ამერიკამ და რუსეთმა ცივი ომი განაახლეს

ამერიკამ და რუსეთმა ცივი ომი განაახლეს

      

        გუშინ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს სენსაციური ცნობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ილიას ახმადოვის მიღების შესახებ.
        ახმადოვი იჩქერიის პრეზიდენტის - მასხადოვის უმთავრესი ემისარია საზღვარგარეთ. იგი განუწყვეტლივ მოგზაურობს ევროპასა და ამერიკაში, მართავს პრესკონფერენციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, უხვად იძლევა ინტერვიუებს და ა.შ. რასაკვირველია, ეს იმთავითვე მეტყველებს კონფლიქტის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაზე, ვინაიდან ახმადოვი ვიზის გარეშე გადაადგილებას ვერ შეძლებდა.
        რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტში ახმადოვის მიღებას - აქ უკვე საქმე გვაქვს გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენასთან. ფაქტობრივად, ვაშინგტონმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც, ერთი მხრივ, ნიშნავს ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის პირდაპირ, უპრეცედენტოდ რადიკალურ მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ - მიუთითებს რუსეთს მის ახალ ადგილზე ამერიკის საგარეო-პოლიტიკურ იერარქიაში.
        ილიას ახმადოვი სახელმწიფო დეპარტამენტში მიიღეს შესაბამისი ტექნოლოგიის სრული დაცვით: რა თქმა უნდა, არა როგორც «საგარეო საქმეთა მინისტრი», არამედ კერძო პირი, რომელსაც შეეძლო ამერიკის საგარეო-პოლიტიკური უწყებისთვის მიეწოდებინა გარკვეული ინფორმაცია ჩეჩნეთში არსებული ვითარების შესახებ.
        ახმადოვს ბოლომდე არ ეცოდინებოდა, ვის შეხვდებოდა კონკრეტულად, მას შეიყვანდნენ შენობაში ყოველგვარი პროტოკოლის გარეშე, არავინ დახვდებოდა ჰოლში, შეამოწმებდნენ დეტექტორით, შემდეგ თანმხლებთან ერთად დატოვებდნენ ოთახში და, იქ, სრულიად უსაგნო საუბრის დროს, ვითომდაც შემთხვევით, შემოვიდოდა სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიმე ოფიციალური ჩინოსანი, გაიკვირვებდა, მეგონა, ამ ოთახში არავინ იყოო, ან «შემეშალაო» და «ძალაუნებურად» გააბამდა საუბარს ახმადოვთან.
        ეს ტექნოლოგია ამერიკელებს წლობით აქვთ დამუშავებული, თუმცა, ამით შინაარსი არ იცვლება: ზუსტად ამ ტექნოლოგიით იწყებდა ვაშინგტონი ურთიერთობას კოსოვოელი ალბანელების ლიდერებთან. ბოლოს კი, ეს იმით დამთავრდა, რომ სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი მობილურ ტელეფონზე ურეკავდა საომარი მოქმედებების დროს ალბანელთა შეიარაღებული ფორმირებების ლიდერს - ჰაშიმ ტაჩის და ნატოს ბომბარდირების ვადებსა თუ ხასიათს უთანხმებდა.
        ბუნებრივია, ჩეჩნეთის შემთხვევაში საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ ამერიკას, როგორც ერთადერთ ზესახელმწიფოს, უკვე აქვს საშუალება, იმოქმედოს საკუთარი იდეოლოგიური და სახელმწიფოებრივი დოქტრინის შესაბამისად (თუ ვინმეს ჰგონია, ამერიკას სახელმწიფო იდეოლოგია არა აქვს, ძალიან ცდება), თორემ 1992-93 წლებში (სადღაც 1995 წლამდეც კი) ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათა ხელმძღვანელებს (ბალტიის გარდა), მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა, დაახლოებით ისევე იღებდნენ, როგორც ილიას ახმადოვი მიიღეს, ანუ იმავე ტექნოლოგიით.
        ამერიკის შეერთებული შტატები უკვე სახელმწფიოებრივად დაინტერესებულია (არანაირი გეოპოლიტიკური ინტერესი რომც არ ჰქონდეს), მხარი დაუჭიროს ჩეჩნეთს, რათა უარყოს ბრალდებები «ორმაგ სტანდარტში» - რატომ უჭერდით მხარს კოსოვოელ ალბანელთა «თვითგამორკვევის უფლებას» მაშინ, როდესაც ამჟღავნებთ გულგრილობას ჩეჩნეთის ანალოგიური მოძრაობის მიმართ?
        რით განსხვავდება ჩეჩნების მოთხოვნა კოსოვოელ ალბანელთა მოთხოვნისაგან?
        ვაშინგტონში შესანიშნავად ესმით, რომ რეალურ ზეგავლენას ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებზე ვერ მოახდენენ, მაგრამ პოლიტიკურ დემარშს მაინც ახორციელებენ, რაც, ბოლოს და ბოლოს, სიგნალია ჩეჩნებისთვის. არ შეცდებიან, თუ ამას აღიქვამენ მხარდაჭერად და მძლავრ შეტევას განახორციელებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა წინააღმდეგ.
        ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: რატომ იღებენ ვაშინგტონში ილიას ახმადოვს და არ იღებენ აფსუა სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას? ხომ არ გგონიათ ამ უკანასკნელს სათანადო სურვილი არა აქვს? ისიც იმოგზაურებდა დასავლეთში და მოაწყობდა პრეს-კონფერენციებს. განსხვავება მხოლოდ ის იქნებოდა, რომ მოსკოვშიც ხშირად ჩავიდოდა (იქ ისედაც ხშირი სტუმარია), მაგრამ არც სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოსნებთან შეხვედრაზე იტყოდა უარს.
        საქმე ის არის, რომ საქართველო ცდილობს აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტას იმ «თამაშის წესებით», რაც დასავლეთმა შეიმუშავა. დასავლეთი (მათ შორის, ამერიკა) არასდროს აღიარებს არც აფხაზეთის, არც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ საომარი მოქმედების შემთხვევაში ყოველთვის ექნება ანალოგიური რეაქცია: გადაწყვიტოს კონფლიქტი მშვიდობიანად.
        ასეთია პოლიტიკური მაქსიმა. რასაკვირველია, თუ უნარი გაქვს, შეგიძლია ამ «მაქსიმას» ყურადღება არ მიაქციო. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ «ძალა შეგწევდეს ქადილისა».

დილის გაზეთი, 28 მარტი, 2001 წელი