აფხაზეთში კვლავ გაგრძელდება «სამშვიდობო ოპერაცია»

        საგარეო საქმეთა სამინისტროდან სარწმუნო წყაროთა ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გასცა განკარგულება დაუყოვნებლივ გაიყვანონ სამშვიდობო კონტიგენტი აფხაზეთიდან, თუ საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდება აფხაზეთში რუს «ცისფერჩაფხუტიანთა» მანდატის გაგრძელებას.
        ეს მითითება იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის, რა თქმა უნდა, გაცილებით ხელსაყრელია სამშვიდობო კონტიგენტის საკითხი «ჰაერში იყოს გამოკიდებული», ვიდრე ერთმნიშვნელოვნად დადასტურდეს მათი აფხაზეთში ყოფნის კანონიერება.
        მაგრამ ეს კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისათვის, რომელსაც დიპლომატიური პრობლემები ექმნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, - საკუთარი შეიარაღებული ძალების სტატუსის გარეშე დარჩენის შემთხვევაში. ამიტომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა აიძულოს ქართული და აფხაზური მხარეები, ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირონ პოზიცია სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით, - აფხაზურ მხარეს «იძულება» არც სჭირდება, ვინაიდან იგი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, შეინარუნოს რუსული «სასაზღვრო კონტიგენტი» მდინარე ენგურის გასწვრივ; წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველომ რომც არ მოინდომოს აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრა, სოხუმი მაინც იძულებული იქნება მნიშვნელოვანი ძალების კონცენტრაცია მოახდინოს ენგურთან, რათა თავი დაიზღვიოს შესაძლო გართულებებისაგან – გაძვალტყავებული აფხაზეთის ეკონომიკა კი ამას ვერ გაუძლებს, იგი ისედაც სულს ღაფავს.
        მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, ელცინის მრისხანე მითითება ბლეფი იყოს და რუსეთმა არსადაც არ გაიყვანოს ჯარი იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო ვადას არ გააგრძელებს.
        ოღონდ, რასაკვირველია, კრემლისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა საკუთარი სამშვიდობო კონტიგენტის ლეგიტიმაცია კონფლიქტის ზონაში, მაგრამ არც საპირისპირო შემთხვევაში შეექმნება რაიმე გადაულახავი პრობლემა – რუსი «მშვიდობისმყოფელები» აფხაზეთში დსთ-ს სამიტიდან - სამიტამდე საერთო ჯამში 8 თვის განმავლობაში (სხვადასხვა პერიოდულობით) ყოველგვარი სტატუსის გარეშე იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, რუსეთის ინტერესებს ისინი მაინც «მშვენივრად» ახორციელებდნენ.
        საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არცთუ სასიამოვნო დილემის წინაშე აღმოჩნდა. უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზედაც მიიღებენ გადაწყვეტილებას მანდატის ვადის გაგრძელების შესახებ. მაგრამ პრეზიდენტი აშკარად არ ჩქარობს სხდომის მოწვევას (შესაბამისი დღის წესრიგით), ვინაიდან ელის, როგორ განვითარდება მოვლენები მოსკოვში.
        მას, რასაკვირველია, აქვს იმედი, რომ ელცინი ბოლომდე თანმიმდევრული არ იქნება და არ დაიჟინებს ქართული მხარის თანხმობას – ოფიციალური თბილისი ხომ სამხედრო კონტიგენტის გაყვანას არ მოითხოვს (ასეთი მოთხოვნა უკვე სულ სხვა რეალობას შექმნიდა), არამედ, უბრალოდ, «არ უგრძელებს» მანდატის ვადას რუს ცისფერჩაფხუტიანებს, რაც, რა თქმა უნდა, არის «გაყვანის» მოთხოვნის ტოლფასი.
        თუმცა აქვე უნდა ვთქვათ: საქართველოს მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, რუსეთი სამშვიდობო კონტინგენტს უმალვე არ გაიყვანს – კარგა ხანს გვაწვალებს, იარაღს სეპარატისტებს დაუტოვებს და მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს ენგურის აუზს, როცა დარწმუნდება, რომ საქართველო კიდევ უფრო წამგებიან პოზიციაში რჩება.
        ამჟამად აფხაზეთში ომის წამოწყება ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს. ჯერ ერთი, აფხაზეთში «იოლად გამარჯვების» სურვილი (თუკი საერთოდ გამარჯვებისა) არავის არ შეიძლება ჰქონდეს _ რუსეთს კვლავ დავეხმარებით (ისევე, როგორც 1992 წელს) განმუხტოს მზარდი დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში.
        გარდა ამისა, საარჩევნოდ ახალი სამხედრო კამპანია მთლიანად დაანგრევს ყოველგვარ პოლიტიკურ კონსტრუქციას და შექმნის პირობებს სახელმწფიოებრივი ლეგიტიმურობის დაკარგვისათვის.
        ევროპაში ზარ-ზეიმით შესვლაც სულ სხვაგვარად შემოგვიბრუნდება _ კოსოვოს მოვლენები ადასტურებს, რომ დასავლეთი არ შეურიგდება ეროვნული უმცირესობის პრობლემათა ძალისმიერ გადაწყვეტას; აქედან გამომდინარე, საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, დასავლეთის მხარდაჭერაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მით უმეტეს, დასავლეთი იუგოსლავიაში აწარმოებს ომს და პოსტსაბჭოური სივრცისათვის ნამდვილად არ სცალია.
        აქედან გამომდინარე, რუსეთს ექნება სრული კარტ-ბლანში, ანუ, როგორც კონსტანტინე ზატულინი იტყვის ხოლმე: «მოქმედების სრული თავისუფლება და ხსნილი ხელები».
        ბუნებრივია, არძინბას ფორმირებებს რუსეთი უეჭველად გამოიყენებს, რათა ჩაშალოს ყველა საკომუნიკაციო პროექტი საქართველოს ტერიტორიის გავლით.
        აქედან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი (თუ ომის განახლება არ გვსურს): დავტოვოთ რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში ან გავიყვანოთ ეს კონტიგენტი, ოღონდ მოველაპარაკოთ სეპარატისტებს, რომ არ განვაახლებთ ომს.
        უფრო სწორედ, ჩვენ ვიკისროთ პასუხისმგებლობა ომის განუახლებლობის თაობაზე, თორემ სეპარატისტებს რაღა აქვთ საომარი?
        ამგვარი რამ არძინბამ და ჯერგენიამ ნამდვილად შესთავაზეს ვაჟა ლორთქიფანიძეს სოხუმში მოლაპარაკებების დროს, თუმცა საეჭვოა, ასეთმა შეთანხმებამ (მისი გაფორმება «საზღვარგარეთ», აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი შეიძლება გახდეს) შედეგი გამოიღოს; ბუნებრივია, სამშვიდობო ძალთა გაყვანის შემდეგ გალის რაიონში ვითარების მართვა საერთოდ შეუძლებელი გახდება.
        მცირე შეტაკებები გადაიზრდება ფართომაშტაბიან ომში ყველა ზემოაღწერილი შედეგით. ამიტომ, ოპტიმალური გადაწყვეტილება (რაციონალური, და არა ემოციური) მაინც დღევანდელი ვითარების შენარჩუნებაა – ყოველ შემთხვევაში, ბალკანეთზე ომის დამთავრებამდე.

მერიდიანი, 7 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე