ბორის ბერეზოვსკი აფხაზეთისადმი ინტერესს არ კარგავს

ბორის ბერეზოვსკი აფხაზეთისადმი ინტერესს არ კარგავს

  

    სახელმწიფო კანცელარიიდან სარწმუნო წყაროს ცნობით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელმა მდივანმა, რომელსაც ჩვენებური ტერმინოლოგიით, «მოსკოვში მოსაკლავად დასდევენ», თავად გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა ედუარდ შევარდნაძეს, რათა განეხილა აფხაზეთში კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებისა და დსთ-ს რეფორმირების საკითხები.
    ბერეზოვსკი «საპრეზიდენტო აპარტამენტებში», - კრწანისის რეზიდენციაში დაასახლეს და სამი დღის განმავლობაში მას სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე გვერდიდან არ მოშორებია.
    ფორმალურად, ასეთი პატივი თითქოს «ზედმეტია» იმ პიროვნებისათვის, რომელსაც არანაირი მნიშვნელოვანი პოსტი (რუსეთში) აღარ უკავია, ხოლო «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა» მხოლოდ საპნის ბუშტია, რომელიც საცაა გასკდება.
    მაგრამ ილფისა და პეტროვის პერიფრაზით, ბერეზოვსკი თავად კი არ ლაპარაკობს, არამედ «ლაპარაკობენ მისი მილიარდები» - ბერეზოვსკი მხოლოდ ქიმერაა, ერთი ნიჭიერი ებრაელია, მაგრამ მისი კაპიტალი მუშაობს, ბობოქრობს, იბრძვის, ბრუნავს. «ობიექტსა» და «სუბიექტს» ეძებს, ხოლო ბერეზოვსკი თავად არც ისე დამოუკიდებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - მდიდარი ადამიანი თავისუფალი არასდროსაა.
    პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო დიდია კაპიტალი, მით უფრო დიდ პასუხისმგებლობად აწვება იგი პიროვნებას. ედუარდ შევარდნაძე კონკრეტულად ბორის აბრამის ძე ბერეზოვსკის კი არ ესაუბრებოდა (ყოფილ მეცნიერ-მუშაკს, ვისაც 1987 წელს «პერესტროიკის» გარიჟრაჟზე სიგარეტის ფული არ ჰქონდა), არამედ მის კაპიტალს, - იმ ძალას, რომელიც აკონტროლებს რუსეთის ენერგეტიკული კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილს და რომელსაც ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებაზე, ოღონდ, რასაკვირველია, გარკვეულ ზღვრამდე, ვინაიდან აფხაზეთი არ იყიდება. მას ვერც ვერავინ იყიდის.
    ნოემბრის ბოლოსათვის დაგეგმილია ედუარდ შევარდნაძის შეხვედრა სოხუმში ვლადისლავ არძინბასთან. შეხვედრის შედეგად, ხელი უნდა მოეწეროს ოქმს «ლტოლვილთა დაბრუნებისა და აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციის შესახებ», რომელიც გულისხმობს ერთი წლის განმავლობაში ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებას ენგურიდან თითქმის ღალიძგამდე, სამაგიეროდ აფხაზეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებასა და ფსოუზე საზღვრის გახსნას;
    ედუარდ შევარდნაძის აზრით, საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა სუბიექტმა, რომელიც, ასე თუ ისე, ჩართულია «მოწესრიგების» პროცესში.
    ჯერჯერობით გაურკვეველია, ვის გულისხმობდა ედუარდ შევარდნაძე «რუსეთის ძალზე მაღალი რანგის წარმომადგენელში». რომელიც უეჭველად დაესწრება ამ ხელმოწერას. ნუთუ თვით პრემიერ-მინისტრს, - ევგენი პრიმაკოვს? ან იქნებ საგარეო საქმეთა მინისტრს? არ არის ცნობილი ისიც, მოაწერს თუ არა ეს «ძალზე მაღალი რანგის წარმომადგენელი» ხელს ამ დოკუმენტს. იქნებ მხოლოდ სიმბოლური დასწრებით შემოიფარგლება?!
    ყველას კარგად გვახსოვს, რა ფასი აქვს რუსეთის «შუამავლობას»: არც ერთ დოკუმენტში, რომელსაც 1992-93 წლებში მოვაწერეთ ხელი აფხაზ სეპარატისტებთან ერთად, რუსეთი არ ფიგურირებდა როგორც შეთანხმებათა გარანტი, არამედ ყველგან დაფიქსირებული იყო, როგორ მხოლოდ შუამავალი, ან მოლაპარაკებათა მხარდამჭერი;
    თუ ამჯერადაც ასე იქნება - ეს მორიგ კატასტროფად გადაგვექცევა, ვინაიდან არ იარსებებს არანაირი ბერკეტი, რათა ვაიძულოთ არძინბა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
    რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩთა ხელმოწერას, ჯერ ერთი, ძალზე საეჭვოა, მოაწერენ თუ არა ისინი ხელს რაიმე დოკუმენტს, რომლის აღსრულებასაც შემდგომ ვერაფრით გააკონტროლებენ. შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის წილი ხომ მათაც დაეკისრებათ?
    სხვა საქმეა ბორის ბერეზოვსკის ხელმოწერა. «აბრამოვიჩის» კაპიტალს სეპარატისტთა იძულება, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, მაგრამ უეჭველად ძალუძს სეპარატისტები დააინტერესოს მატერიალურად, რაზეც ისინი ნამდვილად არ იტყოდნენ უარს.
    ვლადისლავ არძინბამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: «შევარდნაძესთან დოკუმენტთა ხელმოწერის შემდეგ აფხაზეთის ხალხის წინაშე ჯერ არნახული პერსპექტივები გაიშლება.»
    შესაძლოა, იგი გულისხმობდა უცხოური კაპიტალის, მათ შორის რუსული კაპიტალის მოზიდვას აფხაზეთში, საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ა.შ.
    ბორის ბერეზოვსკის მილიარდებს ამ შემთხვევაში კონკრეტული ინტერესი შეიძლება ჰქონდეს: იგი ცდილობს იპოვოს ახალი სფერო ინვესტირებისათვის, ვინაიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბიზნესი უკვე «მოყირჭდა», შესაძლებლობები ამოიწურა, მსოფლიო ბაზარზე ნავთი გაიაფდა და ა.შ.
    არის კიდე ერთი ნიუანსი, რომელიც ბერეზოვსკისთან ალიანსს (ამ საკითხში) საკმაოდ მომგებიანს ხდის ოფიციალური თბილისისათვის. კერძოდ, «აბრამოვიჩის» კაპიტალი აკონტროლებს რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან სპექტრს. ბორის ბერეზოვსკი არა მხოლოდ ფინანსური ნავთობმაგნატია, არამედ «მედიამაგნატიც»; საინფორმაციო საშუალებებს კი აფხაზეთის ომის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა; უფრო მეტიც, სწორედ მოსკოვურმა პრესამ და ტელევიზიამ მნიშვნელოვნად განაპირობეს 1993 წელს საქართველოს კრახი.
    მართალია, დამოუკიდებელი საქართველოს რუსეთში «გამოუსწორებელი იმიჯი» აქვს, მაგრამ ზოგიერთი თვალსაზრისით, ბერეზოვსკის მიერ კონტროლირებადი «ორტ» შეიძლება გამოვიყენოთ სოხუმში ხელმოწერილი (თუ ხელმოწერა შედგა) დოკუმენტის შესასრულებლად.
    გარდა ამისა, ბერეზოვსკის პიროვნულ ამბიციასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს. უფრო ზუსტად, - ეს იმავე კაპიტალის ამბიციაა, რომელიც ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის «ხელდასხმისათვის» იბრძვის და შეურაცხყოფას, მისი მნიშვნელობის დაკნინებას, არავის აპატიებს.

მერიდიანი, 20 ნოემბერი, 1998 წ.