კონცენტრირებული სტერეოტიპი
   

   

    შევარდნაძის ფენომენი უეჭველად უნდა გახდეს და გახდება კიდეც პოლიტოლოგთა სპეციალური კვლევის საგანი, - უდავო ფაქტია, რომ სახელმწიფოს დღევანდელმა მეთაურმა ურთულეს ვითარებაში შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება მაშინ, როდესაც არსებობდა უამრავი ფაქტორი, რომელთაც თითქოს უნდა განეპირობებინათ მისი დაცემა.
    ახალ არჩევნებს იგი კიდევ უფრო გაძლიერებული ხვდება. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: რამდენიმე დღის წინ შევარდნაძის შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ (ყოველ შემთხვევაში ადრე ასე ჩანდა) ივლიანე ხაინდრავამ, «რესპუბლიკელთა» წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ედუარდ შევარდნაძეს «პროგრესული ძალა» უწოდა.
    კერძოდ, საუბარი ეხებოდა მარგიანისა და რჩეულიშვილის მიერ შექმნილ ახალ პოლიტიკურ ბლოკებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა (ხაინდრავას თქმით) ედურად შევარდნაძესა და სხვა პროგრესულ ძალებს უაღრესად გაუჭირდებათ.
    ხაინდრავას ეს განცხადება შევარდნაძის უდიდესი გამარჯვებაა. ალბათ უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე რომელიმე სხვა.
    ამ მაგალითით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შევარდნაძის მეთოდზე, ძალაუფლების მისეული ტექნოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე თვისებრივ, დამახასიათებელ ასპექტზე.
    კერძოდ: შევარდნაძის მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასდროს არ აძლევს მოწინააღმდეგეს საშუალებას, მოახდინოს ოპოზიციური სტერეოტიპის კონცენტრაცია. ეს ხელოვნებაა! საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, სწორედ იმიტომ დაიღუპა, რომ თავისი ქმედებით საშუალებას აძლევდა მოწინააღმდეგეებს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამგვარი კონცენტრაცია მოეხდინათ.
    შევარდნაძის წინააღმდეგ კი ამის გაკეთება ძალიან ძნელია, ფაქტობრივად შეუძლებელიც.
    მაგალითად: იყო საშიშროება, რომ მოხდებოდა შემდეგი სტერეოტიპის კონცენტრაცია: შევარდნაძე რუსეთის კაცია, იგი ატარებს პრორუსულ პოლიტიკას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. . . . ეს უაღრესად ძლიერი და შევარდნაძისთვის საშიში სტერეოტიპი იქნებოდა, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურმა მიზანმიმართული ქმედებით ხსენებული სტერეოტიპი ჩანასახშივე დაასუსტა: მან დაიწყო ისეთი პოლიტიკის გატარება, რომ საზოგადოებაში წარმოიშვა მეორე, საპირისპირო სტერეოტიპი: «შევარდნაძე ატარებს პროდასავლურ პოლიტიკას, იგი უპირისპირდება რუსეთს, ამიტომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვმტრობს და არ გვიბრუნებს აფხაზეთს».
    ცხადია, ეს ორი სტერეოტიპი აბსოლუტურად შეუთავსებელია, მაგრამ შევარდნაძემ მიზანმიმართული პოლიტიკით ყველაფერი გააკეთა, რათა ორივე სტერეოტიპს საკუთარი «არგუმენტები» ჰქონოდა.
    სწორედ ამ მიზნით, ერთი მხრივ თუ ჯეიმს ბეიკერს იწვევდა თავისი პარტიის ყრილობაზე, მეორე მხრივ, გადაჰქონდა სამხედრო აღლუმი 26 მაისს - რათა СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს დასწრებოდა; ერთი მხრივ თუ ყველაფერს აკეთებდა «ნატოსადმი» თავისი პატივისცემის დასადასტურებლად, მეორე მხრივ - გრაჩოვს ხვდებოდა აეროპორტში და ა.შ.
    შედეგად კი, მის მოწინააღმდეგეთა ვერც ერთმა და ვერც მეორე ფრთამ ვერ შეძლო საკუთარი სტერეოტიპის გაბატონება საზოგადოებრივ ცნობიერებაში. ეს სტერეოტიპები ხომ აბსოლუტურად შეურიგებელნი და შეუთავსებელნი იყვნენ?! ისინი ერთმანეთს «ებრძოდნენ» და, ამგვარად, გამორიცხული იყო რომელიმე სტერეოტიპის კონცენტრაცია. ანუ ერთი მათგანის გაბატონება.
    იგივე «ბალანსირების» მეთოდს იყენებს შევარდნაძე სხვა სტერეოტიპების მიმართაც: სახელმწიფო რეგულირების მომხრეებს აქვთ საფუძველი ბრალი დასდონ შევარდნაძეს იმაში, რომ იგი «ველური კაპიტალიზმის» მომხრეა; მაგრამ «ლიბერალური ეკონომიკის» ადეპტებსაც ხომ აქვთ საპირისპირო არგუმენტები? შედეგად კი, შევარდნაძეს, საბოლოო ჯამში, ორივე «პარტია» უჭერს მხარს.
    ფიზიკიდან ცნობილია, რომ ერთი და იგივე ობიექტზე საპირისპირო ვექტორის მატარებელ ძალთა ზემოქმედება ამ ობიექტის სიმყარეს განაპირობებს.

«მსგეფსი», 1 ნოემბერი, 1995 წელი.
   

 მთელ გვერდზე