რუსეთს მორიგი იმპერატორი მოევლინა

რუსეთს მორიგი იმპერატორი მოევლინა

        კვირას ისტორიულად მეზობელ რუსეთში დასრულდა პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურთა წაქეზებითა და პროვოცირებით, მათივე ხელშეწყობით, მათსავე კონტროლით ჩამოყალიბებული ვაჰაბისტური ფსევდოფუნდამენტალისტური სექტის წევრები დაღესტანში შეიჭრნენ.
        პოლიტიკაში (განსაკუთრებით სპეცსამსახურების პრაქტიკაში), სამყაროსავით ძველი ხერხია, ვითომცდა «რადიკალურ-ფუნდამენტალისტური» მისწრაფებების გამოყენება მოწინააღმდეგის დასასუსტებლად.
        რუსეთის სპეცსამსახურებს ეს ხერხი საქართველოშიც არაერთგზის გამოუყენებიათ. შედეგად, რუსეთმა მიიღო «კაზუს ბელი», რათა გაეჩაღებინა მცირე ომი ჩეჩნეთის წინააღმდეგ. ხოლო «მასათა მძვინვარების» გასაძლიერებლად შესანიშნავი საბაბი გახდა სახლების აფეთქება მოსკოვში.
        რუსმა გენერალმა ლებედმა ღიად განაცხადა, რომ აფეთქებები სპეცსამსახურების ორგანიზებულია. რიაზანშიც აფეთქებდნენ სახლებს, მაგრამ იქ «წაასწრეს» და შემდეგ ოპერაცია «სწავლებად» გამოაცხადეს – აქაოდა, ადგილობრივი პოლიციის სიფხიზლეს ვამოწმებდითო.
        სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა, რომელიც მარაზმში ჩავარდნილი ელცინის მიერ მისი მემკვიდრედ გამოცხადების დროს 2 პროცენტს არ აღემატებოდა, ოქტომბრის ბოლოსათვის 58 პროცენტს გადააჭარბა. პუტინს აქტიურად დაუჭირა მხარი რუსეთის უმდიდრესმა ოლიგარქმა, ბორის ბერეზოვსკიმ – თავისი «მედიაიმპერიის» მეშვეობით. მოწინააღმდეგე პრიმაკოვ-ლუჟკოვის დაჯგუფებას გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მას მეორე ძლიერი ოლიგარქი - გუსინსკი (და მისი «ნტვ» მედია-ჰოლდინგი) უჭერდა მხარს.
        ძნელი დასადგენი არ არის, რომ ვლადიმერ პუტინის გამარჯვება იგივე ბორის ბერეზოვსკის გამარჯვებაა. გამოთაყვანებულ ბორის ელცინსა და მის ოჯახს შეუძლიათ მშვიდად იძინოს: პუტინი მას აღარ დააპატიმრებს, მაშინ, როდესაც პრიმაკოვის ან (მით უმეტეს) ზიუგანოვის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რუსეთის პირველი პრეზიდენტი უეჭველად «ვირის აბანოში» ამოყოფდა თავს.
        კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად ყოვლისშემძლე ტელევიზია- სწორედ ტელევიზიამ (დორენკომ, სვანიძემ, ლიუბიმოვმა, ლეონტიევმა) აქციეს ჩვეულებრივი კგბ-შნიკი, შემდგომში წვრილი საქმოსანი და შემსრულებელი ჩინოვნიკი პუტინი – რუსეთის პრეზიდენტად.
        სხვათა შორის, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთში თავისუფალი მასმედია, საერთოდ არ არსებობს: რუსული მედია დღეს იმდენადვეა დამოკიდებული ოლიგარქზე, რამდენადაც ადრე კომპარტიის იდეოლოგიურ და რეპრესიულ ინსტიტუტებზე. საქართველოში მედია ამ თვალსაზრისით გაცილებით თავისუფალია, ვიდრე რუსეთში, ვინაიდან არსებობს რამდენიმე (მაინც) გაზეთი და ტელეარხი, რომელიც იმას წერს და ამბობს, რაც სურს და უნდა – ვინმეს ნებართვისა და თანხმობის გარეშე.
        აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: პუტინის გაპრეზიდენტების პროცესში ჩეჩნეთის ომი აუცილებელ პირობად იქცა პუტინის ავტორიტეტის «ასამაღლებლად». პუტინმა და მის ზურგს უკან მდგომმა მძლავრმა სახელისუფლებო დაჯგუფებამ შესანიშნავად ითამაშა რუსული საზოგადოების შოვინისტურ სიმებზე. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ აფხაზეთის ომის დაწყების პერიპეტიებს – მაშინ ე.წ. რუსული ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი (აფხაზ სეპარატისტთა იდეოლოგებთან უნისონში) საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ, თურმე ნუ იტყვით, იგი ქართველი ხალხის შოვინისტური, ანტიაფხაზური გრძნობების გამოყენებით ცდილობდა ავტორიტეტის მოპოვებას. მაგრამ, რატომღაც, საკუთარი ხელისუფლების მიმართ არ აღმოჩნდნენ ასეთი კრიტიკულები.
        «კავკასიელმა მთიელებმაც» ვერ შენიშნეს, რომ სწორედ რუსეთი და პუტინი ახორციელებენ ჩეჩენი ერის გენოციდს, რათა ამით რუსი ხალხის სიყვარული დაიმსახურონ. დაიმსახურეს კიდეც – შედეგი, როგორც იტყვიან, სახეზეა. ჩეჩნეთის ომის მეშვეობით, სულ ცოტა ხნის წინ ყველასათვის უცნობმა პოლკოვნიკმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტობა მოიპოვა.
        რაც შეეხება პუტინის შესაძლო პოლიტიკას საქართველოს მიმართ – საეჭვოა, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ რაიმე კარდინალურად შეიცვალოს.
        დამკვიდრებული სტერეოტიპის მიუხედავად, ელცინის პრეზიდენტობის დროსაც რუსეთი ყველა შესაძლო ხერხს იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ. სხვა საქმეა, რა გამოსდიოდა და რა – არა.
        იგივე პოლიტიკას განახორციელებს ვლადიმერ პუტინიც. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებმა უკვე გადალახეს რუბიკონი, როდესაც უკან შეტრიალება შეუძლებელია. ანუ პუტინის პრეზიდენტობის დროსაც გაგრძელდება ყველა ძირითადი ტენდენცია.

მერიდიანი, 29 მარტი, 2000 წელი