გენერალ ლებედის კომენდანტის საათი

გენერალ ლებედის კომენდანტის საათი - ეროვნული მოძრაობა

გენერალ ლებედის კომენდანტის საათი

10 აპრილს თბილისში ჩამოვიდა სკკპ პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მაგრამ იგი ჩამოვიდა არა მარტო, არამედ პოლიტბიუროს წევრ რაზუმოვსკისთან ერთად.
    ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტია. რაზუმოვსკი შევარდნაძეს გორბაჩოვის ბრძანებით გამოჰყვა. ანუ შევარდნაძე დამოუკიდებლად თბილისში ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ამ მაგალითითაც სჩანს, რამდენად ენდობოდა (სინამდვილეში) გორბაჩოვი თავის «ქართველ მეგობარს», რომელიც ზესახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
    შევარდნაძე გრძნობდა, რომ 9 აპრილი, გარკვეულწილად, რუსული გენერალიტეტისა და რუსული შოვინისტური საზოგადოების მისდამი სიძულვილის გამოხატულებაც იყო. რუსულმა საზოგადოებამ ვერაფრით აპატია გორბაჩოვს «სპეკულიანტი გრუზინების» წარმომადგენლის დანიშვნა მშობლიური «დერჟავის» საგარეო საქმეთა მინისტრად. ხოლო შევარდნაძე იქნებოდა თუ რომელიმე სხვა «გრუზინი», - ამას მნიშვნელობა არა აქვს.
    ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივია გენერალ ლებედის მოგონება, რომელიც 9 აპრილის დღეებში 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკს მეთაურობდა და «კომენდანტის საათს» უშუალოდ ახორციელებდა. მისი წიგნის შესაბამის თავს «Тбилисская смута» ეწოდება.
    ალექსანდრე ლებედი იგონებს, რომ თბილისში რუსმა სამხედროებმა (მისმა კოლეგებმა) შესჩივლეს: «შევარდნაძე ძაღლადაც არ გვაგდებს, გამარჯობასაც არ გვეუბნება, გამოვა სახლიდან და ისე ჯდება მანქანაში, ჩვენსკენ ერთხელაც არ გამოიხედავსო».
    ლებედმა ეს სცენა საკუთარი თვალითაც იხილა ერთხელ და კოლეგებს ასეთი რჩევა მისცა: «თუ შევარდნაძე არ გესალმებათ, ნურც თქვენ მიესალმებით, ის თუ არ იხედება თქვენსკენ, ნურც თქვენ გაიხედავთ მისკენ - თუ ის არაფრად გაგდებთ, ნურც თქვენ ჩააგდებთ».
    შემდეგ გენერალი ლებედი აშკარა შოვინისტური ტკბობით აღწერს სცენას, რომელიც მომდევნო დღეს გაიმართა: «მეორე დილით შევარდნაძე გამოვიდა თავისი რეზიდენციიდან ჩვეულებისამებრ «მჟავე სახით», არავის მისალმებია იქვე მყოფი სამხედროებიდან, მაგრამ არც მას მიესალმა ვინმე, - სამხედროებიც ასეთივე «მჟავე სახით» იდგნენ მის გარშემო მდუმარედ და ყურადღებას არ აქცევდნენ.»
    ედუარდ შევარდნაძე ყოველივე ამას, რასაკვირველია შეამჩნევდა, მაგრამ მისი მთავარი თვისება საოცარი მოთმინებისა და თავდაჭერილობის უნარია. თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის რა უტრიალებდა გულში: შეუძლებელია 9 აპრილი მას პიროვნულ შეურაცხყოფად არ აღექვა.
    ნამდვილად საცოდავნი და უბადრუკნი არიან ისინი, ვინც დღემდე ფიქრობს, თითქოს 9 აპრილი შევარდნაძისათვის პიროვნულად არაფერს ნიშნავდა. სინამდვილეში 9 აპრილის მოვლენები, ისევე, როგორც ვიქტორ ასტაფიევის პასკვილის გამოქვეყნება, - რუსული შოვინიზმის ორი გამოვლინება იყო. შევარდნაძემ ეს იგრძნო, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია.
    არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საკუთარი ეროვნული თვისებრიობის დაძლევა შეეძლოს, - რომც სურდეს.

    (რაც შეეხება გენერალ ლებედს, - რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებისადმი სიძულვილს იგი აფხაზეთშიც უხვად დაირწყულებს. უფრო მოგვიანებით კი, მოვა დრო, როდესაც «მოძრაობის» ლიდერები მასთან ერთად იქეიფებენ ბათუმში და «ვახტანგურად» (ბრუდერშაფტ) შესვამენ «საქართველოსა და რუსეთის ერთიანობის» სადღეგრძელოს იმ სალდაფონთან, რომელმაც, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, პირსისხლიანი როდიონოვი დანიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრად ერთადერთი ნიშნით, - 9 აპრილის «დამსახურების» გამო!)
   

    9 აპრილს, შუადღისას, ტელევიზიით გამოვიდა «წაშლილი და განადგურებული» ჯუმბერ პატიაშვილი. თუმცა მისი სიტყვები მაინც ძალზე ნიშანდობლივი იყო: «რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს ამჟამად თქვენს წინაშე გამოსვლა. . . . ამის გვეშინოდა, ამას ვერიდებოდით. . . . ეს უნდოდათ, ამისკენ ისწრაფვოდნენ. . . . აქეთ მიჰყავდათ და აი. . . .»
    პატიაშვილი ნამდვილად განიცდიდა მომხდარს. მით უმეტეს, რომ ნათლად აცნობიერებდა საკუთარ ისტორიულ პასუხისმგებლობას. ჯუმბერ პატიაშვილს ისტორია არ აპატიებს იმას, რომ საქმე 9 აპრილამდე მიიყვანა. თორემ რაკი საქმე აქამდე მივიდა, რაკი დაიწყო საბედისწერო მიტინგი, - შემდეგ სისხლისღვრა უკვე გარდაუვალი იყო. სწორედ ეს არის პატიაშვილის დანაშაული და არა თვით 9 აპრილის სასაკლაო, - რაშიც მას (ქართული მხრიდან) მიტინგის ორგანიზატორებზე გაცილებით ნაკლები ბრალი მიუძღვის.
    10 აპრილს, საღამოს, შევარდნაძის მონაწილეობით გაიმართა პირველი შეხვედრა 31-ე ქარხნის «კოლექტივთან». პატიაშვილის თქმით (იგი ოდნავ გამოცოცხლებული ჩანდა და რუსულად ლაპარაკობდა), არაფორმალთა ლიდერები ჯარის გამოჩენისთანავე გაიქცნენ (уплыли), ხოლო დაიღუპნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანები.
    რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გამოსვლისას, შევარდნაძემ მთელი საქართველოს გასაგონად თქვა: «ეს ჭრილობა უნდა მოვიშუშოთ». მაგრამ მას ალბათ თავად აღარ სჯეროდა საკუთარი სიტყვებისა: 9 აპრილის «მოშუშება» შეუძლებელი იყო.
    მეცნიერებათა აკადემიაში შევარდნაძე-რაზუმოვსკის სტუმრობისას, ირაკლი აბაშიძემ წარმოთქვა ძალზე ნიშანდობლივი სიტყვა: მან გაიხსენა მე-20-ე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლა სტალინის კულტის წინააღმდეგ, როდესაც ხრუშჩოვი ლამის ყოველი ფრაზის შემდეგ ამატებდა: «Вот вам великй сынu грузинского народа, вот вам сын Грузии…” ანუ 9 აპრილის თაობაზე საუბრისას მან სწორედ ეს შეურაცხყოფა გაიხსენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენი მნიშვნელობა ჰქონდა 9 მარტს საქართველოში ცნობიერი პროცესების შემდგომი, დამანგრეველი განვითარებისათვის.
    რექტორი ნოდარ ამაღლობელი შევარდნაძეს უნივერსიტეტში მისვლას არ ურჩევდა. თუმცა, თავისთავად ასეთი «რჩევა» უკვე იმთავითვე ნიშნავდა, რომ შევარდნაძე იქ აუცილებლად მივიდოდა და სტუდენტთა მღელვარებას არ მოერიდებოდა.
    დათო ტურაშვილი: «თუ არაფერი შეიცვლება, ჩვენ იარაღს მოვკიდებთ ხელს».
    გელა დოლიძე: «ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ბატონო ედუარდ, არის თქვენი ბრალი».
    მარიკა ლორთქიფანიძე: «Уже не вызывает сомненй факт применения химичесского оружия».
    ედუარდ შევარდნაძე: «გარდაქმნის პროცესში ყველაზე რთული ადამიანის ფსიქიკის შეცვლა ყოფილა. . . . როცა საქმე ტანკებამდე მივა, ის ბავშვი კი არ უნდა დაუწვეს ტანკს, - შენ უნდა დაუწვე ტანკს. . . .. საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე.»
    მაგრამ ყველაზე ემოციური კინოს სახლში შეხვედრა გამოდგა. გურამ პეტრიაშვილმა რაზუმოვსკის მიმართა: «Передайте Горбачёвым, Лигачёвым, всем другим овым . . . . уйдите из сибири, там живут чуваши, ато лопнете как жаба!»
    ირაკლი შენგელაიამ წაიკითხა მცირე ლექცია 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის გარემოებათა შესახებ.
    ნოდარ ნათაძე: «სკოლის მოსწავლეებს ეუბნებიან, ქუჩაში არ გახვიდეთ, - გესვრიანო. ისინი პასუხობენ: «გვესროლონ მაგათი დედაც ვატირე!» ამ ფრაზას დამსწრე საზოგადოების მქუხარე ტაში მოჰყვა
    აკაკი ბაქრაძე: «აქვს თუ არა უფლება პარტიას, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში ან დანაშაულს ჩადიოდა, ან თავს იმართლებდა ამ დანაშაულისათვის, მართოს ქვეყანა? ვპასუხობ, - არა, არა აქვს!»
    საღამოს ედუარდ შევარდნაძემ საკავშირო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: Мы договариваемся с другими государствами, но порой не можем договорится с собственным народом“.

    თბილისში კი კომენდანტის საათი ხორციელდებოდა. რუსი სამხედროები მთელი ღამის განმავლობაში დაჰქროდნენ მანქანებით დაცარიელებულ ქუჩებში, აპატიმრებდნენ წესრიგის დამრღვევთ, რუსთაველის გამზირზე ხეებიდან ჰგლეჯდნენ «ლირიულ-პატრიოტული» შინაარსის წერილებსა და ლექსებს.
    ქალაქის ცენტრში ძირითადად ელიტარული სადესანტო შენაერთები განლაგდნენ. გარეუბნები კი აივსო ჭუჭყიან «ხე-ბე»-ში გამოწყობილი უზბეკი, თათარი და «ჩუჩმეკი» ჯარისკაცებით, რომლებიც იქვე, გზის პირას იცვლიდნენ «პორტიანკებს». მათ მიეცათ შესანიშნავი საშუალება (ისევე, სხვათა შორის, როგორც თვით 9 აპრილის მიტინგის დამრბევ ჯარისკაცებს) შური ეძიათ საძულველ «გრუზინებზე», რომლებიც ჯარში მათ ყველანაირად ამცირებდნენ და თავის ნაცვლად ამუშავებდნენ. რაკი ასეთი შანსი მიეცათ, მას, რასაკვირველია, ხელიდან არ გაუშვებდნენ.
    საავტომობილო მაგისტრალები ქალაქში ტანკებით იყო გადაკეტილი. «ჩელიუსკინელების ხიდზე» (დღევანდელი «თამარ მეფის გამზირის» ხიდი) იდგა ტ-72, რომელსაც ლულა გზის სიღრმეში ჰქონდა გაშვერილი, რათა მანქანებს ნელა ემოძრავათ, - როგორც შეეფერება კომენდანტის საათს.
    10 აპრილს სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში მიტინგის გამართვა სცადეს. რუსმა მედესანტეებმა ჰაერში გახსნეს ცეცხლი. სტუდენტები შენობაში შეცვივდნენ. მათთან ერთად იყვნენ აკაკი ბაქრაძე და პარმენ მარგველაშვილი. ორიოდე საათის შემდეგ ახალგაზრდები უნივერსიტეტის უკანა კარიდან გამოუშვეს. მოძრაობას არეგულირებდნენ კიროვობადის (განჯა) საჰაერო-სადესანტო დივიზიის 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ჯარისკაცები, რომლებიც ნიჩბებით (სწორედ «იმ» ნიჩბებით) იყვნენ შეიარაღებულნი. გოლიათური აღნაგობის რუს ჯარისკაცებს, რომელნიც სულ ახლახანს დაბრუნებულიყვნენ ავღანეთის ჯოჯოხეთიდან, თბილისური ორომტრიალი, რასაკვირველია, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ.

    ამასობაში, ქართული «ელიტარული ინტელიგენცია» დიდ ფაცი-ფუცში იყო. სალონური შეკრებებისას მომხდარს «აანალიზებდნენ» რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, მწერლები და თვიანთი პოლიტიკური ინტელექტის შესაბამისი ბრძნული დასკვნებიც გამოჰქონდათ.
    ერთ-ერთ ასეთ სალონურ შეკრებაზე გადაწყვიტეს, ჯუმბერ პატიაშვილის ნაცვლად, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის პოსტზე რეზო ჩხეიძის კანდიდატურა წარედგინათ. ამასთან დაკავშირებით სერიოზული «ბრძოლის» გამართვასაც კი აპირებდნენ პლენუმზე, რომელსაც პირველი მდივანი უნდა «აერჩია».
    რეზო ჩხეიძე «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენელი კი იყო, მაგრამ კომუნისტურ მმართველ წრეში უშუალოდ არ შედიოდა, ამიტომ მისი კანდიდატურა ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ქართული კომუნისტური ნომენკლატურის, ასევე მოსკოვისათვის.
    არ არის გამორიცხული, სხვა «ელიტარულ ინტელიგენტებსაც» გაელაშქრათ მის წინააღმდეგ პრინციპით: «რატომ ის და არა მე?» ყოველ შემთხვევაში ამგვარი რამ საქართველოსათვის უფრო თვისებრივი და ჩვეულებრივი იქნებოდა, ვიდრე თუნდაც ამ საკითხში ერთიანობა და ერთსულოვნება.
    გორბაჩოვის «წინადადებით», პლენუმმა გივი გუმბარიძე დაამტკიცა. პროგრამა «время»- მ უჩვენა ინტერვიუ სიხარულით სახეგაბადრულ, ახლადგამოჩეკილ ცკ-ს პირველ მდივანთან. კითხვაზე, არის თუ არა ანტირუსული განწყობა საქართველოში, გუმბარიძემ უპასუხა: «ამგვარი დასკვნისათვის არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს». თუმცა, ამ განცხადებისა არც საქართველოში, არც რუსეთში უკვე აღარავის სჯეროდა და მართალნიც იყვნენ.

    «კომენდანტის საათი» თბილისში 18 აპრილს (ტრაგედიიდან 9 დღის შემდეგ) გაუქმდა. სამხედრო რეჟიმის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა, - საზოგადოება განადგურებული და სასოწარკვეთილი იყო საკუთარი უმწეობით. არავითარი საშიშროება (კრემლისათვის) რაიმე ექსცესისა აღარ არსებობდა.
    18 აპრილს, კომენდანტის საათის გაუქმებით, პროცესები საქართველოში თვითდინებაზე მიუშვეს. «მოსკოვი» დარწმუნდა, რომ 9 აპრილის შედეგად წარმოშობილი ტალღა ფოლადის კედელს შეეხეთქა და ვეღარც წარიმართებოდა სხვა მიმართულებით, - მისთვის წინასწარ მომზადებული კალაპოტის თვინიერ.

    გუმბარიძის ხელისუფლებამ, ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოთხოვნით, ციხიდან გაათავისუფლა 9 აპრილის შემდეგ დაპატიმრებული დისიდენტები: საბედისწერო მიტინგის მთავარი ორგანიზატორი ირაკლი წერეთელი; აგრეთვე ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გია ჭანტურია.
    ტრაგედიის «ორმოცზე» რუსთაველის გამზირზე მოეწყო სამგლოვიარო მსვლელობა. უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვის ადგილას ხალხმა დაიჩოქა და, იმავდროულად, მუშტშეკრული მარჯვენა შემართა.
    ამ რიტუალის ერთ-ერთი მონაწილის ფოტო რუსეთისა და მსოფლიოს მრავალმა გაზეთმა გამოაქვეყნა. ეს ფოტო ბევრ თქვენთაგანს უნახავს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ: მუხლებზე დაჩოქილ, ბრგე, თავჩაქინდრულ მამაკაცს მუშტად შეკრული მარჯვენა აქვს ზეაწეული.
    მეტი აბსურდი წარმოუდგენელია! - ან დაჩოქილი და თავჩაქინდრული უნდა იყო, ან ფეხზე მდგომი, თავაწეული და მუშტშემართული. ორივე ერთად არაფერს გამოხატავს. უფრო სწორად, გამოხატავს მხოლოდ უმწეო, უილაჯო, უბადრუკ პროტესტს, რომელიც არც თანაგრძნობას იწვევს და არც სიბრალულს.
    სწორედ ეს აბსურდული სურათი ასახავს იმდროინდელი საქართველოს, 9 აპრილის შემდგომი ქართული საზოგადოების სულიერ მდგომარეობას.
    მსგავსი რამ თუ ვინმეს სადმე სხვაგან უნახავს, მზადა ვარ ბოდიში მოვიხადო. ანუ, თუ ვინმეს უნახავს რომელიმე ქვეყანაში პროტესტის ასეთი ფორმა, ამგვარი პოზით მისი გამოხატვა: მუხლებზე დაჩოქილი მამაკაცი (მით უმეტეს, ათასობით ადამიანი) თავჩაქინდრული და, იმავდროულად, მაღლა აღმართული მუშტშეკრული მარჯვენით.
    უმწეო, უილაჯო, სასოწარკვეთილი პროტესტის ეს ფორმა, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ კრახსაც გამოხატავდა, - ძალიან მძიმე, საზარელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა საქართველოს.
    და ეს წინასწარმეტყველება, სამწუხაროდ, მთლიანად ახდა

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა