შევარდნაძე ამერიკელებს ულტიმატუმს უყენებს - გეოპოლიტიკური გავლენა ფული ღირს

შევარდნაძე ამერიკელებს ულტიმატუმს უყენებს - გეოპოლიტიკური გავლენა ფული ღირს

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში, ელჩ სტივენ სესტანოვიჩს, რომელიც დსთ-ის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის გამომუშავებისას «საკვანძო ფიგურად» არის მიჩნეული.
        ეს ძალზე ნიშანდობლივი ვიზიტია იმ ერთგვარი «აცივების» შემდეგ, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში მოჰყვა ბიუჯეტის ქრონიკულ შეუსრულებლობას და სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტას.
        ამერიკელებისთვის ერთგვარი ნათელი «ნიშანი» იქნებოდა სახელმწიფო მინისტრის შეცვლა, ისევე, როგორც ძირითადი სამთავრობო ფიგურებისა.
        სესტანოვიჩმა პირდაპირ თქვა კიდეც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებებით სახელმწიფო ნება გამოამჟღავნა, ამიტომ ამერიკა მზად არის, გამოიყენოს თავისი «გავლენის ბერკეტები» სავალუტო ფონდში, რომ ქვეყანამ განაგრძოს მუშაობა ახალ, 300-მილიონიან პროგრამაზე. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაში (როგორც სენსატოვიჩმა განაცხადა), ამერიკის შეერთებული შტატები გვიშუამდგომლებს, ეგრეთ წოდებულ, «კრედიტორთა პარიზის კლუბთან», რათა მოხერხდეს რუსეთისადმი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია.
        რუსეთი ჯიუტად არ გვთანხმდება (მიუხედავად პუტინის ფარისევლური შეპირების) ამ ვალის გადავადებას, მაგრამ თუ საკითხი დაისმება «პარიზის კლუბის» კონტექსტში, მაშინ რუსეთს მოუწევს უკან დახევა, რადგან თავად ძალიან დიდი თანხა მართებს «პარიზის კლუბისა». სტივენ სესტანოვიჩის თქმით: «საკმარისია წარმოჩნდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძლევს კრიზისულ მოვლენებს, განსაკუთრებით კორუფციას და ამერიკის დახმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება».
        საერთოდ, კორუფციაზე სესტანოვიჩის ვიზიტის დროს ძალიან ბევრს საუბრობდნენ, თუმცა, ამერიკელებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა მოძრაობის დაწყებამ კორუფციის წინააღმდეგ და ედუარდ შევარდნაძის ცნობილმა განცხადებამ, აგრეთვე, «ანტიკორუფციული პროგრამის» შემმუშავებელი ჯგუფის შექმნამ, მაგრამ ეს ყოველივე არ არის საკმარისი - საქართველოს ეკონომიკამ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს მდგრადობა.
        შევარდნაძემ სესტანოვიჩს აგრძნობინა, რომ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკას პოსტსაბჭოურ სივრცეზე მეტი აქტიურობა მართებს, რადგან ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძის აზრით, დაუშვებელია «ტრანსკასპიური გაზსადენის» პროექტის ჩაშლა, რადგან ამ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
        იმავდროულად, მასპინძლებმა სესტანოვიჩს საკმაოდ ნათლად (თუმცა, ქარაგმულად) უთხრეს, რომ საქართველოს მთელს ამ «დიდ საჭადრაკო დაფაზე» საკვანძო პოზიცია უკავია და ამერიკას მართებს (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე) ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ პოლიტიკურად და მორალურად, არამედ მატერიალურადაც დაუჭიროს მხარი.
        თუ ედუარდ შევარდნაძის ბოლოდროინდელ პოლიტიკას ყურადღებით გავაანალიზებთ, იმთავითვე ცხადი გახდება, რომ მას არ დაუწვავს «უკან დასახევი ხიდები», გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
        იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეკონომიკა 80 პროცენტით რუსეთზეა «მიბმული» - მხოლოდ მორალური მხარდაჭერა და «დემოკრატიულობის გამო» მხარზე ხელის მოთათუნება არ კმარა. ამიტომ, ფაქტობრივად, ედუარდ შევარდნაძემ ძალიან ზრდილად, ზომიერად, თუმცა, გარკვევით, წაუყენა ერთგვარი ულტიმატუმი ამერიკელებს: დღეს საქართველოში 1988 წელი აღარ არის, ბატონებო! გეოპოლიტიკური გავლენა და კოზირი კი ფული ღირს. «უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში», - ეს ინგლისური ანდაზაა.

       
       

დილის გაზეთი, 15 ივლისი, 2000 წელი