რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდის აღიარების წინააღმდეგია

რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდის აღიარების წინააღმდეგია

              დღეს ნიუ-იორკში გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც ქართული მხარის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ.
        სხდომას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. დაგეგმილი იყო აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის სიტყვით გამოსვლა, მაგრამ რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა, ასეთ შემთხვევაში არძინბაც გამოსულიყო მოხსენებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსათვის ძალზე წაგებიანი იქნებოდა.
        ამიტომ გადაწყდა: ნადარეიშვილი აღარ გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
        თვით უშიშროების საბჭოს სხდომას ქართული საზოგადოება რატომღაც გადაჭარბებული იმედით ელოდა. არადა, სინამდვილეში არავითარი საფუძველი არ არსებობს საიმისოდ, რომ უშიშროების საბჭომ მიიღოს «ნანატრი» რეზოლუცია - აფხაზეთში ეთნიკური წმენდის აღიარებით.
        უპირველესი მიზეზი რუსეთის წინააღმდეგობაა. ეს ქვეყანა, რასაკვირველია, დაინტერესებული იყო აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანით და ამიტომ 1994 წელს მხარი დაუჭირა გაეროს წესდების მეექვსე თავის შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებას.
        ხსენებული «მექანიზმები» ითვალისწინებს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას მხოლოდ მხარეთა თანხმობით. ანუ დაპირისპირებული შეიარაღებული ფორმირებების დაშორიშორებას და სამშვიდობო ძალების შეყვანას მათ გამყოფ ხაზზე. - ამ შემთხვევაში, მდინარე ენგურის გასწვრივ, თანაც რუსეთი ყოველნაირად ცდილობდა, სამშვიდობო ოპერაცია განხორციელებულიყო გაეროს ეგიდით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დაფინანსებაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უნდა ეკისრა.
        გარდა ამისა, შეიქმნებოდა მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც რუსეთს «გამოადგებოდა» სხვა კონფლიქტურ ზონებშიც - პოსტსაბჭოურ სივრცეში. მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭომ, იმ მოტივით, რომ (წესდების შესაბამისად) მეზობელ ქვეყანას, სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების უფლება არა აქვს, ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. გაერო შემოიფარგლა მხოლოდ სამხედრო დამკვირვებელთა გაგზავნით კონფლიქტის ზონაში, თანაც მათი მანდატი უშუალოდ დაუკავშირდა (ისევ და ისევ რუსეთის მოთხოვნით) რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედებას;
        უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციაში, - 1994 წლიდან დღემდე, საგანგებოდაა აღნიშნული, რომ თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები დატოვებენ კონფლიქტის ზონას ან მათ მანდატში რაიმე ცვლილება მოხდება, მაშინ უფლებამოსილება შეუწყდებათ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებსაც.
        ეს რუსული დიპლომატიის გამარჯვება იყო. მერე რუსებმა ისიც კი მოინდომეს, რომ თავად ეკისრათ გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა დაცვა (რაც მათი მოქმედების კონტროლის საშუალებას იძლეოდა), მაგრამ ამ წინადადებას უშიშროების საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოები არ დაეთანხმნენ.
        სამაგიეროდ, რუსეთმა ვეტო დაადო წინადადებას კონფლიქტის ზონაში სამხედრო დამკვირვებელთა დასაცავად გაეროს სპეციალური ქვედანაყოფის გამოგზავნის შესახებ, ვინაიდან ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა პოსტსაბჭოურ სივრცეში უცხო ქვეყნების შეიარაღებულ სამხედრო მოსამსახურეთა შემოსვლისა.
        ხუთი წლის განმავლობაში ენგურის აუზში ჩამოყალიბდა გარკვეული ბალანსი, გარკვეული წონასწორობა, რომლის დარღვევასაც, ახლა ამაოდ ვცდილობთ.
        რასაკვირველია, ქართული დიპლომატია სავსებით კონკრეტული მიზნით მოითხოვს აფხაზეთში ქართველთა ეთნოციდისა და ეთნიკური წმენდის აღიარებას. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს გაეროს წესდების მეშვიდე თავი, რომელიც ითვალისწინებს მშვიდობის დამყარებას იძულებით და არა მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით.
        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკვე აშკარად განაცხადა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს: «ქართულმა მხარემ ვერ წარმოგვიდგინა ვერავითარი დამამტკიცებელი საბუთი, რომ აფხაზეთში ნამდვილად განხორციელდა ეთნიკური წმენდა. ის ფაქტი, რომ ქართველმა მოსახლეობამ დატოვა აფხაზეთი, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, - შესაძლოა მათ აფხაზეთი დატოვეს არა ძალდატანებით, არამედ საომარი მოქმედებების შიშით, რაც ერთი და იგივე არ არის».
        რასაკვირველია, ეს, როგორც იტყვიან, «პირწმინდა დემაგოგიაა», მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაში საკუთარ გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს იცავს და უეჭველად გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუ საქმე რეზოლუციის «ქართული» პროექტის კენჭისყრამდე მივა;
        თუმცა, საეჭვოა საქმე აქამდე მივიდეს: უშიშროების საბჭოს სხვა წევრები - დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან მზად რუსეთთან დასაპირისპირებლად კოსოვოს გამო, უეჭველად «გვირჩევენ» მოვხსნათ წინადადება კენჭისყრიდან, რათა «არ გავამწვავოთ ვითარება, - სულ ერთია, რუსეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებს».
        ამრიგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1999 წლის 31 ივლისის რიგით მე-18 რეზოლუცია არ აღიარებს აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის ფაქტს - ამის იმედი ტყუილად გვაქვს. ერთადერთი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ, არის ის, რომ რეზოლუციაში კვლავ დაფიქსირდება თხოვნა (თუნდაც მოთხოვნა) მხარეთა მიმართ, «აქტიურად გააგრძელონ მოლაპარაკება შესაძლო კომპრომისის მისაღწევად».
        ამასთანავე, გაერო აშკარად «ითრევს ფეხს» სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით: ორივე მხარისთვის მისაღებ სტატუსს იგი ვერ გამოიმუშავებს, ხოლო გამოკვეთილი პოზიცია ხელს არ აძლევს, რადგან ამ შემთხვევაში ვალდებული იქნება, დაუპირისპირდეს სეპარატისტებს, ანუ იკისროს პასუხისმგებლობა.
        იძულებული ვარ დავასკვნა, რომ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით კვლავ ჩიხში ვიმყოფებით და ამ ჩიხში დავრჩებით მანამ, სანამ დასავლეთი ისევე არ დაინტერესდება აფხაზეთით, როგორც კოსოვოს პრობლემით დაინტერესდა; ამას კი წლები სჭირდება.

დრონი, 31 ივლისი, 1999 წელი