რეფერენდუმი

რეფერენდუმი - ეროვნული მოძრაობა

რეფერენდუმი

1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს მორიგ სხდომაზე, ზვიად გამსახურდიამ, ერთი შეხედვით მოულოდნელად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 31 მარტის რეფერენდუმი საამისოდ იურიდიულ საფუძველს ნამდვილად ქმნიდა, მაგრამ «მრგვალი მაგიდის» პოლიტიკური პროგრამა «გარდამავალ პერიოდს» ითვალისწინებდა ხელისუფლების შეცვლიდან - დამოუკიდებლობის აღდგენამდე. ზოგიერთ ინტერვიუში (რუსული პრესისათვის) გამსახურდია აცხადებდა, რომ ამას ორი წელი მაინც დასჭირდებოდა.
    ბევრს შეიძლება დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ გამსახურდიას გეგმა, როგორც ჩანს, სულაც არ გამორიცხავდა კომპრომისს «კრემლთან» - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და «მოკავშირე რესპუბლიკების-ავტონომიურ რესპუბლიკებთან» გათანაბრების გეგმაზე უარის თქმის პირობით. ზვიად გამსახურდიასათვის «კონფედერაცია» სულაც არ იყო მიუღებელი. ხოლო 31 მარტის რეფერენდუმის ისტორიულ მნიშვნელობას უპირველესად ის კი არ განსაზღვრავს, რომ ამით «საქართველოს მოსახლეობის 98 პროცენტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი», არამედ აქედან გამომდინარე იურიდიული და პოლიტიკური ფაქტი (არგუმენტი): 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი გაიმართა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე (ჯავის, ტყვარჩელისა და გუდაუთის გარდა) - რითაც დადასტურდა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნება, შეენარჩუნებინა ერთიანი ქართული სახელმწიფო.
    რამდენიც არ უნდა იძახონ ოსებმა და აფსუებმა, რომ რეფერენდუმში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ფაქტია, - რეფერენდუმი ჩატარდა ორივე ავტონომიის ტერიტორიაზე. სხვა იურიდიული არგუმენტი საქართველოს არც გააჩნია ერთიანობის დასადასტურებლად. ამგვარ არგუმენტად უკვე ვერ გამოდგება ვერც «საქართველოს პირველი რესპუბლიკა» და ვერც «საქართველოს სსრ».
    რეფერენდუმის ჩატარება, სწორედ ამ თვალსაზრისით, ზვიად გამსახურდიას მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამდენად, სულაც არ არის შემთხვევითი, თუ ქართულმა პოლიტოკრატიამ, გამსახურდიასთან დაპირისპირების მიუხედავად, რეფერენდუმის შედეგი 1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ დებულებად აქცია.

    (საინტერესოა, რომ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით მოსკოვში მივიდნენ ედუარდ შევარდნაძესთან და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. შევარდნაძე მაშინ უკვე გადამდგარი იყო თანამდებობიდან, მაგრამ ხმის მიცემაზე მაინც უარი განაცხადა, რაკი მას შესანიშნავად ესმოდა «რა დაჯდებოდა» საქართველოს დამოუკიდებლობა.
    დღევანდელი გადასახედიდან, საქართველოს მეორე პრეზიდენტის შორსმჭვრეტელური უარი, მონაწილეობა მიეღო რეფერენდუმში, უკვე სულ სხვაგვარად აღიქმება, ხოლო 50 წლის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად შეფასდება: «ედუარდ შევარდნაძემ უარი განაცხადა ხმა მიეცა აფხაზეთის დაკარგვისა და საქართველოს განადგურებისათვის!»)
   

    31 მარტის რეფერენდუმი ჯერ კიდევ არ ნიშნავდა და არ გულისხმობდა დამოუკიდებლობის დაუყოვნებელ გამოცხადებას, მაგრამ კრემლის მოქმედებამ აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში» ცხადყო: ყოველგვარი კომპრომისი გამორიცხული იყო და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს დაშლა (მისგან ავტონომიების ჩამოშორებით) გარდაუვალი ხდებოდა.
    არა მხოლოდ გამსახურდიას მოწინააღმდეგეთ, არამედ (მით უმეტეს) ექსპრეზიდენტის მომხრეებსაც ვერაფრით შეასმენ და ვერ დაარწმუნებ, რომ გამსახურდია მზად იყო და ეძებდა კომპრომისს მოსკოვთან (კომპრომისის ზღვრად მას კონფედერაცია მიჩნდა), არადა ამაზე მეტყველებს თუნდაც «ყაზბეგის პროტოკოლი», - ბორის ელცინსა და ზვიად გამსახურდიას შორის, რომლის ძირითადი თემა სწორედ «სამხრეთ ოსეთის» კონფლიქტი იყო.
    მაგრამ კომპრომისი ვერ შედგა სამი ძირითადი მიზეზის გამო:
    1) «მოკავშირე რესპუბლიკათა» და ავტონომიათა გათანაბრება სახელმწიფოს მოდერნიზების გორბაჩოვ-ლუკიანოვისეული გეგმის ქვაკუთხედი იყო. იგი არ ეხებოდა მხოლოდ საქართველოს და საქართველოსთან კომპრომისისათვის ისინი მასზე უარს არ იტყოდნენ.
    2) ყოველგვარი კომპრომისი «კრემლთან» ე.წ. «კონგრესის» მხრიდან გააფთრებულ რეაქციას გამოიწვევდა. ეს იქნებოდა საბაბი კონგრესმენებისათვის, რომელთაც რადიკალური ფრაზეოლოგიით სურდათ პოლიტიკური რენომეს შენარჩუნება.
    3) გარდა ამისა, თვით ზვიად გამსახურდიას უმძიმესი შეცდომები, ოდიოზური ინტერვიუები, მთლიანობაში მისი «იმიჯი», რომელსაც აქტიურად აღვივებდა რუსეთის ტელევიზია, აგრეთვე 9 აპრილის შედეგად გამწვავებული ანტიქართული განწყობა რუსეთში, - არ ტოვებდა არც ერთი მხარისათვის რაიმე პოლიტიკური მანევრის ასპარეზსა და საშუალებას.

    ამიტომ გამსახურდიამ, თავდაპირველი ჩანაფიქრის მიუხედავად, მკვეთრი კონფრონტაციის ტაქტიკა არჩია - სხვა გზა მას აღარც ჰქონდა.
    ყოველივე ზემოთთქმული მაშინ «ზედაპირზე არ ჩანდა». გარეგნულად, პროცესები ჯერ კიდევ 28 ოქტომბრის არჩევნებით განსაზღვრულ კალაპოტში მიმდინარეობდნენ.

    9 აპრილს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, «მთავრობის სახლთან» გამართულ მიტინგში ირაკლი წერეთელმაც მიიღო მონაწილეობა. საინტერესოა, რომ გია ჭანტურიასთან შედარებით, იგი უფრო კომპრომისულად იყო განწყობილი ზვიად გამსახურდიას მიმართ. თუმცა, გამსახურდიას წინადადებაზე - «შევხვდეთ და მოვილაპარაკოთო», მედიდურად პასუხობდა: უზენაეს საბჭოში მე არ მივალ, გამსახურდია კი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის შტაბბინაში («იმელში» - ავტ.) არ მოვა, ამიტომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდები თუ მაინც და მაინც შეხვედრა უნდაო.
    იმავდროულად, წერეთლის წინადადებამ, «კონგრესის» მუშაობის დროებით შეჩერების თაობაზე, გია ჭანტურიას საშუალება მისცა, იგი ღიად დაედანაშაულებინა «გამსახურდიასთან ალიანსში», რასაც დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყვა კონგრესში:
    გია ჭანტურია: «ყველას კარგად გვესმის, ვის აწყობს კონგრესის მუშაობის შეჩერება, ამიტომ ირაკლი წერეთლის წინადადება არის ბ . . . . ა!»
    შეძახილები ადგილიდან («ძველბიჭური» ტონალობით): «არ გინდა გია!»

    იმდროინდელი ვითარების მარაზმატიულობას არა მხოლოდ «კონგრესმენთა» უგუნური რადიკალიზმი განსაზღვრავდა, არამედ თვით ხელისუფლების სრული არაკომპეტენტურობა. საქმე კურიოზებამდე და სამარცხვინო ინციდენტებამდე მიდიოდა. მაგალითად, «მრგვალი მაგიდის» ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა (შემდგომში  «ანტიზვიადისტმა»), მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ფრანგი კორესპონდენტის კითხვას, საქართველოში იარაღის ტარების შესაძლო დაკანონების შესახებ, «ვაჟკაცურად» უპასუხა: «მერე რა, აი, იარაღი მეც მაქვსო» და ჯიბიდან «მაკაროვი» ამოიღო. ამის თქმა იყო, უცხოელი კორესპონდენტები დაუყოვნებლივ, ერთად, უხმოდ ადგნენ და პრეს-კონფერენცია დატოვეს. იქ მყოფი სხვა ქართველები სირცხვილით სად ჩამძვრალიყვნენ არ იცოდნენ. ქართველი დეპუტატის ამგვარი უტვინობაც «კრემლის» ბრალი იყო?
    რაც შეეხება პროპაგანდას და საინფორმაციო ომს, აქ მართლაც პირწმინდად წავაგეთ. თვით ყველაზე კეთილგანწყობილი დამკვირვებლებიც მხრებს იჩეჩდნენ: ეს ქართველები რამ გადარია, - ოსებს რას ერჩიანო. რუსული ტელევიზიით სამხრეთ ოსეთის მოვლენათა არაობიექტური გაშუქების გამო (როგორც ჩანს «ობიექტურობას» ელოდნენ - ავტ.) «მრგვალი მაგიდის» ერთ-ერთი აქტივისტი გაემგზავრა მოსკოვში და პროტესტის ნიშნად პირი ნემსით ამოიკერა, რაც უფრო ზიზღსა და ირონიას იწვევდა, ვიდრე თანაგრძნობას.

    იმდროინდელ მოვლენათაგან აღსანიშნავია «სამტრედიის ბლოკადა», რომელიც ზვიად გამსახურდიას უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. გამსახურდია ინტერვიუებში თავად აცხადებდა ამაყად: ეს დაუმორჩილებლობის აქციაა კრემლის მიმართ და მას მე პირადად ვხელმძღვანელობო. მისი ბრძანებით, გადაიკეტა სამტრედიის სარკინიგზო კვანძი, კვლავ გაჩერდა სარკინიგზო მოძრაობა მთელს კავკასიაში (ჩრდილო კავკასიის ჩათვლით).
    ამ ხერხით ხელისუფლება ცდილობდა აეძულებინა მოსკოვი, შეეცვალა პოლიტიკა «სამაჩაბლოში», რაც, რა თქმა უნდა, არარეალური იყო. შემდგომ პერიოდში ამ აქციას ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკანი (საქართველოში მათ შორის ტრადიციულად მცირე განსხვავებაა) «უდიდეს სისულელედ» მიიჩნევდა - აქაოდა სად გაგონილა, ქვეყანამ საკუთარ თავს ბლოკადა გამოუცხადოსო.
    რატომღაც ყველას დაავიწყდა ძალზე ნიშანდობლივი ფაქტი: გია ჭანტურიას ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ იმ დროს ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი (განსხვავებით 1990 წლის ანალოგიური აქციისაგან) «დაუმორჩილებლობას რკინიგზაზე» და ზვიად გამსახურდიას სრული თანადგომა აღუთქვა. თუმცა გამსახურდიამ, საკუთარ გარემოცვაში ჭანტურიას მოსისხლე მტრების ზეწოლით, მისი წინადადება უარყო («თქვენი დახმარება და თანადგომა ვის რაში სჭირდებაო), რითაც «ედპ» საბოლოოდ გადაიკიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ.
    ისიც გასათვალისწინებელია, რა ხდებოდა იმ დროს საბჭოთა კავშირში. «სამტრედიის აქცია» საქართველოს ხელისუფლებამ დაამთხვია პერიოდს, როდესაც დაიწყო კომუნისტური იმპერიის აგონია - გაიფიცნენ რუსი და უკრაინელი მეშახტეები, იმართებოდა მილიონიანი მიტინგები მოსკოვში, იწყებოდა ნამდვილი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გორბაჩოვის ხელისუფლება საერთოდ ვეღარ აკონტროლებდა პროცესებს.
    ამრიგად, რკინიგზის გადაკეტვით, ზვიად გამსახურდია ცდილობდა, კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეექმნა «კრემლისათვის».
    მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ძალზე ჭკვიანური ტაქტიკა აირჩიეს (ვითომ ვერ ამჩნევდნენ საქართველოში შექმნილ ვითარებას), სამტრედიის აქცია მაინც საკმაოდ მტკივნეული იყო იმ ვეებერთელა სახელმწიფოსათვის, ვინაიდან, ქვეყანაში კოოპერაციის მაღალი დონის გათვალისწინებით, ერთი რომელიმე რეგიონის «ამოვარდნა» საერთო სამეურნეო-სატრანსპორტო სისტემიდან, დაუყოვნებლივ იწვევდა დამანგრეველ პროცესებს ლამის მთელ სისტემაში.
    თუმცა, საქართველოშიც უმძიმესი ვითარება შეიქმნა. გაფიცულ წარმოება-დაწესებულებათა მუშაკები აბსურდულ მოთხოვნას უყენებდნენ ხელისუფლებას და ამ მოთხოვნაში უკმაყოფილების პირველ სიმპტომთა ყრუ ნოტაც ჟღერდა: საქართველოს დამოუკიდებლობისათვის არათუ გავიფიცებით, არამედ თავსაც გავწირავთ, მაგრამ მთავრობამ ხელფასი მაინც გადაგვიხადოს - აბა შვილები როგორ ვარჩინოთო.

    ამ დროს ხელისუფლებაში მიმდინარეობდა მწვავე დისკუსია იმის თაობაზე, თუ «რა ეყოთ აჭარისათვის» ანუ ვინ დაენიშნათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ. ვაჟა ადამია ხახვას უჭერდა მხარს - ლაზია და თურქეთის ქართველობის მომხრობაში დაგვეხმარებაო. მაგრამ ზვიად გამსახურდიამ საბოლოოდ არჩევანი კაკო ასათიანის (!) კანდიდატზე (ასლან აბაშიძეზე) შეაჩერა.
    რასაკვირველია, ვერც ასლან აბაშიძე გახდებოდა აჭარის ლიდერი, მაგრამ აჭარის ელიტამ ამ კანდიდატურის მიღებით ძალზე ჭკვიანური და შორსმჭვრეტელური ნაბიჯი გადადგა: ასლან აბაშიძე აჭარაში იმთავითვე აღიქვეს სწორედ იმ პოლიტიკის გამტარებლად, რომელსაც შემდგომ, მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა.
    მტკნარი სისულელეა ზვიად გამსახურდიას დადანაშაულება - რატომ სხვა არ დანიშნაო. იგი ვერავის დანიშნავდა აჭარის მმართველი ელიტის თანხმობის გარეშე. ეს ელიტა კი არ შეურიგდებოდა მისთვის კატეგორიულად მიუღებელ კანდიდატურას.
    ასლან აბაშიძის არჩევა აჭარის უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. როგორც ჩანს, ზვიად გამსახურდია ამ შემთხვევაში მოქმედებდა «უმცირესი ზიანის» პრინციპით, მაგრამ ეს მაინც მოუგებელი თამაში იყო - აჭარის ელიტამ ყველას აჯობა ჭკუითა და ეშმაკობით.
    ზვიად გამსახურდია ასლან აბაშიძეს ბოლომდე იმთავითვე არ ენდო და ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი დაუნიშნა მოადგილედ (ეს ერთგვარი კომპრომისიც იყო).
    მცირე ხნის შემდეგ იმნაძე - აბაშიძეს შეუვარდა კაბინეტში და ავტომატიდან სროლა აუტეხა. იგი იქვე მოკლეს. ასლან აბაშიძეს ტყვიამ კისერში გაუარა. მიუხედავად ამისა, მაშინ ძალიან ჭკვიანურად მოიქცა: კრინტი არ დაუძრავს «თბილისის» საწინააღმდეგოდ (იმ დროს ჯერ კიდევ არ ამბობდა ხმამაღლა, «ბაბუაჩემი თბილისურმა მოწინავე საზოგადოებამ დახვრიტაო»). სამაგიეროდ, ექვსი წლის შემდეგ თქვა, ერთ-ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში: «იმნაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს თბილისში, მაშასადამე იგი უმაღლესი ხელისუფლების დავალებას ასრულებდა». თითქოსდა, ეს «უმაღლესი ხელისუფლება» სწორედ ის გამსახურდია არ იყო, რომლის მომხრეთა გულის მოგებასაც შემდგომ ყოველნაირად ცდილობდა დეკემბერ-იანვრის მოვლენათა დაგმობით და გარდაცვლილი პრეზიდენტისადმი „ერთგულების“ ფიცით.
    ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე ინტელიგენციამ კი, ბათუმის მოვლენათა შემდეგ, მიიღო საბაბი, ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინა: აჭარაში გამსახურდიას პროვოკაციულმა პოლიტიკამ, არაფრისგან-პრობლემა შექმნაო. ამის მთქმელთ არც მაშინ სურდათ შეეგნოთ და ვერც შემდგომ შეაგნებინებდი, რომ არაფრისაგან მხოლოდ არაფერი იქმნება.
    ასლან აბაშიძემ სულ მალე მიაღწია მთავარს: დაითანხმა გამსახურდია და მისი გარემოცვა, ბათუმის საბჭოთა (შემდგომ რუსეთის) დივიზიაში ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურა, ისევე, როგორც სასაზღვრო ჯარებში.

    1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. მანამდე, პრეზიდენტობის კანდიდატ ვალიკო ადვაძეს პოლიციელებმა რუსი მცველები გამოგლიჯეს ხელიდან და ტელევიზიით «გამოაჭენეს», რათა ადვაძის «აგენტობა» დაემტკიცებინათ. «ელიტარული ინტელიგენციის» წინააღმდეგობამ არ გაჭრა - «გადაუარეს».
    მიუხედავად ამისა, ადვაძემ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა გამსახურდიას სხვა ოპონენტებთან შედარებით. თვით ზვიად გამსახურდიას გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა - მან ხმების 87 პროცენტი მიიღო. შეიძლება ითქვას, ქართული მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ კვლავ გამსახურდიას დაუჭირა მხარი.
    მაისშივე, «დინამოს» სტადიონზე ეროვნული გვარდიის აღლუმი ჩატარდა. ეს მოვლენა უცხოეთის ყველა ტელეკომპანიამ ფართოდ გააშუქა, რამაც სენსაცია გამოიწვია დასავლეთში. New-york times –ის კორესპონდენტი წერდა: გაოგნებული ვაკვირდებით, როგორ მარშირებენ ნაციონალური შეიარაღებული ძალები ყოფილ პროვინციულ ქალაქში.
    ზვიად გამსახურდიამ მარჯვენა ხელი საფეთქელთან მიიტანა. ასეთი ჟესტი ევროპულ ტრადიციაში არაფერს გამოხატავს, თუ სამხედრო მისალმებისას ქუდი არ გახურავს. ამიტომ იგი კომიკურად აღიქმებოდა. თუმცა, ამგვარი აღქმის მიზეზი ეს არ ყოფილა მხოლოდ: აქ თავი იჩინა მნიშვნელოვანი სამხედრო ტრადიციის არარსებობამაც.
    მთლიანობაში, ზვიად გამსახურდია თუ იმ დროს კომიკურ ფიგურად აღიქმებოდა, ეს მხოლოდ მისი ბრალი არ იყო. აქ მჟღავნდებოდა ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიციის სიმყიფეც. როგორც ჩანს, დამოუკიდებლობისათვის ერი მართლაც ჯერ ცნობიერად უნდა მომწიფდეს და მხოლოდ შემდეგ თუ მომწიფდება ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ასე შემდეგ.
    იმავე მიზეზით, ზვიად გამსახურდიას ნებისმიერი სხვა «სიმბოლური» ნაბიჯი კომიკურ ელფერს იძენდა. გამსახურდიას, რა თქმა უნდა, ჰქონდა სოციალური ქარიზმა, მაგრამ მას სახელისუფლებო ქარიზმა არ გააჩნდა, რაც აუციელებელი აღმოჩნდა ისეთი მენტალიტეტის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
    მიაქციეთ ყურადღება: ცნობიერი «უკუგდების» (Отторжение - რუს.) ერთ-ერთი არგუმენტი ის გახდა შემდგომ, რომ «მას ხომ ორკაციანი დაწესებულებისთვისაც არ უხელმძღვანელია თავის ცხოვრებაში». ამგვარი ნეგატიური სტერეოტიპის წარმოშობა კი შემთხვევითი არასდროს არ არის.
    კიდევ ერთი მაგალითი «ფსიქოლოგიური უკუგდებისა»: ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, რაიონების ხელმძღვანელთ «პრეფექტი» ეწოდა, რაც არაადექვატურად აღიქმებოდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. «პრეფექტი» უმალვე იქცა ანეგდოტების თემად და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ იყო (მაგრამ ესეც იყო), რომ პრეზიდენტი «მედოლეებსა» და ელემენტარულად კლინიკურ იდიოტებს ნიშნავდა რაიონების ხელმძღვანელად - თვით ინსტიტუტის აღქმაც წინააღმდეგობას აწყდებოდა იმავე თვალსაზრისით, რაც თითქოს უცნაურია, ვინაიდან რაიონებს ხომ ათწლეულების განმავლობაში «ცენტრიდან» დანიშნული რაიკომის მდივნები მართავდნენ? ხშირ შემთხვევაში არც ისინი იყვნენ უშუალოდ «ადგილობრივი ელიტის» წარმომადგენლები. თუმცა, ზოგადად, საზოგადოებრივი ელიტისა (როგორც კომუნისტური ნომენკლატურული არეოპაგის წევრნი), - ყოველთვის.
    საქმე ის გახლავთ, რომ «პრეფექტის» ინსტიტუტი, დიდწილად მისი სახელწოდების გამო (წვრილმანი არ გეგონოთ), ისევე მიუჩვეველი იყო ქართული ცნობიერებისათვის, როგორც «ეროვნული არმია», «ეროვნული მილიცია», «ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი» და ა.შ. ამიტომ, ფსიქოლოგიურად უფრო მიზანშეწონილი და მთლიანობაში ჭკვიანურია შევარდნაძის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შინაარსობრივად იგივე ინსტიტუტისათვის ეწოდებინა არა «პრეფექტი», არამედ «გამგეობის თავჯდომარე - გამგებელი».
    ეს ტერმინი ნაკლებ ფსიქოლოგიურ «უკუგდებას» იწვევდა, ვინაიდან ნაკლებად ხვდებოდა ყურს და უფრო მეტად ახლოს იყო ფსიქოლოგიურად შეჩვეულ «რაიაღმასკომის თავჯდომარესთან», ვიდრე «პრეფექტი».
    ზვიად გამსახურდიას ამ მომენტების გათვალისწინება აზრადაც არ მოსდიოდა, რაც უდიდესი შეცდომა იყო. თუმცა, ისევ და ისევ, ეს მარტო მისი შეცდომა არ ყოფილა - მთლიანად, ეროვნული მოძრაობის ლიდერები საქართველოში, მხოლოდ საკუთარ განწყობას ითვალისწინებდნენ და იოტისოდენ ყურადღებას არ აქცევდნენ, თუ რამდენად იყო თვით საზოგადოება მზად, მათი ფსიქოლოგიური განწყობა გაეზიარებინა ან რამდენად ტრავმატული იქნებოდა ასეთი პროცესი ეროვნული ცნობიერებისათვის.
    მაგრამ აქ კვლავ ვერ გავექცევით (ვინაიდან იგი ხომ მაინც ხელისუფალი იყო) ზვიად გამსახურდიას პიროვნულ თავისებურებებსა და მანკიერებებს. ამ ოჯახაშენებულს პრეზიდენტობა უნდოდა და ელემენტარულ ტექნოლოგიას ვერ ფლობდა, რათა საქართველოსადმი სიძულვილი მაინც არ გაეღვივებინა.
    მაგალითად, რაჭა - შიდა ქართლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, გამსახურდიამ, რუსული ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, «ცენტრმა დახმარება თუ გაგიწიათო» ასეთი რამ თქვა: « Мы ни у кого не намерены просить помощи, тем более у имперского центра, – сами должны догодатся и окозать помощь».
    მითხარით, ასეთი პასუხი რას გამოიწვევდა ნებისმიერ რუსში - ქართველებისადმი სიძულვილისა და ზიზღის გარდა?

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა