ედუარდ შევარდნაძის რუბიკონი და პოტომაკი

    დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის ერთკვირიანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ედუარდ შევარდნაძე შეხვდება ბილ კლინტონს, აგრეთვე გაეროს გენერალურ მდივანს და ამერიკელ ბიზნესმენებს. ამერიკაში ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო. უკანასკნელად საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ვაშინგტონში 1994 წელს იმყოფებოდა. მაშინ კლინტონმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა: «ამერიკა ვერ ჩაერევა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში». ამგვარი პოზიციის მიზეზი ისევ და ისევ საქართველოს ორიენტაციის ამორფულობა და გაურკვევლობა იყო. გარდა ამისა, მაშინ ამერიკელები სცნობდნენ და აღიარებდნენ რუსეთის პრიორიტეტს კავკასიაში.
    მას შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. დაიწყო ნავთობის «საუკუნის პროექტის» განხორციელება, რუსეთმა წააგო ომი ჩეჩნეთში, ნატოში მიიღეს სამი ახალი წევრი, ხოლო მოსკოვის «სამშვიდობო ოპერაცია» აფხაზეთში სრული კრახით დასრულდა.
    არ არის შემთხვევითი, რომ 1994-97 წლებში, მიუხედავად მიწვევისა, ედუარდ შევარდნაძემ რამდენჯერმე თქვა უარი შტატებში გამგზავრებაზე. ამას იგი ყოველთვის ბოლო მომენტში აკეთებდა, - რაც შეიძლება მეტი რეზონანსი რომ გამოეწვია.
    ერთი შეხედვით, შევარდნაძის დემარშები კლინტონისათვის საწყენიც კი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი კატეგორიებით («წყენით», «მადლიერებით») არ მსჯელობენ. ამერიკას დღემდე რეალურად არაფრის გაკეთება შეეძლო (არც სურდა) საქართველოსათვის უმწვავესი პრობლემის - აფხაზეთის კონფლიქტის გადასაჭრელად; მხოლოდ ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის დასათვალიერებლად კი ოკეანის გაღმა გადაფრენა ნამდვილად არ ღირდა.
    ამჟამად სულ სხვა ვითარებაა: აფხაზეთის პრობლემა «გადამწყვეტ ფაზაში» შევიდა, ამერიკა კი ააქტიურებს «კავკასიურ პოლიტიკას», - რა თქმა უნდა, საკუთარი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
    ამრიგად, შევარდნაძემ ნამდვილად ისეთი მომენტი შეარჩია (მას შემდეგ, რაც ოთხჯერ გადადო ვიზიტი), როდესაც კლინტონთან მოლაპარაკება მაქსიმალურად შედეგიანი იქნება ამერიკის პოზიციის საბოლოო გარკვევის თვალსაზრისით.
    აფხაზეთში ახალი «სამშვიდობო სქემა» ამერიკის მონაწილეობის გარეშე ვერ გამომუშავდება. თუ რუსეთის «მისიას» საბოლოოდ ვეუბნებით უარს, მაშინ ახალი სქემის მონახაზი სწორედ ვაშინგტონში უნდა გაკეთდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალუძს, თავისი შუამავლობა შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს. რასაკვირველია, კლინტონი პირადად არ ჩაერევა მოლაპარაკებათა პროცესში, მაგრამ მას შეუძლია, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვოს რომელიმე ცნობილი დიპლომატი; ვთქვათ, სთროუბ ტელბოთი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს.
    ამერიკას შეუძლია გადამწყვეტი სიტყვა თქვას სამშვიდობო კონფერენციის მოწვევის თვალსაზრისითაც (რუსეთის წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში განეიტრალდება). გეოპოლიტიკური მხარდამჭერის მხრივ კლინტონის სიტყვას ძალზე დიდი წონა ექნება. სწორედ მან გადაწყვიტა კასპიის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირების «ბივარიანტულობის საკითხი».
    საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ჯერ კიდევ «თავის კაცად» მიაჩნიათ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რომელიმე «რუსეთუმე» მოღვაწეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში ამერიკელები იმდენად არ ენდობიან, როგორც შევარდნაძეს, რომლისგანაც მართლაც ახსოვთ ზოგი რამ სასიკეთო.

მერიდიანი, 15 ივლისი, 1997 წ.
   

 მთელ გვერდზე