მკვდრადშობილი გაერთიანება

    საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია იმ პროცესმა, რომელიც საპარლამენტო და «არასაპარლამენტო» ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრებით დაიწყო.
    როგორც ცნობილია, ამ შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი შეიძინა - ისინი იმართება საზოგადოება «ცოდნის» დარბაზში ყოველ სამშაბათს. საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მას ესწრებიან «რესპუბლიკელები» (კერძოდ, ნოდარ ნათაძე) «ილია ჭავჭავაძის საზოგადოება (თამარ ჩხეიძე), «ტრადიცონალისტთა კავშირი» (აკაკი ასათიანი), «მერაბ კოსტავას საზოგადოება».
    იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელთან ასოცირდებიან, - ირაკლი გოცირიძე, ელიზბარ ჯაველიძე, მუხრან მაჭავარიანი, ვახტანგ ბოჭორიშვილი და სხვები.
    ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ერთის მხრივ, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია», ხოლო მეორეს მხრივ - «მრგვალი მაგიდა» თენგიზ კიკაჩეიშვილის ხელმძღვანელობით.
    თენგიზ კიკაჩეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც შეიძლება მოკლედ შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: «ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ შეხვედრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ოპოზიცია აღიარებს, რომ უდიდესი დანაშაული აქვს ჩადენილი ერისა და ქვეყნის წინაშე და მოინანიებს ამ ცოდვას»
    ამაზე აკაკი ასათიანმა უპასუხა, რომ «თუ იქნება ულტიმატუმები, ჩვენ უბრალოდ წავალთ, ალბათ ჯობია საქმე ვაკეთოთ, ვიდრე ერთმანეთის ცოდვები ვარჩიოთ. უცოდველი არავინ არის».
    შეიძლება ითქვას, ეს მთლიანად საპარლამენტო ოპოზიციის აზრის კვინტესენცია იყო. მას ეთანხმებოდა «შეურიგებელი ოპოზიციის» ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციასთან ალიანსის მომხრეა. ალიანსის მიზანია, ხელისუფლების შეცვლა. ხაზს ვუსვამ - არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა (ეს თავისთავად ცხადია) არამედ მთლიანად ხელისუფლების შეცვლა: მმართველი ელიტის, აღმასრულებელი ხელისუფლების. . . . აქედან გამომდინარე - ცვლილება სახელმწიფოებრივი კურსის, პოლიტიკური სისტემის და ა.შ.
    ამ მხრივ აზრთა სხვადასხვაობა თითქოს არ არის - ყველა, ვინც შეკრებაზე გამოდის, ერთხმად აღიარებს, რომ «ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს», «მეტის მოთმენა აღარ შეიძლება», «მოთმინების ფიალა აივსო», «დამთავრდა», «გადაწყდა» და ა.შ.
    26 მაისისათვის თბილისში დაგეგმილია «გრანდიოზული მანიფესტაციების» დაწყება, რასაც უნდა მოჰყვეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის აგორება.
    მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად პიკანტურობას ის მომენტო სძენს, რომ ამ დროს (26 მაისს) ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში უნდა იყოს - СНГ-ს ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
    ერთი სიტყვით, «ალიანსის» იდეურ მამებს საქმე გადაწყვეტილად მიაჩნიათ, - ისინი უკვე ქმნიან ახალი «ეროვნული სათათბიროს» კონტურებს, რომელმაც მომავალში უნდა იკისროს პასუხისმგებლობა ხელისუფლების წინააღმდეგ «აგორებული» მოძრაობის მართვაზე.

    ეს ყოველივე მაიძულებს, სერიოზულად გავაანალიზო მიმდინარე პროცესი და რამდენიმე კითხვა დავუსვათ ე.წ. «არასაპარლამენტო ოპოზიციას» ანუ ოპოზიციას, რომელიც არ თანამშრომლობდა დღევანდელ ხელისუფლებასთან.
    ხაზს ვუსვამ: «ხელისუფლებაში» ვგულისხმობ არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებას (მთავრობას - ზოგიერთი «დიდი რეფორმატორის» ჩათვლით), აგრეთვე პარლამენტს. ოღონდ პარლამენტს მთლიანად - როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას. ამ უკანასკნელმა რამდენიც არ უნდა იყვიროს «СНГ-თვის ხმა არ მიგვიციაო» - ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან იგი კვლავ აგრძელებს იმ ხელისუფლებაში ყოფნას, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა და არ ემიჯნება მას კატეგორიულად (საქმით და არა სიტყვით).
    უპირველეს ყოვლისა, მინდა ვკითხო ზვიად გამსახურდიას მომხრეებს: როგორ გგონიათ, რამდენად გულწრფელია საპარლამენტო ოპოზიცია? რატომ გჯერათ მათი ესოდენ «უკანმოუხედავად»? ეს ხომ სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ჩამოიყვანეს და რომლებმაც დიდწილად სწორედ მისგან მიიღეს ყველაფერი, რაც დღეს გააჩნიათ, - პარლამენტის წევრობა, კომისიის თავმჯდომარეობა, მინისტრის პორტფელი და ა.შ.
    სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას იმ გარემოებას თუ რა პიროვნული ურთიერთობა არსებობს საპარლამენტო ოპოზიციასა და მათ ოპონენტებს შორის - «უმრავლესობიდან». ეს ურთიერთობა კი სავსებით ნორმალურია! ვგულისხმობ არა პოლიტიკურ ურთიერთობას, არამედ სწორედ პიროვნულ ურთიერთდამოკიდებულებას.
    მავანმა შეიძლება თქვას: ამას რა სჯობია, - ძლივს მიგვიღწევია კულტურის მაღალი დონისათვის, განა რა არის ამაში ცუდი, თუ პოლიტიკური ოპონენტები პიროვნულ ურთიერთობებს არ იფუჭებენ აზრთა სხვაობის გამოო. მაგალითად, რა არის იმაში ცუდი, თუკი СНГ-ს თაობაზე გამართული ისტორიული სხდომის მეორე დღეს ის დეპუტატი, ვინც «წინააღმდეგ» მისცა ხმა და ოპონენტს დარბაზში (პრესის დასანახად) სასტიკად აკრიტიკებდა (შეიძლება კიდეც ლანძღავდა) - იმავე ოპონენტს დარბაზის ფოიეში ტკბილად, მეგობრულად ემუსაიფება, ხოლო მესამე დღეს აუცილებლად მიიღებს მის მიწვევას და (ვთქვათ) შვილის დაბადების დღეზე, იუბილეზე, ბანკეტზე ეწვევა, მის სადღეგრძელოსაც დალევს, კაცურ-კაცობასაც დაულოცავს, ჯანმრთელობასაც უსურვებს და ა.შ.
    დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციის აბსოლუტურ უმრავლესობას, თავისი საპარლამენტო ოპონენტების ასევე აბსოლუტურ უმრავლესობასთან სწორედ ამგვარი ურთიერთობა აქვს. და ეს, რასაკვირველია, ძალიან კარგია - პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური პროცესის სტაბილური განვითარებისთვის, ახალი დაპირისპირების თავიდან აცილების თვალსაზრისით.
    ვიმეორებ: ეს ძალიან კარგია, ასეც უნდა იყოს, ამას ერთხმად უნდა მივესალმოთ, მაგრამ. . . . საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ამ პირობებში არაფრით არ გამოვა ის, რასაც ზემოთხსენებული ალიანსი ისახავს მიზნად! ანუ არ გამოვა კატეგორიული, შეურიგებელი დაპირისპირება, რის გარეშეც ხელისუფლების თვისობრივი შეცვლა ყოვლად შეუძლებელია. არჩევნებით ამ ხელისუფლების შეცვლა რომ ვერ მოხერხდება, მგონი ყველას გვესმის - ზაფხულში დაგეგმილია ახალი კონსტიტუციის მიღება, ხოლო შემოდგომაზე - ახალი არჩევნების ჩატარება. კონსტიტუციით გათვალისწინებულია პრეზიდენტის ინსტიტუტი. ერთადერთი კანდიდატი ამჟამად ნამდვილად შევარდნაძეა - იგი უეჭველად იქნება კიდეც არჩეული, თუ პოლიტიკური კონტექსტი მთლიანად არ შეიცვალა, ანუ მთლიანად არ შეიცვალა დღესვე ხელისუფლება.
    ედუარდ შევარდნაძისათვის სასურველი კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში, დღევანდელმა ოპოზიციამ რომც მოიპოვოს კვლავ ადგილები მომავალ პარლამენტში, ეს თვისებრივად არაფერს შეცვლის, რადგან სახელმწიფოებრივი კურსი უცვლელი დარჩება.
    მაშასადამე, ამ კურსის ანუ ხელისუფლების (როგორც ასეთის) შესაცვლელად, საჭიროა რევოლუციური პროცესის დაწყება: მასობრივი გამოსვლების მოწყობა, ბარიკადების აღმართვა, ქუჩაში შიმშილობის გამოცხადება, და ა.შ.
    ყოველივე ამაზე კი, დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია არ წავა - ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება! ეს თუნდაც იქედან ჩანს (ვიმეორებ), თუ როგორი პიროვნული ურთიერთობები აქვთ მათ თავიანთ საპარლამენტო ოპონენტებთან ანუ იმათთან, ვისთანაც იყოფენ ხელისუფლებას პარლამენტში.
    თვისობრივი დაპირისპირება საპარლამენტო ოპოზიციისათვის იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა გამოვიდეს იმ ხელისუფლებიდან, რომელშიც იმყოფება («უმცირესობის» სტატუსით). ამაზე იგი არაფრით დათანხმდება!
    «პიროვნული ურთიერთობა» წვრილმანად ნურავის ნუ მოეჩვენება; ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, საქართველოში. თავად შევესწარი, როგორ თქვა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა: «რა ვქნა, ედუარდ შევარდნაძე კი მიმაჩნია პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ, მაგრამ კაცურად რაც ვთხოვე, პირადად ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის, ყველაფერი გამიკეთა - უყურადღებოდ არც ერთი თხოვნა არ დამიტოვაო».
    ეს დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი გამარჯვებაა - მან მოახერხა ისე დაპირისპირებოდა პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ მასთან პიროვნული ურთიერთობები არ გაეფუჭებინა.
    აი, ზვიად გამსახურდია კი, ამ თვალსაზრისით, გაცილებით უშუალო და გულწრფელი იყო - მას პიროვნულად სძულდა და ეზიზღებოდა ყველა, ვისი პოზიციაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსათვის მიუღებლად და საზიანოდ მიაჩნდა.
    შესაძლოა, ბევრის მიმართ მართალიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ მხრივ შევარდნაძის ეშმაკური ტაქტიკა უფრო რაციონალური გამოდგა - დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მას ებრძვის, იგი არ მიაჩნია ისეთივე საძულველ ფიგურად (პიროვნული თვალსაზრისით), როგორც ადრე ზვიად გამსახურდია. გამსახურდია კი ფანატიკურად ძულდა, რადგან არც იგი ინდობდა მათ და პირში ეუბნებოდა, რასაც ფიქრობდა. ედუარდ შევარდნაძე უფრო ეშმაკურად იქცევა - ყველაფერს იტანს, ყველაფერს ითმენს, ზოგჯერ აშკარა შეურაცხყოფაზეც არ პასუხობს მხოლოდ იმისათვის, რათა პიროვნული ურთიერთობა არ გაიფუჭოს პოლიტიკურ ოპონენტებთან.
    ამიტომ, ეს უკანასკნელი დღევანდელი სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ კატეგორიულ, შეურიგებელ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათ შეიძლება სასტიკად აკრიტიკონ და ლანძღონ პარლამენტში თავიანთი ოპონენტები, მაგრამ ქუჩაში მათ არ დაუპირისპირდებიან. სხვაგვარად კი ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა, ანუ არ გამოვა ხელისუფლების შეცვლა პიროვნული დაპირისპირების გარეშე!
    ზვიად გამსახურდიას მომხრეები უნდა მიხვდნენ, გაიგონ, რომ საპარლამენტო ოპოზიციასთან ალიანსი უპერსპექტივოა. . . . საპარლამენტო ოპოზიცია მაინც დღევანდელი ხელისუფლების, დღევანდელი ელიტის ნაწილია. იგი მას რეალურად არ დაუპირისპირდება, მისი «ოპოზიციონერობა» პარლამენტს არ გასცდება. ამიტომ, გაცილებით უმჯობესია, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის, რათა ვერც ერთმა გაიძვერამ ვერ შეძლოს, სხვადასხვა პოლიტიკური მაქინაციით, თავიდან აიცილოს მის მიერ 1991-1992 წლებში ჩადენილი დანაშაულისათვის გარდაუვალი ისტორიული პასუხისმგებლობა.

«მსგეფსი», 1995 წლის აპრილი.

მთელ გვერდზე