სოციალისტთა ლიდერი ყველას ემიჯნება
   

    ვახტანგ რჩეულიშვილმა უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ლაგოდეხის არჩევნები მისთვის პრინციპულ მნიშვნელობას იძენს. მით უმეტეს, თუ ადგილობრივი არჩევნების მოახლოებას გავითვალისწინებთ, მაგრამ ლაგოდეხში მხოლოდ ერთი მაჟორიტარული მანდატის ბედი როდი წყდება
    სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ სერიოზული განცხადებები გააკეთა თავისი ყოფილი პარტნიორების საწინააღმდეგოდაც. «მოქალაქეთა კავშირს» იგი კარგა ხნის წინ გაემიჯნა, მაგრამ ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებდა ირინა სარიშვილი-ჭანტურიას «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან». ახლა ეს ურთიერთობები უკვე შესამჩნევად «გაცივდა», ვინაიდან «სარიშვილის ედეპემ მოქალაქეთა კანდიდატს დაუჭირა მხარი».
    ვახტანგ რჩეულიშვილი არცთუ უსაფუძვლო ეჭვმა აიტანა: ხომ არ აპირებენ «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» და მოქალაქეთა კავშირი ფარული ალიანსი შეკრან, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს დაეხმარონ და ხმები გაიყონ. ამგვარი პერსპექტივა თვით რჩეულიშვილისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის, ვინაიდან ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით მისი პარტია ჯერჯერობით მხოლოდ მესამე ადგილზეა.
    ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რჩეულიშვილი შესანიშნავად ინარჩუნებდა ურთიერთობას სარიშვილთან და ერთგვარი დაპირისპირება ჰქონდა «გიორგაძის ედეპესთან».
    ძირითადი მიზეზი რუსეთისადმი დამოკიდებულება იყო. მას შემდეგ, რაც «სახალხო» პარტიამ რუსეთის გოსდუმის სპიკერ გენადი სელეზნიოვს ობსტრუქცია მოუწყო და მოქალაქეებთან ერთად შეიმუშავა «კონცეფცია» საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცების შესახებ; ვახტანგ რჩეულიშვილმა და მამუკა გიორგაძემ ერთმანეთი საჯარო პაექრობაში გამოიწვიეს.
    «სახალხოელთა» თქმით, ვახტანგ რჩეულიშვილს «პრორუსული» პოზიციიდან - «პროქართულ» პოზიციაზე გადასვლა უჭირს. რჩეულიშვილმა კი «კონცეფციას» სისულელე უწოდა. უმალვე განსაკუთრებულად გათბა რჩეულიშვილ-სარიშვილის ურთიერთობები, ვინაიდან «სახალხოელთაგან» განსხვავებით, «ედეპემ» კონცეფციას მხარი არ დაუჭირა. ახლა კი უფრო საინტერესო ვითარება იქმნება: «სახალხო» და «სოციალისტები» ლაგოდეხის არჩევნებთან დაკავშირებით ერთ ბანაკში აღმოჩნდნენ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - საპირისპირო მხარეს.
    საცნაური ის კი არ არის, როგორ დამთავრდება არჩევნები ლაგოდეხში და ვისი გავლენა გადასწონის, გაცილებით საინტერესოა, თუ რა საფუძველზე «მოხდება» გაერთიანება. როგორც ვნახეთ, საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით «სოციალისტებსა» და სახალხოელებს» საერთო არაფერი აქვთ, სამაგიეროდ, ისინი ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ბარიკადის ერთ მხარეს არიან. ასეთია პოლიტიკის ლოგიკა (მით უმეტეს, საქართველოში). ჩვენს ქვეყანაში ხომ სწორედ ხელისუფლებაა პოლიტიკის მწვერვალი და არა რაიმე პოლიტიკური კონცეფციის განხორციელება.
    აქედან გამომდინარე, 1999 წლის არჩევნებისათვის უფრო უცნაური ალიანსების მომხრენი გავხდებით. არ არის გამორიცხული, ქვეყანაში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის სურნელი დატრიალდეს, რადგან ძალაუფლების დაკარგვა და პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლა პოლიტიკოსისათვის ჯოჯოხეთური ტანჯვის ტოლფასია.

მერიდიანი, 8 მაისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე