პუტინის სამიტი

პუტინის სამიტი

     

        გუშინ მოსკოვში დასრულდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საიუბილეო სამიტი, რომელიც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის 10 წლისთავს მიეძღვნა. თავდაპირველად გაურკვეველი იყო, გაემგზავრებოდა თუ არა ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში. იგი აშკარად ყოყმანობდა, თუმცა, რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებაზე უარის თქმა დღევანდელ ვითარებაში ძალიან სერიოზული კონფრონტაციის მომასწავებელი იყო. შევარდნაძემ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ეს არგუმენტი უკანასკნელ კოზირად შემოენახა, თუმცა, შესაბამის ტექნოლოგიასაც მიმართა: დაიბარა საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ანუ იმავე საპარლამენტო ბიუროს წევრები და მათ მოსკოვში აუცილებლად გამგზავრება ურჩიეს. თუმცა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მოსკოვის სამიტი სკანდალის მოსაწყობ ასპარეზად არ გამოდგებოდა და საქართველოს პრეზიდენტი ამას არც აპირებდა.
        პირველი დღე შევარდნაძემ ორმხრივი შეხვედრებისთვის გამოიყენა. იგი შეხვდა სომხეთის, უზბეკეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს. ამათგან ყველაზე საინტერესო იყო უზბეკეთის პრეზიდენტთან საუბარი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ უზბეკეთში დაფუძნდა ამერიკული სამხედრო ბაზა, ხოლო ისლამ კარიმოვს აშკარად ეტყობა ნევროზულობა, ვინაიდან ამერიკელთა შესვლამ ცენტრალურ აზიაში არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ადგილობრივი ისლამისტებიც გააღიზიანა. ჩვენმა უახლოესმა მეზობლებმა - სომხებმა ელექტროენერგიის ვალის გადახდის აუცილებლობა შეგვახსენეს - რობერტ ქოჩარიანი არცერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ «შეატყობინოს», რომ საქართველოს სომხეთისა მართებს.
        რაც შეეხება ჰეიდარ ალიევს, აზერბაიჯანელმა ლიდერმა, სარწმუნო წყაროთა ცნობით, გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერაც არ განუხორციელებია «დიდი გაზსადენის» ხელშეკრულებათა რატიფიცირება, რომელთაც ბაქოში დიდი ზარ-ზეიმით მოეწერა ხელი რამდენიმე თვის წინათ.
        რაც შეეხება თვით სამიტს, განსაკუთრებით მოულოდნელი არაფერი მომხდარა: სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ ერთხმად მიიღო დეკლარაცია პოსტსაბჭოურ სივრცეში ინტეგრაციული პროცესების შესახებ, რომელთაც თან ახლავს საქართველოს შენიშვნათა გრძელი ნუსხა. მაგალითად, ქართული დელეგაცია არ ეთანხმება, რომ დსთ-მ პოზიტიური როლი შეასრულა კონფლიქტების მოწესრიგებაში და სხვა. იმავე წყაროთა ცნობით, უმწვავესი დისკუსია გაიმართა დახურულ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტები და თანამეგობრობის მდივანი ესწრებოდნენ, ანუ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თანამეგობრობაში კვლავაც უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა.
        მაგრამ აქვე უნდა ითქვას: ათი წელია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას სწრაფ სიკვდილს უწინასწარმეტყველებენ, ანუ ელემენტარულად დაშლას. არადა, ის კვლავინდებურად არსებობს. მაშასადამე, რაღაც ფუნქციას მაინც არსულებს და რაღაც დანიშნულება ნამდვილად აქვს, თანაც არა მხოლოდ რუსეთისთვის.
        ყველაზე საინტერესო იყო პუტინისა და შევარდნაძის შეხვედრა კრემლში. რა თქმა უნდა, ქართველმა ლიდერმა პროტესტი გამოთქვა საქართველოს ტერიტორიის დამბობვის გამო. საპირისპირო პრეტენზიები ძნელად სავარაუდო არ არის. როგორც ჩანს, «ნელთბილი» ომის ვითარება თბილისსა და მოსკოვს შორის კვლავაც გაგრძელდება და კარდინალური პრობლემების გადაწყვეტის იმედი უახლოეს მომავალში არ უნდა გვქონდეს.
        ასეა თუ ისე, ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცედ უპყრია ზემძლავრი სახელმწიფოს მართვის სადავეები და უახლოესი ათი წლის განმავლობაში (თუ უფრო მეტი არა) სწორედ მასთან ექნება საქმე საქართველოსაც და პოსტკომუნისტური სივრცის სახელმწიფოთა უმრავლესობასაც.

დილის გაზეთი, 1 დეკემბერი, 2001 წელი