ეუთო მორიგ «აფხაზურ კომისიას» ქმნის

ეუთო მორიგ «აფხაზურ კომისიას» ქმნის

    
       

        გუშინ თბილისში ჩამოვიდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სპეციალური კომისია, რომელიც რეგულარულად იმუშავებს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაზე. კომისიის შემადგენლობაში შედიან პოლონელი, თურქი და ფინელი დეპუტატები, აგრეთვე, ამერიკელი კონგრესმენი, რომელმაც პირადად ვერ მოახერხა ჩამოსვლა და კომისიაში წარმომადგენელი გამოაგზავნა.
        უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები აფხაზეშთიც აპირებდნენ ჩასვლას, მაგრამ არძინბას ავადმყოფობის გამო იქ ამჟამად აშკარად დიდი არეულობაა და ეუთოს დელეგაციის მიღებაზე უარი განაცხადეს.
        მიზეზი ეს არ შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი საერთაშორისო დელეგაციის მიღება სეპარატისტებისთვის ხელსაყრელია. ყოველ შემთხვევაში, ისინი ამ მომენტს ყოველთვის ოსტატურად იყენებენ.
        გუშინ საღამოს მაინც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფსუებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და კომისია შეიძლება მაინც ჩავიდეს სოხუმში.
        თავისთავად, ასეთი კომისიის შექმნა ეუთოს ახალ პრიორიტეტზე მეტყველებს - ადრე ეუთო არ ერეოდა აფხაზეთის პრობლემათა განხილვაში და უფრო ცხინვალის რეგიონზე ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა, განსაკუთრებული წარმატება არც იქ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ობიექტურად არსებულ სტაბილურობას და მოსახლეობას შორის ურთიერთობათა აღდგენას, რაც ეუთოს დამსახურება ნამდვილად არ არის - ეს უფრო სხვა ფაქტორებმა განაპირობა.
        საერთოდ, უფრო ბიუროკრატიული და ჩაკომპლექსებული ორგანიზაციის წარმოდგენა, ვიდრე ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა, ჰიპოთეტურადაც ძნელად წარმოსადგენია: რასაკვირველია, ორგანიზაცია, რომელშიც გადაწყვეტილებას კონსენსუსით (ანუ ყველა ქვეყნის თანხმობით) იღებენ, საეჭვოა რითიმე განსაკუთრებით სარგებლიანი იყოს საქართველოსთვის.
        მიუხედავად ამისა, პრობლემის ანგაჟირებისათვის ეს შეიძლება «მაინც», სასარგებლო აღმოჩნდეს.
        ეუთოს კომისიამ, ჯერჯერობით, «გაკვირვებით აღმოაჩინა», რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს სთავაზობს არა «ავტონომიას», არამედ სახელმწიფოებრიობას ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. მათთვის ეს «ამერიკის აღმოჩენა» იყო, ვინაიდან, მათივე განცხადებით, დღემდე ეგონათ, პრობლემის მიზეზი ავტონომიურ სტატუსზე თბილისის უარი იყო. ეს მაგალითიც მეტყველებს, რამდენად ინფორმირებულნი არიან ევროპულ სტრუქტურებში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის პრობლემებზე.
        კომისია გათვითცნობიერებულია ეგრეთ წოდებული, «საკოორდინაციო საბჭოს» მორიგი სხდომის შესახებ: 15 ივლისს თბილისში შეიძლება ვიხილოთ აფსუეთის ახლად გამომცხვარი პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია, - მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად. შესაძლოა, ეუთოს კომისიამ ამ მოლაპარაკებებზე თავისი წარმომადგენელი მოავლინოს - ოღონდ გაეროს ფორმატში იგი ვერც ჩაერევა და ვერც ჩაეტევა.
        კომისიის წევრებმა თბილისში შეხვედრებისას განცვიფრება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა «თბილისსა და სოხუმს» შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის მიღება. მათთვის განსაკუთრებით «მოულოდნელი» გამოდგა რუსეთის წინააღმდეგობა ამ პროცესში - აქედანაც ჩანს, რისი მაქნისია ეს კომისია.
        ქართულმა მხარემ შეხვედრები იმისთვის გამოიყენა, რათა ეუთოს წარმომადგენლებისათვის სამართლიანად ესაყვედურა უმოქმედობა გალში ქართული მოსახლეობის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით.
        სოხუმში მეორე წელია ფუნქციონირებს გაეროსა და ეუთოს ერთობლივი «ჰუმანიტარული» ოფისი, რომლის ძირითადი ფუნქცია სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვაა, მაგრამ სამურზაყანოში ჯერ ცხვირიც არ შეუყვიათ - ბიჭვინთაში ნებივრობას არჩევენ, ხოლო ვენის ოფისში «კრედიტ კარტზე» 2-3 ათასი დოლარი ერიცხებათ ყოველთვიურად.
        ერთადერთი რეალური ნაბიჯი, რაც ეუთომ საქართველოს დასახმარებლად გადადგა, იყ დამკვირვებლების გამოგზავნა ჩეჩნეთთან საზღვარზე და ესეც, მხოლოდ ამერიკელთა ზემოქმედებით მოხერხდა.

დილის გაზეთი, 27 ივნისი, 2001 წელი