ქართული ლეიბორიზმის აღსასრული?!

        როგორც ჩანს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს პრეზიდენტის წინასწარმეტყველება «წარმატების წარმავლობასთან» დაკავშირებით მთლიანად აუხდა.
        პარლამენტის შენობაში მომხდარი სკანდალი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, სხვაგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლევა. პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გამართული თავ-პირის მტვრევის შედეგად ლეიბორისტთა რიგები დატოვეს პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა ჯოჯუამ, პარლამენტარმა ვახტანგ ტალახაძემ და დედაქალაქის საკრებულოს წევრმა მაია ელოშვილმა,
        მოარული ხმების თანახმად, «შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა» რიგებს უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე პიროვნება შეემატება.
        როგორც პარტიულ იერარქიაში «განდგომილთა» თავის დროზე მინიჭებული სტატუსი მოწმობს, განხეთქილებამ ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ რგოლებშიც შეაღწია და ამდენად, არ შეიძლება ჩაითვალოს რიგითი, არარსებითი კინკლაობის გამოხატულებად.
        მით უფრო, თუ «ლეიბორისტული ბაკქანალიის» მონაწილეთა ტრავმატისტულ ხარისხს, მონაწილეთა რადიკალურ განცხადებებსა და ამ კონფლიქტის დინამიკას გავითვალისწინებთ.
        სკანდალი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც გამოდგება არა მხოლოდ ლეიბორისტული პარტიის, არამედ მთლიანად ქართული პოლიტოკრატიის ბუნებისა და მისი პოლიტიკური კულტურის დონის განსაზღვრისათვის. ამგვარი მცდელობის შემთხვევაში კი, ვეჭვობ, ვინმეს დადებითი წარმოდგენა შეექმნას; შეიძლება თქვან, რომ მსგავსი ინციდენტები სდევს დემოკრატიის გაცილებით მაღალ საფეხურზე მდგომი ქვეყნების პოლიტიკურ ყოფასაც, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.
        ჯერ ერთი, იქ მსგავსი შეხლა-შემოხლა გამონაკლისის სახეს ატარებს და ჩვენნაირი ტრადიციულობა არ ახასიათებს. თუ ვთქვათ, იაპონელ კანონმდებელთა მუშტი-კრივი მართლაც სკანდალად ითვლება, საქართველოში ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცეს. უპირველესად, ამგვარი ფაქტებისათვის საზოგადოების მხრიდან სანახაობრივ-სალაღობო ფუნქციის მინიჭების წყალობით. ასეთი შემთხვევების დროს ნორმალური საზოგადოება ულმობელია, - მისი ვერდიქტი ცალსახაა და ნათელი; ისევე, როგორც სკანდალისტის პოლიტიკური კარიერის ფინალი; ქართული საზოგადოება კი, როგორც ყველაფერში, აქაც ორიგინალურია, ანუ მისი დამოკიდებულება შემდეგნაირად ფორმულირდება: «დღეს იჩხუბებენ, ხვალ შერიგდებიან, - ვის არ მოსვლია?!».
        შერიგებას ვერავის აუკრძალავ და მისასალმებელია, მაგრამ როგორ გინდა ამის შემდეგ ირწმუნო «ბუნტარი პოლიტიკოსის» რიტორიკა პოლიტიკური დიალოგის კულტურაზე, მართლწესრიგსა და ეთიკის საკითხზე.
        მთლიანობაში, სკანდალი საყურადღებოა იმით, რომ იგი «პატიოსნებისა და ჩაგრულთა ქომაგის» ქარიზმით მოსილ შალვა ნათელაშვილს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, დისკრედიტაციის ხარისხი ერთი-ორად მატულობს. როგორც ჩანს, მოსახლეობა დღემდე ვერ გათავისუფლდა იდეალისტური წარმოდგენებისაგან და ბრმად სჯერა, რომ იმ ჭაობში, რომელსაც ქართული პოლიტოკრატია განასახიერებს, შესაძლებელია რამდენადმე პატიოსანი და შეურყვნელი ძალის არსებობა.
        ამ «პოლიტოკრატიის» მშობელი საზოგადოება კი იმედგაცრუების მეტს არც არაფერს უნდა ელოდეს.
        მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები, კავშირები და მოძრაობები ოდნავადაც ვერ პასუხობს აუცილებელ მოთხოვნებს და სახეზეა გრადაციულობის დეფიციტი.
        საქართველოში პარტია არ წარმოადგენს სტრუქტურულად გამართულ სისტემას. უგულებელყოფილია შიდა პარტიული არჩევითობის პრინციპი, რაც დასავლური ტიპის პარტიებისათვის საბაზისო პრინციპს წარმოადგენს.
        ცალკე საუბრის თემაა იდეოლოგიური სიმყიფე; ჩვენში პარტიები იქმნება ნაცნობ-მეგობრობის, კლანურ-ამქრული და ნათესაური ინტერესების საფუძველზე; ერთადერთი მოტივი კი მატერიალური უზრუნველყოფა და «თბილი» სკამებია.
        აღნიშნული მიზნის რეალიზაცია გულისხმობს პიროვნულ-ოჯახური კეთილდღეობის სტაბილურობას, ანუ სახელისუფლო ორბიტიდან მოუწყვეტლობას.
        სისტემურობა, არჩევითობა და გამჭვირვალობა პარტიის ლიდერებისაგან სრულიად იგნორირებულია და კაცმა რომ თქვას, ისინი ამ ურთულესი ამოცანის გადაჭრას მიზნად არც ისახავენ.
        ქართული პოლიტიკური სპექტრის კლასიფიკაცია მემარჯვენეობა-მემარცხენეობის ნიშნით საერთოდ აბსურდია. სახეზეა პარადოქსული სიტუაცია - ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენა, რომლის იდეებისა და ინტერესების გამომხატველებიც არიან მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციები.
        თუ ეს ისტორიული უკუღმართობით და ფორმაციათა ცვლით შეიძლება აიხსნას, საერთოდ კომიკური სიტუაციაა მემარცხენე იდეოლოგიისათვის აუცილებელი სოციალური ბაზის მხრივ: მიუხედავად გარკვეული ტრადიციისა, არა თუ არ მოხდა მემარცხენეობისათვის აუცილებელი საყრდენის განმტკიცება-განვრცობა, არამედ ისიც დაიკარგა რაც იყო – ანუ ფაქტობრივად, აღარ არსებობს პროლეტარიატი და იგი ტრანსფორმირდა უმუშევართა არმიად.
        სამაგიეროდ მოხდა წვრილი მწარმოებლებისა და გლეხობის პროლეტარიზაცია იმ თვალსაზრისით, რომ მათაც ზემოაღნიშნული არმია შეავსეს, რომელიც თავისი არაერთგვაროვანი ბუნებით, მრავალშრიანობითა და ინტერესთა სხვადასხვაობით ნაკლებად ემორჩილება პროგრამულ ზემოქმედებას.
        ამ ბალაგანში კი ლეიბორისტული პარტიის პროპაგანდამ ადგილობრივი არჩევნების წინ და «ყოველივე უფასოს» შეპირებამ, დეზორიენტირებულ ელექტორატზე ეფექტურად იმუშავა; თუმცა, ნებისმიერი ავანტიურა, ადრე თუ გვიან, მჟღავნდება. ავანტიურისტთა მიზანი სწორედ მასის გაბრიყვებაა, ხოლო ბოლო თავშესაფარი- პატრიოტულ-სოციალური დემაგოგია. ეს ხალხი არად დაგიდევთ ისტორიულ გამოცდილებას, რომ ნებისმიერი ასეთი წამოწყება, ადრე თუ გვიან, სავალალოდ მთავრდება.
        ერთი რამ იმთავითვე ცხადია – ზემოაღნიშნულ ფაქტს უეჭველად მოჰყვება პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციის შეცვლა ადგილობრივი თვითმმართველობის რგოლებში და, უპირველესად, დედაქალაქის საკრებულოში. რამდენად შეუწყობს ეს პროცესი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ინტენსიფიკაციას, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

მერიდიანი, 23 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე