აფხაზეთის «დაბრუნება» ეკონომიკის მეშვეობით შეუძლებელია

    საინფორმაციო სააგენტო «იბერიას» ცნობით, სოხუმში საქართველოს «სამთავრობო» დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე ოზგანმა განაცხადა: «აფხაზეთს სრულიადაც არ სჭირდება საქართველოს დახმარება ეკონომიკის სფეროში, იგი თავად შეძლებს საკუთარი ეკონომიკის ფეხზე დაყენებას».
    ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრმა და სხვა მინისტრებმაც ქვეყანას ამცნეს სასიხარულო ამბავი: აფხაზეთში ჯერ ქართული ეკონომიკა შევა, შემდეგ იურისდიქცია და ლტოლვილებიო.
    აფხაზებს, რასაკვირველია, ამგვარი პერსპექტივა სულაც არ ახარებთ, მათთვის ნიკო ლეკიშვილის ვიზიტი გამაღიზიანებელიც კი იქნებოდა, მაგრამ არძინბას ტაქტიკური მოსაზრებით სურდა «კომპრომისის» ილუზია შეექმნა ქართულ მხარესთან და ამ გზით «რუსული ბლოკადის» გაუქმებისათვის მიეღწია. მიაღწია კიდეც. კონსტანტინე ოზგანმა კი აფხაზი ხალხის განწყობა გამოხატა და განაცხადა: «როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ქართველების არაფერი გვინდა».
    ზოგადად იმის იმედი, რომ «აფხაზეთს ეკონომიკური მეთოდებით დავაბრუნებთ», ილუზიაა. ამგვარი პრობლემები ეკონომიკური ბერკეტებით ვერ გადაწყდება. «აფხაზეთის ეკონომიკის აღორძინების» სანაცვლოდ აფხაზები ბრძოლით მოპოვებულ ფაქტობრივ დამოუკიდებლობას არ დათმობენ.
    რა შეუძლია შესთავაზოს საქართველომ აფხაზეთს? ბევრი არაფერი! რუსეთი საქართველოზე ძლიერია ეკონომიკურად და მასთან თანამშრომლობა აფხაზებისათვის გაცილებით მომგებიანია. ასევე რუსეთს თავისუფლად შეუძლია გამოყოს (თუნდაც) მილიარდი დოლარი აფხაზეთის ასათვისებლად. ეს მიწა-წყალი ხომ გაცილებით მეტი ღირს?! საქართველოს ამის საშუალება არ გააჩნია. გარდა ამისა, «ეკონომიკის განვითარებისათვის» აფხაზები არც უპირატესობის შეგრძნებას დათმობენ. ომში გამარჯვების შედეგად რომ მოიპოვეს. ეკონომიკური ფაქტორებით აფხაზურ საზოგადოებაში სოციალური დაპირისპირების პროვოცირებაც შეუძლებელია; ეს საზოგადოება ისეა კონსოლიდირებული «საქართველოსა» და «ქართველების» სიძულვილით, რომ ამის გამო შიდა დაპირისპირებას არ დაუშვებს.
    გარდა ამისა, აფხაზეთის მოსახლეობა ძირითადად «სოფელზეა მიბმული». ამრიგად, პროდუქტი (საკვები) მას არ მოაკლდება; ეკონომიკური სანქციებით ჩვენ ფაქტიურად დავეხმარეთ არძინბას, «თავიდან მოეშორებინა» რუსული და ბერძნული მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ქალაქში ცხოვრობდა. შედეგად, აფხაზები დღეს აფხაზეთში (პირველად ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში) უმრავლესობას წარმოადგენენ. აფხაზეთი აფხაზურ-სომხურ რესპუბლიკად იქცა. კონსტანტინე ოზგანის განცხადებაც იმის მანიშნებელია, რომ ის ცდილობს გაემიჯნოს არძინბას და მის პოლიტიკას. ოზგანი, რასაკვირველია, შინაგანად არძინბას ეთანხმება (პოლიტიკა არ არსებობს ლავირების გარეშე), მაგრამ ხალხის თვალში მაინც ალტერნატივის ილუზიას ქმნის.
    აფხაზებს «საქართველოს» სახელის ხსენებაც არ უნდათ, ამიტომ არძინბას ავტორიტეტი კლებულობს და აფხაზური ელიტა (ყოველი შემთხვევისათვის) ახალ ლიდერს ეძებს.

მერიდიანი, 29 აგვისტო, 1997 წ.
   

 მთელ გვერდზე