აირჩიეს კუჭით და არა გულით

აირჩიეს კუჭით და არა გულით

 

    ჯერ განვიხილოთ შედეგი: მთელი ქვეყნის მაშტაბით ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო «სახელისუფლებო პარტიამ», თუმცა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს «მემარცხენე პარტიებმა» და პირიქით, ანალოგიური შედეგის შემთხვევაში, «მემარჯვენე პარტიები» 1999 წელს საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ლანდშაფტიდან.
    ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ «მოქალაქეთა კავშირი» ამ არჩევნებში დამარცხდა, ვინაიდან თბილისში, ერთად აღებული ოპოზიციური პარტიების «ქულები» აღემატება მმართველი პარტიისას. ეს აშკარად მცდარი შეხედულებაა, _ სინამდვილეში, 1998 წლის არჩევნებმა დაგვანახა, რომ «მოქალაქეთა კავშირმა» 1996 წლის შემდეგ არათუ დათმო, არამედ განიმტკიცა პოზიციები.
    ჯერ ერთი, თითქმის ყველას დაავიწყდა, რომ «მოქალაქეთა კავშირის», «ლეიბორისტების», «სოციალისტების», აღორძინების», «ედპ-ს» «სახალხოსა» და «ტრადიციონალისტების» მიერ მოპოვებული ხმების ჯამი მთლიანობაში მაინც არ შეადგენს 100%, ამიტომ ამუშავდება «შევსების» პრინციპი და იმ პარტიებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს, პროპორციულად დაემატებათ ადგილები მოგროვებული ხმების შესაბამისად.
    ამ თვალსაზრისით ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში ისევ «მოქალაქეთა კავშირი» აღმოჩნდება, ვინაიდან ხმების უმრავლესობა სწორედ მან მიიღო.
    გავიხსენოთ, რა მოხდა 1995 წელს. მთელი ქვეყნის მასშტაბით «მოქალაქეებმა» ხმათა მხოლოდ 18-20% დააგროვეს, «ედპ-მ» და «აღორძინებამ» აგრეთვე შეძლეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ ვინაიდან შემდგომ მოხდა «შევსება» ას პროცენტამდე, «მოქალაქეთა კავშირმა» შეძლო პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება.
    15 ნოემბრის არჩევნებზე მმართველმა პარტიამ, მთელი ქვეყნის მაშტაბით, 40%-ი მოაგროვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 5%-იანი ბარიერი მხოლოდ «აღორძინებამ» და «ლეიბორისტებმა» გადალახეს, შეიძლება დავასკვნათ: ასეთი შედეგით «მოქალაქეთა კავშირი» არათუ აბსოლუტურ, არამედ კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებდა პარლამენტში, თანაც მხოლოდ «პროპორციული» წესით არჩეული დეპუტატებით - «მაჟორიტართა» დაუხმარებლად.
    გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ელექტორატის დაბალი აქტივობა. თბილისში ამომრჩეველთა მესამედ ძლივს მოგროვდა, დანარჩენებმა საარჩევნო უბნებში მისვლით თავი არ შეიწუხეს; პოსტსაბჭოური ქვეყნების გამოცდილება კი გვასწავლის: «პასიური ელექტორატი» ძირითადად სწორედ ხელისუფლების მხარდამჭერია (უმეტეს შემთხვევაში). არ დაიჯეროთ, თითქოს არჩევნებში იმ ხალხმა არ მიიღო მონაწილეობა, ვინც «აღარავის ენდობა და ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული» _ ასეთი კატეგორიის ამომრჩეველს ის მოტივაცია მაინც აქვს, რომ ხელისუფლება გაამწაროს (თავისი გამწარებისთვის) _ მივიდეს საარჩევნო უბანში და რადიკალურ ოპოზიციას მისცეს ხმა. შეიძლება ამ ოპოზიციასაც არ ენდობოდეს, მაგრამ მისთვის მთავარი «ხელისუფლებაზე შურისძიება» იქნებოდა.
    ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ 15 ნოემბერს ხელისუფლების კურსის მოწინააღმდეგეთა სრული შესაძლებლობა გამოვლინდა; ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ; ხოლო ის ელექტორატი, რომელიც პრინციპში, «ხელისუფლების პარტიას» აძლევს ხმას, გაისად კიდევ შეიძლება გაიზარდოს _ თუ რასაკვირველია, ქვეყანაში რამე მნიშვნელოვანი კატაკლიზმი არ მოხდა და მდგომარეობა თვისებრივად არ შეიცვალა ვთქვათ, ახალი ომის, სახელმწიფო გადატრიალების, «პირველი პირის» მკვლელობის თუ სხვა მოვლენათა შედეგად.
    «მემარცხენე ოპოზიციის» მთავარი (შესაძლოა გარდაუვალი და აუცილებელი) შეცდომა ის იყო, რომ მან საარჩევნო აგიტაცია ააგო კვლავ «სიმპათიის არჩევნების» პრინციპებზე, ანუ არ გაითვალისწინა დღევანდელი ელექტორატის თავისებურება, - 1998 წლის საქართველოს თვისებრიობა.
    1995 წლიდან ქვეყანაში ძალზე ბევრი რამ შეიცვალა. რეალურად დაიწყო ჩამოყალიბება ე.წ. «საშუალო ფენამ», რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც შეძლო, მოასწრო სოციალური ნიშის გამოცვლა ლიბერალური რეფორმების პროცესში. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი კატეგორიაც, რომელიც რეფორმებმა გააღატაკა, საარსებო სარჩოს გარეშე დატოვა, სოციალურ ფსკერზე მოისროლა, მაგრამ მთავარია, თუ რამდენად მრავალრიცხოვანია ასეთი კატეგორია _ არჩევნების შედეგი ადასტურებს: არც ისე მრავალრიცხოვანია, როგორც «მემარცხენეებს» ეგონათ!
    «სოციალისტები» და «ლეიბორისტები», რა თქმა უნდა, ვერაფრით «მოაქცევდნენ» საშუალო ფენის წარმომადგენლებს, - ისინი გაუთავებლად აკრიტიკებდნენ «მოქალაქეთა კავშირს», თითქოს ცდილობდნენ მისი ელექტორატიც მიემხროთ, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო.
    ზემოთქმული მიზეზის გამო 15 ნოემბერს ჩატარდა არა «სიმპატიათა არჩევნები», ამიტომ ყველა სოციალური სუბიექტი, თითოეული ინდივიდი ხმას აძლევდა საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებას. ის ფსიქოლოგიური ფენომენიც, რომლის თანახმად «შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ლხინს» - მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს.
    «მემარცხენე ოპოზიციამ» კი ვერ გაითვალისწინა: სიღარიბესა და სიღატაკეზე, დაბალი სოციალური ფენების უკიდურეს გაჭირვებაზე აპელირებით ისინი აშინებენ და აღიზიანებენ «საშუალო ფენას», ძალაუნებურად უნერგავენ მას შიშს: ხომ არ ნიშნავს «მემარცხენე ოპოზიციის» გამარჯვება მათი მდგომარეობის შერყევას, ქონების გადანაწილებას, - უფრო ღარიბთა სასარგებლოდ, მათ მიერ სოციალური ნიშის დაკარგვას და ა.შ.
    ამრიგად, «სოციალისტებმა» და «ლეიბორისტებმა» ისევ და ისევ, ძალაუნებურად მოახდინეს აწ უკვე ჩამოყალიბებული (ყოველ შემთხვევაში, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი) საშუალო ფენის კონსოლიდირება ხელისუფლების გარშემო.
    ეს სტრატეგიული შეცდომა იყო: მათ უეჭველად უნდა ეცადათ ამ ფენაში სოციალური მოკავშირეების პოვნა, რაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან არც უცდიათ.
    მხოლოდ «სიღატაკეზე» მითითებით საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლა უკვე შეუძლებელია, _ ყოველ შემთხვევაში, რევოლუციისა და სისხლისღვრის გარეშე – დემოკრატიული გზით.
    15 ნოემბრის არჩევნები გაკვეთილი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვისაც. იგი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვას «ბალანსირებას» ეკონომიკური რეფორმების პროცესში და შეწყვიტოს პოპულისტური აქციები სოციალურ სფეროში; რამდენიც უნდა ეცადოს «მოქალაქეთა კავშირი» იმ ფენების გულის მოგებას, ვინც უკმაყოფილოა რეფორმათა შედეგით, იგი ამას ვერ შეძლებს.
    აბა ვის მოსწონს იყოს ღარიბი და მშიერი? რა თქმა უნდა, ყველას უნდა იყოს მდიდარი და მძლავრი! აქედან გამომდინარე, რეფორმატორულმა გუნდმა ჟვანია-სააკაშვილის სახით, აგრეთვე ეკონომიკურმა ბლოკმა არათუ უნდა შეასუსტოს, არამედ პირიქით, უფრო ძლიერი და ყოვლისმომცველი გახადონ ეკონომიკური რეფორმები, მეტი რადიკალურობით გაატარონ რეფორმა, აიძულონ «ღარიბთა ფენა» სახელმწიფოს მხრიდან კი არ ელოდოს მოწყალებას (როგორც შეჩვეულია საბჭოთა ეპოქიდან), არამედ «ხელი გაანძრიოს», დღე და ღამე გაასწოროს, იშრომოს, კვალიფიკაცია აიმაღლოს და ა.შ.
    სხვა გამოსავალი მას უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს, - ძველი მაინც არ დაბრუნდება, სამაგიეროდ, რეფორმები შეფერხდება და იქნებ სამუდამოდაც დასამარდეს.
    იმავდროულად «რეფორმატორთა გუნდმა» არ უნდა დაუშვას ისეთი ვითარება, როცა გაუარესდება «საშუალო ფენის» მდგომარეობა; მაგალითად, დაუშვებელია (ინტერესებიდან გამომდინარე) ემისიის განხორციელება, ლარის პოზიციათა შერყევა, ანუ მაკროეკონომიკური დესტაბილიზაცია.
    15 დეკემბრის არჩევნებმა დაადასტურა: ხელფასისა და პენსიის პრობლემა მიტინგებს კი კრებს, მაგრამ ელექტორატის უმრავლესობისათვის არ არის გადამწყვეტი.
    7 თვე რომ კაცს ხელფასს არ აძლევ, შემდეგ რომც მისცე (ემისიის ხარჯზე). ის მხარს მაინც არ დაგიჭერს. «ხელისუფლების პარტია», ელექტორატი ის ხალხია, რომელიც ხელფასსა და პენსიაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

7 დღე, 18 ნოემბერი, 1998 წ.