ევრაზიული დერეფანი - საქართველოს შანსი


        «ეროვნული მოძრაობის» გაშლისთანავე, ჩვენში ძალიან ბევრს საუბრობდნენ ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის შესახებ. ამ კონცეფციას გარკვეული ისტორიული ტრადიციაც აქვს.
    საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა როგორც წმინდად ფიზიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით მას ნამდვილად აძლევდა შანსს, ეთამაშა დიდ სახელმწიფოთა შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. პოლიტიკის ერთ-ერთი ურყევი კანონია: პატარა სახელმწიფო, რომელიც რომელიმე დიდი სახელმწიფოს გავლენის სფეროში მოხვდება, განწირულია დასაღუპად, მაგრამ თუ პატარა სახელმწიფო იმყოფება ერთდროულად ორი დიდი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ველში, იგი შეიძლება გადარჩეს, - თუკი შეძლებს ოსტატურად გამოიყენოს მათი ურთიერთდაპირისპირება საკუთარ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა განსახორციელებლად და დასაცავად.

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაკი დასავლეთმა შეძლო ატომური საფრთხის ნეიტრალიზაცია, მისი ძირითადი ინტერესის სფეროს ამ სივრცეზე არსებული წიაღისეული წარმოადგენდა. ის ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები», რომლებიც ნავთობის, გაზის, ქვანახშირის ან სხვა სახის პირველადი ნედლეულის დიდ მარაგს ფლობენ, იმთავითვე აქტიურად ეძებდნენ და ეძებენ თავიანთი სიმდიდრის დასავლეთში გადატანის ალტერნატიულ გზებს, ვინაიდან რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური ხაზები მათი პოლიტიკური და ეკონომიკური დაკაბალების საშუალება ხდებოდა მხოლოდ.
    მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ თურქმენეთი, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბუნებრივი მარაგით, მაგრამ ამ სიმდიდრის პოსტსაბჭოური სივრცის გარეთ გატანის არანაირი საშუალება არ გააჩნია: ყველა მილსადენი რუსეთზე გადის, ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არ არის დაინტერესებული თურქმენეთის კონკურენციით ევროპულ ბაზარზე, ვინაიდან თავად სურს ამ ბაზრის დაპყრობა და ჯერ-ჯერობით საკმაოდ წარმატებითაც ახერხებს ამას.
    არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე პოლიტიკური მომენტიც. თანამედროვე მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და საკომუნიკაციო არხების გადანაწილება უმალვე იწვევს გავლენის სფეროთა ცვლილებას, - ერთის შემცირებას მეორის სასარგებლოდ და ა.შ.
    დასავლელი ანალიტიკოსებისათვის ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დაშლამდე ნათელი იყო, რომ შუა აზიის ამოუწურავი ნედლეულის შემოტანა პოსტინდუსტრიული სამყაროს ბაზარზე მნიშვნელოვნად გააიაფებდა ენერგიას (ამ ცივილიზაციის მაცოცხლებელ წყაროს) და შემდგომი პროგრესის მნიშვნელოვან ფაქტორადაც იქცეოდა. ამავე დროს, რუსეთი ნამდვილად არ არის დაინტერესებული მოვლენათა ამგვარი განვითარებით, რადგან იგი ორმაგად აგებს: როგორც გეოპოლიტიკური სივრცის თვალსაზრისით, ასევე თავისი შიდა რესურსების მობილიზაციით შესაძლო ფინანსური მოგების მხრივაც.
    ენერგიის დასავლური ბაზრის მონოპოლიზაცია რუსეთს საშუალებას მისცემდა მოეპოვებინა ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელი მძლავრი იმპულსი. ეს წინააღმდეგობა ამჟამად მიმდინარე ფარული «ცივი ომის» ძირითადი მიზეზია. ჯერ კიდევ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში გაფორმდა «თენგიზის» გრანდიოზული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებას დასავლეთში, მაგრამ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა იმავე მიზეზის გამო: კონსორციუმში არ იყო აზრთა ერთიანობა ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტზე. ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ჯერ კიდევ «საბჭოთა რესპუბლიკას» ხელმძღვანელობდა, იძულებული გახდა მეტისმეტად დიდი «წილი» დაეთმო მოსკოვისათვის, რის გამოც პროექტის დამოუკიდებლად განხორციელება ყაზახეთმა ვერ შეძლო; «თენგიზი» დაკონსერვდა და მხოლოდ ახლაღა იწყება მისი რეანიმაცია.
    1992-93 წლებიდან, თურქეთის წინადადებით, შუა აზიისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებმა დაიწყეს სერიოზულად ფიქრი ევროპაში გასასვლელი ალტერნატიული მაგისტრალის მარშრუტზე. ეს პროექტი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მაშინდელმა ლიდერებმა პრინციპულად გადაწყვიტეს საკითხი კასპიის შელფში არსებული ნავთობის უზარმაზარი მარაგის დასავლეთში გატანის შესახებ.
    ახალი «აბრეშუმის გზა», ანუ «ევრაზიული დერეფანი», განსხვავებით რამდენიმე ათასი წლის წინ არსებულისაგან, ოდნავ ჩრდილოეთით აიწევს და გაივლის კავკასიაზე. ამის მთავარი მიზეზია ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე ექსტრემისტული რეჟიმების არსებობა - ისლამური და ბაასისტური ფუნდამენტალიზმი აიძულებს დასავლეთს, ტრადიციული მარშრუტის ოდნავი კორექცია მოახდინოს, მაგრამ ეს «ოდნავი» ცვლილებაც კი საკმარისია საქართველოს ბედის გადასაწყვეტად.

    თამამად შეიძლება ითქვას, რომ «ევრაზიული დერეფნის» საკითხის გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება, რაც უახლოესი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ბედს. ამ აზრის დასადასტურებლად საკმარისია მოვიყვანოთ სულ რამდენიმე ციფრი: აზერბაიჯანის კასპიის სანაპიროდან დასავლეთის ნავთობის კონსორციუმს განზრახული აქვს მთლიანობაში 60 მილიონი ტონა დაუმუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება, რომლის საერთო ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია.
    აქედან, საქართველოს, ტრანზიტის საფასურად ერგება 10-15 პროცენტი. შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო ბიუჯეტი სულ 250 მილიონი დოლარია! აზერბაიჯანიდან განზრახულია ნავთობის ტრანსპორტირება შემდეგი მარშრუტით: ან ნავთობსადენით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით - ხმელთაშუა ზღვის ნავთობტერმინალებამდე, ან რკინიგზით ფოთის პორტამდე და შემდეგ - ევროპაში. თუმცა, ამ ბოლო პროექტს სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება თურქეთის მიერ ბოსფორის სრუტეში ნავთობმზიდთა მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც: ფოთიდან - მდინარე დუნაის მეშვეობით, ცენტრალურ ევროპაში. თუმცა, აქაც არის სერიოზული პრობლემები - იუგოსლავიის კონფლიქტის გამო.
    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ყველაზე რეალური გამოსავალია ნავთობის ტრანსპორტირება მილსადენის მეშვეობით. ახალი ნავთობმაგისტრალის მშენებლობა დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს, მაგრამ აზერბაიჯანის იაფი ნავთობის ტრანსპორტირება იმდენად დიდ მოგებას პირდება დასავლურ კონსორციუმს, რომ, როგორც ჩანს, საჭირო თანხები მოიძებნება.
    ამავე დროს, ნავთობსადენი ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკურ «კვანძს გახსნის», - დაეხმარება თურქეთს აღადგინოს «დიდი თურანი», ანუ კვლავ შემოიყვანოს საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჯერ აზერბაიჯანი, ხოლო შემდეგ - მთელი შუა აზია; აზერბაიჯანს მნიშვნელოვანწილად შეუმსუბუქდება «ყარაბაღის ტვირთი» - იგი შეიძენს მძლავრ კოზირებს სომხეთის აგრესიის მოსაგერიებლად.
    რაც შეეხება საქართველოს, რომლის თანხმობის გარეშეც პროექტი საერთოდ ვერ განხორციელდება, ჩვენი ქვეყანა მოიგებს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. დასავლური კაპიტალის დიდი ოდენობით შემოჭრას კავკასიაში უეჭველად მოყვება პოლიტიკური გავლენის ზრდაც. მარტივად რომ ვთქვათ, თუ «ენერგეტიკული ხაზი» სამხრეთისაკენ გადმოინაცვლებს და გაივლის შავი ზღვის რეგიონში, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი, რომელიც ამჟამად ხმელთაშუა ზღვაშია განლაგებული (ან მისი ნაწილი) ადრე თუ გვიან გადმოინაცვლებს შავ ზღვაში, რათა სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უზრუნველყოს ეს მაგისტრალი.

    მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ კასპიის ნავთობი მხოლოდ ნაწილია ენერგიის იმ უზარმაზარი მასივისა, რომლის ტრანსპორტირებაც დასავლეთში კავკასიის გავლითაა განზრახული. საკმარისია ამოქმედდეს პირველი ხაზი, რომ უმალვე მოვა მოქმედებაში მთელი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვის გავლით, დააკავშირებს კავკასიასთან. ყაზახეთში ნავთობის კიდევ უფრო დიდი რესურსებია; ისინი დამუშავებასა და ტრანსპორტირებას საჭიროებენ.
    გარდა ამისა, არანაკლები მნიშვნელობის ნედლეულია უზბეკეთის ბამბა, რომლის ექსპორტირება რუსეთის გავლით ტაშკენტს ტონაზე 200 დოლარი უჯდება მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის დროს მოხდა წინასწარი შეთანხმება, რომ ფოთისა და ბათუმის პორტებიდან საქართველო ბამბის გადატვირთვას განახორციელებს სულ 67 დოლარად.

    ამავე დროს, მთელი ამ გრანდიოზული გეგმის განხორციელებას წინ იგივე ბარიერი ხვდება, რაც ათი, ოცი, ასი წლის წინ: რუსეთის სახელმწიფო-სტრატეგიული ინტერესებისათვის კატეგორიულად მიუღებელია ესოდენ მნიშვნელოვანმა ენერგეტიკულმა მაგისტრალმა ევრაზიაში მისი გეოპოლიტიკური საზღვრების გარეთ გაიაროს; ან, მით უმეტეს, ამ მაგისტრალმა ხელი შეუწყოს მისი სახელმწიფოებრივი გავლენის არეალის შემცირებას. ამიტომ კრემლი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალოს. ამ მიზნით, პერსპექტიული მაგისტრალის მთელ სიგრძეზე იგი ქმნის არასტაბილურობის კერას - ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში.
    არ არის გამორიცხული, ამას უკავშირდებოდეს კრიმინალურ-ტერორისტული ანარქია საქართველოში. 29 აგვისტოს შევარდნაძის ფიზიკური განადგურების შემთხვევაში, ნავთობსადენის გაყვანაზე ფიქრიც კი ზედმეტი გახდებოდა არა იმდენად დასავლეთში შევარდნაძის პიროვნული ავტორიტეტის გამო, რამდენადაც იმ მიზეზით, რომ ტერორისტული აქტის წარმატებას უეჭველად მოჰყვებოდა ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი.
    საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ამ პირობებში ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მაგისტრალი - რუსეთისათვის შესაბამისი გარანტიების მიცემით. კრემლისთვის ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დაფუძნებას. ეს მას აძლევს საშუალებას, არ დაუშვას საკუთარ სივრცეში «უცხო» სამხედრო-სტრატეგიული ძალის შემოჭრა. ამ პირობით რუსეთი შეიძლება დათანხმდეს კიდეც ამგვარი «კორიდორის» არსებობას, რადგან საქართველოს პოლიტიკური კაპიტულაციის შემთხვევაში, იგი მისთვის არანაირი საფრთხის შემცველი აღარ იქნება.
    «ევრაზიული დერეფნის» სახით საქართველოს, შეიძლება ითქვას, ისტორიული შანსი ჰქონდა და აქვს - თავი დააღწიოს რუსეთის გავლენის სფეროს და ჭეშმარიტად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცეს. თუ ჩვენი თაობა ამ შანსს არ გამოიყენებს, მაშინ შესაძლოა იმ ეპოქამდე მოგვიწიოს ცდა, როდესაც «ევრაზიული დერეფანი», «აბრეშუმის გზის» მსგავსად, ისტორიულ ანაქრონიზმად მოგვეჩვენება.

«მსგეფსი», 28 სექტემბერი, 1995 წელი.
   

 მთელ გვერდზე