ამერიკა და რუსეთი საქართველოს ხარჯზე ვაჭრობენ

ამერიკა და რუსეთი საქართველოს ხარჯზე ვაჭრობენ

 

    საქართველოს პარლამენტმა დაიწყო განხილვა ხელშეკრულებისა, რომელსაც ოფიციალურად «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ» ქვია, ხოლო არაოფიციალურად, ხშირად იხსენიებენ, როგორც «კონვენციას საფლანგო შეზღუდვის თაობაზე».
    იგი წარმოადგენს ერთგვარ განვითარებას იმ ეპოქალური მნიშვნელობის დოკუმენტისა, რომელიც 1990 წელს პარიზში იყო პარაფირებული. საბჭოთა კავშირის სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ედუარდ შევარდნაძემ. «საფლანგო შეზღუდვა» ითვალისწინებდა ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვას ევროპულ სახელმწიფოთა საზღვრებთან, რაც მართლაც უწყობდა ხელს ევროპაში დაძაბულობის შენელებას.
    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გეოპოლიტიკური რეალობა თვისობრივად შეიცვალა - რუსეთის «სამხრეთ ფლანგად» ანუ სამხრეთ საზღვრად ჩრდილოეთ კავკასია იქცა. ამ რეგიონში ჯარების შეცმირება კი მოსკოვისათვის გასაგებ მიზეზთა გამო კატეგორიულად მიუღებელი გახლდათ. ამიტომაც, რუსეთმა ხელშეკრულების რევიზია მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ საერთოდ უარს იტყოდა მის შესრულებაზე და არ მოახდენდა დოკუმენტის რატიფიცირებას. ევროპისათვის კი ამგვარი რევიზია მიუღებელი იყო, ვინაიდან ეს «ევროპული უშიშროების» მთელი არქიტექტურის ნგრევას გამოიწვევდა და «ცივ ომში» დასავლეთის გამარჯვების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებდა.
    ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა რუსეთს კომპრომისი შესთავაზა საქართველოს ხარჯზე. გაფორმდა ახალი კონვენცია (უფრო ზუსტად, პარიზის ხელშეკრულების დამატება), რომელიც რუსეთს უფლებას აძლევს, განალაგოს ჩვეულებრივი შეიარაღება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე ამ უკანასკნელთა თანხმობით და მიიღოს მათი კუთვნილი ქვოტების (იგულისხმება ჩვეულებრივი შეიარაღების ქვოტები) გარკვეული ნაწილი.
    «მეზობელ ქვეყნებში», უპირველეს ყოვლისა, საქართველო იგულისხმება, ვინაიდან: ჯერ ერთი, რუსეთის ჯარები (თუ არ ჩავთვლით ტაჯიკეთს) ესენგეს წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთში, საქართველოსა და ბელორუსიაშია განლაგებული და მეორეც, - ყველასათვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობდა, მიიღებდა თუ არა რუსეთი უფლებას, ჩვეულებრივი შეიარაღება განელაგებინა კავკასიის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით. რუსეთისათვის ეს დებულება კიდევ იმითაცაა ხელსაყრელი, რომ პირველად დოკუმენტურად დაფიქსირდა საერთაშორისო დონეზე მისი უფლება - ჯარები განალაგოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თუნდაც ამ უკანასკნელთა «თანხმობით» (თანხმობის მისაღებად კი რუსეთი კარგად დამუშავებულ «მეთოდოლოგიას» ფლობს, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო ომების პროვოცირებას, ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას, ტერორისტული აქტების ორგანიზებას და სხვა).
    საქართველო ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი უარი ევროპაში აღქმული იქნებოდა, როგორც «აბეზარი ინვალიდის კაპრიზი», რომელსაც არ სურს, შეურიგდეს საერთაშორისო თანამეგობრობის «ზოგადსაკაცობრიო» (კაცობრიობას, რა თქმა უნდა, ისეთი ჭანჭიკი, როგორიც საქართველოა, ჩირადაც არ უღირს) ინტერესთა შესაბამისად თავის სუვერენიტეტის დათმობას. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ჯარების დაკანონებას ისედაც აპირებდა, მაგრამ იმ გარემოებამ, რომ რუსეთმა ევროპის მხარდაჭერა მოიპოვა, თბილისის არგუმენტთა დამაჯერებლობა შეამცირა.
    ედუარდ შევარდნაძისა და ვიქტორ ჩერნომირდინის მიერ 1995 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად («რუსეთის სამხედრო ბაზების შესახებ»), მოსკოვმა მიიღო საქართველოს კუთვნილი ქვოტების ნაწილი, მაგრამ ერთია, როდესაც კომპრომისი მიიღწევა რუსეთ-საქართველოს შეთანხმებებით და მეორეა, როცა რუსეთმა უკვე მიაღწია კომპრომისს დასავლეთთან.
    ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთა პროტესტებზე «ნატოს» ექსპერტები პასუხობენ: «თუ არ მოგწონთ, საერთოდ გაიყვანეთ რუსეთის ჯარი საქართველოდან». თუმცა, თავადვე აეჭვებთ ამგვარი ნაბიჯის რეალურობა. ამრიგად, დასავლეთმა საქართველო (ეს მერამდენედ) «ხურდაში დაუბრუნა რუსეთს» და გარიგებას კრემლთან პატარა ქვეყნის ხარჯზე მიაღწია.

მერიდიანი, 16 მაისი, 1997 წ.