თუ გადასახადის აკრეფა არ გაუმჯობესდა, ლარს კუპონის ბედი ეწევა

თუ გადასახადის აკრეფა არ გაუმჯობესდა, ლარს კუპონის ბედი ეწევა

  

    ლარის დევალვაცია, რომლის აუცილებლობის თაობაზე, ბოლო დროს საუბრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აგრეთვე მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, უკვე მოხდა.
    ოფიციალურ პირთა განცხადებებით, უახლოესი დღეების განმავლობაში (დაახლოებით კვირის ბოლომდე) ლარი მნიშვნელოვნად დაეცემა, შემდგომ კვლავ გამყარდება და მოძებნის «წონასწორობის წერტილს» სადღაც 2,5-ის ფარგლებში.
    პირველად ეს მოთხოვნა სავალუტო ფონდმა ხელისუფლებას ჯერ კიდევ სექტემბერში წაუყენა, მაგრამ მაშინ «ხალხი არ იყო მზად». შევარდნაძის განცხადებით «ლარის კურსი გაიგივებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან» და ხელისუფლებასთან, რაც სრული ჭეშმარიტებაა.
    სავალუტო ფონდის ორი ძირითადი მოთხოვნა («ისააფის» საკრედიტო ხაზით დახმარების გასაგრძელებლად) იყო გადასახადების ამოღების გაუმჯობესება და ლარის დევალვაცია. სხვათა შორის, პირველი მოთხოვნა დღესაც არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან; ამდენად, არ არის გამორიცხული, საქართველომ განახორციელოს ლარის დევალვაცია, თუმცა კრედიტი მაინც ვერ მიიღოს; ამ შემთხვევაში სოციალური აფეთქება გარდაუვალია, ვინაიდან მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის კრედიტები ქვეყანას, ძირითადად, სწორედ ბიუჯეტში «გარღვევის» დასაფინანსებლად სჭირდება.
    გარდა ამისა, გადასახადების ამოღება ერთადერთი საშუალებაა ლარის სრული დევალვაციისა და მონეტარული სისტემიდან მისი გამოდევნის თავიდან ასაცილებლად. ესეც ურთულესი ამოცანა გახლავთ, ვინაიდან უეჭველია, რომ ჩვენი მეწარმე-ბიზნესმენები (იმპორტიორებიც, ექსპორტიორებიც, მრეწველებიც და დისტრიბუტორებიც) სწორედ ახლა შეეცდებიან «თავი შეიკავონ» გადასახადებისგან, რათა უფრო «ხელსაყრელ» მომენტს დაელოდონ, ან «ეგებ», საერთოდაც ისე აირიოს ქვეყანა, აღარ დასჭირდეთ გადასახადების გადახდა; შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების «ზოგიერთი» კორუმპირებული მუშაკი ხომ საერთოდ თავს აიშვებს და უზარმაზარ კაპიტალს დააგროვებს «ლარის დევალვაციის პროცესში წარმოშობილ სირთულეთა» ხარჯზე; მსხვილ ბანკთა უდიდესი ნაწილი, სრული განადგურების წინაშე აღმოჩნდება ვინაიდან ისინი ძირითადად სწორედ იმპორტზე მუშაობენ; იმპორტი შემცირდება და, შესაბამისად, შემცირდება საბაჟო შემოსავლები.
    საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ლარის «გაშვების» შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაც მოჰყვა. რა თქმა უნდა, პარიზის, რომის, ლონდონის ან ნიუ-იორკის კაფეებში არ გამართულა სჯა-ბაასი თემაზე «რა ეშველება საქართველოს», მაგრამ ოფიციალურ წრეებში ამ განცხადებას გარკვეული ყურადღება ნამდვილად მიაქციეს, რისი ნიშანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, აგრეთვე ევროკომისიის განცხადება; ორივე განცხადებაში გამოთქმულია «სრული მხარდაჭერა» საქართველოსადმი, რეფორმებისადმი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ განცხადება «არ იჭმევა», ანუ რეალურად არ წყვეტს პრობლემას.
    მთავარია, გავერკვეთ ამ პრობლემის არსში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი კრიზისის პერიოდი დაუდგა არა მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმებს საქართველოში, არამედ მთლიანად იმ «მოძრაობას», რომელიც დაიწყო 1988-89 წლებში და მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. იმ ხალხს, რომლებიც დროშებს აფრიალებდნენ მიტინგებზე, არ ესმოდა და არც სურდათ გაეგოთ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს არაფერს, თავისუფლების გარდა!
    სწორედ ეს ლოზუნგი უნდა დაეწერა თავის დროშაზე ეროვნულ მოძრაობას, რაც მან არ გააკეთა: «დამოუკიდებლობა არ ნიშნავს არაფერს, დამოუკიდებლობის გარდა»! დამოუკიდებლობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხარ დამოუკიდებელი. თავისუფლება ნიშნავს მხოლოდ თავისუფლებას და მეტს არაფერს. არც დამოუკიდებლობა, არც თავისუფლება არ გულისხმობს და არც ოდესმე იგულისხმებს თავისთავად ეკონომიკურ კეთილდღეობას, ქვეყნის აყვავებას, მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს, ცხოვრების დონის ამაღლებას და ა.შ. პირიქით, - თუ ჩვენი მიზანი მატერიალური კეთილდღეობა იყო, მაშინ დამოუკიდებლობის გარეშე, გასაღებისა და ნედლეულის რუსული ბაზრებისაგან მოუწყვეტლად, ამ მიზანს ბევრად უფრო წარმატებით მივაღწევდით საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ოღონდ მხოლოდ «სხვა ბაზრის» ნაწილად ყოფნის შემთხვევაში. დამოუკიდებელმა ქვეყანამ კი შეუძლებელია იარსებოს საკუთარი ბაზრის, საკუთარი ეროვნული ვალუტის გარეშე. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველომ სწორედაც «დამოუკიდებლად» შეცურა მსოფლიო ეკონომიკის ოკეანეში, სადაც ცივი, უმოწყალო, სასტიკი კანონები ბატონობს - სუსტი კვდება და ძლიერი ხარობს. ეს არის ჯუნგლები, სადაც, როგორც ჩვენში იტყვიან, «დედა შვილს არ აიყვანს ხელში».
    რა თქმა უნდა, ამჟამინდელი კრიზისის მიზეზთა მნიშვნელოვანი (მაგრამ არა უმეტესი) წილი ხელისუფლების უსუსურობაზე მოდის, მაგრამ ძირითადი, სიღრმისეული მიზეზი მაინც ობიექტურ რეალობათა სფეროში უნდა ვეძებოთ. ანუ იმ სფეროში, რომელშიც აუცილებლად აღმოჩნდებოდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ - ტრადიციული ბაზრების დაკარგვით, დოტაციური ბიუჯეტით (საქართველოს ბიუჯეტი ყოველთვის დოტაციური იყო, მაგრამ თუ ადრე მოსკოვიდან ვიღებდით დოტაციას, ახლა ვაშინგტონი გვაძლევს); სტრატეგიული რესურსებისა და ნედლეულის გარეშე.
    ამრიგად, ყველა იმ მოქალაქემ, ვინც 1991 წლის 31 მარტს ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, პრეტენზია, უპირველესად, საკუთარ არჩევანს უნდა წაუყენოს თუ ეს არჩევანი საპრეტენზიოა; მაგრამ ზოგიერთს, როგორც ჩანს, მხოლოდ «სადღეგრძელოს» დონეზე სურდა დამოუკიდებლობა - მატერიალურად კი ისევ «საბჭოთა ეპოქაში» ერჩივნა ცხოვრება.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი იდიოტური პრეტენზიებიც უკვე «ყელში ამოვიდა». მათი პოზიცია საკმაოდ მარტივია: გინდოდათ, ყოფილიყავით დამოუკიდებელი? ჰოდა იყავით! ესეც ტავტოლოგიაა თითქოს, მაგრამ საკმაოდ ლოგიკური!
    სავალუტო ფონდი და დასავლეთი ცოტას კი დაგვეხმარება, მაგრამ ძირითადი საქმე მაინც თავად უნდა გავაკეთოთ. სავალუტო ფონდი არ არის ვალდებული გადასახადები აკრიფოს, საბაჟო სისტემა გააკონტროლოს, საზღვრები დაიცვას, კორუფცია აღმოფხვრას. . . . . . აბა, თუ გადასახადების ამოღების შნო არა გაქვს, თუ შენს მოსახლეობასა და ბიზნესმენებს შესაბამისი კულტურა არ ჰყოფნით, თუ საზღვრებს ვერ აკონტროლებ, მაშინ დამოუკიდებლობას რატომღა აცხადებდი?
    ურცხვი ტყუილია, თითქოს გადასახადების აუკრეფავობა საქართველოში «წარმოების გაჩერებითაა» განპირობებული. სინამდვილეში საქართველო ბოლო ადგილზეა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტის დაბეგვრით. სწორედ აქ არის «ძაღლის თავი დამარხული» და არა საგადასახადო კოდექსში.
    ბევრს არც მაშინ ესმოდა და არც ახლა ესმის, რომ «დასავლური ორიენტაცია» უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების დასავლურ წესს ნიშნავს. სხვაგვარად (ამ წესის ათვისების გარეშე) ვერც დასავლური ყაიდის ეკონომიკას (საბაზრო ეკონომიკას) ჩამოაყალიბებ და ვერც დემოკრატიულ წეს-წყობილებას დააფუძნებ.
    მაგალითად, «დასავლური ცხოვრების წესი», უპირველეს ყოვლისა, თავდაუზოგავ შრომას გულისხმობს. ევროპასა და ამერიკაში ადამიანებს საერთოდ აღარაფერი ახსოვთ შრომის გარდა. «ვესტერნიზაცია და დასავლური ორიენტაცია» საქართველოშიც ამას უნდა ნიშნავდეს. «ქართველ კაცს» კი წარმოუდგენლად მიაჩნია «რეჟიმში ჩადგეს», დილით 6 საათზე დგებოდეს, თავაუღებლად შრომობდეს, საღამოს არ ქეიფობდეს გვიან ღამემდე ძმაკაცებთან ერთად, გადასახადებს სრულად იხდიდეს და ა.შ.
    დასავლეთს, რასაკვირველია, სურს საქართველოს ინტეგრაცია. რატომაც არა? მაგრამ საამისოდ აუცილებლად მიაჩნია, ქართველებმა ის ცხოვრების წესი მიიღონ, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ფუნქციობისთვისაა აუცილებელი. ისეთივე შრომის კულტურა აითვისონ, ისევე კანონმორჩილნი და კანონმოშიშნი გახდნენ, ისევე დაივიწყონ პატრიარქალური, ფეოდალური ეპოქიდან შემორჩენილი წეს-ჩვეულებანი, შეცვალონ ოჯახის ფენომენისადმი დამოკიდებულება, მაგალითად, შეწყვიტონ მეურვეობა მოზრდილ შვილებზე (ისევე, როგორც დასავლეთში), არავის აღარასოდეს არ ენდონ ფინანსურ საკითხებში (ბავშვობის მეგობრებსაც კი), გახდნენ ცივი, უმოწყალო პრაგმატიკოსები; ისეთივენი, როგორებიც არიან გერმანელები, ამერიკელები, ფრანგები, ინგლისელები, რომელთათვისაც შრომა (ბიზნესი) და დაგროვება უმთავრესია.
    აბა როგორ გვინდა? დასავლური ორიენტაცია დასავლური ცხოვრების წესის გარეშე? ევროპული ორიენტაცია ევროპული მენტალიტეტის ათვისების გარეშე? Aასე არ გამოვა!
    ლარი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის ინდიკატორია. არანაირი ალტერნატივა (დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობებში) იმ კურსს, რომელიც ტარდებოდა ეკონომიკაში, არ გააჩნდა და არც გააჩნია. ერთადერთი ალტერნატივაა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება, ამ გზით რუსეთის ბაზრის დაბრუნება, ნედლეულისა და «მაკომპლექტებლების» დაბალ ფასებში მიღება. . . . . მართალია, არც რუსეთს ადგას კარგი დღე, მაგრამ ბევრი მისი რეგიონი უფრო «მაძღრად» ცხოვრობს, ვიდრე დღევანდელი საქართველო.
    ქართულ სახელმწიფოს მომავალი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ყველა თვალსაზრისით დასავლურ ყაიდაზე ტრანსფორმაციას შესძლებს - დაწყებული ცხოვრების წესიდან და ყოფითი კულტურიდან ანუ სადარბაზოების სისუფთავიდან, დამთავრებული სახელმწიფო აპარატის სისუფთავით.
    სხვა შემთხვევაში და სხვაგვარად ამ ქვეყანას მომავალი უბრალოდ არ გააჩნია.

7 დღე, 7 დეკემბერი, 1998 წ.