არტურ ბაღდასარიანის სპეცოპერაცია

არტურ ბაღდასარიანის სპეცოპერაცია

    სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არტურ ბაღდასარიანის განცხადებამ, - რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის ამოქმედების თაობაზე, - თბილისში დიდი აურზაური გამოიწვია. სააკაშვილის გარემოცვამ უმალვე მიჰყო ხელი მხილებას, ივანიშვილის გუნდი კი სასოწარკვეთილად უარყოფს: არაფერი მსგავსი . . . აზრადაც არ გაგვივლია . . . . როგორ გეკადრებათ და ა.შ.
    როგორც ჩანს, ამ გუნდის წევრებს (პრემიერ მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის ჩათვლით) გულწრფელად ჰგონიათ, რომ უდიდესი პატივი დასდეს რუსეთს, ღვინისა და ბორჯომის ექსპორტირებით, თორემ ქართული პროდუქციის გარეშე ის ქვეყანა დაიხრჩობოდა. ამიტომ, სანაცვლოდ, მოსკოვმა არაფერი არ უნდა მოითხოვოს და არც მოითხოვს - იმდენად ბედნიერია, რომ რუსულ დახლებზე „ბორჯომი“ გამოჩნდა, ხოლო რუსულ ტელეარხზე - ნანი ბრეგვაძე. არ არის გამორიცხული მათი ბედნიერების სრულქმნილება - ბუბა კიკაბიძის „დიადი დაბრუნების“ ჩათვლით და ა.შ. არადა ცხადია, გენადი ონიშჩენკოს მოულოდნელი გულმოწყალება „კრემლის ავანსი“ იყო და სანაცვლოდ იგი აუცილებლად მოითხოვს მისი ინტერესების დაკმაყოფილებასაც. „რკინიგზა“ მხოლოდ დასაწყისია. თუმცა ამ ისტორიაში სხვა მომენტი უფროა საინტერესო:
    არტურ ბაღდასარიანი ჭკვიანი სომეხია. საერთოდ, სომხურ ელიტაში ბევრად ნაკლები იდიოტია, ვიდრე ქართულ ისტებლიშმენტში. მათ რომ ჩვენი გეოპოლიტიკური კოზირები, ანუ ჩვენი ტერიტორია და რესურსები მისცათ, - დღეს სომხეთი უკვე რეგიონული ზესახელმწიფო იქნებოდა. ამდენად, ბაღდასარიანმა შესანიშნავად იცის, რომ არანაირი შეთანხმება ტრანსკავკასიური რკინიგზის ამოქმედებაზე თბილისს, სოხუმსა და მოსკოვს შორის არ შემდგარა. მაშ რა მიზანს ისახავდა ეს განცხადება? არა მგონია ბაღდასარიანს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აღელვებდეს იმდენად, რომ მოწინაამდეგე მხარეებს არგუმენტებს ჩუქნიდეს საარჩევნო დისკუსიაში. მისი გამონათქვამი უფრო იმას უკავშირდება, რაც სომხეთსა და რუსეთს შორის მოხდა ბოლო დროს: მოსკოვმა აიძულა (მუქარითა და შანტაჟით!) სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სრგსიანი, გაეკეთებინა განცხადება საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ეს, თავისთავად, სენსაცია იყო, რაკი იმას ნიშნავს, რომ სომხეთი ავტომატურად უარს ამბობს ვილნიუსის სამიტისას ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშკრულების“ უკვე შეთანხმებული ტექსტის თუნდაც პარაფირებაზე.
    მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოსკოვი - ერევანს ხელებს უგრეხდა (ძიუდოს მოყვარული პუტინის ილეთით), სომხები გულამოსკვნით ჩიოდნენ, რომ მოსკოვმა, თუ სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლა სურს, ის მაინც უზრუნველყოს, რომ გახსნას კომუნიკაციები სომხეთსა და რუსეთს შორის. პირველ რიგში აღადგინოს სარკინიგზო კავშირი, რადგან ეს ყველაზე მოხერხებული და იაფი გზაა სომხური ტვირთების რუსეთში გადასატვირთათ და პირიქით: რუსული ტვირთების სომხეთში ტრანსპორტირებისთვის.
    აქედან გამომდინარე, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება კარგად მოფიქრებული და ჭკვიანური სვლაა: კი ბატონო, შემოვდივართ საბაჟო კავშირში, უარს ვამბობთ ევროკავშირთან დოკუმენტების პარაფირებაზე, მაგრამ თქვენც, თქვენის მხრივ, აიძულეთ (!) მეზობელი საქართველო და თქვენი მოკავშირე აფხაზეთი, მოილაპარაკონ რკინიგზის აღდგენის შესახებ წინაპირობების გარეშე. როგორ აიძულებთ და მოახერხებთ, ჩვენი პრობლემა არ არის.
    მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ამ მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწევს? სომხეთში უკვე ტარდება მიტინგები საბაჟო კავშირში შესვლის საწინააღმდეგოდ. სომხეთის სხვა ოფიციალური პირები კი ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ პრეზიდენტ სრგსიანის გადაწყვეტილების თაობაზე: აქაოდა, ზეპირი განცხადება რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის „სამთა კავშირში“ გაწევრების შესახებ სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთი ავტომატურად ამბობს უარს ევროკავშირთან დოკუმენტის პარაფირებზეო. რა არის პარაფირება? მხოლოდ და მხოლოდ პროტოკოლური ღონისძიება, რაც დოკუმენტის ხელმოსაწერად მომზადებას ნიშნავს. სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრების დოკუმენტი კი ჯერ პარაფირებისთვისაც არ მომზადებულა. გაიჟღერა ხოლოდ პრეზიდენტის ზეპირმა განცხადებამ და მეტი არაფერი.
    ანუ, ერევანი მოსკოვს აძლევს ვადას მიმდინარე წლის ნოემბრამდე, ესე იგი ვილნიუსის სამიტამდე: თუ ამ პერიოდში იქნება გარღვევა რკინიგზის საკითხში (ეს გარღვევა კი მხოლოდ საქართველოს ხარჯზე შეიძლება მოხდეს, ანუ ჩვენი პოზიციების დათმობის სანაცვლოდ), მაშინ სომხეთი, ნაცვლად ევროკავშირისა, საბაჟო კავშირთან მიაღწევს შეთანხმებას და შესაბამის დოკუმენტებსაც გააფორმებს.
    სწორედ ვილნიუსის სამიტია „დედლაინი“ რომელიც ძალიან ბევრ პოსტსაბჭოურ დაფაზე უქმნის რუსეთს ცაიტნოტს (უკრაინა, მოდლოვა, ბელორუსი . . . . ) და ამ ცაიტნოტში მან შეიძლება იქ სცადიოს გარღვევა, სადაც ტრადიციულად ყველაზე მეტ წარმატებებს აღწევდა მთელი პოსტსაბჭოური პერიოდის მანძილზე. ესე იგი საქართველოში!
    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ივანიშვილის მთავრობას ძალიან ფრთხილი და მიზანმიმართული მოქმედება მართებს. ხისტი და ჩლუნგი უარყოფა არაფერს მოგვცემს. ბევრად ჭკვიანური იქნებოდა, დიპლომატიური რევერანსები და დროის გაწელვა, თორემ ჩვენთან მოსკოვს ისეთი კოზირები აქვს, რაც სხვაგან არ გააჩნია: დაწყებული ძაღლთაპირი კოკოითის „ოსურ პოლიტიკაში“ დაბრუნებით, „თრუსოს პრობლემის“ აქტუალიზებით და საზღვრის შემდგომი გადმოჩოჩებით, დამთავრებული ბლოკადის განახლებით.
    ამ ვითარებაში ყველაზე ჭკვიანური დიპლომატიური სვლა იქნებოდა, ქართულ მხარეს (ასევე სიტყვიერად) თანხმობა განეცხადებინა და ეს საკითხი რუსეთ-აფხაზეთის დისკურსში გადაეტანა, რადგან სოხუმს, სინამდვილეში, ჩვენზე ნაკლებად აწყობს იმ რკინიგზის აღდგენა, ანუ ჩვენზე ბევრად მეტად აშინებს და აღიზიანებს სომხეთის ინიციატივა.

2013