დასავლეთმა დროულად უნდა «მოიფშვნიტოს თვალები

დასავლეთმა დროულად უნდა «მოიფშვნიტოს თვალები

       
               გუშინ იტალიაში გაიმართა საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი ძალზე სინპტომატური და ნიშანდობრივი სახელწოდებით «სადაც დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს სტრატეგიული ენერგეტიკულ ინტერესთა გეოპოლიტიკური და სამხედრო ასპექტში».
        მართალია, კონფერენციის ორგანიზატორი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია (ერთგვარი ენერგეტიკულ ექსპერტთა კლუბი) იყო, მაგრამ დასვლური ტრადიციით, სწორედ ამგვარი ორგანიზაციების ეგიდით ხდება, ხშირ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და მათი შესაბამისი გაფორმება.
        ამას ადასტურებს თუნდაც მონაწილეთა რანგი და რაოდენობა. საკმარისია დაბასახლოთ უკრაინის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები, «შევრონის» პრეზიდენტი რიჩარდ მაცკე, ამერიკისა და ევროპის უდიდეს ენერგოკომპანიათა ხელმძღვანელები.
        ფორუმზე გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ძირითად მომხსენებლად იყო მიწვეული, შეკრებილებს ქარაგმულად, თუმცა საკმაოდ მტკიცე ტონით მოუწოდა, მეტი ყურადღება მიაქციონ იმ პროცესებს, რაც ამჟამად ხდება სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოს გარშემო ვითარდება, ვინაიდან საუბარი «ევრაზიული დერეფნისა» და დასავლეთის ენერგეტიკული უშიშროების შესახებ ლიტონ საუბრად დარჩება, თუ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებმა, მათ შორის საქრთველომ, საბოლოოდ არ გადაწყვიტეს თავისი დამოუკიდებლობის აღდგენა-შენარჩუნების საკითხები.
        ეს მოწოდება გულისხმობდა, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთში მიმდინერე პროვოკაციულ და საშიშ პროცესებსაც, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმავე დასავლეთისათვის, ვიდრე მათი თვალსაწიერიდან ერთი შეხედვით ჩანს.
        თუ იალტის ფორუმის შინაარსით და გამომსვლელთა საპასუხო მესიჯებით ვიმსჯელებთ, ზურაბ ჟვანიას მოწოდება ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა, რადგან დასავლეთის ანალიტიკურ ცენტრებში კარგა ხანია გააცნობიერეს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მათი «ენერგოდამოკიდებული» ცივილიზაციის უშიშროებას ენერგიის წყაროთა მონოპოლიზიბამ რუსეთის მიერ, რისი ნიშნები და ტენდენციებიც უკვე გამოჩნდა. მათ შორის იგულისხმება აშკარა მცდელობა, «გადაჭრან» ყველა ალტერნალიული მაგისტრალი კასპიის აუზიდან _ ევროპისა და დასავლეთისაკენ.
        თუ გავითვალისწინებთ, რა გავლენა აქვს იალტის ფორუმის მონაწილე კომპანიებსა და მათთან დაკავშირებულ ლობისტურ ჯგუფებს დასავლურ სახელმწიფოთა მთავრობებზე, შესაბამისი დასკვნები სულ მალე აისახება (ნაწილობრივ უკვე აისახა კიდეც) კონკრეტულ პოლიტიკასა და მოღებულ გადაწყვეტილებებზე.
        აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ამ შემთხვევაში, ზურაბ ჟვანია და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ გრიშჩენკო აბსოლიტურად სინქრონულად მომქმედებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ საკითხებში ინტერესთა თანხვედრას. უკრაინა საქართველოსთვის უკვე არის არა მხოლოდ (ერთი მახვილგონივრული განსაზღვრებით) «იგივე რუსეთი, ოღონდ კრემლის გარეშე», არამედ აქტიური და თანმიმდევრული მოკავშირე, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას ძალზე რთული პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია, მათ შორის _ უშიშროების დარგში.
        აქ არსებობს დასავლეთის მიერ შემუშავებული და უკვე აპრობირებული მოდელი. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც უკრაინისგან სარაკეტო ხომალდის შეძენის ისტორია, რაც შესაძლებელი გახდა ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა.
        აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ზურაბ ჟვანია ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტზე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას და პრემიერ-მინისტრს ვიქტორ იანუკოვიჩს _ პოლიტიკური მხარდაჭერიდან _ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებამდე, მაგრამ უმთავრესი საკითხი სწორედ სტრატეგიული ურთიექრთქმედების გააქტიურება იყო. მათ შორის, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სრული რეანიმაცია მოხდა ნატო-ს სტამბულის სამიტზე, მას შემდეგ, რაც დნესტრისპირეთში რუმინული სკოლების დახურვით განაწყენებულმა მოლდოვამ ხედლი მოაწერა საკმაოდ რადიკალურ გადაწყვეტილებებს სუუამ-ის რეორგანიზაციის შესახებ.
        აშკარაა, რომ «ევრაზიის დერეფანში» დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ახალი პარტია იწყება, რომლის სიმძაფრეს განსაზღვრავს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარება და რუსეთის მზარდი ამბიცია პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რასაც (თუ რუსეთის უშუალო მეზობელთა რეალურ მასშტაბსა და შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ) პერსპექტივა აქვს.
        ამდენად, დასავლეთმა მართლაც დროულად უნდა «მოიფშვნიტოს თვალები» და უფრო აქტიური პოზიცია დაიკავოს, მათ შორის, საქართველოში არსებული «გაყინული» კონფლიქტების მიმართ, რომელთა «გამყინვარების მდგომარეობიდან» გამოყვანა მოსკოვს არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდასაჭერად, არამედ «ცხელ სტადიაში დასაბრუნებლად» ანუ თავის სასარგებლოდ სურს.

2 აგვისტო, ორშაბათი, 2004 წელი
        24 საათი