პრემიერ-მინისტრის პოსტი საქართველოში აუცილებლად აღდგება

პრემიერ-მინისტრის პოსტი საქართველოში აუცილებლად აღდგება

      ხანგრძლივი შესვენების შემდეგ განახლდა დისკუსია ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის შემოღების შესახებ.
    ყველას კარგად გვახსოვს, რომ ერთი წლის წინ ეს დისკუსია უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან კონსტიტუციის ხელყოფა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, მმართველმა პარტიამაც ვერ გაბედა - მოერიდა არსებული წონასწორობის დარღვევას, რაც, ობიექტურად, სავსებით რაციონალური გადაწყვეტილება იყო.
    მაგრამ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისთანავე თემამ კვლავ გაიჟღერა. პრეზიდენტმა ყოველწლიურ მიმართვაში «ქვეყნის მდგომარეობის შესახებ», განაცხადა, რომ მისი აზრით, აუცილებელია კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა, რათა იგი თანამედროვე რეალიებს შეესაბამოს.
    ამ შესწორებათაგან უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს მინისტრთა კაბინეტის აღდგენა და სახელისუფლებო სისტემაში პრემიერ-მინისტრის პოსტის რეანიმაცია
    სრულებით განყენებული, თეორიული საკითხია, რას მოუტანს ეს ქვეყანას, გააუმჯობესებს თუ არა მართვის სისტემას, უფრო ქმედითს გახდის თუ არა ხელისუფლებას და ა.შ.
    ამჟამად საქართველოში მოქმედებს ხელისუფლებათა გაყოფის ე.წ. ამერიკული მოდელი, რომლის თანახმად, პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს ხელისუფლების «აღმასრულებელ» შტოს, თავად აკომპლექტებს მთავრობას და პირადად იღებს გადაწყვეტილებას (როგორც მნიშვნელოვანს, ასევე უმნიშვნელოს); პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გარეშე ლამის შეუძლებელია თუნდაც ლიფტის შეკეთება კანცელარიის შენობაში, ვინაიდან სათანადო სახსრების გამოყოფა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით ხდება.
    ამ სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს პლუსები, მაგრამ აქვს სერიოზული მინუსებიც. ამერიკაში იგი შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ვერსად გაამართლა, - ყველგან, სადაც ხელისუფლების გაყოფის «ამერიკული მოდელის» დამკვიდრება სცადეს, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივიდა, ვინაიდან ეს მოდელი გამორიცხავს კრიზისის გადაწყვეტის ისეთ საშუალებას, როგორიცაა პარლამენტის დათხოვნა.
    პრეზიდენტი და პარლამენტი იძულებულები არიან ბოლომდე «ითმინონ» ერთმანეთი.
    «ამერიკული მოდელი» საქართველოში დამკვიდრდა, როგორც არსებული კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი. შეიძლება ითქვას, ამ კომპრომისის გარეშე წინა პარლამენტი ქვეყნის ძირითად კანონს ვერც მიიღებდა, ვინაიდან მიმდინარეობდა გააფთრებული დისკუსია «გერმანული მოდელისა» და «ფრანგული მოდელის» მომხრეებს შორის.
    ისინი იმდენად შეურიგებელნი იყვნენ, ვერც ვერასდროს შეძლებდნენ მოლაპარაკებას. «ამერიკული მოდელი» კომპრომისად იქცა, რამაც უზრუნველყო კონსტიტუციის მიღება.
    რასაკვირველია, ხელისუფლებათა განაწილებისა და «ურთიერთდამოკიდებულების» საკითხი კონსტიტუციის საფუძველთა -საფუძველია.
    ეს საკვანძო პრობლემაა; ამდენად, როდესაც ჩვენში «მინისტრთა კაბინეტის» შემოღებაზე საუბრობენ, - საკითხის ასე დასმა, ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციის მიღებას ნიშნავს, ვინაიდან აღმასრულებელი შტოს სტრუქტურა არა მხოლოდ ამ ხელისუფლების არსს განსაზღვრავს, არამედ, ფაქტობრივად, მთელ კონსტიტუციურ მიმართებებსაც.
    მაგალითად, თუ მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება, მაშინ იგი უკვე საკონსულტაციო ორგანო ვეღარ იქნება (პრეზიდენტთან) და შეეძლება კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უნდა გახდეს მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური და მას აუცილებლად უნდა მიეცეს პარლამენტის დაშლის, საკანონმდებლო ხელისუფლებასა და მთავრობას შორის მწვავე კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება.
    იცვლება აგრეთვე საბიუჯეტო პროცესიც.
    ერთი სიტყვით, ასეთი «შესწორების» შეტანა კონსტიტუციაში გულისხმობს ქვეყნის ძირითადი კანონის ძირფესვიან გადამუშავებას.
    თუ დავეთანხმებით იმას, რომ ამგვარი ცვლილებები მომწიფდა, აუცილებლად ჩნდება კითხვა: რამდენად მზად არის ამისათვის თვით პოლიტიკური ელიტა? რა შედეგს გამოიღებს ამ პროცესის დაწყება არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით?
    ერთი შეხედვით, პოლიტიკური ძალები საამისოდ თითქოს «მომწიფდნენ», მაგრამ გასათვალისწინებელია მთელი საზოგადოების განწყობაც. იმ საზოგადოებისა, სხვათა შორის, რომლის სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კულტურა, როგორც ბოლო წლების მოვლენებმა დაადასტურა, ვერანაირ გამოცდას ვერ უძლებს.
    მარტო კონსტიტუციის შესაცვლელად აუცილებელ პროცედურას რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო სხვადასხვა ძალები ამ გაურკვევლობით აუცილებლად ისარგებლებენ.
    მეორე მხრივ, შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ საქართველო, ამ თვალსაზრისით, რეგიონების ქვეყნებს შორის «თეთრი ყვავივით» გამოიყურება. აბსოლუტურად ყველა ასე თუ ისე მეზობელ ქვეყანაში (თურქეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში) «ფრანგული მოდელი» მოქმედებს (სხვადასხვა მოდიფიკაციით), მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი.
    საერთაშორისო ურთიერთქმედების დროს ეს საკმაოდ სერიოზულ სირთულეებს წარმოშობს. შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით კი, პრეზიდენტი იძულებულია ყველა საკითხში უშუალოდ ჩაერიოს, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტოს, არ არსებობს რგოლი, რომელიც ერთგვარი «სოციალური ამორტიზატორის» როლს შეასრულებდა.
    ნუ ეწყინებათ პრემიერ-მინისტრებს და, ხშირ შემთხვევაში, მათ სწორედ «მეხამრიდის» ფუნქცია ეკისრებათ.
    საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტი ორგანულია; ამდენად, ადრე თუ გვიან, იგი აუცილებლად დაბრუნდება.
    საკითხავია მხოლოდ, როდის და რა ვითარებაში.
    ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება არა მხოლოდ და არა იმდენად საკონსტიტუციო პროცედურის სირთულის გამო.

მერიდიანი, 19 თებერვალი, 1999 წელი