ასლან აბაშიძის წინასაარჩევნო გეგმები ძალზე სერიოზულია

        რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აჭარის ლიდერი ძალზე სერიოზულადაა განწყობილი საარჩევნო ბატალიებისადმი და აპირებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს «აღორძინების» მიერ წინა არჩევნებში მოპოვებული წარმატებები.
        ბათუმში პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეულ პოლიტიკოსთა გახშირებული თავყრილობები მეტყველებს იმაზე, რომ აჭარის ლიდერის გეგმები მხოლოდ «აღორძინებით» არ შემოიფარგლება.
        სავსებით საფუძვლიანი ჩანს ზოგიერთი დამკვირვებლის კლასიფიკაცია, რომელიც კარგა ხანია მიგვანიშნებს «მეორე პოლიტიკურ ცენტრზე» - შტაბ-ბინით ბათუმში.
        აჭარის დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციების აქტიურ მონაწილეთა შორის ვხედავთ სოციალისტურ და ტრადიციონალისტურ პარტიებს, გაერთიანებულ კომუნისტურ პარტიას და ხელისუფლების ძველ ოპონენტებს - ზვიადისტებს. როგორც ეს არასრული ჩამონათვალი მიგვანიშნებს, ბათუმში თავს არ იყრიან ერთი რომელიმე პოლიტიკური პლატფორმის წარმომადგენლები. პოლიტიკური ძალების შემადგენლობა ძალზე ჭრელია და არჩევნების წინ ანგარიშგასაწევი ფინანსური დახმარების მიღების სურვილის გარდა, ყველა მათგანს აერთიანებს მრავალფეროვანი, შეურიგებელი პრეტენზიები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ.
        ცენტრსა და რეგიონს შორის პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელიც სულ უფრო თვალშისაცემი ხდება, მეტი სიმწვავე შესძინა აბაშიძის ამასწინანდელმა გან - ცხადებამ მის საწინააღმდეგოდ ცენტრში მომზადებული ტერაქტის შესახებ. ასეთი განცხადება უკვე სცილდება «ძალთაშორის პოლიტიკური პაექრობის» საზღვრებს და საქართველოს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელზედაც უკვე ორჯერ განხორციელდა თავდასხმა, არ შეეძლო მას არ გამოხმაურებოდა.
        იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ შესაბამისი უწყებები მთელი სერიოზულობით მოეკიდებიან პრობლემას (არადა, ყველა მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სწორედ ასეა საქმე) და ნათელს მოჰფენენ სკანდალურ განცხადების საფუძვლიანობას. საქართველოს უახლესი ისტორია, სამწუხაროდ, სავსეა არა მხოლოდ ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე გაჩაღებული კონფლიქტებით, არამედ ტერორისტული აქტებისა და სისხლიანი ანგარიშსწორების შემთხვევებით.
        ბოლო წლების სტაბილურმა მდგომარეობამ, ქვეყნის მოქალაქეებს შეუქმნა რწმენა, რომ სამუდამოდ უკან მოიტოვეს ჩვენი ისტორიის სამარცხვინო ხანა ანუ ძალთა დაპირისპირებამ საქართველოში მიაღწია პოლიტიკური კულტურის იმ დონეს, რომელიც გამორიცხავს ანგარიშსწორების არცთუ იოლად დასაჯერებელ გეგმებს, რომელთა შესახებ აჭარის ლიდერი საუბრობს.
        რაც შეეხება ბათუმის პოლიტიკურ ძალებსა და საშუალებებს, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პოპულარული ლეიბორისტების «გამონაპირება» შესაძლოა, უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს თავად აბაშიძისა და «აღორძინებისათვის», ვიდრე ბათუმში თავმოყრილი მემარცხენე პარტიებისათვის, რომელთა საარჩევნო ხმებზე აქტიურად «იმუშავებენ» ლეიბორისტები.

მერიდიანი, 29 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე