ლოთი ქობალიას სასიკვდილო განაჩენი

ლოთი ქობალიას სასიკვდილო განაჩენი

სასიკვდილო არჩევანის წინაშე
   

    როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს ლოთი ქობალიასა და მისი თანამებრძოლების საქმეს. მოსალოდნელია, რომ ქობალიას, ისევე როგორც ადრე გელბახიანსა და დოკვაძეს, სასამართლო მკაცრ სასჯელს გამოუტანს.
    მათ საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს, რომელსაც (ერთადერთს) აქვს სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება. მოქმედი კონსტიტუციით, სიკვდილით დასჯა შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ იმ პირის მიმართ რომელმაც ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
    თუ ვივარაუდებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა გამოიტანოს სასიკვდილო განაჩენი, მაშინ ეს განაჩენი მოვა წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, ვინაიდან კონსტიტუციის მე-15 მუხლში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება, სიკვდილით დასჯა მის სრულ გაუქმებამდე, შეიძლება დაკანონდეს, ორგანული კანონით, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. თანაც, აღნიშნულია, რომ «ამ სასჯელის შეფარდების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს».
    აქედან კი პირდაპირ გამომდინარეობს, რომ სანამ არ არის მიღებული ორგანული კანონი პარლამენტის მიერ, უზენაესი სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი იქნება უკანონო. ხოლო მისი აღსრულება - კონსტიტუციის უხეში დარღვევა!
    ამავე დროს, პრეზიდენტი შეიძლება დადგეს უაღრესად მძიმე არჩევანის წინაშე: მას უკვე მიმართეს საზოგადოებისა და «მოქალაქეთა კავშირის» წარმომადგენლებმა დოკვაძისა და გელბახიანის შეწყალების თხოვნით. თუ შევარდნაძე მათ შეიწყალებს, მაშინ მორალურად ვალდებული იქნება შეიწყალოს თვით მასზე ტერორისტული აქტის ორგანიზატორნიც. მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როდესაც პრეზიდენტს ასეთი კითხვა დაუსვეს, მან უპასუხა: «მე შემიძლია შევიწყალო ისინი, ვისაც ჩემი მოკვლა უნდოდა, მაგრამ რა პასუხი გავცე გია ჭანტურიას ცოლ-შვილს»?!!
    გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასიკვდილო განაჩენი ძალზე გაართულებს ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, ამ განაჩენს პოლიტიკური შეფერილობა მაინც ექნება.

«მერიდიანი», 2 აპრილი, 1996 წელი.