საპარლამენტო ოპოზიციის კრახი
   

    4 ივლისის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა ისტორიული დადგენილება «საკონსტიტუციო პროცესის» შესახებ, ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის, ვიდრე 1994 წლის 1 მარტის დაუვიწყარი სესია, როდესაც საქართველოს СНГ-ში შეთრევის საკითხი გადაწყდა.
    4 ივლისის სხდომა, უპირველეს ყოვლისა იმით არის აღსანიშნავი, რომ საბოლოოდ დასამარდა მითი ე.წ. «საპარლამენტო ოპოზიციის» შესახებ, რომელმაც უსასტიკესი მარცხი განიცადა, - როგორც პოლიტიკური, ასევე (რაც მთავარია) მორალური თვალსაზრისით.
    შეგახსენებთ, რომ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო «კონსულტაციები» საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.
    პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იყო არა კონსულტაციები, არამედ ურცხვი და უპრინციპო ვაჭრობა, როდესაც ორივე მხარეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესები აღელვებდა და არა ქვეყნის მომავალი.
    შევარდნაძის გუნდმა ამ შემთხვევაში «ჭკუაშიც აჯობა» საპარლამენტო ოპოზიციას. ზურაბ ჟვანიამ გამოიტანა დადგენილების პროექტი, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ პარლამენტმა 26 ივლისამდე უნდა მიიღოს კონსტიტუცია, ხოლო თუ კონსტიტუცია არ იქნა მიღებული ამ ვადებში, მაშინ 20 აგვისტოს ტარდება რეფერენდუმი «ხელისუფლების შესახებ კანონის» თაობაზე; არჩევნები დაინიშნა 5 ნოემბერს - ერთდროულად, საპარლამენტოც და საპრეზიდენტოც. მკითხველს, უპირველეს ყოვლისა, შევახსენებ, რა ისტერიკებს მართავდნენ აპრილ-მაისის განმავლობაში ოპოზიციონერები იმასთან დაკავშირებით, რომ «ექვსთვიანი ვადა უკვე დარღვეულია» «კონსტიტუციის მიღება ვეღარ ესწრება» და ა.შ.
    ასეთი განცხადებების შემდეგ, ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ ისინი საერთოდ ჩაერთვნენ ამ «კონსულტაციებში», - მაშინ როდესაც სავსებით აშკარა იყო: არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში კომპრომისი უეჭველად ნიშნავდა დათმობასა და კაპიტულაციას სწორედ ოპოზიციის მხრიდან. უმრავლესობას პრინციპულ საკითხში არაფერი დაუთმია, ხოლო როგორც კენჭისყრამ ბოლოს უჩვენა, მას საერთოდ არაფერი დაუთმია არც ერთ საკითხში.
    ყოველივე ამის მიზეზი კი ისევ და ისევ ის გახლავთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურად გაურკვეველ, ამორფულ ვითარებაში აღმოჩნდა. უფრო სწორად, მან თვითონ ჩაიგდო თავი ამ ვითარებაში. არ შეიძლება ხელისუფლებას თვისობრივად უპირისპირდებოდე, მის პოლიტიკას ქვეყნისათვის დამღუპველად, მოღალატურად თვლიდე და, იმავდროულად, მასთან თანამშრომლობდე პარლამენტში ოპონირების გზით.
    საპარლამენტო ოპონირება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უმთავრეს კარდინალურ საკითხებში ეთანხმები, თუმცა მის ტაქტიკას არ იზიარებ. მაგრამ როდესაც ხელისუფლებას კარდინალურად, სტრატეგიაში არ ეთანხმები და, ამავე დროს, ამ ხელისუფლებას (პარლამენტს) არ ტოვებ - უეჭველად მოგიწევს სწორედ ამგვარ «კონსულტაციებში» მონაწილეობა, რომელშიც ყოველთვის (როგორც პოლიტიკური, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისით), ხელისუფლება გაიმარჯვებს.
    ეს მომენტი, როგორც ჩანს, კარგად იგრძნო «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ», რომელმაც (მიუხედავად მიწვევისა), უარი განაცხადა კონსულტაციაში მონაწილეობაზე, რაკი სწორად განჭვრიტა თუ რა მოჰყვებოდა ამ პროცესს.

    «ორმაგი თამაშის» შედეგი თვალნათელია: პარლამენტმა მიიღო დადგენილება ხმების აბსოლუტური უმრავლესობით (133 ხმა) მაშინ, როდესაც სხდომას «უმრავლესობის» ასამდე წარმომადგენელი თუ ესწრებოდა. მაშასადამე, დადგენილებას ხმა მისცა ორმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ - «ტრადიციონალისტთა კავშირმა» და «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ».
    «რესპუბლიკელები» მათზე შესაძლოა ნაწყენებიც არიან, მაგრამ უნდა აღიარონ, რომ თუ საუბარია ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, მაშინ ამ ორი პარტიის მოქმედება უფრო ლოგიკური და გამართლებულია, ვიდრე თავად «რესპუბლიკელთა», რომლებმაც ცოტა არ იყოს სასაცილო მდგომარეობაშიც ჩაიგდეს თავი: არ შეიძლება მუდმივად წაგებულ თამაშს თამაშობდე! თუ ერთხელ მაინც ვერ მოიგებ ორი წლის განმავლობაში - მაყურებელს შენი «სამართლის» ცქერაც ყირჭდება და შენი მიზანსწრაფულობაც.
    «რესპუბლიკელები» სწორედაც რომ იმთავითვე წაგებულ პარტიას თამაშობდნენ, რაკი სურთ შეუთავსებლის შეთავსება და კონსულტაციებს მართავენ იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც თავად უწოდებენ «გამყიდველს», «პრიმიტიულს», «მოღალატურს» და ა.შ.
    თუ ის კაცი მოღალატეა და, როგორც თქვენი ლიდერი ბრძანებს, «მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე», მაშინ კომპრომისი მიიღწევა მხოლოდ იმაში, თუ რამდენად სწრაფად (თუ უფრო მოგვიანებით) განხორციელდება რუსეთის ინტერესები. არსი ამით ნამდვილად არ იცვლება!
    ესე იგი, ორში ერთი: ან ის კაცი სინამდვილეში მოღალატე არ არის და მაშინ სრულიად გაუგებარია ესოდენ სერიოზული ბრალდების ჰაიჰარად წამოსროლა პარლამენტის სხდომებზე, ან საპარლამენტო ოპოზიცია წინასწარ განზრახულად მიდის კომპრომისზე და ამით თავად ჩადის ღალატს.

    ყოველივე ამის მიზეზი კი ისევ და ისევ საპარლამენტო ოპოზიციის ზნეობრივი ინფანტილიზმია, რომელიც შემდგომ პოლიტიკურ ინფანტილიზმში მჟღავნდება. შედეგად, შევარდნაძემ მოიპოვა უდიდესი პოლიტიკური წარმატება: კონსტიტუციის იმ ვარიანტის მიღება, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას თავად სახელმწიფოს მეთაურმა შესთავაზა, უკვე გარდაუვალი გახდა. შესაძლოა შევარდნაძე კიდეც წავიდეს მცირეოდენ დათმობაზე პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დათმობები არსებითი უკვე აღარ იქნება. ოპოზიციის თავზე დამოკლეს მახვილად დაეკიდა რეფერენდუმი, რომელმაც შეიძლება შევარდნაძეს დაუდასტუროს არა მხოლოდ ჭეშმარიტად მონარქიული უფლებები, არამედ (რაც მთავარია) ქვედა პალატის არჩევის მაჟორიტარული წესიც. ანუ, ქართულ პოლიტიკურ ელიტას შესაძლოა წყალში ჩაეყაროს სიმწრით მიღებული გადაწყვეტილება - არჩევნების პროპორციულობის თაობაზე.
    ამის შიშით, საპარლამენტო ოპოზიცია უეჭველად გახდება იძულებული ახალ-ახალ დათმობებზე წავიდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რათა თუნდაც სიმბოლური დეპუტატობის შანსი მაინც შეინარჩუნოს. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა და მმართველმა უმრავლესობამ მიიღო შესანიშნავი საშუალება დაანაწევროს საპარლამენტო უმცირესობა და ცალ-ცალკე აწარმოოს ვაჭრობა თითოეულ დაჯგუფებასთან. ამის სიმპტომები უკვე არის: 4 ივლისის სხდომაზე მოსახლეობა ადვილად შეამჩნევდა, თუ ვინ გულწრფელად და ვინ გულუბრყვილოდ ცდება და ვინ - საერთოდ ნამუსგარეცხილია.
    ამ უკანასკნელთ ძალაუფლების გარდა არც ოდესმე აინტერესებდათ რამ და არც ახლა აინტერესებთ. მათთვის დღევანდელი ხელისუფლება გამოხრულ ძვალს ნამდვილად არ დაიშურებს, - ისევე, როგორც ისტორიის ულმობელი სამსჯავრო არ დაიშურებს კუპრსა და ლაფს.
    «მსგეფსი», 14 ივლისი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე