პროპორციული არჩევნები პარტიების ინტერესებს გამოხატავს და არა ამომრჩევლების

პროპორციული არჩევნები პარტიების ინტერესებს გამოხატავს და არა ამომრჩევლების

    «თვითმმართველობის შესახებ» კანონი, როგორც ჩანს, პარტიული პოლიტიკის ძირითადი კატალიზატორი ხდება. კანონი პირველი მოსმენით მიიღეს, თუმცა ძირითადი, პრინციპული საკითხი, რომელიც აღელვებს პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას, კვლავ გადაუწყვეტელია: ხელისუფლება რაიონისა და დიდი ქალაქების დონეზე გამგებელთა «დანიშვნის» პრინციპს არ თმობს, ოპოზიციას კი ეს დემოკრატიულ ფასეულობათა დარღვევად მიაჩნია.

    უმრავლესობამ და პრეზიდენტმა უკვე აღიარეს, რომ რაიონის გამგებლის დანიშვნა «ცენტრიდან» არასასურველი, დროებითი მოვლენაა, რომელიც მხოლოდ 2-3 წელიწადს თუ გაგრძელდება. საბოლოოდ კი (ამის თაობაზე ორი აზრი არ არსებობს) რაიონის გამგებელი პირდაპირი კენჭისყრით უნდა იქნას არჩეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად დემოკრატიული სისტემა საქართველოში ვერ დაფუძნდება.
    გამგეობის ფორმირების წესის თაობაზე გამართულმა დისკუსიამ ერთგვარად «დაფარა» არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც «ინტერფრაქციულ ჯგუფში» მიმდინარეობდა. «სახალხო ფრაქციამ» მიაღწია კანონპროექტში ფუნდამენტური ცვლილების შეტანას: პირველი მოსმენით დამტკიცებულია რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირების წესი - რაიონის საკრებულოები აირჩევა პირდაპირი, პროპორციული კენჭისყრით.
    მიუხედავად იმისა, რომ დისკუსია ძირითადად გამგებლის არჩევა-დანიშვნის თაობაზე მიმდინარეობდა, სინამდვილეში ოპოზიციისათვის სწორედ წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირების წესს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
    ამ თვალსაზრისით, «სახალხო ფრაქცია» უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მოიქცა, ვიდრე ყველა სხვა «ოპოზიციური ფრაქცია», რომელმაც დატოვა სხდომათა დარბაზი. «პროპორციული წესით» რაიონის საკრებულოს არჩევა, თვისობრივად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვიდრე გამგებლის არჩევა პირდაპირი კენჭისყრით, ვინაიდან ამით რადიკალურად იცვლება ხელისუფლების ფორმირების ტრადიცია «ადგილებზე» და განუზომლად იზრდება «პარტიების» მნიშვნელობა მთლიანად ქვეყანაში.
    გავიხსენოთ დებატები წინა პარლამენტში ამავე საკითხზე, როდესაც უმრავლესობა მზად იყო მხარი დაეჭირა გამგებელთა არჩევისათვის პირდაპირი კენჭისყრით, მაგრამ დისკუსია ძირითადად მიმდინარეობდა იმის თაობაზე, როგორი წესით უნდა მომხდარიყო საკრებულოს ფორმირება და რა უფლებამოსილება ექნებოდა ამ ორგანოს. «რესპუბლიკელები» დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რაიონებში პირდაპირი კენჭისყრით გამგებლის არჩევა გამოიწვევდა ყოფილი «რაიკომის მდივნების» აღზევებას, ამიტომ ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეძლიერებინათ წარმომადგენლობითი ორგანოები და (რაც მთავარია) მიეღწიათ არჩევნებისათვის პროპორციული წესით.
    ესეც გაცილებით პატიოსანი პოზიცია იყო, ვიდრე კანონპროექტის ზოგიერთი დღევანდელი ოპონენტისა. მათ რატომღაც ავიწყდებათ, რომ ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში «გამგებლის არჩევნებში» გაიმარჯვებს ყოფილი რაიკომის მდივანი. «სახალხო ფრაქცია» კი ამას აცნობიერებს და რაკი დარწმუნებულია, პარტიული თვალსაზრისით, შანსი არა აქვს გამგებლის პოსტი «გაითავისოს», ცდილობს პარტიული პოზიციები გაიძლიეროს რაიონებში და საბოლოოდ «ჩაძიროს» სხვა ოპოზიციური პარტიები.
    თავისთავად, საკრებულოს პროპორციული არჩევნები რაიონებში იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია, ამ შემთხვევაში, თვითმმართველობის წინააღმდეგია. პრეზიდენტის პროექტი, ამ თვალსაზრისით, გაცილებით დემოკრატიულია და უფრო მეტად შეესაბამება თვითმართველობის პრინციპებს: ყოველი სოფელი, დაბა, თემი, მცირე ქალაქი აირჩევდა თითო წარმომადგენელს, რომლებიც შექმნიდნენ რაიონის საკრებულოს, - ამ შემთხვევაში რაიონის წარმომადგენლობით ორგანოში ყველა სოფლის ინტერესი იქნებოდა წარმოდგენილი. პროპორციული არჩევნები კი იმას გამოიწვევს, რომ ამა თუ იმ რაიონში ერთი ქალაქისა და რამდენიმე სოფლის მოსახლეობა «გაიყვანს» თავის წარმომადგენლებს, ყველა დანარჩენს კი საკრებულოში მათი ინტერესების დამცველი არ ეყოლებათ. ამიტომ, ჩვენს პირობებში რაიონის საკრებულოს პროპორციული წესით არჩევა აბსურდია. ეს არანაკლებ ანტიდემოკრატიულია, ვიდრე გამგებლის დანიშვნა «ცენტრიდან» მითითებით.
    აქ ნათლად ჩანს, რა ამოძრავებს სინამდვილეში ოპოზიციას: არა დემოკრატიისა და ჭეშმარიტი თვითმმართველობის დამკვიდრების სურვილი, არამედ ისევ და ისევ, პარტიული ინტერესები - რაიონის საკრებულოს პროპორციული არჩევნები განუზომლად აძლიერებს პარტიებს «ადგილებზე», უქმნის მათ მყარ ბაზას და დასაყრდენს, ზრდის პარტიათა მნიშვნელობას მთლიანად, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; მაგრამ «თვითმმართველობასთან» ამას საერთო არაფერი აქვს - რაიონული საკრებულოს «პროპორციული» არჩევით, ფაქტობრივად, უქმდება თვითმმართველობა სოფლის, თემის დონეზე, ვინაიდან ყველა საკითხი მაინც (ძველებურად) რაიონებში გადაწყდება.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, «თვითმმართველობის მოთხოვნა» ოპოზიციისათვის მხოლოდ საბაბი იყო პარტიული სისტემის სტრუქტურებისა და ინსტიტუციონალიზაციისათვის. შესაძლოა, პარტიების გაძლიერება სასარგებლოც იყო ქვეყნისათვის; იქნებ «პარტიული დემოკრატია» წინგადადგმული ნაბიჯიც გახდეს, მაგრამ რა შუაშია აქ თვითმმართველობა? თვითმმართველობა ისევ ეწირება თბილისში ხელისუფლებისათვის ბრძოლის ინტერესებს - არ არის ძნელი მისახვედრი, რა ამოძრავებთ «პარტიებს» ამ შემთხვევაში: ისინი ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ ეს უკანასკნელი გამგებელთა დანიშვნით მომავალი არჩევნებისათვის «იმტკიცებს პოზიციებს», მაგრამ თავად იმავე პრინციპით მოქმედებენ: რაკი კარგად იციან, რომ გამგებლის არჩევნებში შანსი არა აქვთ, ცდილობენ, «პროპორციულად არჩევნების» წესი დაამკვიდრონ, რათა საკრებულოებში ხმათა გარკვეული რაოდენობა მიიღონ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებას გაურიგდნენ.
    იძულებული ვარ დავასკვნა, რომ მიუხედავად «თვითმმართველობის» შესახებ მაღალფარდოვანი ფრაზებისა, პარლამენტში მიმდინარეობს ბრძოლა მომავალი არჩევნების წინ ხელსაყრელ პოზიციათა დასამკვიდრებლად. პრინციპული საკითხი აქ სწორედ საკრებულოს არჩევის წესია (თუ ნამდვილად თვითმმართველობა სურთ) და არა ადმინისტრაციის ფორმირება, ვინაიდან თუ არ იარსებებს რეალური თვითმმართველობა სოფლის დონეზე, ყველაფერი ფიქცია გახდება.

7 დღე, 10 სექტემბერი, 1997 წ.