«კანონი რელიგიის შესახებ» შეიძლება საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის მიზეზი გახდეს; «იეღოველები» ვაკუუმს ავსებენ
       

        საქართველოს პარლამენტში უკვე თითქმის ორი წელია იხილავენ კანონპროექტს, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს და სამართლებრივი ბაზა შესძინოს ქვეყანაში რელიგიურ საქმიანობას.
        თავისთავად ასეთი კანონის მიღება აუცილებელია; მით უმეტეს, საქართველოს მსგავს ქვეყანაში
        ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ «კანონმა რელიგიის შესახებ» სათავე დაუდოს როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით დამანგრეველ პროცესებს, ვინაიდან საპატრიარქო პრინციპულად მოითხოვს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც, ფაქტობრივად, აკრძალავს საქართველოში ნებისმიერ სხვა რელიგიურ მიმდინარეობას, მართლმადიდებლობისა და მაჰმადიანობისა გარდა;
        ის ფაქტი, რომ შეღავათი კეთდება მაჰმადიანობის, როგორც საქართველოსათვის ტრადიციული რელიგიისათვის - ბევრს არაფერს ცვლის.
        გავიხსენოთ რა მოხდა რუსეთში - სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი «რელიგიის შესახებ», რომელიც აღიარებდა მხოლოდ ოთხი, რუსეთისათვის ტრადიციული კონფესიის (მართლმადიდებლობის, ისლამის, იუდაიზმისა და ბუდიზმის) კანონიერებას. სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს კი კრძალავდა.
        შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ვეტო დაადო ყოველგვარ დახმარებას რუსეთისადმი და ბორის ელცინი (ატომური ზესახელმწიფოს პრეზიდენტი!) იძულებული გახდა საკუთარი პარლამენტის გადაწყვეტილება გაეუქმებინა.
        საქართველოს საპატრიარქო ისლამის მიმართ «შეღავათზე» იმიტომ მიდის, რომ შესანიშნავად უწყის: მაჰმადიანობა მას მრევლს ვერ წაართმევს; მისთვის გაცილებით საშიშია სხვადასხვა ქრისტიანული და ქრისტიანობიდან გამომდინარე სექტა, რომელიც ბოლო დროს აქტიურად მოქმედებს საქართვლეოში.
        განსაკუთრებით «დიდი წარმატება» აქვთ იეღოველებს, - ამ სექტის მიმდევრები სულ უფრო მრავალრიცხოვანნი ხდებიან. შეიძლება თამამად ითქვას: რელიგიურად განწყობილ ლტოლვილთა 50 პროცენტი სწორედ იეღოველი გახდა და ეს რიცხვი (არა მხოლოდ ლტოლვილებში) ყოველდღიურად იზრდება;
        რა თქმა უნდა, ნებისმიერი მართლმადიდებლისათვის (მით უმეტეს, საქართველოში) - ეს სამწუხარო პროცესია; ქართველობა თუ რაიმემ გადაარჩინა საუკუნეთა განმავლობაში - სწორედ მართლმადიდებლობამ.
        მაგრამ შეუძლებელია აქვე არ ითქვას, რომ ამჟამად საპატრიარქომ პრობლემის გადასაწყვეტად სრულებით უპერსპექტივო (თუმცა, მისთვის იოლი) გზა აირჩია - აკრძალვის, შეზღუდვის, რელიგიურ მოწინააღმდეგეთა (საბოლოო ჯამში) დაპატიმრების, გაძევების, «არ შემოშვების» - გზა.
        ასე არაფერი გამოვა - საბჭოთა კავშირმაც კი ვერ შეეძლო წინ აღდგომოდა რელიგიურ სექტათა აქტივობას - მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში რუსული მართლმადიდებელი ეკლესია კგბ-ს უჭერდა მხარს.
        საქართველოს საპატრიარქოს რატომღაც არ სურს დასვას ელემენტარული კითხვა, - რატომ კარგავს იგი მრევლს? აშკარა ტყუილია ყველაფრის ახსნა იმით, რომ ვითომცდა იეღოველები მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარებით «ყიდულობენ» ან (მით უმეტეს) აშენებენ, ატერორებენ მას;
        სინამდვილეში, იეღოველთა, თუ შეიძლება ასე ითქვას, «რელიგიური აგიტაცია» გაცილებით უფრო წარმატებულია ჯერ-ჯერობით, ვიდრე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა - აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს, ნაცვლად ამკრძალავი (იოლი, მაგრამ უპერსპექტივო) გზების ძიებისა, ის ურჩევნია, გააანალიზოს, რატომ ჰკარგავს იგი ავტორიტეტს, რატომ ვერ ახერხებს მრევლის მიზიდვას, რატომ სუსტდება მისი პოზიციები, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტისა?
        იქნებ ამის მიზეზი ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ ეკლესიამ ვერ შეძლო შეეჩერებინა ან აეცილებინა ქვეყნისათვის ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი?
        ალბათ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქომ გონიერება უნდა გამოიჩინოს და არ სცადოს (ანუ არ მოითხოვოს) პრობლემის ძალისმიერად გადაჭრა.

მერიდიანი, 12 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე