გიგა მახარაძე სასჯელს საქართველოში მოიხდის

გიგა მახარაძე სასჯელს საქართველოში მოიხდის

 

        რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, დიპლომატ გიგა მახარაძისათვის მოეხსნა იმუნიტეტი (არადა, ნამდვილად ასე იყო), ეს იოტისოდენად ვერ შეცვლის გარემოებას: ამ შემთხვევაში (ხაზს ვუსვამ – "ამ შემთხვევაში") ჩვენი «ოკეანისგაღმელი» მეგობრები ძალიან უსამართლოდ მოგვექცნენ.
        იმედია, ამერიკის ელჩის კენეტ იალოვიცის პრესდაიჯესტში (ყველა ელჩი ყოველთვის ეცნობა დაწვრილებით, თუ რას წერენ მისი ქვეყნის შესახებ ადგილობრივ პრესაში) აუცილებლად მოხვდება ეს ფრაზა: გიგა მახარაძის საქმესთან დაკავშირებით, ამერიკა საქართველოს მოექცა ძალზე უსამართლოდ – არ მინდა სხვა განსაზღვრება ვიხმარო, რადგან ამერიკას ძალზე ბევრი სიკეთე გაუკეთებია საქართველოსათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში აშშ მოიქცა ისე, როგორც არ ეკადრებოდა და არ ეკადრება ჭეშმარიტ ზესახელმწიფოს, რომელიც ყველა თვალსაზრისით სამართლიანობის განსახიერება უნდა იყოს.
        ქვეყნის ზესახელმწიფოებრიობას არ განსაზღვრავს ავიამზიდების რაოდენობა და სამხედრო (ან თუნდაც ეკონომიკური) ძლევამოსილება: საბჭოთა კავშირს ამერიკაზე ათჯერ მეტი ატომური წყალქვეშა ნავი ჰყავდა და ეკონომიკურად იმის საშუალებაც ჰქონდა, რომ თითქმის მთელი მესამე «მსოფლიო ერჩინა» გრძელვადიანი კრედიტებით. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირმა განსაკუთრებული ავტორიტეტი ვერ მოიპოვა და საბოლოოდ დაემხო კიდეც.
        რასაკვირველია, გიგა მახარაძემ ჩაიდინა დანაშაული, რომელიც დასჯადია ყველა ქვეყანაში: მან გაუფრთხილებლობით (არა წინასწარგანზრახვით) მოკლა ადამიანი. მით უმეტეს, ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას, თუ შემდგომ აღმოჩნდა, რომ მძღოლი ნასვამი იყო.
        არავინ კამათობს იმის შესახებ, რომ გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის გიგა მახარაძე უნდა დასჯილიყო ისევე, როგორც ისჯება ანალოგიური დანაშაულისათვის მილიონობით ადამიანი ჩვენს პლანეტაზე.
        მაგრამ გიგა მახარაძე არ ყოფილა «უბრალო მოქალაქე» - ის იყო დიპლომატი, თავისი ქვეყნის წარმომადგენელი, ამიტომ არათუ ეტიკეტი, არამედ საერთაშორისო სამართალი კატეგორიულად მოითხოვდა მის გასამართლებას არა ამერიკაში, არამედ საკუთარ ქვეყანაში – საქართველოში.
        ამერიკას კი ჰქონდა სრული უფლება, მოეთხოვა, რომ ყოფილი დიპლომატი გიგა მახარაძე საქართველოში გაესამართლებინათ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ასეთი დანაშაულისათვის დაახლოებით ანალოგიურ სასჯელს ითვალისწინებს.
        მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა მუქარით (!) აეძულებინა საქართველოს ხელისუფლება, მოეხსნა გიგა მახარაძისათვის იმუნიტეტი, რათა იგი ამერიკაშივე დაესაჯათ.

        არც ერთ სხვა ქვეყანასთან ამერიკას ეს მუქარა არ გაუვიდოდა – წარმოუდგენელია არათუ საფრანგეთს ან ლიტვას, არამედ თუნდაც თურქმენეთს, სომხეთს, ყირგიზეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას დაეთმო ამ მუქარის გამო.
        ოღონდ საქართველო განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ამერიკაზე და არა მხოლოდ მატერიალურად: იგი დამოკიდებულია დემოკრატიული მშენებლობის შეფასების თვალსაზრისითაც.
        მაშასადამე, რა გამოდის? – გამოდის, ამერიკამ თავად შექმნა პრეცედენტი, როდესაც სჯობს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო (თურქმენბაშის თურქმენეთის მსგავსი), ვიდრე დემოკრატიული და პატარა ქვეყანა.
        წარმოუდგენელია, ამერიკას თურქმენეთისათვის ასეთი რამ მოეთხოვა და რომც მოეთხოვა, ნამდვილად ვერაფერს მიაღწევდა
        არ ვიცი, ამ ქართული სიტყვის ცნებას ვინ როგორ გადაუთარგმნის ამერიკის ელჩს, მაგრამ ასეთი საქციელი ამერიკას არ ეკადრება.
        მით უმეტეს უკადრისი იქნება, თუ ხმები გიგა მახარაძის საქართველოში დაბრუნების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ამერიკა ახლა მაინც არ შეასრულებს პირობას – ქართველმა დიპლომატმა სასჯელის დარჩენილი ვადა (თუ თვითონ მოინდომებს) საქართველოში მოიხადოს.
        ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ, რომელიც გულწრფელად ესწრაფვის «სამართლიანობის» იდეალს, რომლის განსახიერებად ამერიკა მიგვაჩნდა და ჯერ კიდევ მიგვაჩნია.

მერიდიანი, 27 მარტი, 2000 წელი