ხვალ ივან რიბკინი შევარდნაძეს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ახალ გეგმას შესთავაზებს
   

    სარწმუნო წყაროს ცნობით, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ივანე რიბკინი, რომელსაც პრეზიდენტ ელცინისაგან დსთ-ს კურატორობა აქვს დავალებული, სამშაბათს თბილისს ეწვევა სავარაუდოდ, დსთ-ს საქმეთა მინისტრ ადამიშინთან და ჩვენს «ძველ ნაცნობ» პასტუხოვთან ერთად.
    აღსანიშნავია, რომ რიბკინი სწორედ კავკასიით იწყებს ახალი მისიის აღსრულებას, რაც გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
    ახალი მოსკოვური ტრადიციის შესაბამისად ოდნავ «მოძლიერებულ» პოლიტიკოსებს უმაღლესი ხელისუფლება ყველაზე რთულ უბანზე აგზავნის. დღევანდელ სიტუაციაში ასეთი უბანი კავკასიაა ისევე, როგორც «ძველ დროში» სოფლის მეურნეობა იყო. ამ უბანზე რიბკინის წინამორბედმა ვალერი სეროვმა ვერ გაამართლა და თანამდებობაც დაკარგა.
    რიბკინს პორტფელში აფხაზური პრობლემის ახალი გეგმა აქვს, რომელიც «ძველისაგან» მხოლოდ დიზაინით განსხვავდება. მოსკოვი ჯერჯერობით არ თანხმდება ქართული მხარის მთავარ წინადადებას: განხორციელდეს აფხაზეთში მშვიდობისადმი იძულების ოპერაცია «თითქმის» ბოსნიური მოდელით, ოღონდ არა ნატოს ჯარებით არამედ რუსეთის სამშვიდობო ძალთა მეშვეობით.
    ივანე რიბკინი კი ედუარდ შევარდნაძეს სთავაზობს ჯერ ბლოკადის მოხსნას აფხაზთა «პატიოსანი სიტყვის» იმედით, რომ ისინი გალის რაიონში (მაინც) დააბრუნებენ ქართველ ლტოლვილებს ოღონდ აფხაზური ადმინისტრაციის იურისდიქციის ქვეშ.
    სამაგიეროდ, არძინბა დიდსულოვნად გვთანხმდება ამოქმედდეს რკინიგზა საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით. ბუნებრივია, ამგვარი პირობით რიბკინის ვოიაჟი სრულიად უსარგებლო იქნება, რაც უკვე შენიშნა კიდეც ედუარდ შევარდნაძემ, რომლის თქმით «რუსეთის ვიცე-პრემიერთა მოლაპარაკების ძირითადი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იქნება და არა აფხაზეთის პრობლემა».
    როგორც ჩანს, მიუხედავად პრიმაკოვის ბოლოდროინდელი, აშკარად კონფრონტაციული განცხადებისა, საქართველოს ხელისუფლებამ «ზვიადისტთა ხაზინადარის» ხელში ჩაგდების შემდეგ დუღილის წერტილამდე მისული ურთიერთობის ოდნავი განელება გადაწყვიტა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რიბკინის ვიზიტი საამისოდ საუკეთესო პირობაა, ვინაიდან ახლადდანიშნული ვიცე-პრემიერი ზემოთხსენებული მისიის აღსრულებას სკანდალით ნამდვილად არ დაიწყებს. მით უმეტეს, იმ პირობებში როცა უკვე სავსებით ცხადია, რომ მოსკოვის სამიტი ელცინის ავადმყოფობის გამო არ გადადებულა. ეს მისთვის ჩვეული გონებამახვილობით თქვა შენდეროვიჩმა ნტვ-ს «თოჯინებში»: გემი «ტიტანიკი», რომელსაც ჩერნომირდინი მართავს, ელცინის მითითებებით უახლოვდება აისბერგებს. მათზე შევარდნაძე, კუჩმა და ლუკაშენკო არიან ჩასაფრებულნი და გემის ჩასაძირად ემზადებიან.
    თავისთავად ამ ტრიადის გაერთიანება შენდეროვიჩის გადაცემაში ძალზე ნიშანდობლივია.
    საქართველოს პრეზიდენტი აპირებს რიბკინს განუმარტოს, კონკრეტულად ვინ და რა უშლის ხელს თანამეგობრობის ინტეგრაციას. მაშასადამე, თვით ინტეგრაცია ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის თვისებრივად მიუღებელი არ არის თუ, რასაკვირველია, რუსეთი აფსუათა მორჯულებაში დაეხმარება. ეს ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ პრიმაკოვი, რომელიც უკვე აშკარა სინანულს გამოთქვამს 9 თებერვალს ედუარდ შევარდნაძის გადარჩენის გამო - აფხაზეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებას მაინც ვერ ბედავს. მაშასადამე, საქმე გეოპოლიტიკურ ბალანსშია და არა პერსონალიებში.
    საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს მოსკოვში დადებული შეთანხმება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვალერი ჩხეიძესა და მის «ახალ» კოლეგა გენერალ ბორდიუჟას შორის; ამ უკანასკნელმა, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, საქართველოსთან დამოკიდებულებაში შემრიგებლური ტონი არჩია. სარწმუნო წყაროს ცნობით, ბორდიუჟა თანახმაა საქართველოს საზღვაო აკვატორიიდან რუსი მესაზღვრეები გაიყვანოს ყოველგვარი გართულების გარეშე და სანაპირო წყლების დაცვა 1 ივლისიდან საქართველოს გადაულოცოს.
    რაც მთავარია, მიღწეულია შეთანხმება, რომ რუსები სახმელეთო საზღვრის გადაცემასაც დაიწყებენ უკვე ივლისის ბოლოდან, ოღონდ რომელ მონაკვეთზეა ლაპარაკი - ჯერ ნათელი არ არის. სავარაუდოა, რომ შეთანხმება სამცხეს შეეხება. თუ ეს ნაბიჯი მართლაც გადაიდგა, პრეზიდენტი და მმართველი გუნდი სერიოზულ არგუმენტს მოიპოვებს ოპონენტების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან შეუძლებელია შეედავო აზრს, რომ ხელისუფლება, თუ იგი ამ ისტორიული ამოცანის გადაწყვეტას შესძლებს, ფაქტობრივად მხოლოდ სოციალურ არგუმენტაციას უტოვებს ოპოზიციას.
    თუმცა, საქართველო, ელექტორალური თვალსაზრისით, მეტად «სპეციფიური ქვეყანაა» და რომელი არგუმენტი გადასწონის - ჯერ კიდევ საკითხავია.

7 დღე, 23 მარტი, 1998 წ.

მთელ გვერდზე