ამარაგებდა თუ არა მხედრიონი ევროპას ოპიუმით?

ამარაგებდა თუ არა მხედრიონი ევროპას ოპიუმით?

 

    გაზეთ «კომსომოლსკაია პრავდაში» გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია საქართველოს ტერიტორიით ევროპაში ნარკოტიკების ტრანზიტზე, რუსული პროპაგანდისტული მანქანის კიდევ ერთი პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია მსოფლიოში (და თვით რუსეთში) საქართველოს მიმართ მტრული სტერეოტიპების შექმნისაკენ.
    რასაკვირველია, «მხედრიონის» წევრთა 99 პროცენტი ნარკომანი იყო - ეს საყოველთაოდ ცნობილი, დადასტურებული ფაქტია, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, «მხედრიონს» განეხორციელებინა იმ მაშტაბის «ნარკობიზნესი», როგორიც ზემოხსენებულ პასკვილშია აღწერილი.
    უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ «კომსომოლსკაია პრავდა» ევროპაში ნარკოტიკების ექსპორტის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს! თუ «მხედრიონი» კიდევ ასოცირდება ნარკოტიკებთან, ლიტვაში ასეთი მასშტაბის «ნარკომაფიის» არსებობა ყოვლად წარმოუდგენელია - ეს რომ ასე ყოფილიყო, ლიტვას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდნენ ევროსაბჭოში მანამ, სანამ იგი მდგომარეობას არ გამოასწორებდა.
    რაც შეეხება «მხედრიონს», «კომსომოლსკაია პრავდა» ამტკიცებს, რომ სწორედ ეს ორგანიზაცია ახერხებდა აზიიდან - ევროპაში ნარკოტიკების ტრანსპორტირებას რუმინეთისა და თურქეთის გავლით.
    «მხედრიონს» ასეთი სურვილი კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ საეჭვოა, მის კონტინგენტს თავი გაერთმია ნარკოტიკების ტრანსპორტირებისათვის. მით უმეტეს, რომ საქართველოზე აზია-ევროპის «ნარკოხიდის» გასადებად უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი და მტკიცე ორგანიზაცია იყო საჭირო. «მხედრიონს» ეს რომ შესძლებოდა, იგი განუზომლად უფრო ძლიერი ორგანიზაცია იქნებოდა, ვიდრე სიცილიის მაფია ან კოლუმბიის ნარკოკარტელი - ეს რომ ასე ყოფილიყო, ევროპისა და ამერიკისაგან საქართველო ერთ გრამ ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვერ მიიღებდა.
    სინამდვილეში, «მხედრიონი» იყო საშუალო პოტენციალისა და შეძლების ბანდა რომელმაც შემთხვევით, სამხედრო გადატრიალების შედეგად, მოიპოვა ძალაუფლების რაღაც ნაწილი და ამ ძალაუფლების გამოყენება შეძლო მხოლოდ ასევე საშუალო მასშტაბის რეკეტის განსახორციელებლად.
    «მხედრიონს» რომ ისეთი ძალა და ორგანიზაცია ჰქონოდა, რომელიც ევროპული მაშტაბის ნარკობიზნესის «ასაწყობადაა» აუცილებელი, მას ასე ადვილად ვერ გაანადგურებდნენ.
    რეალურად, «მხედრიონი», მიუხედავად მის შესახებ შეთხზული მრავალი მითისა, თბილისის აეროპორტსა და რამდენიმე საწარმოს, აგრეთვე «ბაზრობებს» არ გასცილებია - საერთაშორისო დონის ნარკობიზნესის ორგანიზებისთვის მას (ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ) ინტელექტი და გაქანება არ ეყოფოდა.

«მერიდიანი», 17 მაისი, 1996 წელი.