იგორ გიორგაძის გახსენება

იგორ გიორგაძის გახსენება

    ქართულ მასმედიაში ისევ წამოტივტივდა საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფის სახელი. იგი კვლავ გააფთრებით ესხმის თავს შევარდნაძეს, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური კურსის, არამედ «კორუფციის ხელშეწყობის» ბრალდებით.
    როგორც ჩანს, ძალისმიერ სტრუქტურათა მცდელობას, გიორგაძე როგორმე საქართველოში დაებრუნებინათ, განხორციელება არ უწერია – იგი მოსკოვში ფსკ-ს გამოყოფილ ბინაში ცხოვრობს და აქტიურადაც თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. ოღონდ რუსულ პრესაში მისი ინტერვიუები ისე ხშირად აღარ ჩანს. ამ საკითხში ჟურნალისტთა აქტიურობამ რუსეთს სერიოზული პოლიტიკური ზიანი მიაყენა, ვინაიდან შეუძლებელი გახდა იმის მტკიცება, რომ თითქოს გიორგაძის ადგილსამყოფელი ხელისუფლებამ არ იცოდა და ვერც გაიგებდა.
    ამიტომ, ქართული სპეცსამსახურის ყოფილმა უფროსმა დროებით «ჩაყვინთა» და მხოლოდ მაშინ «ამოყვინთა» (ამჯერად ქართულ პრესაში), როცა საქართველოში შესაბამისი პირობები შეიქმნა.
    ამჟამინდელ კონიუნქტურას რაც შეეხება: როგორც ჩანს, იგორ გიორგაძე ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას და მშვენივრად უწყის, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკის ძირითადი ცნება სწორედ «კორუფცია» ხდება. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრისა და ცნობიერების ფორმირებისას. გიორგაძემ ისიც იცის, რა მძვინვარე სასჯელი ელის «მხედრიონთან» ერთად შეთქმულების ორგანიზატორობისათვის. ამიტომ გაფაციცებით ცდილობს, «შეამზადოს» შესაბამისი საფუძველი იმ პერიოდისათვის, თუ ხელფეხშეკრულს «ჩამოაცუნცულებენ» მოსკოვიდან - თბილისში. ეს კი სრულიადაც არ არის გამორიცხული. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა სურეთ ჰუსეინოვი გადასცა აზერბაიჯანს. ეტყობა, შევარდნაძეს ისეთი «კოზირი» არ აღმოაჩნდა, როგორც ალიევს. ამ უკანასკნელმა კი იმით მოიგო, რომ ელცინს სომხეთისათვის იარაღის მიწოდების ფაქტის გამო დაემუქრა. ამიტომ მოსკოვმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ «დაეკმაყოფილებინა» ბაქო - მცირედი მსხვერპლის გაღებით. «აზერბაიჯანელი ნაპოლეონი», რომელმაც 1994 წელს ბაქოში სამხედრო გადატრიალება მოაწყო, გიორგაძის მსგავსად რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო და ცენტრის მითითებებით ხელმძღვანელობდა.
    გიორგაძესაც იგივე ბედი ელის, თუ მისი მოსკოვში დატოვება მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე თბილისში დაბრუნება. ვთქვათ, შევარდნაძემ მოიპოვა ისეთი პოლიტიკური «კოზირი», როგორც ჰეიდარ ალიევს გააჩნდა «სომხეთის იარაღის» სახით. არაა გამორიცხული, რომ ამგვარ «კოზირად» რუსული ბაზები იქცეს. თუ ელცინმა კავკასიაში პოზიციათა გასამტკიცებლად მორიგი პაიკის გაწირვა გადაწყვიტა, ამ შემთხვევაში იგორ გიორგაძეს ვერაფერი გადაარჩენს.

მერიდიანი, 6 მაისი, 1997 წ.