ბაკურ გულუა - უჭკნობი ფუნქციონერი

ბაკურ გულუა - უჭკნობი ფუნქციონერი

 

    ბოლო დროს პრეზიდენტი მინისტრებს იშვიათად აქებს. ედუარდ შევარდნაძე ძალზე ზომიერად და ფრთხილად «ხარჯავს» ეპითეტებს თავის ხელქვეითების მუშაობის შესაფასებლად. რაც უფრო უმნიშვნელო და მცირე გავლენის მქონეა ესა თუ ის ფიგურა, მით უფრო ხშირად იხსენიებს მას «თბილი სიტყვებით» და პირიქით: რაც უფრო მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს ამა თუ იმ მოღვაწეს, პრეზიდენტი მით უფრო «ძუნწია». ამდენად, შევარდნაძის ბოლო შეფასება - «სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო კარგად მუშაობსო» - უეჭველად დამაფიქრებელი სიმპტომია.

    ედუარდ შევარდნაძე რას ფიქრობს და რას აპირებს, ძნელია განსაზღვრო, მაგრამ ყველა მინისტრმა კარგად იცის, რომ მისი რეაქცია შინაარსობრივად ხშირად სწორედ საპირისპირო მუხტს შეიცავს. ამიტომაც ჩამოყალიბდა არც თუ ისე მცდარი სტერეოტიპი: შევარდნაძის შექება მის განსაკუთრებულ კეთილგანწყობას ან დიდ უბედურებას მოასწავებს.
        ბაკურ გულუა «საბჭოთა კომუნისტური ფუნქციონერის» ტიპიური წარმომადგენელია. იგი, როგორც ბევრი სხვა, კომკავშირული ასპარეზიდან მოვიდა ჯერ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში, შემდეგ კი დიდ პოლიტიკაში. «ფოთის ექსპერიმენტი» (ბაკურ გულუა იმ დროს ფოთის ქალაქკომის პირველი მდივანი იყო) მისთვის ახალი ეპოქისა და ახალი «კომუნისტური იმიჯის» სავიზიტო ბარათი გახდა. არავინ უწყის, რისთვის დასჭირდა მაშინდელ ცკ-ს მდივანს, ამხანაგ ედუარდს ფოთის, აბაშის და ა.შ. ექსპერიმენტები. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ შრომის ნაყოფიერების «ასამაღლებლად» რომ არ იყო საჭირო «მშრომელთა მატერიალური დაინტერესება», ცხადია.
        როგორც ჩანს, შევარდნაძე უკვე იმ დროს კრებდა გუნდს, რომელიც მომავალში მისი დასაყრდენი უნდა გამხდარიყო. ამ გუნდმა გაუმართლა კიდეც, ოღონდ ბაკურ გულუა უფრო მეტად ამბიციური აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ, იმ საშინელ დროს. ბევრს უკვირდა კიდეც, რატომ ბრუნდებიან კომუნისტი ფუნქციონერები ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში, ხოლო შემდეგ კი არ ერიდებიან შევარდნაძის გუნდში «ჩაწერას?» არადა, სწორედ ეს არის ბუნებრივი. გასაკვირი ის იქნებოდა, ბაკურ გულუას, ნოდარ ჭითანავას და სხვებს პრინციპულობა და რომელიმე კონკრეტული გუნდისადმი მსოფლმხედველობრივი ერთგულება გამოემჟღავნებინათ.
        ქართული ფუნქციონერების - ქართველ (საბჭოთა) ფუნქციონერთა თვისება სწორედ უპრინციპობაა. უფრო ზუსტად, ისინი თვლიან, რომ ნებისმიერი პრინციპი შეუთავსებელია საქმესთან. მთავარია, კიდევ ერთხელ მოხვდნენ ელიტაში და როგორმე ფუნქცია დაიბრუნონ. ბაკურ გულუამ ისიც შესანიშნავად იცის, რომ ფუნქციონერთა გარეშე პრეზიდენტი ვერაფერს გახდება; იცის, რომ მისი დაწინაურება წყალობა კი არა, სტრატეგიაა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. სწორედ ამიტომ გათამამდა იგი და არჩევნების წინ თითქოსდა დიდი რისკის ფასად საკუთარი პარტია შექმნა. სინამდვილეში გამოცდილი ფუნქციონერი ხვდებოდა, რომ შევარდნაძის გამარჯვება გარდაუვალი იყო და მის პოზიციასაც არაფერი ემუქრებოდა. პრეზიდენტი კი ღიმილით ადევნებს თვალს ფუნქციონერთა გაწამაწიას - ითამაშეთ, შვილებო, ითამაშეთ, თქვენი დროც მოვა.

მერიდიანი, 10 ივნისი, 1997 წ.