"… От реки ингури"
   
ანუ აქეთაც და იქითაც
   
   

    აფხაზეთში მოვლენები სწორედ ისე ვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო. მთავარი საკითხი, მთავარი პრობლემა, რისი გადაწყვეტის იმედიც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, როცა ხელს აწერდა მოსკოვის 14 მაისის შეთანხმებას, იყო ლტოლვილთა დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში.
    რასაკვირველია ხელისუფლება მართალია, როდესაც თვლის, რომ ლტოლვილთა დაბრუნება ხელს შეუწყობს ამ ტერიტორიაზე საქართველოსათვის საჭირო პოლიტიკის გატარებას - მაგრამ ეს ხომ არძინბამაც იცის? აფხაზები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლტოლვილები ვერ დაბრუნდნენ და ჯერჯერობით წარმატებასაც აღწევენ ამ საქმეში.
    არავითარი «ლტოლვილთა დაბრუნების» პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ზუგდიდში ყოფნისას ვნახე, როგორ იყვნენ თავმოყრილნი ენგურის ხიდთან ლტოლვილები და როგორ გასცქეროდნენ მეორე ნაპირს - იქნებ გალში ჩარჩენილები გამოგვემცნაურონო. მეორე მხარეს კი არავინ ჩანდა. საუბარმა დამარწმუნა: თებერვლის შემდეგ სულ რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა თუ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. რამოდენიმე ათეულმა - ათეულობით ათასიდან. რუსი სამხედროები კი, ჩემს კითხვაზე: როდის დაიწყება ლტოლვილთა დაბრუნება, ზედაპირულად პასუხობენ: ეს ჩვენი საქმე არ არის - ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა მოილაპარაკონო. მათი პასუხი ასე იშიფრება: «ლტოლვილები დაბრუნდებიან მაშინ, როდესაც აფხაზები მოგვცემენ მათი გატარების დასტურს». აბა სხვას რას ნიშნავს სიტყვები «პოლიტიკოსებმა მოილაპარაკონ». მერედა არძინბამ საერთოდ რომ არ მოგვცეს ამაზე დასტური? გენერალმა გიორგი კონდრატიევმა საქართველოს ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში დემაგოგიურად განაცხადა: «ჩვენ არ ვაფიქსირებთ საზღვარს საქართველოსა და აფხაზეთს შორის - ეს საზღვარი ჩვენთვის არ არსებობსო».
    «ფიცი მწამს - ბოლო მაკვირვებს». თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ უსვამენ ხაზს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, თითქმის უკლებლივ ყველა სიუჟეტში, რომ ეს სწორედ საზღვარია საქართველოსა და აფხაზეთს შორის? ალბათ, ამ შემთხვევაშიც არაგულწრფელ თამაშთან გვაქვს საქმე.
    ჩვენ კი ჯერ კიდევ საბჭოურ ეპოქაში შეძენილი სტერეოტიპებით ვმოქმედებთ - გვგონია, რომ რუსებს «ორი ბოთლი კონიაკით» მოვალბობთ და პოლიტიკას შევაცვლევინებთ. ზუგდიდში ხშირად უმართავენ წვეულებებს რუს გენერლებს, მაგრამ ამით ჯერჯერობით არაფერი იცვლება.

    განსაცვიფრებელია, როგორ ვერ ისწავლა ჭკუა ხელისუფლებამ ადრე დაშვებული შეცდომებით? ავიღოთ, თუნდაც, კოდორის ხეობის მაგალითი. არძინბა აცხადებს, რომ ლტოლვილებს აფხაზეთში მანამ არ შემოუშვებს, სანამ ამ ხეობიდან ქართული ჯარი არ იქნება გაყვანილი. 14 მაისის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია: «ქართული ჯარი უნდა იქნას გამოყვანილი».
    მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც არძინბა ლაპარაკობს «ქართულ ჯარზე», იგი გულისხმობს არა მხოლოდ იმ ფორმირებებს, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებიდანაა შეყვანილი აფხაზეთში, არამედ ადგილობრივ ქართულ ფორმირებებსაც.
    გავიხსენოთ, რა მოხდა სოხუმში: საქართველომ გაიყვანა თავისი ჯარი, სამხედრო ტექნიკა, ერთი სიტყვით ყველაფერი, გარდა ადგილობრივი ფორმირებებისა. აფხაზებმა კი ხელშეკრულება დაარღვიეს სწორედ იმ საბაბით, რომ «ქართული ფორმირებები არ ტოვებდნენ ქალაქს» - ამ ფორმირებებში ადგილობრივ ქართველებს გულისხმობენ, რა თქმა უნდა. არძინბა ამჯერადაც გამოიყენებს ამ ოინს, მაგრამ ჩვენ რატომ ვერ ვისწავლეთ ჭკუა?
    კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ძალთა ფორმირებების გაყვანის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, არძინბას ბანდები თავს დაესხან იქ ჩარჩენილ ქართულ მოსახლეობას, ანუ, ბოლოს და ბოლოს მიაღწიონ საწადელს - პირდაპირი გზით დაუკავშირდნენ ჩრდილოეთ კავკასიას, რაც უკვე საბოლოო კრახი იქნება ჩვენთვის.
    ამის ნიშანია არძინბას შემდეგი განცხადებაც: «ჩვენ არ დავუშვებთ რუსეთის სამშვიდობო ძალების შემოყვანას კოდორის ხეობაში, ვინაიდან ეს ხეობა, განსხვავებით მდინარე ენგურისაგან, აფხაზეთის ტერიტორიაა და არა საზღვარი საქართველოსა და აფხაზეთს შორის. რუსეთის ჯარი კი მხოლოდ საზღვარზე უნდა დადგეს».
    რაც შეეხება აფხაზეთის სტატუსს, ამ საკითხშიც პოზიციები კარგა ხანია, რაც საბოლოოდ გაირკვა: საქართველო უკვე თითქმის თანახმაა ფედერაციაზე, მაგრამ აფხაზებს ამის გაგონებაც არ სურთ და, მაქსიმუმ, კონფედერაციაზე ან ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის კავშირზე თანხმდებიან. რუსეთი კი კვლავ «კატა-თაგვობანას» გვეთამაშება და მანამ არ წავა რეალური ნაბიჯების გადადგმაზე, სანამ საქართველოს საბოლოოდ არ გატეხავს წელში და ისევ ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცის შემადგენლობაში არ დააბრუნებს.
    ასეთია ტრაგიკული რეალობა, რომლის შელამაზება ვერაფერს მოგვცემს.

«მსგეფსი», 23-30 ივლისი, 1994 წელი.
   

მთელ გვერდზე