაზეთში ტვირთების მოძრაობა საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან საზღვარი აფხაზეთსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის თითქმის არ კონტროლდება.
            გაიძვერა არძინბა ამას მიხვდა და, როგორც ჩანს, რუსებს გარიგება შესთავაზა: «თქვენ არ დაეხმარებით საქართველოს აფხაზეთის ბლოკადის განხორციელებაში, ჩვენ კი საშუალებას მოგცემთ დარწმუნდეთ, რომ აფხაზეთში შემავალი ტვირთები არ არის განკუთვნილი ჩრდილოეთ კავკასიისათვის».
            ცხადია, რა ხრიკსაც მიმართეს ამ შემთხვევაში სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა: საქმე ის გახლავთ, რომ შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის რუსული სასაზღვრო კონტინგენტის ქვეყნიდან გაყვანის შესახებ ითვალისწინებდა ე.წ. კონსულტანტებისა და დამკვირვებლების დატოვებას საქართველოში; წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსული მხარე არ თანხმდებოდა საქართველოსთვის დაეტოვებინა იარაღის და სამხედრო ტექნიკის 50 პროცენტი.
            ანუ, აქ სხვა გზა, ალბათ, ნამდვილად არ იყო, მაგრამ «დამკვირვებლების» დაკანონებით რუსებმა მიიღეს ყველაზე მთავარი – მოიპოვეს საშუალება, აკონტროლონ ტვირთების მოძრაობა მთელს საქართველოში და განსაკუთრებით აფხაზეთში.
            რასაკვირველია, «დამკვირვებლები და კონსულტანტები», რომლებიც აფხაზეთში დარჩებიან, სეპარატისტთა სასაზღვრო ჯართან ახალ პირობებში ახლებური ურთიერთმოქმედების სისტემას შექმნიან. მაშასადამე, რუსეთი კვლავინდებურად შეინარჩუნებს უმთავრეს კოზირს, რისთვისაც სჭირდებოდა სასაზღვრო ჯარი საქართველოში, თორემ საკუთრივ ტვირთის შეჩერების ან აკრძალვის უფლება მას ისედაც არასოდეს ჰქონია.
            მხოლოდ ერთხელ გაბედეს (ჩეჩნეთში ომის დროს) და ამ მცდელობასაც მაშინ გრანდიოზული სახელმწიფოთაშორისო სკანდალი მოჰყვა.
            უკანასკნელი მონაცემებით, სეპარატისტები იკავებენ რუსი მესაზღვრეების ბაზას ოჩამჩირესა და სოხუმში; ორივე მათგანს განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს.
            არძინბა სრულიად არ ნაღვლობს რუსების წასვლას. პირიქით, დღეს უკვე ნათელია, რომ იგი აშენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს – მისი ყველა, მათ შორის სასაზღვრო ჯარის ატრიბუტით.

მერიდიანი, 28 ივნისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე