კვირის მიმოხილვა: მიშა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

კვირის მიმოხილვა: მიშა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოს დათვური სამსახური
   

    მიუხედავად მძვინვარე რეაქციისა, რომელიც მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მოსამართლე ჭაჭუას სარჩელი დააკმაყოფილა, თვით ამ გადაწყვეტილების რამდენიმე ასპექტი მაინც ჯერჯერობით ყურადღების მიღმა დარჩა.
    ნეგატიურთან ერთად, ჯინჯოლავა – გოგოლაშვილ - აბაშიძის ვერდიქტს ობიექტური (ანუ მათი ნებისა და განზრახვისაგან დამოუკიდებელი) დადებითი შედეგიც ექნება.
    რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, - აქ ყველაფერი ნათელია. იურისპრუდენციაში არსებობს შემთხვევა, როდესაც ორი სხვადასხვა იურიდიული სისტემა ეჯახება ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ მოსამართლის პირად, სუბიექტურ განწყობაზე ხდება დამოკიდებული - მას შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.
    გააჩნია რა იდეოლოგიით (დიახ, იდეოლოგიით!) იხელმძღვანელებს. მაგრამ ფორმალურად, ორივე შემთხვევაში თითქოს მართალი იქნება.
    ჭაჭუას სარჩელზე ვერდიქტის გამოტანისას, ზემოხსენებული ტრიადა მოქმედებდა ეგრეთ წოდებული «კონსერვატიული იდეოლოგიის» შესაბამისად, რომელიც საკანონმდებლო ტრადიციის უწყვეტობას ქადაგებს. მაგალითად, (კონკრეტულ შემთხვევაში), საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 1991 წელს, «ძველი კონსტიტუციის» საფუძველზე დამტკიცებულ მოსამართლეებს არ უნდა შეწყვეტოდათ უფლებამოსილება, ვინაიდან ისინი დაინიშნენ 10 წლის ვადით (2001 წლამდე), ხოლო იმ ფაქტს, რომ 1995 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია (რის საფუძველზეც ტარდება სასამართლო რეფორმა საქართველოში), - უმაღლესმა საკონსტიტუციო არბიტრმა ყურადღება არ მიაქცია; ანუ ეს გარემოება არასაკმარისად მიიჩნია იურიდიული წყვეტის აღიარებისათვის.
    ამ იდეოლოგიას უპირისპირდება რეფორმისტული იდეოლოგია, რომელიც მიიჩნევს, რომ მაგალითად, 1995 წლის კონსტიტუციამ თავისთავად აუცილებელი და გარდაუვალი გახადა იურიდიული წყვეტა - მოსამართლეები ვალდებულნი იყვნენ დაედასტურებინათ თავიანთი კომპეტენტურობა თვისებრივად ახალი კანონმდებლობის პირობებში (ჩაებარებინათ გამოცდები) და მხოლოდ ამ პირობით გაეგრძელებინათ მოვალეობის შესრულება.

    რასაკვირველია, კანონმდებელმა ისიც გაითვალისწინა, რომ იქნებოდა ერთგვარი რევოლუციური აქტიც - ძველ (საბჭოთა) იურიდიულ სისტემასთან დამაკავშირებელი ძაფების გაწყვეტა, ახალი სისტემის დაფუძნება; მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს «პრეზენტაცია» ჩაიშალა.
    რასაკვირველია, ბევრ მოსამართლეს, ვინც საბჭოთა ეპოქის იერარქიის გრძელი კიბე აიარა პოსტის დასაკავებლად, სულაც არ ეპიტნავებოდა მოულოდნელი პერსპექტივა: მის ნაცვლად მოსამართლის თანამდებობას ვიღაც უცნობი იურისტი დაიკავებდა მხოლოდ ერთი ნიშნით: უფრო ღრმა და მაღალი კვალიფიკაციის ცოდნის გამო. მხოლოდ ეს ერთი პირობა კი მოქმედ მოსამართლეებს სულაც არ მიაჩნდათ საკმარისად.
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მოსამართლე ჭაჭუას სარჩელი კარგად ჩაფიქრებული, მომზადებული და კოლექტიურად (არა ინდივიდუალურად) განხორციელებული აქცია იყო მოსამართლეთა მთელი კორპუსის მხრიდან, რომელთაც თანამდებობის დაკარგვა არ სურდათ.
    რამდენიც უნდა ილაპარაკოს ჯინჯოლავამ, თითქოს მხოლოდ კანონს ითვალისწინებს, აშკარა, - იგი ითვალისწინებდა აგრეთვე იმ წრის (მოსამართლეთა «ამქრის») დამოკიდებულებას მის მიმართ, რომელშიც იგი პროფესიულად აღიზარდა და მთელი ცხოვრება მოღვაწეობდა.
    საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს უბრალოდ შეეშინდათ კოლეგათა გაკიცხვისა: «თავად გაინაღდეს საკონსტიტუციოს წევრობა და ახლა ასე ადვილად გაგვწირესო».
    საქართველოში კი (მით უმეტეს, საქართველოში) «ამქრული ურთიერთდამოკიდებულება» ადამიანებსა და პროფესიონალებს შორის ყოველთვის ძალიან ბევრს წყვეტდა.
    საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ხელი არ მოუბრუნდებოდათ თავიანთი კოლეგა-მოსამართლეებისთვის «გამოეჭრათ კისერი», მაგრამ თვით სასამართლო რეფორმას რომ კისერი გამოჭრეს, ეს გაცილებით იოლად ასატან ბრალდებად მიაჩნიათ.
    მათთვის მთავარი იყო «ამქრული წესი» დაეცვათ და კოლეგები არ გაენაწყენებინათ. ვიმეორებ: ფორმალურად შეიძლება ვერც შეედავო, ვინაიდან ისინი იმ იურიდიული იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ, რომელიც უფრო მეტად შეესაბამებოდა მათ მისწრაფებასა და უფრო მეტად აძლევდათ საშუალებას, დაეცვათ «ამქრის წესი».
    ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ისინი უპრინციპო მოსამართლეები არიან, მაგრამ სწორედ ეს წესია მათი პრინციპი და აქ საზოგადოება (როგორც უნდა აღშფოთდეს) ვერაფერს გააწყობს.
    ამრიგად, მოქმედი მოსამართლეები 2001 წლამდე ინარჩუნებენ უფლებამოსილებას. ამას აღარაფერი ეშველება, - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა მისდამი დაუმორჩილებლობას არ ნიშნავს, ვინაიდან მაშინ საერთოდ ყველაფერი აზრს დაკარგავს.
    თუმცა, ამ ვერდიქტმა ხელისუფლებას რამდენიმე კოზირი მაინც შესძინა. ჯერ ერთი, საზოგადოებაში მყარად დამკვიდრდება აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს «არამარიონეტულობის» შესახებ. მაშასადამე, თუ მომავალში მწვავე დისკუსია გაიმართა რაიმე იურიდიული პრობლემის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლების (ან ცენტრალური ხელისუფლების) სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, მას ვეღარავინ დასდებს ბრალად, რომ «ბრძანების შესაბამისად» მოქმედებდა, ანუ ვეღარ ჩამოყალიბდება შესაბამისი ოპოზიციური აზრი საზოგადოებაში - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა დისკრედიტაციისთვის.
    ბუნებრივია, ამგვარი განწყობა (ნდობა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ მაინც უფრო ხელისფლებას აძლევს ხელს, ვინაიდან «მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტასთან» დაკავშირებული იურიდიული კაზუსი მეტად იშვიათია და ძნელად თუ განმეორდება.
    კონსტიტუციური გზით არჩეული ხელისუფლებისათვის საკონსტიტუციო სასამართლო ბუნებრივი მოკავშირეა. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეს ორგანო ცხრა წევრისაგან შედგება. კიდევ ერთი ასპექტი კი ის არის, რომ რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, 1999 წლის იანვარში ყველა «გამოუცდელი მოსამართლის» უფლებამოსილების ერთბაშად შეწყვეტით სინამდვილეში სულაც არ იყო ხელისუფლება დაინტერესებული. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ: გამოცდის ჩაბარება სულ 60-მა მოსამართლემ შეძლო. მთელი ქვეყნის საჭიროებას ისინი, რასაკვირველია, ვერ დააკმაყოფილებდნენ, რასაც შეიძლებოდა სერიოზული დესტაბილიზაცია გამოეწევია სახელმწიფოს იურიდიული მდგრადობის თვალსაზრისით.
    რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ის მოსამართლეები, ვინც გამოცდას არ ჩააბარებდა, თანამდებობაზე დარჩენილიყვნენ 2001 წლამდე, ან ვიდრე ვაკანსიები «ტესტირებული მოსამართლეებით» არ შეივსებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ოპოზიცია ხელისუფლებას «ანტირეფორმიზმში» დასდებდა ბრალს.
    ახლა კი ასეთი ბრალდებები არ ისმის. ამ ოპოზიციის არსიდან გამომდინარე, იგი ინსტინქტურად კვლავაც ხელისუფლებას ჩაუდგება კრიჭაში, ანუ მაინც დაუჭერს (პასიურად ან აქტიურად) მხარს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
    2001 წელი არც ისე შორს არის. მიღებული გადაწყვეტილებით კი «საკონსტიტუციო მოსამართლეთა სამეულმა» თავისდაუნებურად (ამგვარი განზრახვა მათ ნამდვილად არ ექნებოდათ) ერთიორად გაზარდა პრეზიდენტისა და რეფორმატორთა გუნდის რეიტინგი. ელექტორატი ტრადიციულად მხარს უჭერს «განწირულ სულისკვეთებას».
   

ჩიკვილაძე-მაღლაკელიძის გადანაცვლებით საბიუჯეტო შემოსავლები უნდა გაიზარდოს

    ედუარდ შევარდნაძე კვლავ ძალზე აქტიურად ახორციელებს საკადრო ცვლილებებს თავის კაბინეტში. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ დღევანდელმა პრეზიდენტმა მოქმედი კონსტიტუცია «კარგად მოირგო». საეჭვოა, იგი ასევე კარგად «მოერგოს» სხვას, განსაკუთრებით, ალტერნატიული კურსისა და იდეოლოგიის მატარებელ ძალებსა თუ ფიგურას.
    არსებული მოდელის ფარგლებში, პრეზიდენტი ატარებს კადრების სწრაფად ცვლის პოლიტიკას ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით და პირიქით-ხანგრძლივად აკონსერვებს კადრებს მაშინ, როდესაც ასეთი მიმართულება და სფერო მათ სტაბილურობას მოითხოვს.
    ედუარდ შევარდნაძე დიდი ხანია ეძებდა ასეთ «სტაბილურ ფიგურას» საგადასახადო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მიაგნო კიდეც, - თამაზ მაღლაკელიძემ მოღვაწეობა წარმატებით დაიწყო. ოქტომბერში მისმა უწყებამ 35 მილიონი ლარი შეიტანა ბიუჯეტში. შემოსავლები თითქოს განუხრელად იზრდება, მაგრამ რეალურად, არსებული რესურსების მხოლოდ მესამედის მობილიზება ხდება.
    თამაზ მაღლაკელიძის ძალისხმევით, განვლილ თვეში გეგმა სანახევროდ მაინც შესრულდა; აგვისტოსა და სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ეს ნამდვილად «გარღვევა» იყო.
    ანუ, თამაზ მაღლაკელიძემ შეასრულა სიტყვა, რომელიც დანიშვნისთანავე მისცა პრეზიდენტს: «უახლოეს მომავალში შემოსავლები შესამჩნევად გაიზრდება»
    თუმცა, გასათვალისწინებელია ორი მომენტი: «საგადასახადოს» ახალ უფროსს არ უთქვამს, რომ იგი 1998 წლის გეგმას შეასრულებდა, - ეს აბსოლუტურად შეუძლებელია.
    ბიუჯეტი (თეორიულად) შეიძლებოდა შევსებულიყო (ნაწილობრივ შეივსება კიდეც) პრივატიზების მეშვეობით. მაგრამ გადასახადების ამ რაოდენობით მოზიდვა თეორიულადაც შეუძლებელია წლის ბოლომდე.
    წლევანდელი ბიუჯეტი რომ ვერ შეივსებოდა, უკვე ივნისში გახდა ნათელი; მიუხედავად ამისა, თამაზ მაღლაკელიძემ პირობა დადო, რომ გაისად სამსახურის საქმიანობა თვისებრივად შეიცვლება და მდგომარეობა (გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით) კარდინალურად გაუმჯობესდება.
    სულ მალე ცხადი გახდა, რომ სისტემური გარდაქმნისათვის მას ელემენტარულად დრო არ ექნებოდა. ოქტომბერში «საგადასახადომ» კვლავ ავრალის წესით იმუშავა და გადასახადის მატება სწორედ ამით არის განპირობებული.
    გარდა ამისა, წლის ბოლოს გადასახადების ოდენობა ყოველთვის მატულობს, - აგვისტოდან კი რამდენიმე მსხვილი საწარმო ამუშავდა.
    ამავდროულად, საბაჟო სამსახურში საქმე უარესდებოდა. თენგიზ აბულაძე აშკარად ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას, შემოსავლები კატასტროფულად შემცირდა რასაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა ობიექტური მიზეზები (რუსეთის კრიზისი და სხვა), მაგრამ ფაქტია, რომ საბაჟო სივრცე სანახევროდაც ვერ «იფარება» სამსახურის მიერ.
    ამიტომ, სამსახურთა უფროსების «გადანაცვლებით», თამაზ მაღლაკელიძის საბაჟოს უფროსად დანიშვნითა და მიხეილ ჩიკვილაძის «კონტროლის პალატიდან გადმოყვანით» პრეზიდენტი ცდილობს «სტაბილური კადრები» გამოძებნოს ორივე უწყებისათვის.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში, 2000 წლამდე, ამ ორი სტრუქტურის ხელმძღვანელობა აღარ შეიცვლება. არ არის შემთხვევითი, სწორედ ახლა დისკუსიის გამართვა «საგადასახადო» და «საბაჟო» სამსახურების შესაძლო გაერთიანების თაობაზე, თუმცა, დამკვირვებელთა დიდი უმრავლესობის აზრით, ეს ყოვლად დაუშვებელია, - არ არსებობს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც ეს ორი სტრუქტურა გაყოფილი არ არის. უფრო მეტიც, - საბაჟოს ყოველთვის გარკვეული უპირატესობა აქვს, იგი იცავს ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს, ანუ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
    ამიტომ, ყველა ქვეყანაში, ტრადიციულად, საბაჟო ისეთივე დონეზე განიხილება, როგორც თავდაცვის სამინისტრო და უშიშროების სისტემა.
    თუმცა, უწყებათა ფორმალური გაერთიანება (საქართველოში) შეიძლება აუცილებელი არც აღმოჩნდეს.
    როგორც ჩანს, პრეზიდენტს სჯერა თამაზ მაღლაკელიძის რეკომენდაციებისა, ამიტომ (სუბორდინაციის მიუხედავად) «საგადასახადოს უფროსს» თავისი «მომიჯნავე» უწყების ხელმძღვანელის მიმართ გარკვეული უპირატესობა მაინც ექნება.
    დავაკვირდეთ იმ გარემოებას, რომ ორივე შეირჩა «ინფორმირებულობის» ნიშნით. ინფორმაცია შეიძლებოდა თენგიზ აბულაძესაც ჰქონოდა და ოლეგ ნიკოლაიშვილსაც, მაგრამ აქ სხვა დონისა და ხარისხის ინფორმირებულობაზეა ლაპარაკი, - ორივე სიტუაციას იცნობს «შიგნიდან»; განსაკუთრებით ეს ეხება თამაზ მაღლაკელიძეს, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა ახალ ქართულ ოლიგარქიას და ახლაც წარმოადგენს მას; ოღონდ, იმავდროულად, განასახიერებს გარკვეულ კომპრომისს ამ ოლიგარქიასა და ხელისუფლებას შორის.
    სწორედ აქ იბადება ერთი შეხედვით გაუგებარი და უცნაური «გადაადგილების» არსი, - ამჯერად კომპრომისი ხელისუფლებას საბაჟო სისტემაში უფრო სჭირდება, ვინაიდან, «საგადასახადოში» გარკვეული წონასწორობა უკვე მიღწეულია. მეტის მიღწევას კი არათუ მაღლაკელიძე, (დღევანდელ პირობებში) საერთოდ ვერავინ შეძლებს.
   

სასაზღვრო შეთანხმება რუსეთთან საქართველოს სერიოზული გამარჯვებაა

    რუსულმა მასმედიამ (განსაკუთრებით ტელევიზიამ) თითქოს საერთოდ ვერ შენიშნა შეთანხმება, რომელსაც მოსკოვში ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელებმა. როგორც ჩანს, ეს იმითაა განპირობებული, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის მეტისმეტად «მომგებიანია», ამდენად, რუსეთისათვის სკანდალურია და შეეძლო მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოეწვია, განსაკუთრებით, სახელმწიფო სათათბიროში.
    შეთანხმების შესაბამისად, 1999 წლის ივლისამდე რუსი მესაზღვრეები საბოლოოდ დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. არა მხოლოდ საზღვაო აკვატორიას, არამედ საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარსაც, რომელსაც იცავდნენ 1994 წლის 3 თებერვლის ცნობილი, კაბალური შეთანხმების შესაბამისად.
    იმ შეთანხმებას თბილისში ბორის ელცინმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი რატიფიცირება არ მომხდარა, ამიტომ, მას სრული იურიდიული ძალა არ გააჩნდა.
    1994 წლიდან, თითქმის 5 წლის განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა, - საქართველომ რეალური (არა ბუტაფორიული) სახელმწიფოებრიობის ნიშნები შეიძინა და, ბუნებრივია, საზღვრების დამოუკიდებლად დაცვის პრეტენზიაც გაუჩნდა.
    ის დებულება, რომ «სახელმწიფო თავად უნდა იცავდეს საკუთარ საზღვრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად» - აქსიომაა, მაგრამ დღემდე, ობიექტურად, ამის შესაძლებლობა არ არსებობდა.
    მოსკოვში პარაფირებული ოქმის შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში საქართველოს სასაზღვრო ჯართა ქვედანაყოფები თანდათან ჩაენაცვლებიან რუსეთის სასაზღვრო ჯარებს ახალციხისა და აჭარის მონაკვეთებზე.
    გაიყოფა, აგრეთვე, უძრავ-მოძრავი ქონება. უძრავი ქონება მთლიანად საქართველოს დარჩება, - რუსებმა პირობა დადეს, რომ სასაზღვრო ინფრასტრუქტურას არ გაანადგურებენ თავიანთი კოლეგების (თავდაცვის სამინისტროდან) მსგავსად და განადგურებულს არ დაგვიტოვებენ.
    მოძრავი ქონება კი (იარაღი და სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა) გაიყოფა პრინციპით: ორმოცდაათი-ორმოცდაათზე, ანუ სანახევროდ ჩვენ დაგვრჩება.
    ეს არცთუ ცუდი ვარიანტია, თუ იმასაც გავიხსენებთ და გავითვალისწინებთ, რომ იმავე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 1992-94 წლებში, სამოქალაქო ომის დროს, საქართველოდან ყველაფერი გაზიდა, რისი გატანაც კი შეიძლებოდა - სულ 10-12 მილიარდი (!) დოლარის შეიარაღება და სამხედრო ქონება.
    საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარები (საქართველოს მონაკვეთზე) შესანიშნავად იყვნენ აღჭურვილნი და შეიარაღებულნი, ამდენად, დატოვებული იარაღიც არცთუ ისე მცირე სიმდიდრეა საქართველოს სასაზღვრო უწყებისათვის.
    საყურადღებოა აგრეთვე, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან სამხედრო ქონებას მთლიანად გაიტანენ. რაკი ამ ტერიტორიას საქართველო რეალურად ვერ აკონტროლებს, რუსეთის სასაზღვრო უწყება ვალდებულია ყველაფერი გაიტანოს, რათა სეპარატისტებს არაფერი დარჩეს; თუმცა, ისინი უეჭველად შეეცდებიან ზოგიერთი რამ ხელთ იგდონ; არ არის გამორიცხული ცნობილი «სპექტაკლების» გათამაშება, - როდესაც ქალები და ბავშვები გარს ერტყმიან სამხედრო ქვედანაყოფებს და ატოვებინებენ იარაღს.
    ასეა თუ ისე, საქართველო ნამდვილად მიუახლოვდა უაღრესად მნიშვნელოვან მიჯნას თავისი სახელმწიფოებრივი განვითარებისა, - პირველად, 1828 წლის შემდეგ, საქართველო-თურქეთის საზღვარს დაიცავს ქართველი (და არა რუსი) მესაზღვრე.
    ეს საქართველოს საშუალებას მისცემს, სულ სხვა დონეზე, სულ სხვა საწყისი პოზიციებიდან გამართოს მოლაპარაკება იმავე რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ რუსეთი გაითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს.
    ვალერი ჩხეიძემ რუს კოლეგასთან კონსტანტინე ტოცკისთან უკვე მიაღწია შეთანხმებას, რომ რუსი მესაზღვრეები არ გახსნიან საქართველო-რუსეთის საზღვარს აფხაზეთის მონაკვეთზე. სამაგიეროდ, საქართველოც მიიღებს ანალოგიურ ზომებს ჩეჩნეთთან. ამ სტრატეგიული კომპრომისის გარეშე კი ბალანსი დაირღვევა. მოსკოვში ეს შესანიშნავად ესმით, მაგრამ გარკვეულ ძალებს იქ იმედი აქვთ, რომ თვით საქართველოს მეშვეობითვე დაარღვევენ ბალანსს, ანუ ხელს მოგვაწერინებენ შეთანხმებაზე აფხაზ სეპარატისტებთან ფსოუს სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ - ქართველ ლტოლვილთა ვითომდაც დაბრუნების სანაცვლოდ გალის რაიონში.
    ამის შემდეგ საქართველოს უკვე აღარ ექნება საშუალება, აპელირება მოახდინოს რუსეთის მიერ აპრობირებულ «ორმაგ სტანდარტებზე». ამრიგად, დოკუმენტი, რომელიც სოხუმში ხელმოსაწერად მზადდება, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მთელი გეოპოლიტიკური «კვანძის გახსნა» შეიძლება გამოიწვიოს. ვაითუ, ეს მორიგი საბედისწერო ნაბიჯი გამოდგეს, - არძინბასა და მისი რუსი მფარველების ნდობა როგორ შეიძლება?
   

ორმაგი სტანდარტები რუსული საზოგადოების «ჰუმანისტურ იდეოლოგიაში».

    რუსული საზოგადოება თვალსა და ხელს შუა კარგავს ძირითად თვისებას, რომელიც უეჭველად უნდა გააჩნდეს ნებისმიერ საზოგადოებრივ ერთობას ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის;
    უბრალო, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის სინდისი და პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებათა გამო.
    ამჟამად რუსეთი აშკარად უჭერს მხარს იუგოსლავურ (სერბულ) ფაშიზმს ალბანელთა წინააღმდეგ. მთელი მსოფლიოს თვალწინ მიმდინარეობდა ალბანელი ხალხის გენოციდი და საზარელი ხოცვა-ჟლეტა. სულ ცოტა ხნის წინ რუსეთმა ასი ათასამდე ჩეჩენი გაწყვიტა. იგი უმოწყალოდ ბომბავდა ჩეჩნეთის ტერიტორიას, ხოცავდა უდანაშაულო ადამიანებს, - რუსული საზოგადოება ამასაც უდრტვინველად შეურიგდა, ყოველ შემთხვევაში, ომის ბოლო პერიოდში პროტესტსაც არავინ გამოთქვამდა;
    მაგრამ აბა გავიხსენოთ, როგორ ირჯებოდა იგივე რუსული საზოგადოება აფხაზეთის ომის დროს? გავიხსენოთ გულისამაჩუყებელი წერილები, რომელსაც რუსი მწერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები უგზავნიდნენ ქართველ კოლეგებს. მათ ძირითადი არსი იყო: როგორ არ გრცხვენიათ, რატომ ანადგურებთ პატარა ხალხს, ნუთუ ღმერთის არ გეშინიათ, ნუთუ არ გაშინებთ ისტორიის სამსჯავრო - ქვა რომ ქვაა, იმასაც კი უნდა უფრთხილდებოდეს ადამიანი და ერი, - მით უმეტეს, აქ ხომ საქმე მთელ მცირერიცხოვან ხალხს ეხება?»
    უფრო ადრე რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ საქართველოს საზარელი შეურაცხყოფა მიაყენა - ეგრეთ წოდებულ «სამხრეთ ოსეთში» ომის დროს მან გამოაქვეყნა სააღდგომო განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: «ქართველებს აღარ ვურჩევთ, აღდგომამდე ხორცი არ ჭამონ, მაგრამ ეგება ადამიანის ხორცს მაინც ნუ შეჭამენო».
    ეს «პატრიარქი» ჩეჩნეთის ომის დროს არათუ გასუსული იყო და კრინტს არ ძრავდა მცირერიცხოვანი ხალხის უმოწყალო გენოციდის, საზარელი ხოცვა-ჟლეტის გამო, არამედ პირიქით, წირვა-ლოცვაში ყოველნაირად აგულიანებდა «რუსეთის მხედრობას» და მოუწოდებდა, დაეცვა «სამშობლოს ინტერესები».
    იგივე მეორდება ამჟამადაც, როცა სერბი ფაშისტები უმწეო ალბანელებს, ქალებსა და ბავშვებს ჟლეტდნენ (სხვათა შორის, ქართველებს აფხაზეთში მსგავსი არაფერი ჩაუდენიათ), რუსული საზოგადოება არათუ დუმს, არამედ პროტესტსაც კი აცხადებს «ამერიკული მუქარის» გამო სერბეთის წინააღმდეგ, რომელსაც თურმე «სრული უფლება აქვს, დაიცვას თავისი ქვეყნის მთლიანობა ყველა საშუალებით».

დილის გაზეთი, 9 ნოემბერი, 1998 წ.