საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ივნისი. 2023 წელი

აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები.

მაშტაბით მართლა ეპიკურ დონეს უახლოვდება, რაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

უკრაინის არმია ნელ-ნელა მიიწევს წინ, თუმცა დანაკარგი დიდია.

ელემენტარული სამხედრო აქსიომაა, რომ შემტევ მხარეს სამჯერ მეტი უპირატესობა სჭირდება. არადა, ცოცხალი ძალა უკრაინელებს დაახლოებით იმდენივე ჰყავთ ახლა, რამდენიც რუსებს. თუმცა დასავლური სამხედრო ტექნიკის იმედი აქვთ.

გამოიკვეთა შეტევის ორი სტარტეგიული მიმართულება: სამხრეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით. ორივეს სტრატეგიული მიზანი აზოვის ზღვაზე გაჭრა და მარიუპოლის დაბრუნებაა, რაც რუსეთ-ყირიმის დამაკავშირებელი სახმელეთო კომუნიკაციის განადგურებას ნიშნავს.

აქვე აუცილებალდ უნდა აღინიშნოს უკრაინის ჭკვიანური PR სტრატეგია შეტევის დროს: თითქმის არ აკეთებენ ბრავურულ განცხადებებს და არანაირად არ აკომენტარებენ კონკრეტულ ქმედებებს, გარდა ზოგადი მშრალი ინფორმაციისა, რომ შეტევა გრძელდება.

მხოლოდ გუშინ, როცა ერთ-ერთ უბანზე წარმატება უკვე აბსოლუტურად უეჭველი იყო, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სფოუქსპერსონმა განაცხადა, რომ არმიამ 100 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია უკვე გაათავისუფლა

მაგრამ უკრაინის მაშტაბებით, ეს არ არის ბევრი.                                             

მთავარი პრობლემა კვლავინდებურად ტანკსაწინააღდმეგო ნაღმებია.

მე სამწუხაროდ ვერსად ვიპოვე  ახსნა, რატომ ვერ იყენებს ეფექტურად უკრაინული არმია დასავლურ გამნაღმველ სისტემებს. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს სისტემები რუსული მიწისქვეშა ნაღმების წინააღმდეგ არც ისე ეფექტური აღმოჩნდა, როგორც უნდა ყოფილიყო.

მეორე მხრივ, უკრაინულმა შეტევამ აიძულა პუტინი, სამხედრო ბლოგერებთან ბოლო შეხვედრაზე ეღიარებინა, რომ მის მიერ ნაქები `ზებგერითი` რაკეტები არც ისე ეფექტური აღმოჩნდა: ჯერ ერთი ამერიკული Patriot თურმე მათაც ერევა და მეორეც, ეს ზებგერითი რაკეტები რუსეთს სულ 50-60 ცალი ჰქონია.

რას იკვეხნიდა პუტინი თურმე.

აბა სად აქვს თანამედროვე რუსეთს იმის რესურსი, კრეატიული იარაღის წარმოება ინდუსტრიის დონეზე აიყვანოს, როგორც სტალინმა შეძლო 1941 წლიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ხვალ აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა სამუშაო ვიზიტით.

ეს ვიზიტი უდიდეს ინტერესს იწვევს, რაკი მთლიანად უკავშირდება  ჩინეთის დესტრუქციულ პოზიციას უკრაინის ომში და რუსეთის ფარულ მხარდაჭერას.

ვიზიტი ჯერ კიდევ თებერვალში უნდა შემდგარიყო, მაგრამ გადაიდო იმის გამო, რომ ჩინელებმა სადაზვერვო აეროსტატები გაუშვეს ამერიკის ცაში.

როგორც ჩანს ბლინკენი პეკინში ჩადის, რათა ჩინეთის ხელისუფლება გააფრთხიოლოს, რომ Business as usual ამერიკასთან აღარ გამოვა თუკი ჩინეთი განაგრძობს პუტინის მხარდაჭერას. მათ შორის ჩუმ-ჩუმად სამხედრო ტექნიკის მიწოდებას.

ბლინკენის მეორე ამოცანაა პეკინის დარწმუნება, რომ ჩინეთმა არც კი იფიქროს ძალის გამოყენებაზე ტაივანის წინააღმდეგ, თორემ ამერიკის  წყნარი ოკეანის ფლოტი (ჯერ კიდევ ბევრად ძლიერია ვიდრე ჩინური ფლოტი) მთელი მისი მრისხანე ძლევამოსილებით ჩაერევა.

ჩინეთს საპასუხო პრეტენზიები აქვს და ძალიან სერიოზული პრეტენზიები: პეკინში შენიშნეს, რომ ამერიკა მთელს თავის გავლენას და ფინანსურ/ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს, რათა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, - ჩინეთის მეზობლები, - მათ შორის კორეა, ფილიპინები, ინდონეზია, სინგაპური, ავსტრალია `ჩამოაშოროს` ჩინეთს; არწმუნებს მათ (და ამაში წარმატებასაც აღწევს) არ მიაწოდონ ჩინეთს ნახევარგამტარები, სხვა უახლესი ეტქნოლოგიები, რათა შეაფერხოს ჩინეთის ეკონომიკურ/ტექნოლოგიური ინოვაცია, რაკი პეკინი მტრულ პოლიტიკას ატარებს.

მაგრამ.....ანალიტიკოსთა აზრით ეს ვიზიტი ადასტურებს ასევე, რომ ვაშინგტონში ჯერ კიდევ ღვივის იმედი, `დაიხმარონ` ჩინეთი, ანუ მისი უზარმაზარი გავლენა პუტინის რუსეთზე, რათა პუტინი დაითანხმოს უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე.

კი ღვივის ეს იმედი, თუმცა ალბათ ფუჭია.

შესაბამისად, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობათა კიდევ უფრო გაცივება და გაუარესება გარდაუვალია. ყოველ შემთხვევაში ჩინეთის ამ ადმინისტრაციის ხელში - ნამდვილად:

სი ძინპინის გამარჯვება შიდა-პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც ჩინეთის კომპარტიის ბოლო ყრილობაზე გაფორმდა, სწორედ ამიტომ კულტივირებდა პესიმიზმს ყველა ექსპერეტში, ვინც კარგად იცნობს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობათა  ამჟამინდელ მოდალობას.

არადა, სი ძინპინს ძლიერი ალტერნატივებიც ჰყავდა, რომლებიც ამერიკასთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას შექმნიდნენ და წინააღმდეგობას შეარბილებდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საერთაშორისო ატომური სააგენტოს პრეზიდენტი, რაფაელ გროსი რუსების ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ჩავიდა.

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და მიუთითებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ ევროპაში ამ ატომურ ობიექტზე შექმნილ ვითარებას.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია ევროპაში. მაგალითად, საფრანგეთის მთელი მოსახლეობის მომარაგება შეუძლია ელექტროენერგიით მარტო ამ ერთ ელექტროსადგურს.

გროსი ჩავიდა პირადად იმიტომ, რომ კახოვკას წყალსაცავის აფეთქების შემდეგ ზაპოროჟიეს აეს-ს შეექმნა საფრთხე: შესაძლოა შეფერხებულიყო მისი აგრეგატების `დაგრილების` პროცესი მდინარის წყლით.

ეს საერთოევროპული მაშტაბის კატასტროფას მოასწავებდა.

საბედნიეროდ გროსიმ განაცხადა, რომ რაკი ატომური ელექტროსადგურის ბლოკთა უმრავლესობა გამორთულია, წყლის რესურსი საკმარისი იქნება მოქმედი რეაქტორების დასაგრილებლად.

გროსი იქცევა როგორც `კამიკაძე`: გზად მის კორტეჟს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს. ალბათ `გასაფრთხილებალდ`. ატომური სააგენტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს ასე იოლად ვერავინ შეაშინებს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

სენსაციური შედეგი `დადო` ბოლო სოციოლოგიურმა გამოკვლევამ ამერიკაში: ირკვევა, რომ ერთ-ერთი სისტემით ჩატარებულ კვლევაში (`მიუღებლობის რეიტინგი` - შეფარდებით `მიმღებლობის რეიტინგთან`), დემოკრატიული პარტიის შესაძლო ნომინანტებს შორის 2024 წლის არჩევნებზე, მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უსწრებს რობერტ კენედი უმცროსი!

მას დემოკრატ რესპონდენტთა 49% დადებითად აფასებს, ხოლო 30%-უარყოფითად.

ნამდვილად სენსაციური შედეგია სრულიად გასაგები მიზეზის გამო:

რობერტ კენედი უმცროსი წარმოადგენს ამერიკული პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვან კენედების ოჯახს. იგი რობერტ კენედის (პრეზიდენტ ჯონ ფიტცჯერალდ კენედის ძმის) შვილია. რობერტ კენედი-უფროსი 1968 წელს მოკლეს, ხოლო პრეზიდენტი კენედი - 1963 წელს.

რომ არ მოეკლა პალესტინელ ფანატიკოსს 1968 წელს, საარჩევნო კამპანიისას, რობერტ კენედი- უფროსს ჰქონდა რეალური შანსი, ამერიკის პრეზიდენტი გამხდარიყო.

ამერიკული პოლიტიკური კულტურისთვის და ტრადიციისთვის ამგვარი `ოჯახიშვილობა` სრულიად მისაღები და ბუნებრივია.

მაგალითად, ჯორჯ ბუშ-უფროსის შემდეგ (ერთი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის `გამოტოვებით) ამერიკის სახელმწიფოს მეთაური გახდა მისი ვაჟი - ჯორჯ ბუშ უმცროსი.

ამიტომ, თეორიულად, თუ რობერტ კენედი - უმცროსში დემოკრატიული პარტიის კოალიციამ სერიოზული რესურსები `ჩაასხა` მას ნამდვილად გაუჩნდება შანსი.

მაგრამ რობერტ კენედი- უმცროსის პრეზიდენტობა მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნებოდა, რადგან მისი პიოზიცია კარდინალურ საკითხებში უბრალოდ გამაოგნებელია. მაგალითად ახლახანს განაცხადა, ომი უკრაინაში.....ამერიკის პროვოკაციის შედეგიაო.

არ არის გამორიცხული, კრემლში იგი აღიქვან მორიგ `ამარევად` და თავისი რესურსებიც `ჩაასხან`. როგორც ტრამპში (კიდევ ერთ `ამრევში`) ჩაასხა დიდი რესურსები პუტინმა.

თუმცა იმის ალბათობაც მაღალია, რომ დემოკრატიული პარტიის ელიტები შესაბამის `ფილტრებს` გამოიყენებენ, რათა რობერტ კენედის შემდგომი გაძლიერება არ დაუშვან.

. . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მორიგი ისტორიული განაცხადით გამოვიდა.

მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი სახელმწიფო გერბი არ შეესაბამება თანამედროვე რეალობებს და უნდა შეიცვალოს.

ეს განცხადება ფაშინიანმა გააკეთა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც პირველად მრავალი წლის განმავლობაში აღდგა პირდაპირი რეისები სომხეთსა და თურქეთს შორის.

ფაშინიანის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცა `დალაგება` თურქეთთან და აზერბაიანთან.

ამიტომაც, ფაშინიანმა უკვე ოფიციალურად სცნო (ხელი არ მოუწერია ჯერ, მაგრამ განაცხადა ამის შესახებ) მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად.

რა შუაშია აქ სომხეთის ღერბი?

რეალურად ეს ცენტრალური საკითხია, რადგან სომხეთის სახელმწიფო გერბზე გამოსახულია თურქეთის მთა არარატი და ნოეს კიდობანი ზედ.

ბუნებრივია, თურქეთში ამ გერბს აღიქვამდნენ, როგორც სომხეთის ისტორიულ ტერიტორიულ პრეტენზიას.

საბჭოთა პერიოდში ერევნის საფეხბურთო გუნდსაც `არარატი` ერქვა.

ნიკოლ ფაშინიანმა თუ ეს რეფორმა `გაიტანა` ის სომხეთის ისტორიაში ნამდვილად შევა, როგორც უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე მეფე ტიგრან I შემდეგ.

ბევრს უკვირს კიდეც, როგორ ბედავს ამდენს, რაკი არარატი, ყარაბაღი.....სომხური ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილებია.

როგორც ჩანს, სომხური საზოგადოება მნიშვნელოვანწილად `გამოფიტა` 2020 წლის საზარელმა საომარმა მარცხმა აზერბაიჯანთან ომში.

მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ სწორედ ამ `გამოფიტვის` შედეგად, სომხეთის ხელისუფალს (ფაშინიანს) აქვს შანსი და რესურსი მიიღოს ისტორიულად სწორი გადაწყვეტილებები და მიაღწიოს ისტორიულ მ ო რ ი გ ე ბ ა ს (თუნდაც არა შერიგებას) თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

ამით გაათავისუფლოს თავისი დიდი და ნიჭიერი შემოქმედი ერი ისტორიული ტვირთისგან, რომელიც მას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.