ედუარდ შევარდნაძეს დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შესახებ აზრი არ შეუცვლია
   

    თენგიზ კიკაჩეიშვილისა და «მრგვალი მაგიდის» ორგანიზებულმა აქციამ პარლამენტის შენობის წინ მოულოდნელი შედეგი გამოიღო. საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, კომენტარი გაეკეთებინა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მოთხოვნისთვის «დეკემბერ-იანვრის» მოვლენათა პოლიტიკური შეფასების თაობაზე. მის განცხადებაში რამდენიმე ძალზე საყურადღებო მომენტია: ჯერ ერთი, ედუარდ შევარდნაძემ პირველად ახსენა 1988 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ გამოცდილებაზე მსჯელობისას, რაც უეჭველად ნიშნავს, რომ მას არცთუ კარი წარმოდგენა აქვს «ეროვნულ მოძრაობაზე», თუმცა ეს გასაკვირი არ არის. მისივე სიტყვებით, იგი არ აპირებს, საკუთარი აზრი თავს მოახვიოს საზოგადოებას, თუმცა ამ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის «ზოგიერთი გამონათქვამი ცნობილია». ედუარდ შევარდნაძე უეჭველად გულისხმობდა 1992 წლის 7 მარტს, თბილისში დაბრუნებისთანავე აეროპორტში გაკეთებულ განცხადებას «დემოკრატიული რევოლუციის შესახებ». მაგრამ რაკი სამხედრო გადატრიალება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მეტად უსიამოვნო და საშიში პრეცენდენტია, ამჟამად შევარდნაძე სიფრთხილეს იჩენს და კატეგორიულად აღარაფერს ამტკიცებს: «იქნებ, ჩვენი თაობა ვერც შეთანხმდეს იმ მოვლენათა შეფასებაში - მივანდოთ ეს საკითხი ისტორიას» და კიდევ უფრო (შესაძლოა, ყველაზე მეტად) მნიშვნელოვანი პასაჟი იმავე ინტერვიუდან «იმ მოვლენათა მონაწილე მეორე მხარეშიც შეიძლება ულტიმატუმი წამოგვიყენოს, შედეგად ურთიერთსიძულვილის ახალ ტალღას მივიღებთ». ეს სიტყვები ადასტურებს, რომ თენგიზ კიკაჩეიშვილმა და კომპანიამ «ათიანში მოარტყა» - შევარდნაძე დიდ ზნეობრივ და პოლიტიკურ სხვაობას ვერ ხედავს «ამჟამინდელ» და «იმდროინდელ» ოპოზიციას შორის, მან ისიც მშვენივრად უწყის, რომ წინა ხელისუფლების მომხრენი ახლანდელი ხელისუფლების «დამამხობელ მასად» არავის გამოადგება. მით უმეტეს, იმ კრიმინალ-ნაძირალებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდათ და ამოძრავებთ.
    რაც შეეხება საკუთრივ თენგიზ კიკაჩეიშვილს, მისმა პოზიციამ ბოლლო ორი წლის განმავლობაში შესამჩნევი სახეცვლილება განიცადა წინა არჩევნებში კიკაჩეიშვილის პარტია საერთოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ ბოლო დროს იგი «შემრიგებლური გახდა» (ქალბატონ მანანას შეფასებით). ყოველ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ «მრგვალი მაგიდა» ამჟამინდელი ხელისუფლებისაგან (პარლამენტისაგან) გადატრიალების დაგმობას მოითხოვს. ცოტა ხნის წინ ამგვარი მოთხოვნა აბსურდულად აღიქმებოდა, ვინაიდან «5 ნოემბერი» «11 ოქტომბრისა» და დეკემბერ-იანვრის მოვლენათა მემკვიდრეა. მაგრამ მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ კიტოვანსა და იოსელიანს ციხეში უკრა თავი. «მხედრიონი» გაანადგურა და სიკვდილმისჯილნი (მათ შორის, ლოთი ქობალია) შეიწყალა, თენგიზ კიკაჩეიშვილმა საპასუხო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, რაც მიანიშნებს, რომ იგი «ბრმა ფანატიკოსი» არ არის ზოგიერთი მისი ყოფილი «კოლეგასავით». თავისთავად, ამგვარი მოთხოვნა («პარლამენტმა შეაფასოს დეკემბერ-იანვრის მოვლენები») სერიოზული კომპრომისია, მაგრამ შევარდნაძე, ამ ეტაპზე კომპრომისზე წასვლას ერიდება, ვინაიდან გადატრიალების დაგმობა  იმ სეგმენტის უკმაყოფილებას გამოიწვევს,  რომელიც ამა თუ იმ ფორმით აქტიურად მონაწილეობდა გადატრიალებაში. საპასუხო კომპრომისის შევარდნაძისეული ვარიანტი შემდეგში გამოიხატება «ნეიტრალური პოზიცია», რომელშიც აღარ ფიგურირებს კრიმინალური გადატრიალების ადრინდელი შეფასება - «დემოკრატიული რევოლუცია».
   

მერიდიანი, 1 ოქტომბერი, 1997 წელი

მთელ გვერდზე