ჯემალ გახოკიძის ბედი ბეწვზე ჰკიდია?!

ჯემალ გახოკიძის ბედი ბეწვზე ჰკიდია?!

   

    მთავარი საკითხი, რომელიც აღელვებს საზოგადოებას სენაკის ამბოხებასთან დაკავშირებით, არის კონკრეტულ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის პრობლემა.
    ბოლოს და ბოლოს, ეს სახელმწიფოებრივი პრინციპის თემაა და არა მხოლოდ ამა თუ იმ პიროვნების ბრალეულობისა.
    როდესაც ქვეყანაში ამგვარი რა მხდება, ხელისუფლების ზოგიერთი რგოლი უპასუხისმგებლოებისა და არაპროფესიონალიზმისათვის საერთოდ უნდა დაიშალოს და ახლიდან აეწყოს, მაგრამ საჭიროა ზუსტად გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე.
    დღეს ყველა უშიშროების სამინისტროსკენ იშვერს ხელს. რა თქმა უნდა, ქართული სპეცსამსახური უვარგისი და უმაქნისია. თავის ფუნქციას იგი ვერ ასრულებს და ვერც შეასრულებს, ვინაიდან არაპროფესიული კადრებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ის ესოდენ სუსტი? ამაში ვინღაა დამნაშავე? გავიხსენოთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები 1988 წლის შემდეგ.
    ალექსი ინაურის გადადგომის მომენტისათვის, კგბ-ს «ქართული განშტოება» ერთ-ერთი უძლიერესი იყო მთელ იმპერიაში. ალექსი ინაურმა, ანუ «ბაბუა ალექსიმ» როგორც მას უწოდებდნენ, 40 წლის განმავლობაში შექმნა ისეთი ორგანიზაცია, რომელშიც თვით «ქართულმა კორუფციამაც» კი ვერ შეაღწია - ყოველ შემთხვევაში, თითქმის ვერ შეაღწია.
    ინაური თანამდებობიდან გადადგა 1987 წლის მიწურულს - «მოძრაობის» პირველივე აქციის შემდეგ მან ამ აქციის მონაწილეთა დაპატიმრება მოითხოვა და აცხადებდა «ესენი უბედურებას დაგვმართებენო». რაკი «დაპატიმრების» ნებართვა» არ მისცეს, გადადგა და მალევე გარდაიცვალა. სამაგიეროდ, მოიხსნა პასუხისმგებლობა მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის.
    «მოძრაობის» ლიდერები კი იმდენად ახლომხედველნი აღმოჩნდნენ, რომ მთლიანად დაანგრიეს და გაანადგურეს სპეცსამსახური 1988-92 წლებში.
    არც ერთ ერს ყოფილ საბჭოთა კავშირში (ქართველების გარდა), ეს არ გაუკეთებია; ლიტველთა ეროვნულმა მოძრაობამ («სოიუდისმა») კგბ-ს ადგილობრივი ორგანიზაცია სათუთად შეინარჩუნა და დამოუკიდებელი ლიტვის სამსახურში ჩააყენა. იქ მხოლოდ ხელმძღვანელობა შეიცვალა; პირადი შემადგენლობის 99 პროცენტი კი ძველი კადრებია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ლიტველებს (მოლდოველებს, უზბეკებს, ესტონელებს, სომხებსა და ა.შ.) შესანიშნავად ესმოდათ ის, რასაც ვერაფრით შეაგნებინებდი ჩვენ ლიდერებს: კგბ-ს ადგილობრივი ორგანიზაციები მხოლოდ ინსტრუმენტი იყო კრემლის ხელში, ამიტომ იგი მისთვის უნდა გამოგვეგლიჯა და ეროვნული ინტერესებისათვის გამოგვეყენებინა.
    ყველა ასე მოიქცა ჩვენს გარდა - საქართველო, ფაქტობრივად, სპეცსამსახურის გარეშე დარჩა, რაც ჩვენს ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია.

    ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის კი არა, «დალაგებულ დამშვიდებული», ევროპის ცენტრში არსებული სახელმწიფოებიც კი უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ საიდუმლო სამსახურის გასაძლიერებლად.
    შემდეგ, 1992 წლიდან, საქართველოს სპეცსამსახურიდან პროფესიონალები გაყარეს - «ამას რა დიდი ჭკუა უნდაო» და აავსეს იგი «ძველი ბიჭებით», ყაჩაღებით, ნარკომანებით, «ჩვეულებრივი იდიოტებით» - ამის მერე უშიშროებაში პოლიციის «ჩანაცვლება» დაიწყო. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სპეცსამსახურის მუშაკი ყველაზე ძნელად მოსამზადებელი სპეციალისტია. ვერც ერთი, თუნდაც უმაღლესი კვალიფიკაციის გამომძიებელი სპეცსამსახურის მუშაკს ვერ ჩაენაცვლება - ეს გამორიცხულია, ვინაიდან სპეცსამსახურისა და პოლიციის სპეციფიკა სრულებით სხვადასხვაა და სხვაგვარ კვალიფიკაციას, სხვა შინაარსის პროფესიონალიზმს, სხვა დონისა და თვისების მენტალიტეტს მოითხოვს. აღარაფერს ვამბობ ინტელექტზე; ხოლო ქართული პოლიცია რა ინტელექტითაც გამოირჩევა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით.
    ჯემალ გახოკიძე უდავოდ მაღალკვალიფიციური, შეიძლება ითქვას, შესანიშნავი სპეციალისტია თავისი საქმისა, ისევე როგორც კახა თარგამაძე; მაგრამ გახოკიძის უბედურება ისაა, რომ რასაც ახლა აკეთებს (აკეთებინებენ) არ არის მისი საქმე და ბოლოს და ბოლოს, უნდა შევიგნოთ: იგი ვერასდროს ამ საქმეს მაღალ დონეზე ვერ გააკეთებს, ვინაიდან ეს მას არ უსწავლია, არასოდეს უკეთებია, არც გამოცდილება აქვს და არც სათანადო ცოდნა.
    თქვენ წარმოიდგინეთ, იგი აფსუათა და ოსთა სპეცსამსახურსაც ვერ დასჯაბნის, ვინაიდან სეპარატისტებმა გულმოდგინედ შეინახეს და ახლა თავიანთი სეპარატისტული «საქმის» სამსახურში ჩააყენეს ის ძალა, ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენ ასე ბრიყვულად გავანიავეთ.
    ეს გახოკიძის «ბრალი» არ არის: არ შეიძლება, მაგალითად, შესანიშნავ ფეხბურთელს მოსთხოვო კალათბურთის ასევე კარგად თამაში - ვერ შეძლებს, ვინაიდან ეს არ უსწავლია და არ იცის, თუმცა, საერთო სპორტული მონაცემები (სისწრაფე, მოძრაობის კოორდინაცია, გამძლეობა) ნამდვილად აქვს.
    ახლა ისიც ვიკითხოთ, საერთოდ არის თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში (სენაკის ინციდენტთან დაკავშირებით) უშიშროება დამნაშავე? რა თქმა უნდა! მაგრამ რას აკეთებდა თავდაცვის სამინისტრო? მართალია, კაკო ელიავა უშიშროების სამინისტროს ერთ-ერთი სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მან ეს რაზმი კი არ გამოიყვანა ყაზარმებიდან, არამედ თავდაცვის სამინისტროს სატანკო ბრიგადა.
    წარმოვიდგინოთ, იგივე მომხდარიყო რუსეთში (თუმცა, ეს ძნელად წარმოსადგენია) - ვის დასდებდნენ ბრალს - ფედერალურ უშიშროების სამსახურს? არავითარ შემთხვევაში! ბრალი დაედებოდა თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია ჰყავდეს «შიდა სპეცსამსახური».
    ამგვარი ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ყველა ქვეყნის არმიაში არსებობს ასეთი სპეცსამსახური (მაგალითად, საბჭოთა ჯარში ფუნქციონირებდა ცნობილი «მეხუთე განყოფილება»), რომლის მიზანი არა მხოლოდ სამხედრო დაზვერვაა, არამედ იმის კონტროლირებაც, რომ იქაურმა «ელიავებმა» სატანკო ბრიგადა ყაზარმებიდან არ გამოიყვანონ. მსოფლიო გამოცდილება გვასწავლის, რომ საიდუმლო სამსახური არმიაში მიმდინარე პროცესებს ვერ აკონტროლებს, ამიტომ ჯარს «შიდა სპეცსამსახური» სჭირდება და არა მხოლოდ სამხედრო პროკურატურა, რომელიც უკვე მომხდარ დანაშაულს იძიებს.
    ჩვენი ეროვნული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ისიც საფიქრებელია, თავდაცვის მინისტრი «ქართველი» დათო თევზაძის ნაცვლად «რუსი» ვარდიკო ნადიბაიძე რომ ყოფილიყო, ელიავას ხროვა ამდენს ვერ გაბედავდა, ვინაიდან, უეჭველად შეეშინდებოდა: რუსის ჯარი შევარდნაძეს მხარს დაუჭერსო; მაგრამ რაკი ნადიბაიძე გააგდეს, გული მიეცათ.
    ასეთები ვართ ქართველები და ამას აღარაფერი ეშველება.
    უნდა გათავისუფლდეს თუ არა თანამდებობიდან ჯემალ გახოკიძე? ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, პრეზიდენტი ამ ნაბიჯს არ გადადგამს და აი, რატომ: გახოკიძის გადადგომის შემთხვევაში, უმალვე დაისმება მისი შემცვლელის ვინაობის საკითხი.
    სულ ერთია, უშიშროების მინისტრად ედუარდ შევარდნაძე ისევ პოლიციის მუშაკს დანიშნავს, ვინაიდან, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, უწყება თვისებრივად შეიცვალა და თავისი შემადგენლობით, ფაქტიურად «მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროდ» იქცა.
    თუ ასეა, რა აზრი აქვს გახოკიძის შეცვლას? აზრი ალბათ მხოლოდ ისაა, რომ ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება, - ასეთი ინციდენტის შემდეგ ვინმე მართლა უნდა დაისაჯოს, თორემ მუშაობის მოტივაცია საეროთდ დაიკარგება.
    გახოკიძე შეიძლება მხოლოდ წინასწარ მიწოდებულმა ინფორმაციამ გადაარჩინოს. ზოგიერთი ცნობით, ელიავას «საეჭვო საქციელის» შესახებ ინფორმაციას იგი ადრევე აწვდიდა ხელისუფლებას, მაგრამ «ქართველი ჰუსეინოვის» უვნებელყოფა მაინც ვერ მოხერხდა.
    გახოკიძის კიდევ ერთი უბედურება ისაა, რომ ექსცესების თავიდან აცილებას ვერ ახერხებს (9 თებერვლის ტერაქტი, ჯიხაშკარი, სენაკი), მაგრამ შემდგომ, მოვლენათა განვითარების კვალობაზე (უკვე როგორც პოლიციელი), არც თუ უშედეგოდ მოქმედებს. ესებუაც და ელიავაც მისი გაშვებულია - სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად. სამაგიეროდ, ესებუას უვნებელყოფა ავად თუ კარგად, მალევე მოხერხდა.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, თუ ელიავას საქართველოს ფარგლები არ დაუტოვებია, მასაც იპოვიან. გახოკიძემ ორივეს «ფორა» მისცა, რათა სატანკო ბრიგადასთან შეტაკება არ დაეშვა.
    საბოლოოდ ყველაფერი თითქოს დამთავრდა, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ხვალ.

მერიდიანი, 23 ოქტომბერი, 1998 წელი