14 აგვისტო: გარდაუვალი უბედურების იუბილე

        აფხაზეთში ომის დაწყების მეშვიდე წლისთავს წინასაარჩევნო კამპანიამ, რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.
        ბუნებრივია,პოლიტიკური კლასი ცდილობს, ეს მოვლენა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს. დღემდე არავის სურს აღიაროს, რომ ომი აფხაზეთში «შიდა ქართული პოლიტიკური სპეკულაციის» საგნად ვერ გამოდგება. ვერ გამოდგება თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას (ვინც უნდა ყოფილიყო და როგორიც უნდა ყოფილიყო) ამ ომის თავიდან აცილება შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უდრტვინველად შეურიგდებოდა (მხოლოდ «თვალს გაადევნებდა») აფხაზეთის გასვლას საქართველოს შემადგენლობიდან.
        ამა თუ იმ ქვეყნის «შემადგენლობაში ყოფნა» გეოგრაფიული ცნება არ არის - ვლადისლავ არძინბა თანდათანობით, მიზანსწრაფულად, მიზანმიმართულად, ფანატიკური სიზუსტითა და სიმტკიცით შეზღუდავდა შემდგომ კი, გააუქმებდა საქართველოს იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე (სწორედ ეს იგულისხმება «ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში» და არა ის, რომ ვინმე მიწა-წყალს ზურგზე მოიკიდებს და სადღაც წაიღებს).
        ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ასეულობით ათასი დევნილი აღარ გვყოლოდა, ანუ «ქართული მოსახლეობა დარჩებოდა აფხაზეთში», მაგრამ არძინბას იურისდიქციის პირობებში. ჯერ კიდევ საკითხავია, დარჩებოდა თუ არა ეს მოსახლეობა ქართველებად.
        მკითხველი ადვილად მიხვდება, რას ვგულისხმობ.
        რაც შეეხება იმას, თითქოს აფხაზეთის ტრაგედია მხოლოდ დეკემბერ-იანვრის მოვლენებმა და კანონიერი ხელისუფლების დამხობამ განაპირობა - ესეც ემოციური დემაგოგიაა და სხვა არაფერი: თუ ისტორიულ წყაროს, ანუ განმაპირობებელ წინამორბედ მოვლენა-პროცესებს ვებრძვით, მაშინ რატომ ვიწყებთ «დეკემბერ-იანვრის» მოვლენებიდან - დავიწყოთ 9 აპრილიდან!
        ამ მოვლენამ ხომ გააასმაგა სეპარატისტთა შესაძლებლობები; თუმცა, ვერც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენით და რუსებისთვის «ხელის გულის ლოკვით» შევინარჩუნებთ აფხაზეთს, ვინაიდან საქართველოს დანაწევრების გეგმა გორბაჩოვ-ლუკიანოვის გუნდმა იმთავითვე შეიმუშავა. გავიხსენოთ მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უფლებრივი «გათანაბრების» პროექტი.
        ამ გეგმით კი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც საქართველოს დარჩენა-არდარჩენას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, არც რუსეთისადმი ქართული საზოგადოების ლოიალობის ხარისხს.
        აქედან გამომდინარე, ოპონირების მიუხედავად, მაინც ყველაზე ზუსტად მიმაჩნია ფორმულა, რომ «აფხაზეთში ომის თავიდან აცილება საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას შეეძლო მხოლოდ იმ პირობით და იმ შემთხვევაში, თუ უდრტვინველად შეურიგდებოდა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო». ყველა სხვა შემთხვევაში, ეს ომი იყო აბსოლუტურად გარდაუვალი, ვინაიდან ვერც ერთი ხელისუფლება (მით უმეტეს, ქართული საზოგადოების თვისება-თავისებურებებიდან გამომდინარე) ვერ შეძლებდა და ვერც გაბედავდა ომის თავიდან ასაცილებლად უდრტვინველად შერიგებოდა აფხაზეთის თანდათანობით გასვლას საქართველოს შემადგენლობიდან.
        რომც მოენდომებინა - მას ამის საშუალებას თვით ქართული საზოგადოება არ მისცემდა, ანუ ომის დაწყებას აფხაზეთში ნებისმიერ ხელისუფლებას აიძულებდა.
        აიძულებდა სწორედ  ის ხალხი (აქაოდა, ეს რა ხელისუფლებაა, თუ ქვეყნის მთლიანობას თუნდაც ძალით არ იცავსო), ვინც ახლა ურცხვად და უსინდისოდ წუწუნებს: «აბა, რას იწყებდნენ ამ ომს?»
        სხვა ყველაფერი, უბრალოდ, დეტალია: უნდა შესულიყო თუ არა გვარდია, კონკრეტულად 14 აგვისტოს, რა ფორმით უნდა მომხდარიყო ყოველივე და ა.შ.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ნამუსგარეცხილი რუსული მასმედიის მეშვეობით, არძინბა მაინც შეძლებდა ისე გაეფორმებინა ყოველივე, რომ ეს არის «საქართველოს აგრესია აფხაზეთის წინააღმდეგ»; ამრიგად, თუ (კვლავ) ემოციებს არ ავყვებით და რაციონალურად ვიმსჯელებთ, რაოდენ უსიამოვნოდ და ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, საქართველოს ხელისუფლება (ნებისმიერი ხელისუფლება) ამ ომს თავიდან ვერასგზით აიცილებდა.
        ისევე, როგორც (ბუნებრივია) თავიდან ვერ აიცილებდა დამარცხებას, ვინაიდან ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ძალა სეპარატისტთა მხარეს იდგა.
        ამიტომ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ამოცანა (ერთადერთი შესაძლებელი) მდგომარეობდა არა იმაში, თუ როგორ აგვეცილებინა თავიდან ომი (ასეთ შემთხვევაში აფხაზეთს, უბრალოდ, უომრად დავკარგავდით. ისევე, როგორც თანდათანობით დავკარგავდით აფხაზეთში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას) და არც იმაში, თუ როგორ მოგვეგო ომი (რაც ობიექტურად შეუძლებელი იყო), არამედ სახელმწიფოებრივი ამოცანა ის იყო, ამ ომით მაქსიმალური ზიანი მიგვეყენებინა სეპარატისტული აფხაზეთისათვის!
        გულწრფელად თუ ვიტყვით, საქართველომ ეს ნაწილობრივ შეძლო - სეპარატისტები დღეს სრულებითაც არ არიან «დალხინებულნი», «დამოუკიდებელი აფსუეთი» კი ნანგრევებადაა ქცეული და არ გახდა «კავკასიური შვეიცარია», როგორც არძინბა ჰპირდებოდა ხალხს. ამ უკანასკნელს, რასაკვირველია ერჩივნა ნგრევისა და სისხლისღვრის გარეშე მოეპოვებინა დამოუკიდებლობა.
        სხვა საკითხია, შეიძლებოდა თუ არა ომის განმავლობაში სეპარატისტთათვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენება. ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ ეს მაინც არ არის არსობრივი საკითხი. არსობრივია მხოლოდ ის, რომ საქართველოს (ობიექტური გარემო პირობების გათვალისწინებით) არც ამ ომის თავიდან აცილება შეეძლო და (რა თქმა უნდა), მით უმეტეს, არც გამარჯვება.
        შეეძლო მხოლოდ სეპარატისტული აფსუეთისათვის ზიანის მიყენება, რაც, სამწუხაროდ, არასრულყოფილად განხორციელდა - ალბათ, უფრო მეტი ზიანის მიყენებაც შეგვეძლო, რომ შედარებით მომგებიან ვითარებაში ვყოფილიყავით და მოვმზადებულიყავით იმ დროისათვის, როდესაც ზემოხსენებული გარემო - პირობები საქართველოს სასარგებლოდ (ანუ სეპარატისტთათვის საზიანოდ) შეიცვლება და ჩამოყალიბდება ახალი, ობიექტური რეალობა, რომელშიც სამხედრო ძალით გამარჯვება აღარ იქნება არარეალური, როგორც 1992 წელს.
        ვიცი, ზემოთქმული ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ გაღიზიანებულ მკითხველს ვთხოვ, ემოციები დაიოკოს და მხოლოდ პრაგმატულად, რაციონალურად (ანუ ცინიკურობის გარკვეული დოზით) იმსჯელოს ამ საკითხზე.
        ხოლო ის, რომ «აფხაზეთი არ დაიკარგებოდა, თუ არა დეკემბერ-იანვრის მოვლენები და სამოქალაქო ომი», ისეთივე სულელური თეზისია, როგორც «აფხაზეთი არ დაიკარგებოდა, თუ არ გავაღიზიანებდით რუსეთს, არ მოვაწყობდით 9 აპრილს, მიტინგებზე გამოვიტანდით გორბაჩოვის სურათებს» და ასე შემდეგ.

        ეს, რაც შეეხება თვით ომს, მაგრამ ომის შემდეგაც, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანი იგივე უნდა ყოფილიყო: მაქსიმალური ზიანი მიგვეყენებინა «დამოუკიდებელი აფუსეთისათვის», რაც პარტიზანულმა მოძრაობამ ნაწილობრივ შეძლო.
        ვისი ბრალია ეს «ნაწილობრივობა» - სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, მხოლოდ ხელისუფლების ბრალი იყოს, რომ 250 ათასი დევნილი ქართველისგან (სხვა 4 მილიონს თავი რომც დავანებოთ) 500-ც კი არ აღმოჩნდა საკუთარი მიწა-წყლისთვის ბრძოლის მსურველი.
        თუმცა, იმ პარტიზანებმა, ვინც იბრძოლა, ნამდვილად გააკეთა რაც შეეძლო და შეძლებისდაგვარად გაზარდა სეპარატისტებისთვის მიყენებული ყოველგვარი ზარალის ხარისხი და ოდენობა.
        ამისთვის მათ უდავოდ მადლობა ეთქმით.
        ახლა 1999 წელია. მდგომარეობა თვისებრივად არ შეცვლილა. ობიექტური რეალობა და გარემო - ვითარება საქართველოს სასარგებლოდ არ შეტრიალებულა და შეიძლება, საერთოდაც არ შემოტრიალდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ძირითადი ინტერესი შეიცვალა: საქართველოს უმთავრესი ინტერესი ამ საკითხში კვლავინდებურად ის არის, რომ სეპარატისტულ აფსუეთს მიადგეს მაქსიმალური ზიანი და მოესპოს მშვიდი ცხოვრების, განვითარების ყოველგვარი პირობა; როგორ მოხერხდება ეს, რა მეთოდებით (ბლოკადით, რუსეთის მეშვეობით, თურქეთის მეშვეობით, პარტიზანული აქტივობით თუ სხვა ხერხით), მნიშვნელობა არა აქვს - ნებისმიერ შემთხვევაში, ის დიპლომატიური ძალისხმევა (ამ ფორმითა და ამ სახით), რომელსაც ამჟამად ხელისუფლება მიმართავს, არის უმძიმესი შეცდომა, ვინაიდან საქართველოსთან «გაეროს შუამავლობით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე» მოლაპარაკების ყოველი რაუნდით, არძინბა ახერხებს სეპარატისტებს ჩაუნერგოს რწმენა, რომ «მიუხედავად დიდი ზარალისა, მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ სანუკვარი მიზნისკენ - ანუ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებისკენ».
        აგრეთვე უმძიმესი შეცდომა გამოდგა «მეგობარი ქვეყნების» (დასავლეთის სახელმწიფოთა) ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში, ვინაიდან, თუ მანამდე მათი პოზიცია ერთმნიშვნელოვანი იყო - მოლაპარაკებებში ჩართვის შემდეგ უფრო რბილი და კომპრომისული გახდა: ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან შუამავალი კომპრომისული უნდა იყოს.
        შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოითქვას იმის თაობაზე, თუ რა აიძულებს ხელისუფლებას, გამართოს სეპარატისტებთან არათუ აბსოლუტურად ფუჭი და არაფრისმომტანი, არამედ (ვიმეორებ) საქართველოსათვის საზიანო მოლაპარაკებები.
        ქართველი პოლიტიკოსები, ვგონებ, დღემდე ვერ მიხვდნენ, რომ არძინბას სახით საქმე აქვთ სატანასთან - სატანას კი მომაკვდინებელ ცოდვებში ედება ბრალი და არა უჭკუობაში.
        ყველა-ყველა და, სატანისთვის სისულელე ან უჭკუობა ჯერ არავის დაუბრალებია. ავიღოთ, თუნდაც, არძინბას ინტერვიუ («ნეზავისიმაია გაზეტა») მოლაპარაკებებიდან მესამე დღეს. ამ ინტერვიუში სეპარატისტთა ლიდერი დაწვრილებით ყვება, როგორ შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ასე შემდეგ. მხოლოდ ბოლოს, გაკვრით ახსენებს, რომ შეხვდა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მინისტრსაც. არადა, ვაჟა ლორთქიფანიძის თანხმობის გარეშე, სტეპაშინი და ივანოვი, დღევანდელ ვითარებაში, არძინბასთან შეხვედრას ვერ გაბედავდნენ..... ყოველ შემთხვევაში, ღიად და საჯაროდ მაინც. თორემ საიდუმლოდ, უჩუმრად, გაცილებით ხშირად ხვდებიან მასაც და გაიძვერა ჯერგენიასაც.
        სწორედ ეს იყო არძინბას ერთადერთი მიზანი: დაფიქსირებულიყო (საჯაროდ) მისი შეხვედრის ფაქტი რუსეთის პრემიერ-მინისტრთან (სხვათა შორის, პირველად 1992 წლიდან); და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
        რაც შეეხება არძინბას «ახალ წინადადებებს» - იმთავითვე უნდა ითქვას, რომ მათი მიღება იქნება დანაშაული საქართველოს მიმართ და აი, რატომ: არძინბა გვთავაზობს ლტოლვილთა დაბრუნებას გალის რაიონის ძველ საზღვრებში (დაახლოებით, 90-100 ათასი ადამიანი), მაგრამ მხოლოდ აფხაზეთის (ანუ არძინბას ხროვის) იურისდიქციის ქვეშ. სამშვიდობო ძალთა მანდატის, აგრეთვე, მათი მოქმედების არეალის გაფართოება სეპარატისტთა იურისდიქციას სრულებითაც არ ზღუდავს. სეპარატისტთა მილიციას, სოხუმის ბრძანებით, ექნება საშუალება, გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს, «სამშვიდობო ძალები» მათ ფუნქციებში ვერ ჩაერევიან და, რა თქმა უნდა, არც სურვილი ექნებათ ამისა.
        იმავდროულად, საქართველო უნდა დათანხმდეს ეგრეთ წოდებული «ბლოკადის» გაუქმებას, ანუ იმ მცირეოდენ შეზღუდვებზეც თქვას უარი, რაც ფსოუზე ხორციელდება; სეპარატისტებს ისედაც შემოაქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, მაგრამ საქართველოს თანხმობა «ბლოკადის გაუქმებაზე» უნდათ იმისთვის, რომ ოფიციალურად მიიღონ უფლება და საშუალება ეკონომიკური კავშირურთიერთობისა სხვადასხვა ქვეყანასთან.
        ანუ მოიზიდონ ინვესტიციები და განავითარონ «დამოუკიდებელი აფსუეთის» ეკონომიკა.
        რას მიიღებს სამაგიეროდ საქართველო? - აბსოლუტურად არაფერს! აფხაზეთის იურისდიქციის ქვეშ ვინც დამბრუნებელი იყო, ყველა დაბრუნდა; ამ იურისდიქციის პირობებში, ხვალ ისინი «ქართველები» აღარ იქნებიან. ზეგ «მეგრელები» გახდებიან. მაზეგ კი - «აფსუები».
        ფაქტობრივად, საქართველო დღეს თანხმდება იმაზე (უარესი პირობებით), რაზეც 1992 წელს არ დათანხმდა და ომი დაიწყო; ანუ უარს ვამბობთ უმთავრეს პრინციპზე: რაკი არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ სეპარატისტთა ფაქტობრივ დამოუკიდებლობას, ის მაინც მოვახერხოთ, რომ მივაყენოთ მაქსიმალური ზიანი «დამოუკიდებელ აფსუეთს» და მოვუსპოთ მას განვითარების ყოველგვარი პერსპექტივა.
        სხვა საქმე იქნებოდა, თუ (მაგალითად) სეპარატისტები დაგვთანხმდებოდნენ გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნაზე, ანუ თანხმობას განაცხადებდნენ, შეეზღუდათ ან გაეუქმებინათ სოხუმის იურისდიქცია თუნდაც მხოლოდ გალის რაიონში.
        «ერთობლივი ადმინისტრაციის» შექმნა, ობიექტურად, საქართველოს იურისდიქციის აღდგენას ნიშნავს, ვინაიდან მოსახლეობა (ჯერჯერობით) ქართულია; ანუ ეს იქნებოდა რეალური კომპრომისი, რის სანაცვლოდ შეიძლებოდა, საქართველოს განეხილა რაიმე დათმობა თავის მხრივ, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ არძინბა კატეგორიულ უარს აცხადებს «ერთობლივ ადმინისტრაციაზე».
        ერთადერთი, რაზეც თანხმდება, არის «ადგილობრივი მეგრელების» (როგორც თვითონ უწოდებს) ჩართვა გალის მილიციის შემადგენლობაში.
        მით უარესი საქართველოსთვის - არძინბას იურისდიქციის პირობებში ის «მილიციელები» დამოუკიდებელი აფსუეთის სახელმწიფოებრიობას განამტკიცებენ მხოლოდ.

დილის გაზეთი, 16 აგვისტო, 1999 წელი

მთელ გვერდზე