რა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო?

რა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო?

პატარა სახელმწიფოს ბედი ასეთია: იგი ყოველდღიურად ვალდებულია, თავისი თვითმყოფადობა დაადასტუროს მსოფლიო თანამეგობრობის თვალწინ და ამით ამაღლდეს დიდი პოლიტიკის სასტიკ კანონებზე.

    კითხვა, რომელიც სტატიის სათაურადაა გამოტანილი, პატივცემულ მკითხველს, შესაძლოა, უსაგნოდ მოეჩვენოს. ჩვენში, ბოლო დროს, დამკვიდრდა აზრი, თითქოს აქ ყველაფერი ნათელია - «დამოუკიდებელად» ითვლება სახელმწიფო, რომელიც არის საერთაშორისო სამართალსუბიექტი და რომლის ტერიტორიაზე არ იმყოფება საოკუპაციო ჯარი, ანუ სრულად ახორციელებს თავის იურისდიქციას მთელ ტერიტორიაზე.
    შესაძლოა, იურიდიული თვალსაზრისით, ეს ფორმულა სავსებით მართებულიც იყოს, მაგრამ პოლიტიკას, რომელსაც დიდმა აინშტაინმა «ფიზიკაზე ბევრად რთული მეცნიერება» უწოდა, თავისი კანონები, საკუთარი უცნაური თუ პარადოქსული ფორმულები აქვს.
    აი, მაგალითად, ასეთი: «დამოუკიდებელი ხარ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ხარ დამოუკიდებელი» ან «დამოუკიდებელი ხარ იმდენად, რამდენადაც დაიმკვიდრებ თავს დამოუკიდებლად».
    არის თუ არა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო? - იურიდიული თვალსაზრისით, რასაკვირველია, არის. მაგრამ თუ გულახდილი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებელნი ვართ ჯერჯერობით მხოლოდ იურიდიულად. ანუ, მხოლოდ ქაღალდზე და არა რეალურად.
    ამის უმთავრესი მიზეზი საოკუპაციო ჯარი როდია, - საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი უცხოელი ჯარისკაციც რომ არ იდგეს, იგი არ იქნება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მანამ, სანამ (კვლავ უცნაური დებულება) მსოფლიოს წინაშე არ მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნამდვილად დამოუკიდებელია, ანუ შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს მსოფლიო ასპარეზზე და რომ არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია აიძულოს იგი, იაროს მისი პოლიტიკის ფარვატერში.
    აქ იურიდიულ აქტებზე გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რისი დემონსტრირება ხდება ამა თუ იმ მოვლენით, თუ რა შთაბეჭდილება რჩება მსოფლიო საზოგადოებრიობას, ანუ სხვა სახელმწიფოებს და მათ ლიდერებს.
    საქართველოს გაეროში მიღება, რასაკვირველია, ერთ-ერთი უბრწყინვალესი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში; ეს დღე «ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართულ მატიანეში», მაგრამ თუ პოეზიის სფეროს ცოტა ხნით ჩამოვშორდებით და გაცილებით უფრო უსიამოვნო, მწარე პოლიტიკურ რეალობას დავუბრუნდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით ჰქონდა იმას, რაც 1992 წლის 3 სექტემბერს მოხდა. ვგულისხმობ აფხაზეთის ომის დროს, გაგრის დაცემამდე, ელცინ-შევარდნაძის შეხვედრას ჩრდილოეთ კავკასიელ ლიდერთა მონაწილეობით.
    რისთვის დასჭირდა რუსეთს ის ფარსი? - დასჭირდა, რათა მოეხდინა მსოფლიოს თვალწინ იმის დემონსტრირება, რომ საქართველო, მიუხედავად გაეროში გაწევრიანებისა, არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო!
    რუსეთისათვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ამ შემთხვევაში იქნებოდა ხელმოწერილი, უეჭველად დაირღვეოდა. მეტიც: იგი თავად დაარღვევდა ამ ხელშეკრულებას, მაგრამ რუსული პოლიტიკისათვის მთავარი ის იყო, რა შთაბეჭდილება დარჩებოდა მსოფლიო საზოგადოებას.
    ვიყოთ გულახდილნი და ვთქვათ: როგორი იყო ეს შთაბეჭდილება? თუ გულრწფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: შთაბეჭდილება შეიძლებოდა მხოლოდ ასეთი ყოფილიყო: რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ძლიერ შეაშფოთა ქვეყნის პერიფერიაზე მიმდინარე სისხლიანმა კონფლიქტმა, დაიბარა მოსკოვში ავტონომიათა ხელმძღვანელები. მათ შორის ყაბარდო-ბალყარეთის, დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთის, საქართველოს, ადიღეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, აფხაზეთის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეთა ლიდერები და მკაცრად დატუქსა ისინი. საქმე ისაა, რომ ორ მათგანს ერთმანეთში კონფლიქტი მოსვლიათ, რაღაც ვერ გაუყვიათ, ამიტომ ელცინისათვის უთხოვიათ შუამავლობა. მანაც მოჩხუბარნი «მამაშვილურად» დაარიგა.
    მესმის, რომ ძალიან ძნელი და მწარეა ამის აღიარება, მაგრამ ამას იმიტომ როდი ვწერ, ვინმეს რაიმე ბრალი დავდო.
    საქართველოს ხელმძღვანელობას მაშინ, უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან მოსკოვში ჩაუსვლელობას მართლაც შეიძლებოდა კიდევ უფრო კატასტროფული შედეგები მოჰყოლოდა.
    მხოლოდ იმის თქმა, იმის დადასტურება მინდა, რომ პოლიტიკაში გარეგან ეფექტს, ვიზუალურ შთაბეჭდილებას და ამ შთაბეჭდილებით შექმნილ განწყობას უდიდესი (შეიძლება გადამწყვეტი) მნიშვნელობა აქვს და უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ მომავალში.
    ზემოთქმულთან დაკავშირებით, ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება: 1986 წელს, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ «ატომური შიშით» ცახცახებდა, ორი ზესახელმწიფოს, - ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები ერთმანეთს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდნენ.
    შეხვედრა ძალზე დაძაბულად წარიმართა. რეიგანმა და გორბაჩოვმა საერთო ენა ვერ გამონახეს, ვერაფერზე მოილაპარაკეს. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ხუთი ათასი ჟურნალისტი გაფაციცებით ადევნებდა თვალს ორი ხელმძღვანელის თითოეულ სიტყვას, თითოეულ ნაბიჯს.
    სწორედ ამ დროს (ეს ედუარდ შევარდნაძეს კარგად ეხსომება) ერთი უცნაური რამ მოხდა: როდესაც დელეგაციებმა შემაჯამებელი კომუნიკე შეიმუშავეს, საჭირო გახდა დოკუმენტის რამდენიმე ცალად გადამრავლება, მაგრამ. . . . სრულიად მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ისლანდიის ხელისუფლებამ თავისი განკარგულებით აკრძალა «ქსეროქსის» აპარატის შეტანა რონალდ რეიგანის რეზიდენციაში, სადაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ამიტომ (რუსების წინადადებით), დელეგაციები იძულებულნი გახდნენ, ჩვეულებრივი «ასლის გადასაღები ქაღალდით» (ე.წ. «კალკით») გადაემრავლებინათ ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი.
    მაშინ გაოგნებული დავრჩი, - რისთვის დასჭირდა ისლანდიის ხელისუფლებას ასეთი განკარგულების გაცემა? ამ ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ამცნო მსოფლიოს ყველა უდიდესმა საინფორმაციო საშუალებამ. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფრით მივხვდით რაში იყო საქმე.
    ახლა კი, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა თავად შეეჯახა მსოფლიო ასპარეზზე თვითდამკვიდრების აუცილებლობას, ალბათ, ყველასათვის ნათელია: ამ ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილებით, პატარა ისლანდიამ მსოფლიოს თვალწინ იმის სიმბოლური დემონსტრირება მოახდინა, რომ მიუხედავად ამერიკისა და საბჭოთა კავშირის განუზომელი სამხედრო პოტენციალისა, მიუხედავად მათი «წონისა» მსოფლიო ასპარეზზე, ისლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მის ტერიტორიაზე მხოლოდ ისლანდიის იურისდიქცია ვრცელდება!
    დიახ, ამ ერთი შეხედვით უაზრო განკარგულებით, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა (ქალი გახლდათ) «გრაციოზული ჟესტით სილა გააწნა» მსოფლიოს ორივე ლიდერს და დაამტკიცა, რომ მისი თითქოსდა სუსტი, უმწეო სახელმწიფო მაინც დამოუკიდებელი, თანასწორუფლებიანი ქვეყანაა, რომ განუყოფელი და შეუვალია მისი სუვერენიტეტი!
    რას იზამ, ასეთია პატარა სახელმწიფოს ბედი. იგი ყოველდღიურად, ყოველწამიერად ვალდებულია (თუნდაც ამგვარი, ვითომდაც „წვრილმანებით“),  თვითმყოფადობა დაადასტუროს მსოფლიო თანამეგობრობის თვალწინ და ამით ამაღლდეს დიდი პოლიტიკის სასტიკ კანონებზე, - დაამკვიდროს თვალისჩინივით გასაფრთხილებელი დამოუკიდებლობა-სუვერენიტეტი.

«ივერია ექსპრესი». 1993 წლის 4 მაისი.